რამდენს უხდიან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრილ მწვრთნელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს, კლაუს ტოპმიოლერს ჩვენი გუნდის გაწვრთნისთვის ორ მილიონ ევროს ვუხდიდით, მილიონზე მეტი ჰქონდა ჰექტორ რაულ კუპერს და იმის მიუხედავად, რომ ქართული მედია ჯიუტად იმეორებდა, ასეთი ხელფასი გადამეტებულიაო, ყურს არავინ გვიგდებდა. სამაგიეროდ, თემურ ქეცბაიასთვის წლიურად იმ თანხის ნახევარიც ვერ გაიმეტეს, რასაც უცხოელებს უხდიდნენ.
2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და 32 ქვეყნის ნაკრები რვა ჯგუფში უკვე გადაანაწილეს. ჰოდა, გასულ კვირას ამ ნაკრებების მწვრთნელთა წლიური ხელფასები გამომზეურდა. თავად განსაჯეთ, რა თანხებზეა საუბარი იმ შემთხვევებშიც კი, როცა მწვრთნელს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაჰყავს.
სიაში პირველი ადგილი ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცს, ფაბიო კაპელოს უკავია. მისი სამსახური წლიურად 8,3 მილიონი ევროთი უნაზღაურდება და ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ნაკრების მწვრთნელი ასეთ სოლიდურ თანხას იღებს. მეორე ადგილზე კაპელოს თანამემამულე, იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, მარჩელო ლიპი გახლავთ. ლიპის გუნდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და წესით, ლიპის სამსახური კარგად უნდა უნაზღაურდებოდეს, თუმცა მაესტრო მარჩელო მხოლოდ სამ მილიონს იღებს, ანუ იმაზე მილიონით მეტს, ვიდრე ტოპმიოლერს ვუხდიდით.
მესამე ადგილზე 2,5 მილიონი ევროთი, გერმანიის ნაკრების თავკაცი, იოახიმ ლიოვია. არადა, მისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ, სამეულში მოხვედრას ითხოვენ და ასეთ შემთხვევაში, პრემიის სახით, მილიონ ევროსაც მისცემენ. ჩვენ კი უცხოელ მწვრთნელებს მილიონს მხოლოდ ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის დავპირდით.
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ბერტ ვან მარვეიკი 1,8 მილიონი ევროთი მეოთხე ადგილზეა და მეხუთეზე გასულ ოტმარ ჰიტცფელდს სულ რაღაც 50 ათასით უსწრებს. არადა, ერთ დროს, ჰიტცფელდი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი იყო და წლიურად ოთხ მილიონს იღებდა, შვეიცარიის ნაკრებში მუშაობა კი მეტად არ დაუფასდა.
მეექვსე ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკეა. გაგიკვირდებათ და, პირინეელთა პირველ კაცს წლიურად 1,5 მილიონ ევროს უხდიან, რაც ყველანაირი გათვლით, ძალიან ცოტაა. თუმცა დელ ბოსკე არ წუწუნებს და ამბობს, მთავარი ფული კი არა, სხვა რამ არისო და ალბათ, ამის თქმის უფლებაც აქვს – როცა ის „რეალს“ თავკაცობდა, დაახლოებით, ათი მილიონი ჩაიჯიბა და ახლა შეუძლია, საერთოდ უფასოდაც იმუშაოს.
ალექს ფერგიუსონის ყოფილი თანაშემწე კარლუშ კეირუში პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელია და სიმართლე რომ ითქვას, დიდი გუნდი ვერ დააყენა. პორტუგალიელები მუნდიალზე ფლეი-ოფის გავლით მოხვდნენ და ჩვენ თუ გვკითხავთ, კეირუშისთვის ის 1,35 მილიონი ევროც მეტია, რომელსაც ამ სამუშაოს სანაცვლოდ იღებს. თუმცა, კი ხელფასის მხრივ საპატიო, მეშვიდე ადგილი უკავია. ავსტრალიის ნაკრების თავკაცი პიმ ვერბეკი წლიური 1,2 მილიონით მერვე ადგილზე გახლავთ. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ მას ეს თანხა არ ეკუთვნის. ავსტრალია მწვანე კონტინენტის ღირსებას დაიცავს და სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე ათასი ავსტრალიელი აპირებს ჩასვლას, რაც მუნდიალის ორგანიზატორთათვის დამატებითი შემოსავალია.
