კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყენა კიროვის მექალთანეობა სტალინმა თავისი პოლიტიკური მიზნისთვის


მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა რუსეთში (შემდგომ საბჭოთა კავშირში) მიმდინარეობდა მანამდე მსოფლიოში არნახული რეპრესიები. ამ რეპრესიებმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო რეპრესიებს გადარჩენილი კიდევ ბევრი, სამუდამოდ გაუბედურდა. ესენი იყვნენ სიკვდილით დასჯილი ადამიანების ცოლები, შვილები, დები, ძმები და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირში გატარებული რეპრესიები ასოცირდება იოსებ სტალინის სახელთან. დღემდე საპოლემიკო საგნად რჩება რეპრესიების მიზანი და აუცილებლობა. სრულიად გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ 1917 წლის ოქტომბრის კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ხალისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ, ფართომასშტაბიანი რეპრესიები გარდაუვალი იყო. თავისი არსით საბჭოთა ხელისუფლება იყო ანტიდემოკრატიული, ანტიხალხური, ტოტალიტარული. ზედმეტი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ საბჭოთა ხელისუფლება იმაზე გაცილებით უფრო ანტიდემოკრატიული იყო, ვიდრე რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ხელისუფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენა (ინტელიგენცია, სამღვდელოება, სტუდენტობა და სხვა) ვერ შეურიგდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. ბოლშევიკები ძალაუფლებას შეინარჩუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ განახორციელებდნენ რეპრესიებს და დააშინებდნენ ოპოზიციურად განწყობილ ძალებს. შეიძლება ითქვას, საბჭოთა რუსეთის მთავრობა, ვლადიმირ ლენინის თავმჯდომარეობით, პირველ წლებში, ძირითადად ოპოზიციურ ძალთა დათრგუნვითა და ხელისუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული. საინტერესოა, რომ ტოტალური რეპრესიების გატარებაში, ლენინს სრულ სოლიდარობას უცხადებდა მისი იდეური მოწინააღმდეგე ლევ ტროცკი. საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველ წლებში, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, დააპატიმრეს, გადაასახლეს, ან სიკვდილით დასაჯეს 100 ათასობით ადამიანი: პროფესორები, მწერლები, მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, ოფიცრები, სასულიერო პირები, ვაჭრები, მრეწველები და სხვა. რეპრესიების მასშტაბებზე, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, მოვიტანთ რამდენიმე ციფრს. 1925 წლისთვის საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს 250 სასულიერო პირი (მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი, იღუმენი, დეკანოზი, დიაკვანი, ასევე ბერები და მონაზვნები). თითქმის მთლიანად ამოჟლიტეს რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრობა, მათმა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს.

30-იან წლებში დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. მისი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო იოსებ სტალინი. ამ დროისთვის სტალინის წინაშე დადგა საკითხი, თუ ის რეპრესიებს არ გაატარებდა და პოლიტიკურ ოპონენტებს გზიდან არ ჩამოიცილებდა, მაშინ იგი უეჭველად დაკარგავდა ხელისუფლებას. სტალინმა ხელისუფლების დაკარგვას, რეპრესიები არჩია. მის წინაშე არ დასმულა კითხვა: ღირდა კი ძალაუფლების შენარჩუნებად ამდენი ადამიანის გაწირვა? სტალინი მოქმედებდა პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებას”. 20-იანი წლების რეპრესიები მიმდინარეობდა სტიქიურად, ცალკეული კამპანიების სახით, 30-იანი წლების რეპრესიები კი, გააზრებული იყო უაღრესად ზუსტად, ანუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. უკვე 20-იანი წლების ბოლოდან სტალინი გრძნობდა, რომ საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში, ბოლშევიკური პარტიის ზედა ფენაში მომწიფდა აზრი, მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების თაობაზე. საფრთხე ამ პერიოდში სტალინმა მოხერხებულად აიცილა თავიდან. მან მთელი ყურადღება ლევ ტროცკისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაიტანა. მიუხედავად ამისა, საფრთხე ლიკვიდირებული არ იყო. სტალინმა კარგად იცოდა, რომ ტროცკის დამარცხების შემდეგ, მის წინააღმდეგ ოპოზიცია ისევ დაირაზმებოდა. სტალინმა ისიც კარგად უწყოდა, რომ მას დიდი ოპოზიცია ჰყავდა არმიაში, აღარაფერს ვამბობთ, ინტელიგენციაზე, კულაკებზე, სამღვდელოებასა და ასე შემდეგ. 1934 წლისთვის სტალინს ფართომასშტაბიანი რეპრესიების გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (სამინისტრო). საბჭოთა კავშირს კი, ეს ძალოვანი სტრუქტურა არ ჰქონდა. მის ფუნქციას ასრულებდა საგანგებო კომისიის (ჩეკას) მემკვიდრე – გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო. 1934 წლის 10 ივლისს შეიქმნა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, რომელსაც პოლიტსამმართველოზე გაცილებით მეტი თანამშრომელი ჰყავდა და კარგად ორგანიზებული, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, ძლიერი ძალოვანი სტრუქტურა იყო. ასეთი ძალოვანი უწყება სტალინს სწორედ რეპრესიების გასატარებლად ესაჭიროებოდა. იოსებ სტალინი დიდხანს ფიქრობდა, ვინ დაენიშნა პირველ სახალხო კომისრად. რამდენიმე კანდიდატურას შორის ამოარჩია ყველაზე უარესი – ჰენრიხ იაგოდა, ხოლო მისი გადაყენებისა და დახვრეტის შემდეგ, კიდევ უფრო მასზე უარესი – ნიკოლაი ეჟოვი. 1934-1938 წლებში სწორედ ეს ორი ადამიანი ხელმძღვანელობდა რეპრესიების გატარებას.

