ვინ ეხმარება იდუმალი ძალით ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში და რატომ არის ღამე ბოროტი ძალებისთვის გააქტიურების დრო
უამრავი ადამიანი ირწმუნება, რომ პირადად შეხვდნენ არამიწიერ არსებებს და სჯერათ, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. სხვათა შორის, ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯოან უესტერ ანდერსონი, სწორედ ადამიანებისა და ანგელოზების ასეთ შეხვედრებზე წერდა. დღეს ის ბევრს ფანტასტიკა ჰგონია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ანდერსონი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მისი აზრით, ის სწორედ ანგელოზმა გადაარჩინა.
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნინო ირწმუნება, რომ მის ცხოვრებაში ბევრი ამბავი სწორედ ანგელოზებს უკავშირდება და ეს უხილავი, იდუმალი, უჩინარი მხსნელები მის ირგვლივ ნამდვილად არსებობენ და ისინი, მისი და მისი ახლობლების მშველელები არიან კრიტიკულ სიტუაციებში.
ნინო: იდუმალი, უჩინარი მხსნელები ჩვენს ირგვლივ ხშირად ჩნდებიან და ჩვენ უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ მათი არსებობა, ძალა და მივაქციოთ ყურადღება მათ მიერ გაწეულ დახმარებას. ხშირად ისინი კრიტიკულ, დაძაბულ და სიცოცხლისთვის საშიშ დროს მოდიან ჩვენთან დასახმარებლად. საერთოდ, ანგელოზი ებრაული სიტყვაა და მაუწყებელს ნიშნავს. ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში ერთი რამ ყოველთვის მაოცებს, კერძოდ, ეს ზეციური არსებები ადამიანს დიდ განსაცდელში დასახმარებლად, ნუგეშის, გაფრთხილების ან რჩევის მისაცემად ევლინებიან. ბევრი ადამიანი, პირადად ვიცი, რომ ირწმუნება, მუდმივად გრძნობს მფარველი ანგელოზის დახმარებას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქვეყნად უამრავი ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ანგელოზები მხოლოდ ზოგიერთს ეხმარებიან. ჩემი აზრით, მგონი, მნიშვნელობა არ აქვს მორწმუნეა თუ არა ადამიანი. ისინი ისეთებსაც დახმარებიან, რომლებიც სამწუხაროდ, იმ წუთას ღმერთზე იყვნენ განაწყენებულები. ამბობენ, განსაცდელში ძირითადად კარგი ადამიანები ვარდებიან, მაგრამ ანგელოზებს მათთვის ამის არიდება არ შეუძლიათ, უბრალოდ, ეხმარებიან ამ სიტუაციიდან თავის დაღწევაში. ასე ალბათ, იმიტომ ხდება, რომ მათ არ შეუძლიათ, ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევა. არადა, მერწმუნეთ, მათი ძალა ნამდვილად მიგრძნია და მათი არსებობაც მაშინ ვირწმუნე, როცა ჩემს ვაჟს დაეხმარნენ. ხომ იცით, სანამ თავად არ გამოსცდი, ისე გიჭირს სხვისი ისტორიის დაჯერება.
– თქვენს ვაჟს რა შეემთხვა ასეთი?
– ჩემი შვილი ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდა და სწავლობდა. საოცარი ისტორიაც იქ შეემთხვა, რომ ჩამოვიდა და მიამბო, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კერძოდ, ჩემი ვაჟი და მისი მეგობარი, არდადეგების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობდნენ. ძალიან ციოდა და უკაცრიელ ადგილას, მინდორში გაუჩერდათ მანქანა, ვეღარც წინ წავიდნენ და ვეღარც უკან. ისეთი ყინვა იყო, აუცილებლად მანქანაში გაიყინებოდნენ. არადა, იმ ღამეს თურმე გარეთ დარჩენილი ათობით ადამიანი გაიყინა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ტელევიზიითაც უთქვამთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არ მომისმენია. მოკლედ, ისხდნენ ჩემი შვილი და მისი მეგობარი ტრიალ მინდორში გაჩერებულ მანქანაში და დახმარების არანაირი იმედი არ ჰქონდათ. ფიქრში, დარდში და ნერვიულობაში ჩაეძინათ. თან თოვა დაწყებულა. სრულიად მოულოდნელად, სატვირთო მანქანა გამოჩნდა. მძღოლს მათთვის არაფერი უკითხავს, ისე ჩუმად მოაბა გაჩერებულ მანქანას ბაგირი და საკმაოდ დიდ მანძილზე, უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. გაოგნებულები იყვნენ თურმე ბიჭები. ნისლში გაიარეს და რომ გაჩერდა მანქანა და მადლობის სათქმელად გადავიდნენ, მძღოლი იქ არ დახვდათ. გაოგნებული მიყვებოდა ჩემი შვილი, ისე უჩუმრად როგორ მოგვეპარა ეს ამხელა სატვირთო რომ ვერ გავიგეთ, ან იმ ნისლში სად გაქრა ისე, რომ ვერ დავინახეთ, დღესაც გაოცებული ვარო.
– თოვლში მანქანის კვალი არ იყო დატოვებული?
– მეც, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი ეს ვკითხე, მაგრამ მიპასუხა, თოვლზე არანაირი ნაკვალევი არ იყო და ამიტომაც გავოცდითო. მე კი ეჭვი არ მეპარება, რომ იდუმალმა ძალამ და უჩინარმა მხსნელმა გადაარჩინა ჩემი შვილი და მისი მეგობარი, იმ უცხო მხარეში გაყინვას.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, ჩემმა მეუღლემ მაშინ იწამა მსგავსი რამეების, როცა თავად გახდა ამის მომსწრეო. მას რაღა გადახდა თავს?
