სასაზღვრო კონტროლის ავტომატური სისტემა ჩინელმა ქალბატონმა მოატყუა
ჩინელმა ქალბატონმა იაპონიაში არალეგალურად შეღწევა შეძლო. მან წინასწარ, პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეიცვალა თითის ანაბეჭდები. ტოკიოს პოლიციაში ამბობენ, რომ ოპერაცია 100 ათასი იუანი (14,5 ათასი დოლარი) დაჯდა. ეს ოფიციალურად დარეგისტრირებული პირველი შემთხვევაა იაპონიაში, როდესაც უცხოელმა ქალბატონმა საიმიგრაციო კონტროლის მოტყუება შეძლო.
2007 წელს ჩინელი ქალბატონი იაპონიიდან იმისთვის იქნა დეპორტირებული, რომ ცხოვრებასა და მუშაობას ვადაგასული ვიზით განაგრძობდა. როგორც ჩანს, პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებს მან დეპორტაციის შემდეგ მიაკითხა. არაბუნებრივი ნაწიბურები თითების ბალიშებზე მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ შეამჩნიეს. სასაზღვრო კონტროლის ავტომატურმა სისტემამ კი თავის დროზე ეს ვერ დააფიქსირა. 27 წლის ლინ ჯუნი ქვეყანაში გასულ წელს შევიდა ყალბი პასპორტით, მაგრამ ის მხოლოდ 2009 წლის ნოემბერში დააკავეს – იაპონელთან ფიქტიური ქორწინების გამო.
იაპონიაში შესვლისას ყველა უცხოელისგან იღებენ თითის ანაბეჭდს, რასაც შემდეგ დამნაშავეთა მონაცემების ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდს ადარებენ. სისტემას ადრეც ატყუებდნენ, თუმცა ოფიციალურად საქმე არ აღძრულა. მაგალითად, გასული წლის აპრილში სამხრეთ კორეელმა ქალბატონმა კონტროლის გავლისას გამოიყენა სპეციალური ლენტი, რომელიც თითების ბალიშებზე ჰქონდა დაკრული.
შემთხვევა ჩინელ ქალბატონთან ამტკიცებს იაპონიის ხელისუფლების ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ჩინეთში არალეგალური ბიზნესი ყვავის, რაც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, შეიცვალოს თითის ანაბეჭდი. მისი სამსახურით შეუძლიათ ისარგებლონ ჩინელმა ვაჭრებმაც, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით უარი ეთქვათ იაპონიაში შესვლაზე.