ქალაქის მერად ლესბოსელი აირჩიეს
ამერიკის ქალაქ ჰიუსტონის მცხოვრებლებმა პირველად აირჩიეს მერად არატრადიციული ორიენტაციის მქონე ქალბატონი. ენის პარკერი თავისი საარჩევნო კამპანიის დროს სულაც არ მალავდა, რომ ის ლესბოსელია.
როდესაც პარკერი ქალაქის საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად პირველად გამოჩნდა მერის რანგში, მომხრეები მას თბილად შეხვდნენ. აუდიტორიის ოვაციებს თან ახლდა მისამღერი „ჩვენ ოჯახი ვართ“...
„მე მიყვარს ეს ქალაქი, მე... ძალზე მეამაყება, რომ ამირჩიეს... მე „რაისის“ უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული ვარ, რომელიც მერი გახდა...“ – თქვა პარკერმა, გაიღიმა და პაუზა გააკეთა მათთვის, ვინც, ალბათ, ელოდა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მოისმენდა, რაც ფართოდ განიხილებოდა ადგილობრივ პრესაში; თუმცა პარკერმა თავისი გამოსვლა მერად არჩევის შესახებ ამის გარეშე განაგრძო.