ვინ ეძებს თავის შვილობილს რუსთავში და რა მიზეზით დაკარგეს ერთმანეთი 12 წლის განმავლობაში დედობილმა და შვილობილმა
74 წლის ვალენტინა ვასილის ასული ტერეხონოვა ეძებს 47 წლის გელა როსტომის ძე ციქუბაძეს.
– რა მიზეზით შეწყდა თქვენი ურთიერთობა შვილობილთან?
– გელა ჩემი მეუღლის – როსტომის შვილია. მე და როსტომი ერთად ვცხოვრობდით ქალაქ ვორონეჟში. 1997 წლის მაისში თუ ივნისში საქართველოდან ჩვენთან ჩამოვიდა გელა. მას სამსახურის შოვნა უნდოდა და სხვადასხვა ორგანიზაციაში ეძებდა სამუშაოს. ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, იგი გააჩერა მილიციამ და ყველა საბუთი წაართვა. გელა იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. გელას წასვლამდე, 17 ოქტომბერს, გარდაიცვალა მამამისი. ამის გამო მან საქართველოში წასვლა აღარ გადადო და მალევე გაფრინდა სამშობლოში. მე ის არ გამიცილებია, რასაც ძალიან ვნანობ. უკვე თორმეტი წელია გასული, რაც ჩვენ შორის სატელეფონო საუბარიც კი არ შემდგარა და ეს იმიტომ მოხდა, რომ მე მას ვაწყენინე და გული ვატკინე. ძალიან მინდა მისი პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ღვიძლი შვილი არ არის, მე ის ძალიან მიყვარს.
– რა იყო თქვენ შორის უთანხმოების მიზეზი, რამ დაგაკარგვინათ ერთმანეთი და აქამდე თუ ეძებდით მას?
– როსტომის გარდაცვალების შემდეგ მე და გელა ერთმანეთში ვერ მოვრიგდით მამამისის დასაფლავების საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ეს იყო ჩვენი დაშორების მიზეზი. დღემდე ვნანობ, რომ არ გავაცილე, ძალიან მინდა, მან ყველაფერი მაპატიოს. ბევრჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. რამდენჯერმე წერილიც გავგზავნე მის ნათესავებთან საქართველოში, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ყველაფერი, რაც კი ხელთ მაქვს, ეს არის მისი ნათესავების მისამართები. თვითონ გელა კი, სანამ ვორონეჟში ჩამოვიდოდა, ცხოვრობდა რუსთავში. მის მეუღლეს ნინო ჰქვია. ვიცი ასევე, რომ ჰყავს ბიძა – გენო ციქუბაძე, რომელიც დიღომში ცხოვრობს და მამიდა, ლაურა ეგაძე – გორის რაიონში. თითოეულ ჩემთვის ცნობილ მისამართზე წერილებიც კი გავგზავნე, მაგრამ უშედეგოდ. შეიძლება, გელამ არც იცის, რომ მე ასე ძალიან მინდა მისი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. უთანხმოებისა და კამათის გამო, მე მისი დაკარგვა არ მინდა. ვფიქრობ, გამიგებს.
– ხომ შეიძლება, მან მაინც არ მოისურვოს თქვენთან დაკავშირება, ამაზე თუ გიფიქრიათ?
– მთავარია, მე ის ვიპოვო და გავიგო, რომ კარგად არის. მაინტერესებს როგორ აეწყო მისი ცხოვრება. ჩემთვის უმთავრესი ეს არის. რაც შეეხება იმას, რომ, შეიძლება, არ მაპატიოს ჩემი შეცდომა, ამაზე ფიქრს ვერიდები, იმდენად დიდია მისადმი ჩემი სიყვარული. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ნამდვილად ვერ მოვისვენებ, სანამ ბოდიშს არ მოვუხდი. იმედია, თუკი ღმერთმა ინება, ის ამ წერილს წაიკითხავს და საბოლოოდ არ გამწირავს. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც გავიგებ, როგორ არის და მაპატია თუ არა. მამამისს, როსტომს, ძალიან უყვარდა გელა, მეც – ასევე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, ვორონეჟში, ცოტა ხანს დარჩა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ის შვილივით შემეყვარებინა. შეცდომას კი ცხოვრებაში ყველა უშვებს. უთანხმოების გამო მოხდა ეს ყველაფერი, რასაც ძალიან განვიცდი. იმედი მაქვს, გელა დღემდე რუსთავში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და მან, უბრალოდ, არ იცის, როგორ ვეძებ, როგორ მინდა, ვნახო და ბოდიში მოვუხადო.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი