როგორ გადაიტანეს ეკონომიკური კრიზისი ვახო ჩაჩანიძემ და მისმა მეუღლემ გერმანიაში და თამაშობს თუ არა ის საკუთარ თავს ამნეზიიანი პაციენტის როლში
სერიალ „კლინიკის“ მნიშვნელობით პირველი, ნომერ ცხრად წოდებული პაციენტი, მსახიობი ვახო ჩაჩანიძეა, რომლისთვისაც „კლინიკა“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველი როლია. გერმანიაში მცხოვრები მსახიობი მხოლოდ რამდენიმე დღით იყო საქართველოში ჩამოსული, მაგრამ მისი ვიზიტი სერიალის ხელმძღვანელებს არ გამოჰპარვიათ.
ვახო ჩაჩანიძე: ბავშვობიდან სულ სცენაზე ვარ. არც მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო თეატრ „საფეხურებში“ დავიწყე თამაში. პატარა თეატრი იყო. იქ ძალიან მიყვარდა ყოფნა. რომ გითხრა, ჩემში მშობლებმა შეამჩნიეს რამე განსაკუთრებული ნიჭი და ამის გამო დაიწყო ყველაფერი-მეთქი – არა. ყოველთვის ჩემი სურვილი იყო, მეთამაშა, მსახიობი ვყოფილიყავი. გამიმართლა, რომ ისეთი მშობლები მყავდა, რომლებიც ჩემს სურვილებს ითვალისწინებდნენ. „საფეხურების“ შემდეგ, თითქოს, გადავიფიქრე სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება. აბსოლუტურად სხვა სპეციალობაზე დავიწყე სწავლა. ერთი წლის შემდეგ, ისე, რომ ჩემმა მშობლებმა არც იცოდნენ, საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში შევიტანე.
– რატომ დაუმალე მშობლებს?
– არ უნდოდათ, რომ მსახიობი ვყოფილიყავი – მძიმე და რთული პროფესიააო.
– სირთულე ხომ საინტერესოცაა?
– კი, მაგრამ ცხოვრებაში ხომ სხვა სირთულეებიცაა. მათთან ერთად პროფესიულ სირთულეებსაც რომ ეჯახები, ალბათ, უფრო გიჭირს. თან დედაჩემი თეატრმცოდნეა და კარგად არის ჩახედული ამ პროფესიის კულისებში. ერთი სიტყვით, თეატრალურის სტუდენტი გავხდი და როდესაც დავამთავრე, საცხოვრებლად გერმანიაში გავემგზავრე, სადაც ათი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი.
– რამდენი წლის იყავი? მაშინ წახვედი, როდესაც აქ ნელ-ნელა რაღაცეების კეთება იწყებოდა?
– კი, ასე გამოდის. 1999 წელი იყო. სხვათა შორის, მარტო არ წავსულვარ – ცოლთან ერთად წავედი. ინსტიტუტი დავამთავრე, გერმანიაში წავედი და ცოლი მოვიყვანე. აქედან ერთად წავედით, მაგრამ მერე იქ ვიქორწინეთ.
– ფიქრობდი, რომ აქედან ჩასული შენი პროფესიით დაიწყებდი მუშაობას?
– ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი – ცოტა არარეალური იყო. მით უმეტეს, რომ გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვთქვათ, საფრანგეთთან შედარებით, სუსტი კინოსკოლაა. თან, არც ვფიქრობდი ამაზე, ჯერ მინდოდა, სიტუაციაში გავრკვეულიყავი, ადაპტაცია გამევლო და გამერკვია, რის კეთება მინდოდა. საცხოვრებლად დარჩენას არ ვაპირებდი. დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ სცენის გარეშე ვეღარ გავძლებდი და მივედი ლაშა ონიანთან.
– მანამდე რას აკეთებდი?
– ვმუშაობდი და ვსწავლობდი. ჩემი სამსახურები რომ ჩამოგითვალოთ, ერთი საათი არ გვეყოფა სასაუბროდ. ვმუშაობდი ბარში, ქარხანაში, ოფისში – ყველანაირი საქმე მიკეთებია, ისეთიც, სადაც ჰალსტუხში დავდიოდი და სადაც მუშის ფორმა მეცვა.
– ენის პრობლემა არ იყო?
– არც იმდენად. გერმანული სკოლა მაქვს დამთავრებული და, ასე თუ ისე, საფუძველი მქონდა. მართალია, სკოლა ცუდ დროს დავამთავრე და სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ მაინც დამეხმარა ის ცოდნა. შემდეგ უკვე ათი წლის განმავლობაში ეს პრობლემა იოლად მოიხსნა. რაც შეეხება მიმოდრამის თეატრს, თავიდან ლაშა ონიანმა და კახა ბაკურაძემ თამაში შემომთავაზეს, მაგრამ, ვინაიდან საერთო არაფერი მქონდა პანტომიმასთან, უარი ვთქვი, მაგრამ შემდეგ ისე მომენატრა სცენა, რომ ჩემი ინიციატივით მივედი. პრინციპში, გარკვეულ რისკზეც წავედი. პანტომიმა ძალიან რთულია. გარკვეული ილეთები კი შევისწავლე, მაგრამ „შპაგატში“ დღესაც ვერ ჩავჯდები, უფრო სახის მიმიკებზე ვმუშაობდი. მიმოდრამის თეატრში ორ სპექტაკლში ვითამაშე, „ჰამლეტსა“ და „კარმენში“, ორივე სპექტაკლში საკმაოდ საინტერესო გმირები შევასრულე და ძალიან კმაყოფილი ვარ. „კარმენში“ შევასრულე პროსპერ მერიმეს – ავტორის როლი, ხოლო „ჰამლეტში“ – მასხარა.
– როგორი შეფასებები მოჰყვა ამ სპექტაკლებს?
– ძალიან კარგი. არაჩვეულებრივად მიიღეს უამრავ ქვეყანაში. პრაქტიკულად, ნახევარი მსოფლიო ამ სპექტაკლებით მოვიარეთ, მაგრამ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ინგლისი, კერძოდ, ქალაქი ბაინტი. ლონდონიდან ორი საათის სავალია, სადაც შექსპირის ფესტივალი ტარდებოდა. მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსული დასები, რომლებიც შექსპირს დგამდნენ. სხვათა შორის, ამ ქალაქში გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად შექსპირიც ცხოვრობდა, იქ მუზეუმიც არის შექმნილი. სწორედ ამ გასტროლის შემდეგ თქვეს, რომ ასეთი შექსპირი არ უნახავთ.
– არ არის რთული, როდესაც რაღაც სიტყვა გაწვება და ამის ამოთქმის საშუალება არ გაქვს?
– საშინლად რთულია. იძაბები, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხდება სახე უფრო მეტყველი და ემოციური.
– თავად თუ ხარ ემოციური?
– როგორ არა, როგორც ყველა ქართველი, მეც საშინლად ემოციური ვარ. ეს ძალიან კარგად მოქმედებს თამაშზე, ძალიან გეხმარება.
– საკმაოდ ადრეულ ასაკში შეგიქმნია ოჯახი, როგორ დაიწყო შენი სიყვარულის ისტორია?
– არ ვიცი, რამდენად ადრეული ასაკია, ოცდაორი წელი. ჩემი ცოლი ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის თბილისის დატოვება და დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში წასვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან უფრო დაგვაახლოვა, დაგვაკავშირა და დაგვაძმაკაცა. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ახლა უკვე მესამე შვილს ველოდებით.
– სად შეხვდით ერთმანეთს?
– სხვათა შორის, ძალიან უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. ის პირდაპირ ჩემს სახლში მოვიდა. ჩემი დაბადების დღე იყო. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. მეგობრებთან ერთად წამოვიდა. ფიქრობდა, რომ გზიდან თავის საქმეზე წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ მეგობრებს აღარ აწყენინა და ცოტა ხნით ამოვიდა. ერთი სიტყვით, გავაღე კარი და დავრჩი კარში. დანახვისთანავე ძალიან მომეწონა. წეღან მკითხე, არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში ასე პატარებს ყოფნაო. ახლა მახსენდება, როგორ გადავიტანეთ ერთად ფინანსური კრიზისებიც და ნორმალურად რომ ვიყავით, ის პერიოდებიც. ვერაფრით ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ურთიერთობებს ასეთი სახის ყოველდღიური პრობლემები აფუჭებს. სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი კარგად იქნება.
– საქართველოში როდის ჩამოხვედი?
