როგორ ჩაიგდო ხელში საბჭოთა კავშირმა ანგოლური ალმასების უმდიდრესი საბადოები
გეოსტრატეგიული ინტერესების გარდა, რაც საბჭოთა კავშირს გააჩნდა აფრიკაში, წმინდა წყლის ეკონომიკური ინტერესებიც არსებობდა და ამა თუ იმ აფრიკული ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევა სწორედ აქედან გამომდინარეობდა...
ოპერაცია „გვამების ცვენა“
მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი ანგოლას დაუახლოვდა და, კომუნისტური იდეოლოგიის ექსპორტთან ერთად, ამ ქვეყანაში მრვალრიცხოვან სპეციალისტთა ჯგუფიც გაგზავნა, რომელთა უმრავლესობა უშიშროების თანამშრომელი იყო. ოფიციალურად ამ საბჭოთა კონტინგენტს ანგოლისთვის კვალიფიციური დახმარება უნდა გაეწია, ვითომდა ქვეყნის ასაღორძინებლად. სინამდვილეში კი, მათი ამოცანა იყო ამ აფრიკულ ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღება, რაც, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირისთვის ხელსაყრელი რეჟიმის დამყარებით უნდა დაგვირგვინებულიყო. საბჭოეთის წარგზავნილმა აგენტებმა ეს მისია „ფრიადზე“ შეასრულეს და ჯერ სამოქალაქო ომი გააჩაღეს ანგოლაში, ბოლოს კი აგოსტინიო ნეტო მოიყვანეს სათავეში და ანგოლაში პროსაბჭოთა რეჟიმის მმართველობა დაიწყო... თავდაპირველად, ამერიკელები არ ერეოდნენ საბჭოთა კავშირის აფრიკულ პოლიტიკაში. თუმცა, როცა შეიტყვეს, რომ ანგოლა ალმასების უდიდესი საბადო იყო, რაც საბჭოთა კავშირმა ჯერ არ იცოდა, საბჭოთა კავშირს აქტიურად დაუპირისპირდნენ და ნეტოს მოწინააღმდეგე პარტიზანების შეიარაღება-მომზადება დაიწყეს. პარალელურად კი, საბჭოეთის წინააღმდეგ დიპლომატიური ომი გააჩაღეს და იმდენს მიაღწიეს, რომ საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა ანგოლის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. თუმცა, საბჭოელებს ვერ გაეგოთ, რატომ იყო ამერიკა ანგოლით დაინტერესებული და ამის გარკვევა უშიშროებას დაევალა.
სანამ საბჭოთა უშიშროება მიცემულ დავალებას ასრულებდა და ანგოლის მიმართ ამერიკის ინტერესის მიზეზს ადგენდა, გაქნილმა ამერიკელმა დიპლომატებმა იმდენი მოახერხეს, რომ საბჭოთა კავშირი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვეს და დედაქალაქ ლუანდაში ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებდა, ანგოლაში თავისი სამხედრო კონტინგენტი არ გაეგზავნა და არც იარაღით დახმარებოდა მათ. იგივე ვალდებულება აიღეს ამერიკელებმაც. სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირს ნება დართეს, ანგოლაში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები გაეგზავნა, მაგრამ მათი რაოდენობა 10 ათასზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ანგოლიდან ალმასების გამოზიდვაში ამერიკას ვერავინ შეუშლიდა ხელს და გზა ხსნილი ჰქონდათ აურაცხელი სიმდიდრისკენ... თუმცა, ხელშეკრულებაში ერთი პუნქტი იყო, რომელიც საბჭოეთს მაინც უტოვებდა სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას. ამ პუნქტის მიხედვით, საბჭოთა კავშირს იმ შემთხვევაში ეძლეოდა სამხედრო ძალის გამოყენების უფლება, თუკი ანგოლაში მყოფ საბჭოთა მოქალაქეებს ტოტალური საფრთხე დაემუქრებოდათ, ანუ, თუ საბჭოელების მასობრივ ხოცვას გააჩაღებდნენ. ეს კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან, ერთი მხრივ, ამერიკელები არ დაუშვებდნენ ამას, მეორე მხრივ კი, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, საბჭოთა კავშირი ვერ მოახერხებდა, თავისივე მოქალაქეების ხოცვას პროვოკაციული მიზნით. ეს საბჭოეთის შიგნითვე გამოიწვევდა დიდ პროტესტს და, ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ საბჭოთა მთავრობას ასე აშკარად გაეწირა ათასობით თავისიანი.
