კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-50(468)

ქალს შეუძლია, გულით დაინახოს ის, რაც თვალით შეუმჩნეველია. ინტუიცია ყოველთვის მამაკაცზე მეტად აქვს განვითარებული. სხვა საქმეა, ვინ როგორ უყურებს ამ ნიჭს. მაგრამ რაღაც მომენტში ის თვითონ იჩენს თავს, თანაც ისე, რომ მისი ჩახშობა შეუძლებელია. ასეთ დროს, უბრალოდ, უნდა ენდო შინაგან ხმას და გააკეთო ის, რასაც ის გკარნახობს.

ნატუკას ნელ-ნელა აღიზიანებდა ლევანის სიჩუმე. რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაურეკავს და არ შეხვედრია. კიდევ უფრო ცუდი იყო ის, რომ არც ნიკუშასთან შეხვედრა დაუვალებია. ნატუკა თავისუფალი იყო და შეეძლო, ადვილად მოეძებნა გამრთობი, მაგრამ გრძნობდა, რომ ამის სურვილი არ ჰქონდა. ღამის კლუბებში სიარულსაც უკლო, თავის ქარაფშუტა დაქალების გასაოცრად. თვითონ არ უკვირდა საკუთარ თავში მომხდარი ცვლილება. ლევანთან ურთიერთობამ სერიოზული ამბიცია გაუჩინა – ცხოვრებისგან მეტის მიღების სურვილი. მხოლოდ ფული ვეღარ დააკმაყოფილებდა. „რატომ არა?! მე ყველაფერს საუკეთესოს ვიმსახურებ და რაც მთავარია, დროა, აღარავისზე ვიყო დამოკიდებული. თანამდებობა მჭირდება, შტერი არ ვარ. ჩემზე უტვინოებმა გაიკეთეს კარიერა და მეც შევძლებ. ლევანთან სერიოზული ლაპარაკი მომიწევს. მისი მოწყალება არაფერში მჭირდება. მთავარია, კიბის პირველ საფეხურებზე ასვლაში დამეხმაროს, დანარჩენს თავად მოვახერხებ. როგორ მომწონს საქმიანი ქალები, თავდაჯერებული იერით და პრინციპული გამოხედვით. არ მომიხდება თუ რა...“ – ნატუკა სავარძლიდან ჩამოხტა, მაგიდიდან მამამისის სათვალე აიღო და სარკესთან მივიდა. „თმას ასე შევიკრავ... სადა ვარცხნილობა... სადა, მაგრამ ძვირფასი კოსტიუმი. ვიწრო ქვედაბოლოთი... მინიმალიზმი ჩაცმულობაში და მაქსიმალიზმი მოთხოვნებში... მაგარია! რა თქმა უნდა, ეს სათვალე არაფრად ვარგა, მაგრამ შესაფერისის შერჩევა არ გამიჭირდება. ახალი ტანსაცმელიც მჭირდება. ბატონ მინისტრთან მიღებაზე რომ მივალ, სასურველია, შესაფერისად გამოვიყურებოდე. რაც მალე მნახავს და შემეჩვევა, მით უკეთესი. შეიძლება, ერთი ჩერჩეტი, უწიგნური გოგო ვგონივარ, რომელმაც ლოგინში კოტრიალის მეტი არაფერი იცის, მაგრამ ძალიან მალე დავუმტკიცებ, რომ ცდება“, – ნატუკამ სათვალე მოიხსნა და საკუთარ გამოსახულებას ენა გამოუყო. მერე სიცილი აუტყდა: „ნეტავი, როგორი სახე ექნება ლევანს, როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვამცნობ? აბა, რა ეგონა? ნიკუშას კი დავუმტკიცებ, რომ ამ ცხოვრებაში მეც რაღაცას წარმოვადგენ. ნეტავ, ის ქალი სად მუშაობს, მაშინ თავზე რომ წამოგვადგა. ეტყობა, ძალიან მოაქვს თავი, მაგრამ ზრდილობა აშკარად აკლია. უცოლო კაცთან რომ მიდიხარ სახლში, წინასწარ თუ არ აფრთხილებ ტელეფონით, კარზე ზარი მაინც უნდა დარეკო“, – ნატუკამ ისევ გაიცინა. გუნება აშკარად გამოუკეთდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა სამოქმედო გეგმა ჰქონდა და მოსაწყენადაც ვერ მოიცლიდა.

***

თინიკომ დარბაზი მოათვალიერა და შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა. ლევანმა ფრთხილად მოუჭირა მკლავზე ხელი და გაამხნევა.

– ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება...

– შენ იცი, მე რაზეც ვნერვიულობ, ყველაზე ნაკლებად ნიკუშასთან შეხვედრა მინდა.

