კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეკლამის მსხვერპლი


დენი როჯერსი

სოფლის გზაზე უნებლიეთ აღმოჩნდნენ. ქალაქგარეთ გასასეირნებლად წამოვიდნენ, მაგრამ ამ სოფელში შეხვევა მათ გეგმებში არ შედიოდა. ედვარდს ისე მოეწონა პატარა დაჩრდილული გზა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო.

– კარგი ვქენი, აქ რომ შემოვუხვიე, – თვითკმაყოფილებით განაცხადა ედვარდმა.

– რა საყვარლობაა! – წაიჩურჩულა მის პრატმა. – ო, მგონი, აქ ხილსაც ყიდიან!

იქვე, გზისპირზე, პატარა დაწნული მაგიდა იდგა, რომელზეც ხილით სავსე კალათები ეწყო. მაგიდის თავზე კი წარწერა გაეკრათ: „კიდევ მეტი ხილი.“

– რა ღირს? – იკითხა ედვარდმა და მანქანა ხელის მუხრუჭზე ძლივს შეაყენა.

– საოცარი მარწყვია, – თქვა გამყიდველმა, – ზუსტად ქალბატონისთვის. ალუბალიც ძალიან გემრიელია. მოგართვათ ერთი კალათა? ეს კალათა წარმატებას მოგიტანთ. ორი შილინგი ღირს, სერ, უფრო იაფად ვერსად იყიდით.

– რა საყვარლობაა! – გაიმეორა დოროთიმ.

ედვარდმა ამოიოხრა და ორი შილინგი გადაიხადა. ფიქრებში მან გადათვალა, რა დაუჯდებოდა ეს დღე. კიდევ ჩაიზე მოუწევდა დაპატიჟება, ბენზინზეც დაეხარჯებოდა. ამ გასეირნებას იაფს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ო, საშინელებაა სადმე ქალის წამოყვანა! ყველაფერი უნდათ, რასაც დაინახავენ.

– მადლობა, სერ, – რატომღაც უკმეხად წარმოთქვა გამყიდველმა, – ამ კალათაში ხილი ორი ფუნტის ღირებულებაზე ბევრად მეტია!

ედვარდმა სატერფულს მკვეთრად დააჭირა ფეხი. მანქანა შეხტა და კინაღამ გამყიდველს დაეჯახა. ნახევარი მილის გავლის შემდეგ მათ მდინარის პირას მშვენიერი ადგილი შეამჩნიეს, მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ. ედვარდი და დოროთი ბალახზე მოკალათდნენ და ალუბლის ჭამა დაიწყეს. გვერდით კვირის ახალი გაზეთი მიაგდეს, რომელიც მაშინვე მიავიწყდათ.

– ნახე, არის ახალი ამბები? – ბოლოს ისევ ედვარდმა იკითხა.

დოროთიმ სათაურებს დახედა.

– უნუგეშო ცოლი. უცნაური ისტორია. წინა კვირას 28 ადამიანი დაიხრჩო. რომელიღაც მფრინავიც ჩამოვარდნილა და მასზეა რეპორტაჟი. სენსაციური ქურდობა. ოი! ლალის კოლიე დაიკარგა, რომელიც ორმოცდაათი ათასი ფუნტი ღირდა! ო, ედ! ორმოცდაათი ათასი ფუნტი! ფანტასტიკაა! – დოროთიმ კითხვა განაგრძო: „კოლიე ოცდაერთი ქვისგან შედგებოდა. თითოეული პლატინით იყო მოჭედილი. ის პარიზიდან შეკვეთილი ბანდეროლით გამოგზავნეს, თუმცა ადრესატმა ყუთში უბრალო შუშები აღმოაჩინა, ლალები კი დაიკარგა.“

– ფოსტაში მოიპარავდნენ, – თქვა ედვარდმა, – ფრანგული ფოსტა, ძალიან არასაიმედოა.

– ცალი თვალით მაინც შემახედა ასეთი კოლიესთვის! – მეოცნებე გამომეტყველებით ჩაილაპარაკა დოროთიმ, – ალბათ, სისხლისფერია. საინტერესოა, რას გრძნობ, როდესაც ყელზე ასეთი სიმდიდრე გიკეთია?

– ალბათ, შენ ამას ვერასოდეს გაიგებ, ჩემო გოგონა, – ხუმრობით წარმოთქვა ედვარდმა.

დოროთიმ თავი უკან გადააგდო:

– რატომ? გოგონების თავს ზოგჯერ საოცარი რამეები ხდება ხოლმე. ხომ შეიძლება, მე კარგი მსახიობი გამოვიდე?

