როდის სჭირდება დეიციას მინერალური სასუქი და რა შემთხვევაში დასცვივდება დეკემბერას კვირტები
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად, გავარკვევთ, როგორი განათება, ტემპერატურა და მორწყვა სჭირდება დეიციასა და დეკემბერას. სად უნდა დადგათ მცენარე, ზამთარში როგორ მოუაროთ და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო თენგიზ, გვიამბეთ დეიციას შესახებ...
– სპეციალისტები 50 სახეობის დეიციას ითვლიან. ის ლამაზად ყვავილობს და ფოთოლმცვენი მცენარეა, რომელმაც შეიძლება სიმაღლეში ორ მეტრსაც მიაღწიოს. მისი ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია და გამოირჩევა ულამაზესი აგებულებით. თუმცა, სურნელი არ აქვს. ეს მცენარე ნაყოფსაც ისხამს. დეიცია დეკორატორებისთვის მეტად მიღებული მცენარეა. მისი დაბალი ძირები ბორდიურებად გამოიყენება, ასევე ლამაზია ქვებთან ერთადაც. ასე რომ, თუ გაქვთ აგარაკი ან თბილისში აქვს თქვენს სახლს ეზო, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მცენარე სხვადასხვა ადგილების გასალამაზებლად. ბინაში კი ქოთანში გაზრდას დასჯერდით.
– როდის ყვავილობს მცენარე და როგორ გავუხანგრძლივოთ მას ეს პროცესი?
– დეიცია ყვავილობს ივნისის დასაწყისიდან მთელი ივლისი, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში. ეს სახეობა ერთ-ერთი ულამაზესი და უხვად მოყვავილეა. ყვავილობის დროს ტოტები დახრილია მათი სიმძიმისგან. ყვავილები ტოტების დაბოლოებებზეა. ამ პერიოდის გასახანგრძლივებლად და გასაუმჯობესებლად, დროდადრო დაუმატეთ თხელი ნაკელი. მინერალური სასუქი კი დასჭირდება მაშინ, როდესაც დეიცია ყვავილობას დაამთავრებს.
– როგორ იტანს ზამთარს დეიცია?
– თუ თქვენ უკვე მოზრდილი მცენარე გაქვთ, ზამთრის ნუ შეგეშინდებათ და არც დამატებითი მოვლა დასჭირდება, რადგან მოზრდილი მცენარე გამოიზამთრებს შეუფუთავად. ახალ ნერგებს კი აუცილებლად სჭირდება ზამთრობით დათბობა. დეიციას ყველა სახეობას ერთნაირი პირობები სჭირდება.
– რით მრავლდება დეიცია და როგორი პირობები შევუქმნათ ამ დროს მცენარეს?
– საერთოდ, ეს მცენარე კარგად იტანს გადარგვას, ამიტომ ყველაზე ადვილად ბუჩქის დაყოფით, ახალი ამონაყარების გადარგვით მრავლდება. უმჯობესია, ეს ახალი ნერგი მოათავსოთ ღია, მაგრამ ოდნავ ჩრდილიან ადგილას, რათა შუადღის სხივებისგან მცენარე დაცული იყოს. მას არ უნდა აწუხებდეს ცივი ქარი. არ დადგათ კედელთან ახლოს, ან სხვა მცენარეების სიახლოვეს. ჩარგულ ნერგებს შორის მანძილი ორი მეტრი უნდა იყოს 50 სანტიმეტრ სიღრმის მიწაში. ფესვების ყელი მიწის პირას უნდა იყოს.
– როგორი ნიადაგი დავამზადოთ მისთვის?
– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორი წილი გადამწვარი ნაკელი და სილა, ერთი წილი კი – ტორფი. მას დაუმატეთ ცოტაოდენი კირი და თუ ნიადაგი მჟავეა, მაშინ ჩასარგველ ორმოში ჩააყარეთ 300 გრამი გადამწვარი კირი ან ხის ნახშირი. მისთვის ოპტიმალური მჟავიანობაა – 7,5. კარგი დრენაჟისთვის შეგიძლიათ ორმოს ძირზე სილა მიაყაროთ.