– მაგაზე ჯობია, საერთოდ არ იფიქრო. მოდი, რა ვქნათ, იცი?! უბრალოდ გავერთოთ. ცოტა დავლიოთ და თუ გინდა, ვიცეკვოთ კიდეც.

თინიკომ უნდობლად შეხედა ქმარს.

– შენ მეუბნები ამას?

– ჰო. მე გეუბნები. რა იყო, არ გჯერა? – გაუღიმა ლევანმა.

– რა ვიცი, იმდენი ხანია, ჩემთან აღარ გიცეკვია, დამავიწყდა კიდეც, ეგ ბოლოს როდის იყო.

– სხვასთანაც არ მიცეკვია, თუკი ეს ცოტათი მაინც დაგამშვიდებს. როდემდე ვაპირებთ აქ დგომას? მივიდეთ, სირცხვილია. მგონი, უკვე შეგვნიშნეს კიდეც. დათო ხელს გვიქნევს.

– ვახოს ვერ ვხედავ, – მაგიდასთან მსხდომებს დააკვირდა თიკა.

– მაგისი ამბავი არ იცი? მოვა, დაშლას რომ დავაპირებთ, – ლევანმა მხარზე მოხვია ხელი ცოლს და მაგიდისკენ წაიყვანა. თიკამ ნათიას აკოცა, ნიკუშას კი რაღაცნაირად, საწყლად გაუღიმა. უხერხულობა რომ დაემალა, მისკენ მოწიწებით გაწვდილ ჟანის ხელს თავისი მიაგება და მისკენ ოდნავ გადაიხარა.

– კარგი გემოვნება ჰქონია ბატონ მინისტრს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.

– პირველად როდის აღმოაჩინეთ მისი დახვეწილი გემოვნება? – ჰკითხა ნიკუშამ მამინაცვალს და მეგობარს ორაზროვნად გახედა.

ლევანმა არ შეიმჩნია.

– პარიზში, – თქვა ღიმილით, – როცა ელენემ, უკაცრავად, ქალბატონმა ელენემ და ბატონმა ჟანმა ვახშმად დამპატიჟეს.

– ისეთი კერძები შეუკვეთა და ისეთი სასმელიც შეუხამა, რომ გავოცდი, – დაუდასტურა ჟანმა, თანაც ჩვენ დაუხმარებლად. ნიკუშამ მითხრა, რომ ეს რესტორანიც თქვენ შეარჩიეთ.

– თბილისში კარგი რესტორნის პრობლემა აღარ არის. გემრიელი კერძების ჭამა ბევრგან შეიძლება, – აღნიშნა დათომ და მაშინვე დაამატა, – გემრიელი ქართული კერძების.

– გემრიელი კერძებით ფრანგს ვერ გააკვირვებ, – გაეღიმა ლევანს, – მით უმეტეს, ისეთ გურმანს, როგორიც ბატონი გრაფია, თანაც მე მიმაჩნია, რომ ქართული სამზარეულო ძალიან ჩამორჩა ფრანგულს.

– ეგ სადავო საკითხია, – გააპროტესტა დათომ, – ჩვენს ხინკალზე მსოფლიო გიჟდება.

– ჰო, მაგრამ მეტისმეტად პრიმიტიულია. ფრანგებს ხელოვნების დონეზე აქვთ კულინარია. ჩვენ ამაშიც კი ვავლენთ სიზარმაცეს. ხინკალი ხომ გვაქვს, ხაჭაპური ხომ გვაქვს, საკმარისია, რომ ყველა გადავრიოთ. შვეიცარიასა და ჰოლანდიაში მარტო ყველია ასზე მეტი სახეობის, მაგრამ მაინც არა აქვთ იმის პრეტენზია, რომ ყველაზე მაგრები არიან მსოფლიოში.

– ბატონო ლევან, არც ასეა საქმე, – ჟანმა ნიკუშას გაუღიმა, – დიახ. არც ასეა საქმე. მე მიმაჩნია, რომ მარტო ნიგვზიანი ბადრიჯანი გეყოფოდათ აღიარებისთვის.

– მართლა? – მხრები აიჩეჩა ნათიამ, – მე საერთოდ არ მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი.

– სხვათა შორის, თქვენი ხინკალი არ გამისინჯავს.

– მართლა? არა უშავს. მაგას გამოვასწორებთ. იმედია, კიდევ რამდენიმე დღე დარჩებით თბილისში.

– სავარაუდოდ, ასეა. ვიზისა და საბუთების მომზადებას დრო დასჭირდება.

ლევანმა თავი ასწია. ნიკუშამ გამომწვევად გაუღიმა და თავი დაუქნია.

