სიზარმაცით წელიწადში 28 ათასი იტალიელი კვდება
„ათობით ათასი იტალიელი კვდება სიზარმაცის გამო“, – ნათქვამია იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, მაურიციო საკონის, მოხსენებაში – „ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობისა და ერის ჯანმრთელობის შესახებ“.
მოხსენებაში მოცემულია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები იტალიის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მაგალითად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა (78,4 წლამდე – მამაკაცებისთვის, 84 წელი – ქალებისთვის), მცირდება ბავშვთა სიკვდილიანობა. იკლებს ლეტალური გამოსავალი სიმსივნური დაავადებებისგან, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ერთად, ქვეყანაში სიკვდილის შემთხვევების 78 პროცენტია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ იტალიელების 61 პროცენტს კარგი ჯანმრთელობა აქვს, 13 პროცენტი მაინც ამბობს, რომ იტანჯება ქრონიკული პათოლოგიებით: პირველ ადგილზეა ართროზი, შემდეგ ართრიტები, მაღალი წნევა და ალერგიული დაავადებები.
„მაგრამ ჩვენ ვხდებით ავად სიზარმაცით, – ამბობს მინისტრი, – ძალზე ცოტას ვმოძრაობთ და ნაკლებად ვართ დაკავებული სპორტით თავისუფალ დროს. იტალია არის იმ ზარმაცი ადამიანების ქვეყანა, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების სტილს მისდევენ. ასეთი არასწორი ცხოვრების წესი ხდება სწორედ წელიწადში 28 ათასი იტალიელის სიკვდილის მიზეზი. 70 ათასი იტალიელის სიცოცხლე კი მოწევას მიაქვს“, – ხაზი გაუსვა საკონიმ.