– ჩემი მეუღლე მფრინავი გახლდათ. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე თვეა, რაც გულის შეტევით გარდაიცვალა. მოკლედ, ახალი დაწყებული ჰქონდა ფრენა, რომ ერთი საინტერესო ამბავი შეემთხვა. სხვათა შორის, დილით სანამ სახლიდან გავიდოდა, თითქოს გული უგრძნობდა, საწოლში მძინარე ბავშვს ჩაეხუტა, მოეფერა, მეც ჩამკოცნა და მითხრა, რა ვიცი, რა ხდება და აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთო. სიმართლე გითხრათ, იმწუთას ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და გავუბრაზდი კიდეც, რა იყო, რა სიზმარი ნახე ასეთი, რომ ამხელა კაცი შეშინდი-მეთქი. გაეცინა და მიპასუხა, სიზმარი არ მინახავს, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, არ მინდა სამსახურში წასვლა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ მაქვს, ასე არასდროს დამზარებია და ეტყობა, წინათგრძნობა მაქვს, რამე ცუდი არ მოხდეს, ბავშვს მიხედე და თავსაც გაუფრთხილდიო. მოვეფერე და დავამშვიდე, ჩვენ კარგად ვიქნებით, შენ გაუფრთხილდი თავს-მეთქი. მოკლედ, იმ დღეს პატარა თვითმფრინავით ნისლში მოხვედრილა. ვერც აეროპორტამდე მიღწევა შეძლო და ვერც მიწაზე დაშვება. სასოწარკვეთილმა თურმე ბევრი იწრიალა. მერე მითხრა კიდეც, ცხოვრებამ კადრებად ჩამიარა თვალწინ, შენ და ბავშვი შემეცოდეთ, მეგონა, ვეღარასდროს გნახავდითო. როცა იმედი საბოლოოდ გადაეწურა, სიკვდილის შესახვედრად განეწყო. უცბად ხმა გაუგონია. ამ ხმის კარნახით, აეროპორტამდე მიუღწევია და პატარა საფრენ ბილიკზე უსაფრთხოდ დაშვებულა. როგორც კი თავი უსაფრთხოდ უგრძვნია, მაშინვე აეროპორტის დისპეტჩერის მოსაძებნად წასულა ოფისში, მადლობის გადასახდელად. მაგრამ, ის იქ არ დახვედრია. ყოფილა, რომ შენობაში მხოლოდ დარაჯი იყო იმ დროს და დისპეტჩერი კარგა ხნის წასული ყოფილა. გარდა ამისა, ის იმდენად ასცდა კურსს, რომ ვერც ერთი აეროპორტი ვერ შეძლებდა მასთან დაკავშირებას. ფაქტია, მას უხილავი, უჩინარი ძალა და მფარველი ანგელოზი დაეხმარა.
– უჩინარი მხსნელები ღამითაც მოდიან ჩვენთან დასახმარებლად?
– რასაკვირველია. როცა ადამიანს სძინავს, ღამით იდუმალი მხსნელი ანგელოზები ჩვენს სასთუმალთან მოდიან და გვიცავენ ბოროტი ძალების ზეგავლენისგან. ეს ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, მაშინ შემემთხვა, როცა დაახლოებით, რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი და დღესაც ცხადად მახსოვს. ჩემი გარდაცვლილი ბაბუა დამესიზმრა, უფრო სწორად, გამომეცხადა და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი, ვენატრებოდი და ჩემზე უხილავად ზრუნავდა. მისი დანახვისას საოცარი ძალა ვიგრძენი, მინდოდა, მისთვის უამრავი შეკითხვა დამესვა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვახერხებდი და გულში ვამბობდი. საოცარი ის არის, რომ პასუხს მცემდა და მეც ვიგებდი.
– რას გეუბნებოდათ ბაბუა გამოცხადების დროს?
– აი, ასეთი რამ მითხრა: ჩვენ ადამიანის გაფრთხილების უფლება გვაქვს, მაგრამ სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდით. არც ისეთი რჩევის მიცემის უფლება გვაქვს, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებას ზღუდავსო. საწოლზე ვიყავი წამომჯდარი, დედამ რომ შემოაღო კარი და მკითხა, რა იყო ნინო, შენც გაიგე მამაკაცის დაბალ ხმაზე საუბარი და გამოგეღვიძაო. ხმას ვერ ვიღებდი, ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს. საერთოდ, ამბობენ, რომ ადამიანს ყველაზე მეტი დაცვა ბოროტი სულებისგან ღამით ესაჭიროება და ამიტომ მფარველი ანგელოზებიც მათ დასაცავად ამ დროს აქტიურდებიანო. ვერავინ დამაჯერებს, რომ არ უგრძვნია, უჩინარი მფარველი ძალების გვერდით დგომა და გამოუვალ სიტუაციაში მათი დახმარება. ასეთი ამბები ჩვენ ირგვლივ, თითქმის ყოველდღე ხდება, უბრალოდ, ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. მსგავს ისტორიებს ხშირად მოისმენთ, მაგრამ ახსნას ვერ მოუძებნით. ეს ასეა, მაგრამ ამ ისტორიებს ხშირად მწერლები და მეზღაპრეები თავისი ფანტაზიით ამდიდრებენ და მშვენიერ წიგნებს უტოვებენ ჩვენს შთამომავლობას.
ნონა დათეშიძე