– დიახ. ასეა. ჟანმა დამითანხმა, მივდივარ საფრანგეთში.

დათომ შეშფოთებით გადახედა ლევანს, რომელსაც წარბი არ შეუხრია, ისე მოისმინა ნიკუშას ნიშნისმოგებით ნათქვამი სიტყვები. ღვინო მოსვა და თავი ისე დააქნია, ვერ გაიგებდი, რისი თქმა უნდოდა ამით. სამაგიეროდ, თიკას აუკანკალდა ხელები, – მიდიხარ? მართლა? შენ ფიქრობ, რომ ასე გაცილებით უკეთესად იქნები?

ლევანმა შეუმჩნევლად წაცხო ცოლს მაგიდის ქვეშ მუხლი.

– რა თქმა უნდა, უკეთესად იქნება. დედა მაინც დედაა. თანაც ისეთი დედა, როგორიც ქალბატონი ელენეა. პარიზსაც სხვა ხიბლი აქვს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი. სწორად იქცევი.

– სწორად ვიქცევი თუ არა, ეს, როცა ჩავალ, იქ გამოჩნდება, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– მე შეკითხვა მაქვს, რომელზე პასუხიც მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

თინიკო გაფითრდა, თავი დახარა და სუფრის კუთხეს დაუწყო წვალება. გრძნობდა, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ადგომა და დარბაზიდან გასვლა ვერ გაბედა. შეიძლება იმიტომ, რომ ლევანის ხელისგული ჯერ კიდევ მის კალთაზე იდო.

– მოკლედ, გავემგზავრები და ვნახავ, – თქვა ნიკუშამ და რატომღაც თიკას შეხედა.

– რა კარგია?! – ნათიამ აღფრთოვანება ვერ დამალა, – პარიზში იცხოვრებ. შესანიშნავია! ყოველთვის ვოცნებობდი პარიზზე. ახლა მაინც ვეღარ მეტყვის უარს დათო და წამომიყვანს. სტუმრად ხომ მიგვიღებ?

– ნათი, ჯერ მოიცადე, ჩავიდეს და მიიხედ-მოიხედოს, იქნებ ორ დღეში უკან გამორბის, – უშნოდ იხუმრა დათომ.

– რას ამბობ, რატომ უნდა გამოიქცეს? სამუშაოდ ხომ არ მიდის. გრაფის სასახლეში იცხოვრებს. ყველას ხომ არ ჰყავს მილიონერი დედიკო, – გადაიკისკისა ნათიამ და მისმა დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვებმა დათო ჭარხალივით გააწითლა.

– გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! – ხმადაბლა გადაულაპარაკა ცოლს, – ვერ ხედავ, რომ სისულელეებს ლაპარაკობ?

ნათიამ ქმარს შეუბღვირა და ახლა თიკას მიუბრუნდა.

– შენ იცნობ ნიკუშას დედას? მართლა ისეთი ლამაზია, როგორც ამბობენ?

– არ ვიცი. არასოდეს მინახავს, – ჩაიბურტყუნა თიკამ.

– პარიზში რომ იყავით, ლევანმა მასთან ვახშამზე არ წაგიყვანა?

ლევანმა დათოს ისე გახედა, დათომ ცოლს სწრაფად მოჰკიდა იდაყვში ხელი და თითქმის ძალით ააყენა სკამიდან, თან ნაძალადევად უღიმოდა.

– წამოდი, ძვირფასო, ცოტა ხნით აივანზე გავიდეთ. აქ ისეთი ბოლია, მეშინია, ცუდად არ გახდე. ვერ ვიგებ, რატომ არ აკრძალავენ ამ დარბაზში მოწევას.

დათომ ცოლი აივნისკენ წაათრია.

– მე არ ვიცოდი, პარიზში მეუღლეს თქვენც თუ ახლდით, უხერხულად გამოვიდა.

– არა, არა. ნათიას შეეშალა. მე არ ვყოფილვარ პარიზში. უფრო სწორად, იმ დღეს არ ვყოფილვარ, – სიტუაციის განეიტრალება სცადა თინიკომ. თან ცდილობდა, ნიკუშასკენ არ გაეხედა. მისი მზერა შუბლს უწვავდა.

***

ვახომ რამდენჯერმე დახედა საათს. ლოდინი ჭკუიდან შლიდა. ქალებში ყველაზე მეტად ის სძულდა, დროის შეგრძნება რომ არ ჰქონდათ და როცა ხედავდა, რამდენ ხანს შეეძლოთ სარკის წინ ტრიალი, მაშინ, როცა თვითონ გასაქცევად იყო მზად, ბრაზისგან ნაპერწკლებს ჰყრიდა.

