იაკობ ახუაშვილი – კაცი, რომელიც ხალხს სჭირდება
რუსთაველის პროსპექტზე ისე დადის, თითქოს ქვეყანა მისი იყოს. ყოველ წუთში ვიღაც აჩერებს და საუბარს უბამს. ისიც, რომელიც სიტყვებისთვის ჯიბეში არ ჩაიყოფს ხელს, თვითონ ხდება პასუხის გამცემიც და ძირითადი მოსაუბრეც. ყველას გვარ-სახელი იცის, ან ამდენს როგორ იტევს მისი მეხსიერება! იცის კი არა, მაშინვე ახარებს, მე შენს გვარზე ახალი „რამე-რუმეები“ აღმოვაჩინეო და დალაგებულად, დინჯად მოუყვება ხოლმე ამბავს: თქვენი გვარი რუსებმა დაამახინჯეს და ასლანოვები გახდით, სომხებმა ასლანიანად გაქციეს, არადა, თურმე თქვენი გვარი ყაფლანიშვილებიდან მოდის, ხოლო ყაფლანიშვილებისა – ბარათაშვილ-ორბელიანებიდანო. დიახ ასეთი შეხვედრები და საუბრები იშვიათი რომ არ არის, ამას არ უნდა ზედმეტი მტკიცება. ისინიც სულგანაბულნი უსმენენ, იშვიათად თუ მისცემენ შეკითხვას და მაშინვე მიიღებენ დაუზარელ პასუხს, ან ეტყვის, – ამას ერთხელ კიდევ დავაზუსტებ, დამირეკე და გეტყვიო. ეტყვის, აუცილებლად ეტყვის, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს უდიდესი მახსოვრობის უნარი, არაფერი ავიწყდება.
ისე, პირფერობით არ ვიტყვი და, დიდი კეთილი კაცია, ყველა გაჭირვებული ეცოდება ერთი განახათ, როცა ფული აქვს, არავინ ავიწყდება, ყველას მოიკითხავს. რამდენიმე მეგობარი ჰყავს, რომლებიც დღეს ძალიან გაჭირვებულები არიან და, პირველ ყოვლისა, იმათ შეეხმიანება ხოლმე. „რა ვქნა, კაცო, ეგენი კომუნისტების დროს ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, მაგრამ, ამ ოხერ დროში ძალიან გაუჭირდათ და მეც, რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ნეტა, მეტი შემეძლოსო“ – ამბობს ხოლმე შეწუხებული.
ბატონი იაკობი ახალგაზრდული შემართების კაცია, ბერიკაცობას ვერავინ დასწამებს, ქუჩაზე ისე შემართებულად დადის, თავისი ოც კილოგრამამდე ტვირთით, დიპლომატით, რომ, მგონი, ვერც გრძნობს სიმძიმეს. ხანდახან შევეშველები ხოლმე, ის კი გარბის ხუთი-ექვსი ნაბიჯით წინ და შემდეგ მელოდება. არა, არც მე ვარ დაჩაჩანაკებული, მაგრამ, ნელი სიარული მიყვარს. მართალია, გენეალოგიურად, გურული კი ვარ. მაგრამ დინჯები, ვყოფილვართ, მეც ასეთი ვარ და რა ვქნა! ჰოდა, ეს ტვირთი დააქვს და, თუ დასჭირდება, მაშინვე ამოიღებს ნაწერებს და ფაქტებით უმტკიცებს ხოლმე იმათ, ვისაც რამე არ სჯერა.
მახსენდება, ერთხელ მეგობარი მივიდა თავის შვილთან ერთად და სთხოვა, ჩემი მეუღლე ებრაელი ყოფილა, მეც ახლა გავიგე ეს ამბავი. ჩემს შვილს უცხოეთში წასვლა უნდა. დაგვიდასტურეთ, რომ ჩემი ცოლი ნამდვილად ებრაელია და „ჩვენზე იყოსო“. ამის გამგონე იაკობი მართლა რომ აფხუკიანდა და მიახალა, კაცო, მე ებრაელებიც მიყვარს და ყველა ერის ხალხიც, მაგრამ ვემსახურები ქართული გვარ-სახელების წარმოშობის ისტორიას და არა სხვა რომელიმე ერისასო. ეგ საქმე სხვაგან გააკეთეთ, თუ არ გინდათ, რომ გაწყენინოთო. ისინიც „კუდამოძუებულები“ წავიდნენ, ხოლო იაკობი დიდხანს არ დაწყნარებულა, ეს როგორ მაკადრესო.