– იმ გოგონების თავს, რომლებიც წესიერად იქცევიან, არც არაფერი ხდება, – ედვარდის ეს სიტყვები დედიკოს დარიგებასავით ჟღერდა.

დოროთიმ საპასუხოდ პირი გააღო, მაგრამ გონს დროზე მოეგო და თბილი ხმით წარმოთქვა:

– კალათა გადმომაწოდე. მე შენზე მეტი შევჭამე. რაც დარჩა, სამართლიანად გავანაწილებ... უი! ეს რა არის?

ამ სიტყვებთან ერთად, მან კალათიდან სისხლისფერი, გამჭვირვალე ქვებით მოჭედილი კოლიე ამოათრია. ნაპოვნ ნივთს ორივე გაკვირვებული მიაჩერდა.

– ეს... ეს კალათაში იყო? – როგორც იქნა, ხმა ამოიღო ედვარდმა.

დოროთიმ თავი დააქნია:

– ჰო, ძირში იყო, ალუბლების ქვეშ.

– აქ როგორ უნდა აღმოჩენილიყო?

– წარმოდგენა არ მაქვს. ზუსტად მას შემდეგ ვიპოვეთ, რაც გაზეთში ლალის კოლიეს შესახებ წავიკითხე.

ედვარდმა გადაიხარხარა:

– ხომ არ ფიქრობ, რომ ხელში 50 ათასი ფუნტი გიჭირავს?

– წარმოუდგენელია ასეთი დამთხვევა... ლალები პლატინითაა მოჭედილი, ქვები კი ნახე, როგორ ბრწყინავს სინათლეზე, რა საოცარი მეწამული ფერი აქვთ! რამდენი ცალია? – ქალმა თვლები გადაითვალა, – რას გეუბნებოდი? ზუსტად ოცდაერთი!

– შეუძლებლია!

– გახსოვს, ედ, ის კაცი, ხილს რომ ყიდდა. რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა. რაღაცნაირად ჩაიცინა, როდესაც თქვა, რომ კალათაში იმაზე მეტი ღირებულების ხილია, ვიდრე ორი ფუნტიაო?

– ჰო, მაგრამ რატომ მოგვცემდა ორმოცდაათი ათას დოლარს?

– იქნებ, მას პოლიცია ეძებს?

– პოლიცია? – ედვარდი ოდნავ გაფითრდა.

– გაზეთში ეწერა: პოლიციამ რაღაც სამხილების აღმოჩენა მოახერხაო.

ედვარდი მოიღუშა:

– ეს ყველაფერი არ მომწონს. პოლიციას შეუძლია ჩვენზეც გამოვიდეს.

მაგრამ დოროთი მას არ უსმენდა. კოლიე ყელზე გაიკეთა და ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო.

– მომისმინე, – თქვა ედვარდმა. – ჩვენ ეს კოლიე პოლიციაში უნდა წავიღოთ!

– სისულელეა, – თქვა დოროთიმ. – ჩვენ ხომ არავინ დაგვიჯერებს, რომ ვიპოვეთ. შეიძლება, ქურდობისთვის დაგვიჭირონ კიდეც. უნდა დავიტოვოთ.

– დავიტოვოთ? შენ ხომ არ გაგიჟდი! – ედვარდი შეშინებული მისჩერებოდა.

– ჩვენ ამ თვლებს გავყიდით, – თქვა ქალმა, შენ შეძლებ, „როლს-როისი“ იყიდო, მე კი ბრილიანტის დიადემას და რამდენიმე ბეჭედს ვიყიდი. შანსი გაქვს და გამოიყენე. ჩვენ ხომ ის ვიპოვეთ და არ მოგვიპარავს. ედვარდ პელგროუ, შენში არის რაიმე მამაკაცური?

– ვის უნდა მივყიდოთ? – როგორც იქნა ენა ამოიდგა ედვარდმა, – იუველირი მაშინვე პოლიციაში დარეკავს.

– შენ დეტექტივებს არ კითხულობ? იუველირთან კი არა, ნაქურდალის შემსყიდველთან უნდა წახვიდე.

– მე საიდან უნდა ვიცნობდე ნაქურდალის შემსყიდველებს? მე წესიერ ოჯახში აღვიზარდე!

– ნამდვილმა მამაკაცმა ყველაფერი უნდა იცოდეს, – განაცხადა დოროთიმ.

ედვარდმა შეხედა ქალს. ამ კოლიეთი კიდევ უფრო მომხიბლავი გამხდარიყო.