– კარგი, რა, გეყოფა, საათზე მეტია, ირთვები. დაგვაგვიანდა!

– არა უშავს, მოიცდიან. შენი ბრალია, ცოტა ადრე უნდა გაგეფრთხილებინე. ერთი საათით ადრე რომ მომადექი, ასეთი სისწრაფით ჯარისკაცი თუ გაემზადება. ვერ გადამიწყვეტია, რა ჩავიცვა.

ვახომ ხელები გაშალა.

– აუუ, გავგიჟდები ნამდვილად! ასე წამოდი, რაც გაცვია. იცი, როგორ გიხდება?

– ნუ ეშმაკობ, მაინც არ დაგიჯერებ! მე უკეთ ვიცი, როგორ გამოვიყურები. თანაც შენ გემოვნება არასოდეს გივარგოდა.

– მე? ეე, ახლა „გატეხე“. რას ამბობ, ტო? მე არ მივარგა გემოვნება? შენ ჩემს ცოლებს ხომ იცნობდი – სამივე ერთმანეთზე უკეთესი იყო.

– თუ ასეთი კარგები იყვნენ, რაღატომ ეყრებოდი? – ნიშნისმოგებით დაუქნია თითი ქალმა.

– სწორედ მაგიტომ, რომ ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, – გადაიხარხარა ვახომ, – ისე ხომ მაგარი ვარ, მიდი, მიდი, აღიარე!

– მაგარი ის არის, ვინც ერთ ცოლს შეაბერდება. მე ასე მესმის მაგარი კაცობა. თუმცა, შეიძლება, ჩამოვრჩი ცხოვრებას.

– აშკარად ჩამორჩი. აბა, შენისთანა ქალი გაუთხოვარი უნდა იყოს? მისჩერებიხარ იმ ბრიყვს და...

იამ წარბი შეიკრა და გამაფრთხილებლად შემართა ხელი.

– მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. თორემ საერთოდ არ წამოვალ!

– ჰო, კარგი. ბოდიში. შენ ოღონდ წამოსვლა არ გადაიფიქრო და ხმას საერთოდ არ ამოვიღებ.

– იცი, ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი.

– რაზე, არ გადამრიო?

– ღირს ჩემი წამოსვლა თუ არა.

– ვითომ რატომ არ ღირს? მე ლევანმა მითხრა, მარტო არ მოხვიდეო. ასე რომ, არჩევნის უფლება გამოვიყენე და შენი წაყვანა გადავწყვიტე.

იამ ამოიოხრა. თვალწინ ლევანთან მომხდარი ინციდენტი მოაგონდა და სინანულით ჩაილაპარაკა.

– მგონი, მარტო შენ ხარ ჩემი მეგობარი და წამოვალ. წამოვალ აუცილებლად. ჩემი დროც მოვიდა. კიდევ რამდენიმე წუთი და მზად ვიქნები.

ვახომ ყელი „გამოიგლიჯა“.

– დაუჩქარე, რა, გეხვეწები!

– ჰო, კარგი, ვეცდები, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო წვეულებაზე მიწევს მიბრძანება, ისე უნდა გამოვიყურებოდე, ყველა შოკში ჩავაგდო. ხომ გითხარი, ჩემი დროც მოვიდა-მეთქი.

ვახო ცოტათი შეშფოთდა.

– ეე, მოიცა, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. რა ჩაიფიქრე?

– არაფერი, საყვარელო, არაფერი... ასე ნუ მიყურებ, უბრალოდ, ვიხუმრე. უბრალოდ, ნიკუშასთან ჩემი შეხვედრა გრანდიოზული უნდა იყოს, იმ ჩვენი ბოლო პაემნის შემდეგ. არ მეთანხმები?

– მზად ვარ, ყველაფერზე დაგეთანხმო, ოღონდ დროზე ჩაიცვი, დაგვაგვიანდა! – იყვირა მოთმინებადაკარგულმა ვახომ.

იამ გაუღიმა და მშვიდად გაემართა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.

***

კიდევ ერთი შეტაკება, ხარისა და ადამიანისა, ადამიანის გამარჯვებით დასრულდა. როცა ყველაფერი მთავრდება, ძნელია, გაარკვიო, ხარი აღმოჩნდა სუსტი და ადამიანი – ძლიერი, თუ უბრალო შემთხვევითობამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა, როგორ შეიძლება, შემთხვევა უბრალო იყოს, როცა, ფაქტობრივად, ის არის ბედისწერის ჭეშმარიტი სახე. კარგად შენიღბულ-შეფარული და ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუცნობელი. თუმცა, მთავარი მაინც შედეგია, თანაც, მარტო მატადორისთვის კი არა, ხარისთვისაც...

თინიკომ ფეხსაცმელები გაიხადა, გამეტებით ესროლა კედელს.

– მძულხარ! რომ იცოდე, როგორ მძულხარ! – მთელი ხმით უყვირა ქმარს. ლევანმა პიჯაკი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა.

– ნუ ყვირი, – თქვა საკმაოდ მშვიდად, – ბავშვს გააღვიძებ.

– ბავშვი ჩემია და თუ მინდა, გავაღვიძებ. ეს არ არის შენი პრობლემა.

– ჩემი პრობლემაც არის. ამიტომ გეუბნები, ნუ ყვირი-მეთქი. შეგვიძლია, წყნარად დავილაპარაკოთ.

თინიკო შეშლილივით წამოხტა სავარძლიდან და გაკაპასებულმა ორივე ხელი ქმარს ცხვირწინ აუქნია.

– მაინც, რაზე? ჰო, რაზე უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დღეს რესტორანში მოხდა.

– დღეს რესტორანში არაფერი მომხდარა, – კაცმა არაადამიანური ძალისხმევით სცადა სიმშვიდის შენარჩუნება.

– შენთვის არ მომხდარა არაფერი, ახლა მე მკითხე? არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ იქვე არ მოგიწყვე სკანდალი. ჭურჭელი უნდა დამემტვრია და საქვეყნოდ მომეჭრა შენთვის თავი.

– ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებდი, რომ გიჟი ხარ.

– შენ გინდა, რომ გიჟი ვიყო. მაშინ, დამშვიდებული სინდისით მიმატოვებდი და იმ ქალბატონთან გაიქცეოდი.

ლევანმა სიმწრით გააღრჭიალა კბილები.

– როგორი სულელი ხარ! დაფიქრდი მაინც, რას ამბობ? თითქოს არ იცოდე, „ის ქალი“, როგორც შენ მას უწოდე, ნიკუშას საცოლე რომ არის.

– მე მარტო ერთი რამ ვიცი, იმ ქალს შენი ნაჩუქარი გულსაბნევი ეკეთა, უსინდისო! იქაც მომატყუე და საერთოდ, სულ მატყუებ. ნაძირალა ხარ! არასოდეს გყვარებივარ! სიყვარულს ვინ ჩივის, პატივსაც არ მცემ. რისთვის მიმათრიე იმ რესტორანში, გული რომ მოგეკლა ჩემთვის და კიდევ ერთხელ გეთქვა, არარაობა ხარო? მითხარი, ეს გინდოდა?

– გაჩუმდი, თინიკო‚ საკმარისია! მე საერთოდ არ ვიცოდი, იას თუ მოიყვანდა ვახო, წარმოდგენა არ მქონდა. ეგ იდიოტი, ეგა! სიამოვნებით დავუნაყავდი ცხვირ-პირს, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს.

– რატომ დაუნაყავდი? შენი ბინძური საცვალი რომ არ დამალა და სააშკარაოზე გამოიტანა? ვახოს, შენგან განსხვავებით, ეშმაკობა არ ჰყოფნის. იმ გულსაბნევის ამბავი კი, შეიძლება, საერთოდ არ იცის. რა თქმა უნდა, არ ეცოდინება. შენ ხომ ძმაკაცის საცოლესთან დაძვრები?! მშვენიერი ალიბია! აბა, ვის შეეპარება ეჭვი შენს პატიოსან დამოკიდებულებაში მეგობრის საცოლესთან? მერე რა, თუ ეს ურთიერთობა დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ამაზე ლაპარაკიც არ არის. ორმა უზნეომ ბინძური თამაში წამოიწყო და ვინ უშლით ხელს? – გიჟი, ეჭვიანი ცოლი.

– გეყოფა-მეთქი! ნუ ლანძღავ საკუთარ თავს და ნუ იქცევი ისე, რომ შენთან საუბრის სურვილიც კი გამიქრეს.

– თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. არ მიკვირს, ასე გააფთრებით რომ იცავ საკუთარ ღირსებას, მაგრამ ერთი რაღაც დაგავიწყდა. ღირსება რომ დაიცვა, ჯერ ის უნდა გქონდეს. ამაზე არ გიფიქრია?

ლევანმა ბოლთის ცემას თავი ანება და ცოლს გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.

– თიკა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! – გამოსცრა მუქარანარევი ტონით.

– რას მეუბნები? – დასცინა ქალმა, – მერე, რას მიზამ, შენი მოთმინება მაგ ზღვარს რომ გადალახავს, მცემ?