იტყვის ხოლმე, ახალგაზრდობაში მე და ჩემი მეზობელი ერთად ვიყავით საქმეზე. იქიდან რომ დავბრუნდით, იმ ბიჭის დედა გარდაცვლილი დაგვხვდა. ძალიან განვიცადე. როცა ღამით დავწექი და დავიძინე, არ ვიცი, მეძინა თუ მეღვიძა, მაგრამ დანამდვილებით ვნახე კარგად, მღვდლის ანაფორაში ჩაცმული კაცი, რომელიც მომიახლოვდა და მითხრა: ისე, იაკობ, ახლა შენ უნდა წამეყვანე, მაგრამ გტოვებ. იცოდე, როცა ასაკს მიაღწევ, უცებ წახვალ ამქვეყნიდან, უწვალებლად. ჰოდა, ამის იმედი აქვს, ამბობს, ამას რა ჯობია, თუ უწვალებლად შეველევი ამქვეყანას, იქაც ხომ ჩვენს მარადიულ სამყოფელში ვიქნებითო, ამბობს. ჰო, იაკობ, გეთანხმები, მაგრამ იმ ანგელოზმა არ გითხრა, რომ შენ 100 წელიწადს გადააჭარბებო? არ გითხრა, რომ შენ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან სჭირდებიო? არ გითხრა, რომ ჯერ „გვარიშვილობის“ ოცი ტომი არ დაგიწერია და მხოლოდ მეშვიდეზე ხარ გაჩერებულიო? ფულს დაუდგეს თვალი, თორემ, ნახევარზე მაინც ხომ იქნებოდი მისული! შენ კი ჯერ „დ“ ასოზე გაწყობილ გვარებს ამზადებ, ასე რომ, დრო კიდევ არის. მიდი, „მიაწექ“ შენს საქმეს! შენ ხარ კაცი, რომელიც დღეში ხუთიდან ათ თაბახს წერ, ჯერ სახლში დილიდან 11 საათამდე, შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკაში, მერე – სახელმწიფო არქივში, ბოლოს კი ოფისში მიდიხარ და იქ კითხულობ, საქმეებს არჩევ, დავალებებს იძლევი, მდიდარს ართმევ და ღარიბს აძლევ, ცდილობ, ვინმე დაასაქმო და, ამიტომ, შენ გარშემო ყოველთვის ხალხია, ის ხალხი, ვისაც უყვარხარ, ვინც მართლა შენზე ფიქრობს, ისევე, როგორც შენი მეუღლე, ულამაზესი და უსპეტაკესი ქალბატონი ია, შენი შვილები მარინე და მანანა; შვილიშვილები: ია, ნიკა, ნინო, ქეთევანი; შენი დაიკო ანიკო... მასთან სტუმრად რომ ვიყავი, მატყლის საბანი გამოგიგზავნა ჩემს ძმას დაახურეთ ზამთარში, არ გაცივდესო. ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და სხვები და სხვები, ისინი, ვინც ყოველ წუთს გირეკავენ და შენი მობილური არ „ცივდება“; ისინიც, ვინც არ გირეკავს უსახსრობის გამო, მაგრამ ვისაც ნამდვილად უყვარხარ.
და, ბოლოს, იაკობ, იდღეგრძელე, რადგან ხალხსა და საქართველოს სჭირდები! დიახ, მართლაც რომ სჭირდები!..
ლერი კვაჭანტირაძე
სრულიად საქართველოს მამულიშვილთა საგვარეულო კავშირ „გვარიშვილობის“ ვიცე-პრეზიდენტი