რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან ყაზახეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ მილიონერ მიხეილ ლომთაძეს
მიხეილ ლომთაძე ახალგაზრდა, წარმატებული ბიზნესმენია, რომლის შესახებაც მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ ბევრად მეტია ცნობილი, ვიდრე საქართველოში. ეს არცაა გასაკვირი – უკვე დიდი ხანია, ის რუსეთსა და ყახაზეთში მოღვაწეობს. 2008 წელს ლომთაძე ცენტრალური აზიის ახალი ეკონომიკური გიგანტის საუკეთესო პროფესიონალ ფინანსისტად დასახელდა. მისი ქონების შესახებ შედარებით მწირი ცნობები არსებობს. ყახაზური პრესის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ფინანსისტის ქონება რამდენიმე მილიონი დოლარია. ის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და აღიარებული ბანკირია. მისი კომპეტენციის სფეროები კარიერის განმავლობაში მაკროეკონომიკა, მენეჯმენტი, ფინანსური ბაზარი, ვენჩურული ფონდები და რისკების მართვაა.
მიხეილ ლომთაძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში. ბაკალავრის MBA ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
მან ბიზნესმოღვაწეობა სამშობლოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს კი ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა. ეს უკანასკნელი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული აუდიტორული და კონსალტინგური კომპანიაა.
2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში“ დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან კი ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. 2003-2005 წლებში იყო ვენჩურული ინვესტირების რუსული ასოციაციის თავმჯდომარე. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2005 წლიდან – საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანია, „ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
„ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსი“ დსთ-ის სივრცესა და რუსეთში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელიც პირდაპირი ინვესტიციების მართვის სფეროში მოღვაწეობს. ამ კომპანიის კაპიტალი 400 მილიონამდე დოლარია. თავის დროზე ლომთაძე იყო „ბეარინგ ვოსტოკის“ მიერ მართული ორი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. „ბეარინგ ვოსტოკი“ ჯგუფ „ბეარინგ პრაივიტ ექუითი ინტერნეიშნლის“ შემადგენელი ნაწილია. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდამდე 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პირდაპირ აქტივებს მართავდა აზიასა და დსთ-ის ქვეყნებში.
ამჟამად ლომთაძე ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის – „კასპი ბანკის“ მმართველობის ხელმძღვანელია. საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილეც – მამუკა კირვალიძე – ქართველია, რომელიც ბოლო წლებამდე საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ნავთობისა და ტელესაკომუნიკაციო სფეროებში მოღვაწე კომპანიებში მუშაობდა.
ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა. 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.
„კასპი ბანკი“ აქტივების მოცულობით ყაზახეთში მეშვიდე ადგილზეა. 2009 წლიდან ბანკის მთავარი აქციონერია ჰოლანდიური კომპანია „კასპიან გრუპ ბ.ვ.“. ჰოლანდიური კომპანია მისი აქციების 96,3 პროცენტს ფლობს. თავის მხრივ, „კასპიან ბანკ ბ.ვ.-ის“ აქციების 51 პროცენტი „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალს“ ეკუთვნის, 49 პროცენტი კი – „კასპი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმს.
კითხვაზე, როგორ მოხვდა თავის დროზე ლომთაძე ისეთ გავლენიან კომპანიაში, როგორიც „ბეარინგ კეპიტალ ინვესტია“, ქართველი ბიზნესმენი პასუხობს, რომ ეს საიდუმლო არ არის. „ბეარინგ ვოსტოკი“ „ბორჯომის“ ინვესტორი იყო. ამ უკანასკნელში კი იმ დროს ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობდა და მათ ფინანსურ საკითხებში ვუწევდი კონსულტაციებს. დავაყენეთ „აი-ტი“ სისტემა. პიროვნება, რომელიც მაშინ „აი-ტის“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ „კასპიისკი ბანკის“ „აი-ტი“ დირექტორი გახდა. ჩემი ახლო მეგობარია „ბორჯომის“ პრეზიდენტი ჟაკ ფლერი. სწორედ მან მირჩია, ბედი „ბეარინგ ვოსტოკში“ მეცადა და დამაკავშირა კიდეც ამ კომპანიასთან. ჰარვარდში ჩემთან „ბეარინგ კეპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ჩამოვიდა და იქ გაიმართა ჩვენ შორის პირველი მოლაპარაკება. ეს ყველაფერი იმ რეკომენდაციების შედეგი იყო, რომელიც ახლო მეგობრებმა გამიწიეს“, – აცხადებს ბიზნესმენი, რომლის თქმითაც, ფინანსურ სფეროში ასეთი რეკომენდაცია აპრობირებული მეთოდია.
2001 წელს „კასპიისკი ბანკმა“ ალმა-ატის საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის 100 პროცენტი შეიძინა და მისი ერთადერთი მფლობელი გახდა. მიხეილ ლომთაძე ამჟამად ამ სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეცაა. ეს კომპანია ყახაზურ სადაზღვევო ბაზარზე უძველესია. ის 1994 წელს ლონდონურმა „სიტი კომერშალ სერვისმა“ დააფუძნა. გარდა ამისა, ალმა-ატის საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია პირველი მსგავსი სტრუქტურაა ცენტრალურ აზიაში, რომელსაც შვეიცარიული კომპანია „SGS-ის“ ხელმძღვანელობით საგარეო აუდიტი ჩაუტარდა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიცირება გაიარა.