– იცი, რომ მაგის გამკეთებელი არ ვარ. არ მივეკუთვნები იმ მამაკაცთა კატეგორიას, დილით რომ ცოლს სცემენ, საღამოს კი, გვერდით მიუწვებიან ხოლმე.

– სამაგიეროდ, ძმაკაცის საცოლესთან წევხარ და მისთვის ძვირფას საჩუქრებსაც კი ყიდულობ, თანაც პირდაპირ პარიზიდან ჩამოგაქვს.

– შენ ცუდად ხარ, უკვე რაღაცეები გელანდება.

– სხვა რა გაქვს სათქმელი, თავი რით უნდა გაიმართლო, ნაძირალა... როგორც კი გამომისტუმრე, მაშინვე მიბრუნდი და უყიდე. რომ მახსენდება, როგორ მომატყუე, ბრაზისგან თვალებში მიბნელდება. მზად ვარ, ფრჩხილებით სახე დაგიკაწრო, – თინიკო ქმარს მივარდა და სცადა, მისთვის სახე ჩამოეკაწრა. ლევანმა სწრაფად დაუჭირა ხელები და მაგრად შეანჯღრია.

– ნუ აფრენ! გესმის? დროა, დამშვიდდე. შენი ნაბოდვარის მოსმენას აღარ ვაპირებ. დამშვიდდი, დამშვიდდი-მეთქი და ნუ მეწინააღმდეგები. არ მინდა, რამე გატკინო...

– შენ მე უკვე მატკინე, ისე მატკინე, რომ სიკვდილი მინდა, მძულხარ!.. მძულხარ, მაგრამ შენზე უფრო მეტად საკუთარი თავი მძულს, ხომ ვიცოდი, რომ მატყუებდი, რატომ, რატომ მოგეცი საშუალება, კიდევ ერთხელ გაგებრიყვებინე?!

ლევანი მიხვდა, თიკა ისტერიკის ზღვარზე რომ იყო. სავარძლამდე თითქმის ძალით მიათრია. დასვა, მერე ბართან მივიდა, ჭიქაში ცოტა კონიაკი ჩაასხა და ქალს ტუჩებთან მიუტანა. თიკამ თავის გაწევა სცადა, მაგრამ ლევანს მაგრად ეჭირა.

– ხომ გითხარი, არ მინდა, რამე გატკინო-მეთქი. დალიე, დალიე და დამშვიდდი. შენ ეს გჭირდება. ახლა კი შეეცადე, კარგად მომისმინო. ია ჩემი მეგობარია, მხოლოდ მეგობარი და ჩვენ შორის არაფერია. არც შეიძლება იყოს, გესმის? არჩევ სიტყვებს თუ გაგიმეორო. ყელსაბამის შესახებ კი არაფერი ვიცი. თუ სიმართლე გაინტერესებს, არც შემინიშნავს, რა ეკეთა. ეს შენი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია.

თიკამ ჯიუტად გააქნია თავი.

– ვეღარ მომატყუებ! მეხსიერებას არ ვუჩივი, ზუსტად ის გულსაბნევი ეკეთა, რომელიც პარიზში ვნახე. მაღაზიაში რომ შემოვედი, ხელში გეჭირა და ათვალიერებდი. ლევან, არ გინდა, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ? არ დაიღალე, ამდენი ტყუილებით? მოგწონს, როცა უნიჭოდ თამაშობ უცოდველი, ერთგული ქმრის როლს? ვერ დავიჯერებ, რომ შენ გინდა ასეთი ცხოვრება. მიდი, მითხარი სიმართლე. თქვი, რომ ის ქალი გირჩევნია ოჯახს და მოვრჩეთ ამით. ნუ გეშინია, გრანდიოზულ სკანდალს არ მოვაწყობ. მშვიდად გაგეყრები. აქამდე კიდევ მქონდა ბრძოლის თავი და სურვილი, მაგრამ ახლა აღარ მინდა. არ მიღირს...

– გეუბნები, ტყუილად ნერვიულობ და მეც მაღიზიანებ. როგორ დაგარწმუნო, რომ იასთან არაფერი მქონია, თუ გინდა, ხატზე დაგიფიცებ.

– მასხარა ხარ შენ, – ცრემლი ვერ შეიკავა თიკამ, – აღარაფრის გერიდება... არც ხატის გეშინია და არც დემონის. ნუთუ, სულ დაკარგე ნამუსი. ვაჟკაცობა მაინც არ გყოფნის, რომ აღიარო შენი დანაშაული.

– რა დანაშაული, საკმარისია, ბოლოს და ბოლოს! ჭკუიდან არ შემშალო! – აყვირდა მოთმინებადაკარგული ლევანი. მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, მაგრამ იმ ქალთან შენთვის არ მიღალატია. არადა, ახლა გინდ დაიჯერე, გინდ არა. რაც გინდა, ის ქენი! მე მივდივარ, უნდა დავიძინო...

