როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
1801-1803 წლებში ალიხანაშვილების რუსულად შედგენილ საბუთებში ამ გვართა დიდი ნაწილი რუსული ფორმატით, „ოვი“ ჩაუწერიათ. ჩვენი თანამემამულე ქართველები თეთრი წყაროს სოფლებში – არდისუბანში, ენაგეთში, მარაბდაში, მირტაშენში, პატარა თიანეთში, ტაგნაგეთში ალიხანოვებად იყვნენ ცნობილნი.
„არდისუბანში 90-იან წლებში სამღვდელო პირები ავიყვანე და იქაურ კაცთან ერთად გადავწყვიტეთ, ეკლესია მოქმედი გაგვეხადა, სოფელმა ხელი გამოიღო და ეკლესიის აღდგენა იკისრა. სასაფლაოზე შესვლისთანავე სოფლელი გ. ო. მივარდა საფლავის ქვას, დაიწყო მოფერება და ყვირილი, ვანო, ამოიხედე, ბოდიში, რომ დამაგვიანდა მეთქვა, ნეტავი ვინა ვართო, რომ მეკითხებოდი, აი, ჩვენებური კაცი საბუთებით მოვიდა და დაიწყო წართმეული გვარისა და ეროვნების აღდგენა. ვანო ბატონო, ქართველი ყოფილხარ, ქართველები ვყოფილვართ, გაიგე, ვანოჯან, ქართველი აზნაურები ყოფილხართ“, – ასე წერია წიგნში „ქვემო ქართლი“.
გვარში ფუძეა ორი სიტყვისგან შემდგარი სახელისგან ალი-ხან, თურქულად ალ-ში იგულისხმება ალაჰ, ხანო – მეფე, მთავარი ზოგიერთ თურქი და მონღოლი ხალხისა.
ალი თურქ ხალხებში ყველაზე პოპულარული სახელია.
ალიხანასშვილი – ალიხანაშვილები და არა ალიხანოვები, იგივე გვარების ღვთისიაშვილი, ღვთისავარაშვილი, ადეკვატურნი არიან. 1886 წლამდე იყვნენ ალიხანაშვილები, ზალია და ბეჟანი ორივე ერთად 1721 წლის აღწერით, მებატონეები იყვნენ და ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში ჰყავდათ ყმა-გლეხები.
ალიხანაშვილები იყვნენ მართლმადიდებლები და ქართველები.
საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრ წყაროში – 62, მცხეთაში – 53.
დღესაც 269 ალიხანოვადაა ჩაწერილი.
დოდელია
გვარის ფუძეა მამაკაცის სახელი, ანუ ეს გვარი მამაკაცის საკუთარი სახელიდან წარმოქმნილი ქართული გვარ-სახელია. საბუთებში გვხვდება სახელები: დოდა, დოდი, დოდოლ, დოდია, დოდო, დოდუა, დოდუკა, დოდინა, დოდოლა.
1733 წელს ოდიშში, სოფელ გეჯეთში მოიხსენიება დოდელია – „დოდელიასეული ადგილი ბეჟან დადიანისგან ვიქრთამეთ“.
დოდა ფიფნას ასული მოიხსენიება მეთოთხმეტე საუკუნეში.
საქართველოში 40 დოდელია ცხოვრობს: თბილისში – 25, აბაშაში – 4, ტყიბულში – 4.
ფიფია
ფიფია ცნობილი და პოპულარული გვარია.
ფიფიათა გვარი გეოგრაფიულად სვანეთისკენ იყურება. მაგალითად, სოფელ ლაკადაში მცხოვრებ ფიფიებს დღესაც სჯერათ, რომ ისინი წარმოშობით სვანეთიდან მოსული ფილფანები არიან.
ფილ ძირითაა გაწყობილი გვარები: ფილაური, ფილაშვილი, ფილიპაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში გავრცელებულ 25 000-ზე მეტ გვართა შორის ფიფიათა გვარს 33-ე ადგილი უკავია. წალენჯიხაში – მე-2, ხოლო ზუგდიდის რაიონში მე-4 ადგილი უჭირავთ.
გვარის ძირითადი სამკვიდრო ნაწილდება სამ მეზობელ სოფელზე: საჩინო, სადაც 93 კომლი ცხოვრობს, ჯვარი – 81 კომლი, ჩქვალერი – 59 კომლი. ასევე, ეს გვარი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ჩხორა, ლია, პატარა ეწერი, მუშავა, მედანი, ობუჯი, ყულიშკარი, რუხი, წალენჯიხა, ჭითაწყარო და ასე შემდეგ.
ლეფიე (ლეფიფიე) ყოფილი დასახლებული უბანი, ნასოფლარია წყავაშში, მაგანის მარჯვენა მხარეს. ლეფიფიე უბნებია ლეშამუგეში, ჩქვალერში, პირველ ეწერში, კუხეშში, ლეკაკულეში, მუხურში. საფიფიო კი უბანია ზედა ეწერში, კორცხელში, ჩხორიაში, ყულიშკარში.
მეგრულში ფიფის ვაშლის, მსხლის ტოტზე ამოსულ სოკოს ეძახიან.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, 7 141 ფიფიაა დაფიქსირებული: წალენჯიხაში – 2 608, ზუგდიდში – 2 589, თბილისში – 817.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