გლობალური კრიზისის დაწყების შემდეგ მიხეილ ლომთაძე ყაზახური პრესის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი გახდა ფინანსურ და სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ცვლილებები ბიზნესმიდგომებში, ინვესტორებსა და კომპანიებს აიძულებს რადიკალურად შეცვალონ მართვის პრინციპები. ის დადებითად აფასებს კრიზისის მიმდინარეობისას ყახაზეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომელმაც ფინანსურ სექტორს სახელმწიფო გარანტიები დაახმარა, ამან კი ბაზრის სტაბილიზაცია უზრუნველყო.
მიხეილ ლომთაძის განცხადებით, „კასპი ბანკისთვის“ 2009 წელიც წარმატებული იყო. ამის დასტურია ისიც, რომ გავლენიანი ბრიტანული ფინანსური გამოცემის, – „ფაინენშლ თაიმსის“ დამატება „ბანკერმა“ 2009 წლის 3 დეკემბერს „კასპი ბანკი“ 2009 წლის საუკეთესო ყახაზურ ბანკად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ „ფაინენშლ თაიმსისა“ და „ბანკერის“ მიერ დაწესებული ჯილდო მსოფლიო ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია.
ბანკის წარმატებების გარდა, რომელშიც ლომის წილი მისი მმართველობის ხელმძღვანელს მიუძღვის, მიხეილ ლომთაძეს არც პირადი აღიარება აკლია პროფესიულ კარიერაში. როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს ქართველი ფინანსისტი ყაზახეთში „წლის პროფესიონალად“ დაასახელეს. გამომცემლობა „კურსივმა“ შარშან, წლის შედეგების შეჯამებისას, ყველაზე საინტერესო მოღვაწეები დაასახელა ბიზნესსა და პოლიტიკაში. „წლის პროფესიონალად“ მიხეილ ლომთაძე დასახელდა, „წლის პოლიტიკოსად“ კი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კარიმ გასიმოვი. გამოცემამ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ 2008 წელს „კასპი ბანკმა“, მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, საგარეო ვალების დაფარვა შეძლო 310 მილიონი დოლარის ოდენობით. აღინიშნა ისიც, რომ „კასპი ბანკმა“ წარმატებებს მიაღწია იმ პირობებში, როცა ის არ შედიოდა „შესანიშნავი ხუთეულის“ შემადგენლობაში. ასე უწოდებენ ყაზახეთის ხუთ წამყვან ბანკს, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებამ კრიზისის შედეგების დასაძლევად 5 მილიარდი დოლარით დააფინანსა.
„ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ მდიდრები და არა მეფეები“, – აცხადებს მიხეილ ლომთაძე საკუთარ საბანკო-საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით. 2008 წელს ლომთაძე სააქციო საზოგადოება „ყახაზეთის საინვესტიციო ფონდის“ დამოუკიდებელ დირექტორადაც აირჩიეს, რომლის მიზანიც კერძო ფინანსური სექტორისთვის დახმარების აღმოჩენაა. ეს ფონდი პირდაპირ ინვესტირებას ახორციელებს გარკვეულ პროექტებში და კომპანიების 49 პროცენტს ყიდულობს. ყახაზეთის საინვესტიციო სახელმწიფო ფონდში ლომთაძის მიწევევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას ამ ქვეყანაში ფინანსების სფეროში მიუკერძოებელ და პროფესიონალ ბანკირად მიიჩნევენ, რომელიც თავის საქმეში ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს.
რაც შეეხება მიხეილ ლომთაძის ბიზნესკავშირებს საქართველოსთან, 2005 წელს ხმები გავრცელდა იმის შესახებ, რომ კომპანია „მეტრომედია“, რომელიც იმ დროისთვის იყიდებოდა, შესაძლოა, ლომთაძის პარტნიორ „ბეარინგ ვოსტოკს“ შეესყიდა. პრესაში ისიც აღნიშნეს, თითქოს „ბეარინგის“ პარტნიორი მიხეილ ლომთაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. თუმცა, ეს გარიგება აღარ შედგა.
მიხეილ ლომთაძის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში ბიზნესი მდინარეში შესული კამეჩის მდგომარეობაში აღმოჩნდება – ძლიერები ნაპირს მიაღწევენ და გზას განაგრძობენ, სუსტებს კი არაფერი ეშველებათ. „მსოფლიო ეკონომიკა და ბიზნესის წარმოების საბაზო პრინციპები იცვლება. ეკონომიკა სხვაგვარი ხდება და ეს ყველაზე საინტერესო დროა ცხოვრებისთვის“, – აცხადებს ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც თავისი არცთუ ხანგრძლივი, მაგრამ წარმატებული საქმიანობით დაამტკიცა პროფესიონალიზმის აუცილებლობა გლობალური თუ ლოკალური პრობლემების გადალახვის პროცესში.