მასპინძელი სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი კარლოს ალბერტო პარეირა წლიურად 1,2 მილიონს იღებს და საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეს. ჯერ ერთი, მისგან ჩემპიონობას არავინ მოითხოვს და მეორეც – როგორც მასპინძელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია, ანუ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდა. პარეირამაც გასული წლის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურება მშვიდად აიღო და ნამუსმა არც მომავალ თვეებში უნდა შეაწუხოს. თვეში ასი ათასი ევრო ურიგო ნამდვილად არაა. ვერბეკისა და პარეირას დარად, 1,2 მილიონს იღებს მექსიკის ეროვნული გუნდის თავკაცი ხავიერ აგირე. იგი წლების განმავლობაში ესპანეთში მუშაობდა, თუმცა, როცა მადრიდის „ატლეტიკოდან“ გაუშვეს, უმუშევრად დიდხანს არ დარჩენილა და მექსიკაში ჩაიბარა, გუნდი, რომელსაც მანამდე შვედმა სვენ გორან ერიქსონმა ვერაფერი მოუხერხა და კინაღამ მუნდიალის მიღმა დატოვა. მდგომარეობის გამოსწორება სწორედ აგირეს დაავალეს და მანაც ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. აგირე ბოლო წარმომადგენელია იმ 32-თაგან, რომელთაც მილიონ ევროზე მეტს უხდიან. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ათეულში არ არის ბრაზილიის ნაკრების თავკაცი კარლოს დუნგა. იგი მე-11 პოზიციას არგენტინის ეროვნული გუნდის მწვრთნელ დიეგო მარადონასთან, იაპონელთა დამრიგებელ ტაკეში ოკადასა და ახალი ზელანდიის თავკაც რიკი ჰერბერტთან ერთად, ინაწილებს. თითოეულ მათგანს წლიურად 800 ათას ევროს უხდიან. ჰერბერტისა და ოკადასი რა გითხრათ, მაგრამ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა მწვრთნელები მინიმუმ, მილიონს რომ იმსახურებენ, ალბათ დაგვეთანხმებით.
2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მომგებ ოტო რეჰაგელს საბერძნეთის ნაკრებში მაშინ წლიურად 400 ათასი ევრო ჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც კონტინენტის პირველობა მოიგო, ხელფასი 750 ათასამდე გაუზარდეს. ხომ წარმოგიდგენიათ, 2004 წელს იგი საქართველოს ნაკრებში რომ მოგვეწვია, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს დავახარჯავდით. რეჰაგელზე ასი ათასით ნაკლები აქვს კამერუნის ფრანგ თავკაცს, პოლ ლე გუენს. არადა, „ლიონში“ მუშაობის დროს, იგი სამ მილიონს იღებდა. არგენტინის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი ჩილეს ეროვნულ გუნდში მომუშავე მარსელო ბიელსა წლიურად 575 ათასს იღებს და 15 ათასით უსწრებს მე-18 ადგილზე მყოფ, საფრანგეთის გუნდის დამრიგებელ, რაიმონ დომენეკს.
ალბათ, გაინტერესებთ, ვისი შრომა ფასდება ყველაზე იაფად. ასეთი ნიგერიელთა მწვრთნელი, შაიბო ამოდუა, რომელსაც წლიურად 125 ათასს უხდიან, ანუ იმაზე ცოტა მეტს, ვიდრე ჩვენ ტოპმიოლერს თვეში ვაძლევდით.