– კაბინეტში, დივანზე მოგიწევს დაძინება. საძინებელში შემოსვლას გიკრძალავ. ყველაფერი შემიძლია გაპატიო, მაგრამ კიდევ რომ ცდილობ ჩემს მოტყუებას, ეს მეტისმეტია!

ლევანმა დაიგმინა.

– მეტი აღარ შემიძლია. არაფრის გაგება არ გინდა. დავიძინებ კაბინეტში. იქნებ შენთვის ჯობდეს კიდეც, ცოტა ხნით მარტო რომ დარჩე. დაფიქრდები და მიხვდები, ჩემთან დამნაშავე რომ ხარ.

– მე ვარ დამნაშავე, მე? – თიკამ გულზე დაიდო გაშლილი ხელი.

– დიახ, შენ! სულ რაღაც აკვიატებული იდეების ტყვეობაში ხარ. ხან რა სისულელეს მოიგონებ, ხან რას და მერე შენი გამოგონებული აბდა-უბდის თვითონვე გჯერა. ახლახან ნიკუშა ჩემი ძმააო, მიმტკიცებდი.

– შეიძლება-მეთქი და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოჩვენებები მაქვს. შენ თვითონაც წამოგცდა, რომ არც ისეთი არარეალურია.

– იქნებ წამომცდა, მგაგრამ ამას ჩემთვის საღად აზროვნებაში ხელი არ შეუშლია. რასაც შენზე ვერ ვიტყვი.

– არ ვარ გიჟი და ტყუილად ცდილობ, საპირისპიროში დამარწმუნო.

– არა, გიჟი ნამდვილად არ ხარ. ამას შენზე ვერავინ იტყვის, მაგრამ იცი, რა გჭირს? იმისი გჯერა, რისი დაჯერებაც გინდა. შენ პარიზში მაღაზიაში თავზე რომ წამომადექი, დაიჯერე, რომ საყვარლისთვის საჩუქარს ვყიდულობდი, დარწმუნდი ამაში და დღეს იმ საცოდავი ქალის რაღაც ბროშზე გადაირიე.

– საცოდავი არა?.. საცოდავს რა უგავს. დავინახე, როგორ გიბრიალებდა თვალებს, თუ ესეც მომეჩვენა.

– არ ვიცი, ვინ რას აკეთებდა იმ მაგიდასთან, მე სხვა პრობლემა მქონდა და იმაზე ვფიქრობდი, მაგრამ შენ მარტო შენი ეგოისტური „ეგო“ გაღელვებს.

– ეგოისტი შენ ხარ. გული გაგისკდა, როცა გაიგე, რომ ნიკუშა საფრანგეთში მიდის. გიფრინდება მილიონები...

ლევანმა ირონიულად ჩაიცინა და თავი გადააქნია.

– ჰმ, მე გამიფრინდა, არა?! სხვათა შორის, ის მილიონები მამაშენის საკუთრება იყო.

– იყო. დიახ, იყო. თვითონვე გააჩუქა და ალბათ, ისევ მისთვის იქნება უკეთესი თუ დაივიწყებს ამას.

– ორი მილიონი ასეთი ადვილი დასავიწყებელია?

– რატომაც არა. მით უმეტეს, როცა მას საყვარელ ქალს ჩუქნი. ეს შენ უკეთ უნდა იცოდე და თუ იქაც იძუნწე და უბრალო ბიჟუტერია იყიდე? თუმცა, არა, იქ, სადაც შენ საჩუქარს არჩევდი, ბიჟუტერია არ იყიდება.

– ისევ დაიწყე... მორჩა, მე აღარ მოგისმენ. დასაძინებლად მივდივარ, ხვალ მძიმე დღე მაქვს. შენ რა გენაღვლება. თავი მხოლოდ სისულელეებით გაქვს გამოტენილი.

– რატომ წამიყვანე იმ რესტორანში... – აქვითინდა თიკა.

ლევანმა ხელი ჩაიქნია.

– ექიმი გჭირდება. კარგი იქნება, თუ ამაზე სერიოზულად იფიქრებ.

– მე ვიცი, რასაც გავაკეთებ, – თქვა უცებ თიკამ და ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა.

ლევანმა ეჭვით გადახედა ცოლს.

– იცოდე, რამე სიგიჟე არ ჩაიდინო. ბავშვზე იფიქრე. გახსოვდეს, რომ შვილი გყავს...

თინიკოს გაეცინა.

– შენ გგონია, თავს მოვიკლავ? ჰმ, რა ცუდად მიცნობ?! ეგ არც მიფიქრია. მართლა გიჟი კი არ ვარ. მივალ მაგ შენს კლასელთან და ჩემი ეჭვების შესახებ მოვუყვები. ვნახოთ, რას მიპასუხებს.

ლევანი გაფითრდა.

– ესღა მაკლდა. სწორედ ეს მაკლდა, კარდაკარ გევლო და ჩემი ამბები გამოგეკითხა. მგონი, დაგავიწყდა, ვისი ცოლი ხარ. სულ არ გაქვს თავმოყვარეობა? ან რისი იმედი გაქვს, ია გეტყვის, შენი ქმრის საყვარელი ვარო? იმას რომ ისევ უყვარს ნიკა, იცი?! თუ ეს საერთოდ არ გაინტერესებს.

– შეიძლება, უყვარს. მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. იქნებ დაიღალა ის ქალი ნიკუშას ლოდინით. გაბრაზდა კიდეც მასზე და შურისძიება გადაწყვიტა. გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, თუ ვნახავ და დაველაპარაკები, არაფერი დაშავდება.

– რატომ არ გინდა გაიგო, რომ თავს მჭრი. ჩემი სულ არ გესმის.

– შენ გესმის ჩემი? არა! უკვე დავრწმუნდი, რომ არ გიყვარვარ, მაგრამ ცოტათი მაინც ხომ უნდა მცემდე პატივს.

ლევანი ცოლთან მივიდა და შეეცადა, მისთვის მხარზე მოეხვია ხელი, მაგრამ ქალი გაუძალიანდა.

– აღარაფერი გიშველის, ვეღარ გაპატიებ! უკვე კარგად გაგიცანი, კარგად და საბოლოოდ. მივალ იასთან და ვეტყვი, თუ ასე სჭირდები, დავუთმობ შენს თავს. ლევანმა წამით გაიაზრა, რა შეიძლებოდა მოყოლოდა იასთან თინიკოს ვიზიტს. საფრთხე არც ისე დიდი იყო, მაგრამ მოსალოდნელი გართულებები არაფერში აწყობდა.

– მე არ მინდა, ჩემმა ცოლმა თავი დაიმციროს, მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შენ სხვებზე მაღლა უნდა დადგე, ყველაფრით სხვაზე მეტი ხარ და იმიტომ.

– შენ ეს ხელს არ გიშლის, რომ მიღალატო. საერთოდ, რაზე მელაპარაკები? ჩემს ცხოვრებაში ორმა ყველაზე საყვარელმა მამაკაცმა ყველაზე მეტად მატკინა გული. ერთი მამაჩემია, მეორე – შენ, მაგრამ არა უშავს, ორივე ინანებთ.

– თინი, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. ნეტავი, ფეხი მომტეხოდა და იმ მაღაზიაში საერთოდ არ შევსულიყავი. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ მენდობი. აბა, რისთვის გამომეკიდე უკან, პარიზში. ეს რომ არ გექნა, ახლა ორივე მშვიდად ვიქნებოდით.

– ეს რომ არ მექნა, კიდევ დიდხანს გამასულელებდი. ფეხი მე უნდა მომტეხოდა, საერთოდ არ უნდა გამეცანი.

– ახლა გვიანაა, ამაზე ფიქრი და რადგან ერთად ვართ, გავიტანოთ უნდა კიდეც ერთმანეთი.

– მე ვეღარ ვითამაშებ ბედნიერი ქალის როლს. აღარ მინდა, – თინიკომ ჩანთა აიღო და ადგა.

– ესე იგი, აქამდე თამაშობდი? გამოდის, არ გყვარებივარ და შენც მატყუებდი.

– შენ შეგიძლია ასე იფიქრო, მოკლედ, წადი და დაიძინე! მართალი ხარ, ორივესთვის აჯობებს, მარტო ვიყოთ.

– მაცადე, სად მიდიხარ, – მხარზე ხელი მოჰკიდა ცოლს ლევანმა.

– კაბინეტში. არ გაბედო და არ სცადო ჩემი შეწუხება. დღეიდან, უბრალოდ ვცხოვრობთ ერთ სახლში, როგორც ორი შემთხვევითი ადამიანი. არაფერს გკითხავ და შენც ნურაფერს მეტყვი. ნურც ჩემი ამბებით დაინტერესდები. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ სასტუმროში გადადი საცხოვრებლად. მე წავიდოდი, მაგრამ ეს სახლი, შენდა სამწუხაროდ, ჩემია. ასე რომ, არჩევანი შენზეა. ან ჩემს პირობებს მიიღებ და დარჩები, ან ახლავე შემიძლია, ბარგი შეგიკრა.

ლევანმა რაღაც ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავარდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3