იტალიაში პაპარაცი ჩასვეს
იტალიაში სკანდალურად ცნობილ პაპარაცის, ფაბრიციო კარონას, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი აღარ გასაჩივრდება და ფოტოგრაფი, ჩვენი ოპოზიციის არ იყოს, 2013 წელს უნდა დაელოდოს. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც პოლიციას იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ალბერტო ჯილარდინომ მიმართა, კარონა მაშანტაჟებსო. თურმე, ფაბრიციოს ჯილარდინოსთვის სურათი გადაუღია, რომელზეც იგი ვიღაც გოგონას ეხვევა და დაემუქრა, თუ 10 ათას ევროს არ გადამიხდი, ამ ფოტოს შენს ცოლს გავუგზავნიო. ალბერტომ არ გადაიხადა, ცოლს თავადვე უთხრა, ის გოგონა რიგითი გულშემატკივარი იყოო და ამით სკანდალიც აირიდა, კარონა კი დააკავეს.
მერე კი ხმა „ინტერის“ თავდამსხმელმა ადრიანომ, „იუვენტუსის“ ფრანგმა ლეგიონერმა დავიდ ტრეზეგემ და მოტომრბოლელმა მარკო მელანდრიმაც ამოიღეს – კარონა ფულს ჩვენც გვძალავდა და ათ-ათი ათასი ევრო მივეცითო. შედეგად, სასამართლოს განაჩენი გამოცხადდა, რაც სხვა პაპარაცებისთვის მაგალითი უნდა იყოს. როგორც ცნობილია, იტალიაში ფულის ამ გზით გამოძალვა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.