არის თუ არა ფულის გამო გაშიშვლება ამორალური კერი ჰილსონისთვის და რატომ ისტუმრებს ის უარით „ფლეიბოის“ შემოთავაზებებს
ბრიტნი სპირსი, ლილ უეინი, აშერი, კელი როულენდი, ფუსიქეთ დოლსი, კრის ბრაუნი, ჯენიფერ ლოპესი, ლუდაკრისი და მერი ჯეი ბლაიჯი, ამ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ წამყვანი ვარსკვლავების სტატუსი აქვთ თანამედროვე „არენბის“ და პოპის ჟანრში, კიდევ ერთი ფაქტი აერთიანებთ. მათი შემოქმედების უკანასკნელი პერიოდი მჭიდროდ არის დაკავშირებული კერი ჰილსონთან – ამერიკელ მუსიკოსთან და სიმღერების ავტორთან „არენბის“ ჟანრში, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემსრულებელთან, რომელიც თავისი სექსუალური იმიჯით ჰიტ-აღლუმების მაღალი პოზიციების დაპყრობას გეგმავს.
კერი ლინ ჰილსონი ჯორჯიის შტატის ქალაქ დეკატურში დაიბადა 1982 წელს. მამამისი ჯაზურ კვარტეტში უკრავდა. მათთან სახლში კი მუდამ იყო ჩართული მაგნიტოფონი, რომლიდანაც ამერიკული ჯაზისა და სოულის კომპოზიციები ჟღერდა. მუსიკისადმი სიყვარული კერის სწორედ მამისგან ერგო. მუსიკის გარდა, კერის კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა, ცურვა და ის 14 წლის ასაკში ჯორჯიის შტატის ნაკრების წევრი იყო. გუნდთან ერთად კერის არაერთ ტურნირში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ქვეყნის მასშტაბით. ცურვის გარდა, კერი კალათბურთსაც წარმატებით თამაშობდა და კოლეჯში გოგონების გუნდის კაპიტანიც გახლდათ 2 წლის განმავლობაში. კოლეჯის დასრულების შემდეგ, კერიმ სწავლის გაგრძელება „ემორის“ უნივერსიტეტში გადაწყვიტა, რომელიც ატლანტაში მდებარეობდა. იმ დროისთვის კერი საკმაოდ პოპულარული იყო ჯორჯიის შტატში. სპორტის გარდა, იგი ადგილობრივ ჯგუფ „დ’საინში“ მღეროდა. კერის დედა, ქრისტინ ჰილსონი, რომელიც პროფესიით ფორტეპიანოს კლასით მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა, აღნიშნავდა, რომ მის შვილს ყველანაირი მონაცემი გააჩნდა იმისთვის, წარმატებული მომღერალი გამხდარიყო. სხვათა შორის, კერის ბავშვობიდან ვოკალი უფრო იტაცებდა, ვიდრე სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კერის უკვე ჰქონდა დაწერილი რამდენიმე კომპოზიცია, რომლებიც, კარიერის დასაწყისში სიერამ და კელი როულენდმა იმღერეს. იმ პერიოდში კერიმ გაიცნო, „დესთინის ჩაილდსთან“ და „დიდისთან“ ნამუშევარი პროდიუსერი, ენტონი დენტი. მან დიდი პოტენციალი დაინახა ჯორჯიელ კერიში და ამერიკაში ცნობილ პროდიუსერსა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელს, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხმისჩამწერი სტუდიის მფლობელს, ტიმბალენდს წარუდგინა. პროდიუსერი დაინტერესდა ახალი ტალანტით. ტიმბალენდი გაცნობისთანავე კერის სრული სტუდიური ალბომის ჩაწერას სთავაზობს და ეს შემოთავაზება ხდება კერი ჰილსონის თავბრუდამხვევი კარიერის საწინდარი. ტიმბალენდის ლეიბლ „მოუზლი მიუზიქ იმპრინტზე“ კერი ჰილსონი რამდენიმე კომპოზიციას წერს, რომელთა უმეტესობა პოპულარული ხდება შტატებში. ამას გარდა, დამწყებ მუსიკოსს სიმღერებს უკვეთავს აღიარებული ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი. 2004 წელს „ემტივის ეუროფ ევორდსზე“ კერი ჰილსონი პირველად წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე, რეპერ „იქსზიბითთან“ ერთად, მან კომპოზიცია „ჰეი ნაუ“ შეასრულა და ეს გამოსვლა გახდა მისი, როგორც პროფესიონალი მომღერლის, კარიერის საწინდარი. მომხიბვლელი კერის პერსონით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. მის შესახებ პრესაში დაიწყეს წერა, როგორც „არენბის“ ჟანრში ამომავალ ვარსკვლავზე.
კითხვაზე, თუ ვინ იყო მისი „იდეური შთაგონების წყარო“, კერი დაუფიქრებლად პასუხობს – „ტიმბალენდი“. სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევს ჰილსონი იმას, რომ დღეს იგი „არენბის“ ჟანრში აღიარებულ ვარსკვლავად ითვლება. აღიარებამდე კი იყო 2006 წელი და კერის პირველი გამოჩენა ვიდეოკლიპში. ეს იყო ნელი ფურტადოს „ფრომიშოს“, სადაც კერი ბექ-ვოკალისტი იყო. შემდეგ ამას მოჰყვა თანამშრომლობა ლოიდ ბენქსთან და „დიდისთან“, რომლის შედეგიც იყო 2 ჰიტური კომპოზიცია – „ჰელფ“ და „აფთერ ლავ“. 2007 წელს ტიმბალენდთან ერთად, კერი მუშაობას იწყებს თავისი საესტრადო კარიერის განვითარებაზე და იმ წელს გამოდის მისი რამდენიმე კომპოზიცია – „სქრიმ“, „ზი ვეი არ აი“ და „ჰელოუ“. გამოსვლისთანავე მათ მოწინავე პოზიციები დაიკავეს ყოველგვარ ჰიტ-აღლუმებში. გარდა ამისა, მუსიკოსი, განაგრძობს თანამშრომლობას ბრიტნი სპირსთან, რომლის ალბომ „ბლექ აუთზე“ იგი ბექ-ვოკალისტის პარტიას ასრულებს. სხვათა შორის, „ფლეიბოის“ რედაქციამ არაერთხელ მიმართა კერის გულახდილი ფოტოსესიის ჩატარების მიზნით, მაგრამ მუსიკოსმა ისინი უარით გაისტუმრა. მისი თქმით, ფულის გამო გაშიშვლება მისთვის ამორალურია და იგი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში გაიხდის კამერის წინ, თუკი მისი სიშიშვლე საქველმოქმედო მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითად, მის მკერდს გამოიყენებენ კიბოსთან მებრძოლი ორგანიზაციები ან სხვა.
2009 წელს, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა კერი ჰილსონის პირველი სტუდიური ალბომი „ინ ე პერფექტ უორლდ“. ალბომის ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო კერის მომაჯადოებელ ხმაზე. ალბომის გამოსვლასთან ერთად, „ემტივის“ ეთერში შედგა კერი ჰილსონის 2 კლიპის – „ენერჯი“ და „უეარ დიდი იუ გოუ“ პრეზენტაცია. მათში მუსიკოსი საკმაოდ გულახდილი, სექსუალური იმიჯით იყო წარმოდგენილი და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.