– ხშირად უნდა მოვრწყათ დეიცია?
– მშრალ და ცხელ ზაფხულში მცენარე მორწყეთ თვეში რამდენიმეჯერ. შეგიძლიათ, მორწყათ ზემოდან, დასატენიანებლად – საღამოს ან დილის საათებში. ახლა მორწყვა საგრძნობლად უნდა შეამციროთ და წყალი ნაკლები დაასხათ.
– რას გვირჩევთ ამ სეზონზე, როგორ შევხვდეთ ზამთარს?
– თუ მცენარე დაზიანებულია გვიანი შემოდგომის ყინვით, სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში. ამით ხელს შეუწყობთ მცენარის ზრდის დასრულებას და ამგვარად მის შეხვედრას ზამთართან. დეიცია საკმაოდ გამძლეა ავადმყოფობისა და მავნებლების მიმართ. გირჩევთ, ახლა ფესვებზე დიდი რაოდენობით მიაყაროთ მიწა. თუ ყინვისგან ზამთარში მცენარეს დაუზიანდება ყლორტები, არა უშავს, დაელოდეთ გაზაფხულს და მხოლოდ ამ სეზონზე მოაჭერით გაფუჭებული ყლორტები. გაზაფხულზე შეგიძლიათ, ამ მცენარის გაკრეჭვა მის გასაახალგაზრდავებლად და ლამაზი ფორმის მისაცემად. ყვავილებდაცვენილი ტოტები და ღეროებიც მოაჭერით და თქვენი მცენარე მუდამ ლამაზი და შთამბეჭდავი გახდება.
– რაც შეეხება ჩვენთვის ნაცნობ დეკემბერას?...
– დეკემბერას ზამთარში კარგი განათება სჭირდება. ამიტომ, ეცადეთ ამ სეზონზე სინათლე არ მოაკლოთ. კვირტები რომ არ დასცვივდეს, არ შეატრიალოთ. ზაფხულში მწველ მზეს მოარიდეთ. ამ მცენარის სხვადასხვა ფერის ყვავილებიანი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი ულამაზესია.
– რა ტემპერატურა სჭირდება დეკემბერას მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ზამთარში?
– მთელი წლის განმავლობაში იდეალურია მისთვის ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. საერთოდ, გახსოვდეთ, დეკემბერა გრილ ოთახში მეტხანს ყვავის. ამ სეზონზე ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში არ ამყოფოთ, რომ შემდგომ უკეთ იყვავილოს.
– როდის ყვავილობს მცენარე და კიდევ რა პირობები შევუქმნათ მას უხვი ყვავილობისთვის?
– მცენარე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას. კარგად აყვავებისთვის აუცილებელია დასვენების პერიოდში, ანუ ზამთარში, სიმშრალისა და სიგრილის შენარჩუნება. მორწყეთ რბილი წყლით. მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არც წყლით ძალიან გაჟღენთილი.
კიდევ რა გავითვალისწინოთ, თუ ბინაში დეკემბერას ვზრდით?
– ზედმეტ ტენსა და ქარში მცენარეს კოკრები დასცვივა. დაყვავილებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ნაკლებად მორწყეთ მცენარე, ხოლო ზაფხულში ნახშირმჟავა კალიუმიანი სასუქით მორწყეთ ხოლმე. ზაფხულობით შეგიძლიათ გარეთაც გაიტანოთ, მხოლოდ მზის გულზე არ დადგათ. დეკემბერას სჭირდება ფხვიერი, კარგი დრენაჟის მქონე, ნეიტრალური ნიადაგი. შეგიძლიათ, ეს მცენარე საკიდ კალათაში მოათავსოთ და დადგათ ისეთ ოთახში, სადაც კარგი განათება იქნება.