უსმანოვი „არსენალს“ ნელ-ნელა ყიდულობს
ყველა კლუბს საკუთარი წესები და წესდება აქვს. მაგალითად, ლონდონის „არსენალის“ წესდებაში წერია, რომ კლუბის მფლობელად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება პირი, რომელსაც კლუბის აქციათა 30 პროცენტზე ერთი პროცენტით მეტი აქვს. ასეთი კი ჯერჯერობით კლუბში არავინაა და, შესაბამისად, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესაც კლუბის ყველა აქციონერი ირჩევს. ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი კი რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი გახლავთ. მის მფლობელობაში გასულ კვირამდე 22 პროცენტი იყო, მაგრამ ახლა ეს რაოდენობა ოთხით გაიზარდა.
მზად ვარ, ყველა აქცია შევისყიდო, მაგრამ აქციონერები არ ყიდიან და ამიტომ ლოდინი მიწევს. მინდა, კლუბის მფლობელი მერქვას და მაშინ „არსენალი“ იმაზე ათჯერ ძლიერი გახდება, ვიდრე ახლა არის, – ამბობს უსმანოვი.
აქციათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 29 პროცენტი, ამერიკელ ბიზნესმენს ეკუთვნის, მაგრამ იგი ვერანაირად ვერ ახერხებს საჭირო ორი პროცენტიც იყიდოს, რადგან ნებისმიერი აქცია, რომელიც გასაყიდად გამოდის, უსმანოვის საკუთრება ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსმა ოლიგარქმა ბირჟაზე „არსენალის“ ორი პროცენტი იყიდა და მერე თქვა, უბრალოდ, იმდენად იაფად იყიდებოდა, ცდუნებას ვერ გავუძელიო; მართლაც, სულ რაღაც, 14 მილიონი დოლარი გადაიხადა.