რატომ გადაეჩვევა მფლანგველობას ნათია წიწილაშვილი უახლოეს მომავალში
ნათია წიწილაშვილი: ვერ გეტყვი, რომ მე მეხება სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. ამ საქმეს ძირითადად მამაჩემი აკეთებს და საკმაოდ კარგად ეხერხება მარტივი რაღაცეების შეკეთება. თუ რამე სერიოზული ფუჭდება, მაშინ ხელოსანს იძახებს. მე ყველაზე დიდი დისკომფორტი მექმნება, როცა ცხელი წყალი არ არის. მაშინ, შეიძლება, ცოტა გავნერვიულდე, მით უმეტეს, თუ წასასვლელი ვარ და წყლის გადავლება ვერ მოვასწარი.
– საკუთარი ხელით რამეს შეაკეთებ?
– არ ვიცი. იმიტომ, რომ არ მიცდია. ჯერ არ მქონია, ამისი საჭიროება. ისე, ბავშვობაში ვჩხირკედელაობდი. საკმაოდ ინტერესიანი ადამიანი ვარ და, თუ როდისმე დამჭირდება, ალბათ, რაღაცას მოვაბამ თავს.
– მგონი, არ დაგჭირდება, იმიტომ რომ, შენმა საქმრომ აღიარა, მე მოვაგვარებ ოჯახში ყველა პრობლემასო.
– გიორგიმ ასე თქვა?! ო, კარგია. ვნახოთ, რას იზამს (იცინის). მგონი, შეასრულებს სიტყვას.
– ვიცი, რომ თქვენი მომავალი ბინის მოსაწყობად ელიავას ბაზრობაზეც დადიხარ.
– რა თქმა უნდა, ერთად დავდივართ მე და გიორგი. ძირითადად მაინც ჩემი გემოვნებით კეთდება რემონტი. დიზაინზეც ერთობლივად შევთანხმდით. კარგი უნდა გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობთ.
– რა ფერებში იქნება, მაგალითად, აბაზანა?
– შავ-თეთრში. შავი, თეთრი და წითელი ჩემი საყვარელი ფერებია. მიყვარს ცოტათი უხეში ფორმებისა და დიზაინის ავეჯი, მაგრამ ასეთი დიზაინი დიდ სახლს უხდება. ჩვენი სახლი ძალიან თბილი და მყუდრო გამოდის. გიორგის ბინაში ფანტასტიკური აურაა და, იმედი მაქვს, რემონტის მერეც ასე იქნება.
– კომფორტის მოყვარული ხარ?
– ძალიან. ვის არ უყვარს კომფორტი? ყველაზე დიდ დროს ჩემს სახლში მისაღებ ოთახში ვატარებ და, ალბათ, ჩვენს ბინაშიც ასე იქნება. ამიტომ, მისაღები ოთახის მოწყობაზე, სადაც ტელევიზორიც იქნება, განსაკუთრებით ვიზრუნებ. მინდა, რომ ძალიან კომფორტული იყოს.
– სამზარეულო არ გექნება კომფორტული?
– ჩვენი დღის განრიგიდან გამომდინარე, სამზარეულოში დიდ დროს, ალბათ, ვერ გავატარებ. მაგრამ, ვეცდები, გიორგი შაბათ-კვირას მაინც გავანებივრო გემრიელი კერძებით და სამზარეულოსაც უფრო დავუმეგობრდები. ჯერჯერობით, სალათებს ვაკეთებ ძალიან კარგად. მაგალითად, გასწავლით ბრინჯის სალათას, რომელიც მე ძალიან მიყვარს: მოხარშავთ ბრინჯს, დაუმატებთ დაკონსერვებულ ქამა სოკოს, წვრილად დაჭრილ მწვანე ბულგარულ წიწაკას და მაიონეზს. ცოტა შავი პილპილიც – გემოვნებით და მზად არის. ჩახოხბილისა და ჩაშუშულის მომზადება ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. ვიცი ის, რომ ჩვენს ოჯახში თევზი არ მომზადდება, არც მე მიყვარს და არც გიორგის, საერთოდ არ ვჭამთ. ვიცი, რომ სასარგებლოა და მინდა, როგორმე შევეჩვიო, მაგრამ ჯერ არც ერთი თევზის გემო არ მომწონებია.
– მფლანგველი ხარ?
– (იცინის) უნდა ვაღიარო, რომ ვარ. შეიძლება, მთელი ფული, რაც მაქვს, ერთ დღეში ისე შემომეხარჯოს, მეორე დღისთვის ლარიც აღარ დავიტოვო. შოფინგი ჩემი სისუსტეა. თუ მაღაზიაში შევედი და რამე მომეწონა, ცდუნებას ვერ ვუძლებ. დაუგეგმავ საყიდლებში შემომეხარჯება ხოლმე ფული. საჩუქრების ჩუქებაც ძალიან მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. შარშან საახალწლოდ, რეკლამის ჰონორარი ავიღე და საჩუქრებში მთლიანად დავხარჯე. ოჯახი რომ მექნება, ასე ეგოისტურად ვეღარ მოვიქცევი. (იცინის), მომიწევს გადავეჩვიო ფლანგვას. აქამდე მარტო საკუთარი თავი მებარა და ჩემს გამომუშავებულ თანხას როგორც მინდოდა, ისე ვხარჯავდი. ოჯახს სხვანაირი მიდგომა სჭირდება. უფრო სახლისთვის ვიფიქრებ, რაციონალურად დავხარჯავ ფულს. თუმცა, ზოგჯერ მაინც შეიძლება, თავი გაინებივრო.
– წინასაახალწლო სამზადისში ხარ?
– მინდა, განსაკუთრებულად გავერთო ამ ახალ წელს. სახლში შევხვდები, ოჯახში – ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ, ძალიან მინდა, განსაკუთრებულად გავიპრანჭო, გამოვეწყო და გავერთო. შარშან არ გამომივიდა. ვნახოთ, იქნებ წელს შევისრულო სურვილი.
– თქვენი ბინის რემონტი მალე დამთავრდება?
– (იცინის) მე და გიორგიმ ჩვენი ბინის რემონტი შევადარეთ თბილისიდან ბათუმამდე გზას. შემიძლია გითხრა, რომ ახლა სადღაც ზესტაფონში შევდივართ. თან, ვატყობ, ფოთის გავლით მოგვიწევს ბათუმში ჩასვლა (იცინის).
– გზას რატომ იგრძელებთ?
– რა ვქნა, არ გამოდის სხვანაირად. თუ ამ ტემპით ვივლით, მალე ვერ ჩავალთ, მაგრამ „შავი“ საქმე უკვე მოთავებულია.
პერანგების დაუთოება იცი?
– ვიცი და ძალიან მიყვარს. მგონი, ბევრ ქალს არ უყვარს დაუთოება. ამ მხრივ მე გამონაკლისი ვარ. როცა ვაუთოებ, თავს კარგად ვგრძნობ. ეს საქმე მამშვიდებს. ვფიქრობ ხოლმე ჩემთვის და მყუდროდ ვარ.