– ნოემბერში. სულ რაღაც თვე-ნახევარია. მანამდე ჩამოვედი სამი კვირით, როდესაც ამ სერიალზე საუბარი დაიწყო. ჩემი ოჯახის მეგობარია თამარ ბართაია, რომელმაც ამ სერიალის ქასთინგის რეჟისორს, ეკა მჟავანაძეს, უთხრა, რომ ასეთი და ასეთი მსახიობია ჩამოსულიო. ორშაბათს ვიყავი ქასთინგზე და სამშაბათს ისევ გერმანიაში დავბრუნდი. დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარ, ჩამოდიო და ჩამოვედი. საქართველოში დაბრუნებას ველოდები მთელი ათი წელია და ყოველდღე ვაპირებდი. მინდოდა, ჩემი უფროსი შვილი ქართულ სკოლაში მისულიყო. ეს როლი გახდა მთავარი საბაბი, რამაც ისე იმოქმედა, რომ ყველამ ერთხმად ვთქვით – წავედით. არ მიფიქრია იმაზე, წარმატებული იქნებოდა თუ არა ეს როლი, უბრალოდ, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი იმის გამო, რომ საქმით დამაბრუნა ქვეყანაში. ძალიან რთული იქნებოდა რომ ჩამოვსულიყავი და მერე დამეწყო სამსახურის ძებნა.
– გერმანიაში წარმატება გქონდა? რა დაგრჩა იქ?
– ბევრი მეგობარი უფრო დავტოვე იქ, ვიდრე წარმატება ან აწყობილი კარიერა. ისე მოხდა, რომ მიმოდრამის თეატრიც დაიშალა. ახლა მერაბ ნინიძესთან, დიტო ცინცაძესთან მაქვს რაღაც კონტაქტები და იმედია, ერთობლივად ვიმუშავებთ. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ იქაც ვიმუშავებ და აქაც. ისე გამოდის, რომ განგებას, ბედისწერას, ღმერთს ჩემს ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შეუძლია. სულ ვგრძნობ ღვთის წყალობას. რამდენ ნაბიჯსაც გადავდგამ მისკენ, იმდენ პასუხს მაძლევს.
– ცხოვრებაში გაგიმართლა?
– კი, როგორ არა?! ჯანმრთელი ვარ, ოჯახი მაქვს, მესამე შვილს ველოდები, საყვარელ საქმეს ვემსახურები, როგორ შემიძლია ვთქვა, არ გამიმართლა-მეთქი.
– შენს პერსონაჟზე მინდა გკითხო, შენ თუ გესმის მისი?
– მესმის. პრინციპში, იოლი გასაგებია, რადგან ამნეზია აქვს, ნულიდან ვიწყებ მის გაცნობას. ფაქტობრივად, შემიძლია, საკუთარი თავიც ვითამაშო. ბევრი საშუალებაა ამ შემთხვევაში, რადგან ის არ არის ჩარჩოებში ჩამჯდარი ტიპაჟი. თავადაც არ იცის როგორია, არ ახსოვს. ძალიან საინტერესო როლია. სულ ვმუშაობ ამ როლზე, რაც არ მეგონა, თუ სერიალის შემთხვევაში საერთოდ შესაძლებელი იყო. ძალიან საინტერესო სცენებია, სულ ცოტა ხნის წინ იყო სცენა, სადაც ჩემს გონებაში საკუთარი თავის დასაფლავება ვნახე.
– გიორგი მინდელი პოპულარული გახდა?
– გიორგი მინდელი კი, მაგრამ ვახო ჩაჩანიძეს არ აქვს ამის დიდი სურვილი. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ხალხს უყვარხარ, შენ მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მაგრამ არ მინდა, უარყოფითად პოპულარული გავხდე. საერთოდ, მირჩევნია თეატრალურ სამყაროში მიცნობდნენ როგორც კარგ მსახიობს, ვიდრე მთელი საქართველო მიცნობდეს და არც ისე კარგი მსახიობის სახელი მქონდეს. ის, რასაც პოპულარობას უწოდებთ, არ მიგრძნია და მინდა, რომ არც ვიგრძნო. ამას საწყენად არ ვამბობ. ხალხის სიყვარული მინდა, მაგრამ, როდესაც ყველა გცნობს და არ უყვარხარ, ეს ცუდია. თუ მაყურებელს გადავცემ დადებით ემოციას, ეს ძალიან გამახარებს, რაც ჩემი პერსონაჟის შემთხვევაში რთულია, მაგრამ შესაძლებელი.