– კარგი, შენ გაიმარჯვე, – მორჩილად წარმოთქვა კაცმა, – მომეცი კოლიე, ვიპოვი ნაქურდალის შემსყიდველს, ეს ერთადერთი შანსია. კოლიე ჩვენ პატიოსანი გზით მოვიპოვეთ, მასში ორი შილინგი გადავიხადეთ.

ქალმა კოლიე მისცა და კაცმა ის ჯიბეში ჩაიდო. იგი სიამოვნების მწვერვალზე იყო და თავი გმირი ეგონა! ასეთ ამაღლებულ განწყობაზე დატოვეს მწვანე კორდი...

მეორე დილით, როდესაც ედვარდი სამსახურიდან გამოვიდა, თვალში გაზეთის სათაური მოხვდა: „დაკარგული ლალები, უკანასკნელი ცნობები!“ მან საჩქაროდ იყიდა გაზეთი, მეტროში ჩავიდა და სტატიის კითხვა დაიწყო. ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე უნებურად დაუსტვინა. მან სტატია კიდევ ერთხელ გადაიკითხა. „ეს დოროთიმ უნდა ნახოს აუცილებლად. ნეტავი, უკვე იცის თუ არა? წარმომიდგენია, რა სახე ექნება, როცა ამას ხმამაღლა წავუკითხავ“, – ედვარდმა გაიღიმა.

დოროთიმ ჩაი დაასხა. უკმაყოფილო სახე ჰქონდა.

– აბა, რა ქენი? ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. იპოვე ის, ვინც გვჭირდება?

ედვარდმა თავი დაუქნია და ჩაი მოსვა.

– ვიპოვე. მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი ჯიბეში მიდევს, მაგრამ, დარწმუნებული ხარ, რომ ეს კოლიე, ჩვენ გაგვამდიდრებს?

– რა თქმა უნდა! მომეცი, მინდა დავხედო!

კაცმა უცნაური ღიმილით გაუწოდა ძვირფასი ნივთი. ქალმა ათრთოლებული ხელით გამოართვა.

– რა სილამაზეა! მინდა, რომ სულ ჩემთან დარჩეს!

კაცმა ისევ გაიღიმა:

– მერე, ჩემი „როლს-როისი“?

ქალს მზერაში ველური ნაპერწკალი აენთო.

– მე ყოველთვის ვაღწევ იმას, რაც მინდა. მოგეწონა ჩაი, ძვირფასო?

– ჰო, ოღონდ, ცოტა უცნაური გემო ჰქონდა. ყვავილები შეურიე?

დოროთიმ ბოროტად ჩაიცინა:

– შეიძლება, ასეც ითქვას. ძალიან სასარგებლო ყვავილი. მალე იგრძნობ მის ძალას.

კაცმა ყურადღება არ მიაქცია მის ორაზროვან სიტყვებს. ის გაზეთში წაკითხულ ინფორმაციაზე ფიქრობდა.

– შენთვის ერთი ამბავი მაქვს. იცი, მგონი, შეგიძლია, ეგ კოლიე ატარო... და... შენ, შენ... ეს რა გააკეთე, დოროთი – ედვარდს მოულოდნელად ხმა ჩაუწყდა, ხელი ყელზე იტაცა და სკამიდან ჩამოცურდა.

დოროთიმ გაიცინა:

– რა გავაკეთე? ორმოცდაათი ათასი მეტისმეტად ცოტაა ორი ადამიანისთვის. ისეთი მოსიყვარულე წყვილისთვისაც კი, როგორებიც ჩვენ ვიყავით, ძვირფასო... ეს რაღაა?

ქალმა იატაკზე დაგდებული გაზეთი აიღო და წაიკითხა:

„ეფექტური სარეკლამო ტრიუკი!

ახალი სარეკლამო ფანდი გამოიგონა საერთოინგლისურმა ბაზრობამ „ხუთი პენსი“. გუშინ მათ გასაყიდად გაიტანეს ხილით სავსე კალათები და ამიერიდან ისინი ყოველკვირა გაიყიდება. ტრიუკის არსი ის არის, რომ ყოველ ორმოცდამეათე კალათაში დებენ კოლიეს ყალბი ძვირფასი ქვებით. თუმცა, ისინიც არ ღირს ძალიან იაფი, საკმაოდ ხარისხიანი ბიჟუტერიაა. გუშინ ამ კალათების გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იმედი გვაქვს, ეს აქცია კიდევ უფრო პოპულარულს გახდის დევიზს: „კიდევ მეტი ხილი!“

დოროთის გაზეთი გაუვარდა ხელიდან...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3