რეპრესიების დაწყებისათვის აუცილებელი იყო რაღაც განსაკუთრებული საბაბი. სტალინს ესეც მოფიქრებული ჰქონდა. 1934 წლის 1 დეკემბერს სპეცსამსახურების მიერ სათანადოდ მომზადებულმა პიროვნებამ ლეონიდ ნიკოლაევმა მოკლა ცნობილი ბოლშევიკი, კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ლენინგრადის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – სერგეი კიროვი. ტერორისტული აქტი, ისე იყო დაგეგმილი, რომ მას პოლიტიკური მკვლელობის კვალიფიკაცია არ უნდა მისცემოდა. საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოებაშიც კარგად იყო ცნობილი, რომ „უმწიკვლო” ბოლშევიკი სერგეი კიროვი სინამდვილეში უაღრესად გარყვნილი ადამიანი იყო. ლენინგრადის საქალაქო ბოლშევიკური ორგანიზაციის რეზიდენციაში (სმოლნში) სამუშაოდ მოაწყო მისი საყვარელი მილდა დრაულე. მილდა დრაულეს ქმარი იყო ლენინგრადის საოლქო კომიტეტის თანამშრომელი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება ლეონიდ ნიკოლაევი. სპეცსამსახურებმა, სწორედ ლეონიდ ნიკოლაევის დამუშავება დაიწყეს და მკვლელობაზე წააქეზეს. ნიკოლაევმა კარგად იცოდა, რომ მისი ცოლი კიროვის საყვარელი გახლდათ და იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ სმოლნში მუშაობასაც თავი დაანება. სპეცსამსახურები მას სმოლნის რეზიდენციაში შეღწევაში დაეხმარნენ და ტერორისტული აქტისთვის იარაღი მისცეს. ტერორისტი დაუბრკოლებლად მივიდა კიროვის სამუშაო კაბინეტამდე და როცა მსხვერპლი კაბინეტიდან გამოვიდა, ზურგიდან მიბჯენით ესროლა კეფაში. კიროვის მკვლელობა სტალინმა გამოაცხადა, როგორც უცხოეთიდან მართული, ოპოზიციურად განწყობილი მტრული ძალების შეტევა საბჭოთა ხელისუფლებაზე. საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ეს ძალები სტალინისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მკვლელობასაც გეგმავდნენ, რაც სრული სიცრუე იყო. ამოქმედდა რეპრესიების აპარატი. კიროვის მკვლელობიდან, სულ რამდენიმე საათის შემდეგ, მიიღეს სპეციალური კანონი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. კანონის ძალით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოძიება 10 დღეში უნდა დასრულებულიყო. ბრალდებულს საბრალდებო დასკვნა სასამართლომდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გადაეცემოდა, სასამართლო კი, პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. მსჯავრდებულის შეწყალება არ შეიძლებოდა, სიკვდილის განაჩენი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო. აღნიშნული კანონის საფუძველზე, 1934 წლის დეკემბერში დახვრიტეს 6 501 ადამიანი. დახვრიტეს ლეონიდ ნიკოლაევი, მისი დედა, მამა, ძმა, დები, ბიძაშვილი და სხვა ნათესავები. დახვრიტეს მილდა დრაულეც. 1935 წლის მარტში მიღებული კანონის ძალით, ისჯებოდნენ „სამშობლოს მოღალატეთა“ ოჯახის წევრები. იმავე წლის აპრილიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევდნენ ბავშვებს, რომელთაც 12 წელი უკვე შესრულებოდათ. პარალელურად, მიმდინარეობდა კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის რიგების წმენდა. 1934 წლის 1 დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში პარტიიდან გარიცხეს და დააპატიმრეს 15 ათას კაცზე მეტი.

სტალინს უპირველესად, აინტერესებდა კომუნისტური პარტიის ზედა ფენაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ფიზიკური მოსპობა. ასევე პარტიის რესპუბლიკური საოლქო, საქალაქო და რაიონული ხელმძღვანელებისა და საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობაში ოპოზიციურად განწყობილთა განადგურება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინტელიგენციის „წმენდას“ და საერთოდ, მოსახლეობის ყველა ფენის დაშინებას, რათა სამომავლოდ, ოპოზიციურ ძალთა ორგანიზების საშიშროება აღარ შექმნილიყო.

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ და პოლიტიკურმა ოპონენტმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 30-იანი წლების რეპრესიების თაობაზე სპეციალური გამოძიება დანიშნა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 1937-1938 წლებში დააპატიმრეს 1,5 მილიონი კაცი, რომელთაგან 680 692 დახვრიტეს. რეპრესიების ფართო მასშტაბებზე მეტყველებს კიდევ ერთი ციფრი – 1934 წელს გაიმართა კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკური) მეჩვიდმეტე ყრილობა. ისე მოხდა, რომ ყრილობის დელეგატების უმრავლესობა სტალინისადმი ოპოზიურად იყო განწყობილი. ყრილობის 1961 დელეგატიდან მომდევნო წლებში სიკვდილით დასაჯეს 1 108 დელეგატი. ყრილობამ აირჩია ცენტრალური კომიტეტი 139 კაცის შემადგენლობით, რომელთაგან შემდგომ სიკვდილით დასაჯეს – 98.



ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით


скачать dle 11.3