როდესაც „კაგებემ“ დაადგინა, რომ ამერიკელები ანგოლაში ალმასის საბადოებმა მიიზიდა და ეს ცნობა პოლიტბიუროს წევრებმაც გაიგეს, ლეონიდ ბრეჟნევი და მიხაილ სუსლოვი უკიდურესად გაღიზიანდნენ. როგორც გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი პოპოვი იხსენებს თავის მემუარებში, ისინი მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი გრომიკოს დაეტაკნენ.
პოპოვი წერს: „პოლიტბიუროს სხდომაზე ბრეჟნევს სახე აელეწა და გრომიკოს მოურიდებლად მიახალა:
„შენმა „სირმა“ დიპლომატებმა ნაჩქარევი ხელშეკრულება დადეს. ამერიკელებმა მოგვატყუეს და ახლა ისინი დაეუფლებიან ანგოლურ ალმასებსო!“
გრომიკოს სუსლოვმაც გადაუარა და, ბოლოს, გადაწყდა, რომ ხელშეკრულების უიმედო პუნქტით ესარგებლათ: ამ აფრიკულ ქვეყანაში საბჭოთა ჯარი შეეყვანათ, რაც ამერიკელებს გზას მოუჭრიდა ანგოლური ალმასებისკენ. სუსლოვი აშკარა პროვოკაციის მომხრე იყო და წინადადება შემოიტანა, რომ ის დასახლება აეფეთქებინათ, სადაც 5 ათასი საბჭოთა სპეციალისტი ცხოვრობდა. ბრეჟნევიც უხმოდ ეთანხმებოდა მას და არც დანარჩენები იტყოდნენ ამაზე უარს, რომ არა ანდროპოვის პრინციპულობა, რომელმაც თქვა:
– ამ საშინელებას მე არ დავუშვებ. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენი ჯარის შეყვანის სხვა საბაბს მოვძებნი.
იმავე დღეს სუკის სპეცსამმართველომ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის – „გვამების ცვენის“ გეგმა შეადგინა და ერთი კვირის განმავლობაში ანგოლის ქალაქ ლობიტუში 5 ათასი გვამი ჩაიტანეს საიდუმლოდ, რომლებიც მთელი საბჭოეთის სხვადასხვა პროზექტურებში შეაგროვეს. შემდეგ მათ სამოსი ჩააცვეს და ლობიტუ-ლუანდას სამგზავრო მატარებელში ჩასვეს... ეს ეშელონი, რომელიც 20 ვაგონისგან შედგებოდა და თითოეულში 250 მგზავრი იჯდა, სპეციალურად დაჯავშნა საბჭოთა მხარემ, ვითომდა, ლუანდაში სამგზავროდ. მაგრამ, ლობიტუ-ლუანდას სარკინიგზო მაგისტრალის 81-ე კილომეტრზე დანაღმული მატარებელი უსაშინლესმა აფეთქებამ შეარყია და ნაკუწ-ნაკუწად აქცია, რაც ამერიკულმა კოსმოსურმა თანამგზავრებმაც დააფიქსირეს... ჰაერში ნაკუწებად ქცეული ხორცების ნაფლეთები ცვიოდა. ეს შემთხვევა ანგოლელი პარტიზანების ტერაქტად მონათლეს და სულ რამდენიმე საათში იქ საბჭოთა და კუბის არმიის სპეცნაწილები შეიყვანეს, რითაც ამერიკელებს ანგოლური ალმასებისკენ მოუჭრეს გზა.
ამ სპეცოპერაციის მოფიქრებისა და შესრულებისთვის, „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკ, დიმიტრი ხარაძეს საბჭოთა კავშირის გმირობა და პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს, რომელიც საიდუმლო ბრძანებულებით გაფორმდა...