კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ხშირად მიწევს ქლორის გამოყენება, რის შემდეგაც ძალიან მიჭირს სუნის მოშორება. რას მირჩევთ?
პასუხი: ხელების საპნით დაბანის შემდეგ, დაასველეთ ნაჭერი ძმარში და კარგად გაიწმინდეთ. სუნი მალე გაქრება. რომ არ დაგისკდეთ, ბოლოს გლიცერინი ან ღამის მკვებავი წაისვით.
კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე საშუალება მზის დასხივებით გამოწვეული ან პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად?
პასუხი: ჩვენ მიერ შემოთვაზებული ორი ნიღაბი საგრძნობლად გააბაცებს თქვენს ლაქებს:
1. საფუარის ნიღაბი: ახალი საფუარი გახსენით წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიან ხსნარში (ისე, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა) – ცხიმიანი კანისთვის, ანადუღარ წყალში – ნორმალური კანისთვის და თბილ რძეში – მშრალი კანისთვის. ნიღაბი გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე, მერე კი მარლის მოზრდილი ტამპონით გაიკეთეთ პილინგი. ბოლოს ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი, რომელსაც წასმის წინ უნდა გაურიოთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი.
2. ხახვის ნიღაბი: ახალგამოწურულ ხახვის წვენს შეურიეთ თაფლი, პროპორციით – 1:1 ან 2:1 (თუ, რა თქმა უნდა, თაფლზე ალერგია არ გაქვთ), წაისვით ჭორფლიან ადგილებზე და 15-20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ჯერ ნამიანი, შემდეგ კი მშრალი ტამპონით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ხახვის წვენს, შეგიძლიათ, შეურიოთ ცოტა თეთრი ღვინის ძმარი ან რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. შემდეგ კი ამ ნარევში დასველებული მარლა დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ნიღბის გაკეთება სახლიდან გასვლის წინ რეკომენდებული არ არის.
ეს ნიღბები გაიკეთეთ დღეგამოშვებით, ორი თვის განმავლობაში (სულ 25-30-ჯერ).
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ნიღაბი მშრალი კანისთვის, რომლის დამზადებასაც სახლის პირობებში შევძლებ და ძვირი არ დამიჯდება.
პასუხი: გთავაზობთ სამი ნიღბის რეცეპტს მშრალი კანისთვის:
1) სადილის კოვზ თაფლს (დაშაქრული არ უნდა იყოს) შეურიეთ პურის ფქვილი (სასურველია, შავი ან რუხი ფქვილი, თუ არ გაქვთ – თეთრიც), იმ რაოდენობით, რომ ძალიან სქელი მასა არ გამოვიდეს. კარგად აზილეთ და წაისვით სახეზე. 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და შემშრალებისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი.
2) სადილის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ცალი კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
3) სახე კარგად გაიწმინდეთ კიტრის ნაჭრით. წინასწარ გაამზადეთ შემდეგი ნარევი: 1 ჩაის კოვზ თაფლს დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აზილეთ, მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის ტამპონზე და წაისვით ისეთი მოძრაობით, თითქოს სახეს იპუდრავთ. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ამ რეცეპტს ნუ გამოიყენებთ.
კითხვა: რატომ ხდება, რომ თმა ზამთარში თითქოს უფერული და უხარისხო ხდება?
პასუხი: შემოდგომით და ზამთარში თმას აკლდება ის ნივთიერებები, რომლებსაც ჰაერი და წყალი გაზაფხულსა და ზაფხულში შეიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მზის სხივებზე. შესაბამისად, თმის ღერი იფიტება, კარგავს ელასტიკურობას, ხდება მტვრევადი და უსუსტდება ძირები, რის გამოც იზრდება თმის ცვენის ინტენსივობა. გარდა ამისა, თმა ვერ იტანს სიცივეს. ამ მიზეზების გამო, შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულის დასაწყისში, თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ნატურალური ნიღბებისა და ვიტამინების სახით.
კითხვა: მაინტერესებს, რა ცვლილებას განიცდის სახის კანი ასაკის მატებასთან ერთად.
პასუხი: კანის სტრუქტურაში ცვლილება ხდება ყოველ ათ წელიწადში:
25 წლამდე: ჯანმრთელ კანში არ ხდება ასაკობრივი ცვლილება;
25-35 წლამდე: კანში წყლის შემცველობა მცირდება 17 პროცენტით;
35-დან 45 წლამდე: ელასტინის რაოდენობა მცირდება 14 პროცენტით;
45-დან 55 წლამდე: ახალი უჯრედების წარმოქმნის სიჩქარე (ინტენსივობა) მცირდება 48 პროცენტით;
55 წლიდან ზემოთ: კანში კოლაგენის რაოდენობა მცირდება 30 პროცენტით.
კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო ასაკთან შესაფერისი კოსმეტიკური საშუალებები?
პასუხი: დამოუკიდებლად ძალიან ძნელია, შეარჩიოთ თქვენი ასაკისთვის ყოველმხრივ შესაფერისი კოსმეტიკური კომპლექტი. ამ საქმეში უნდა დაიხმაროთ კოსმეტოლოგი, რომელიც დაადგენს თქვენი კანის ტიპს, თავისებურებებს, სტრუქტურას და, მხოლოდ ამის შემდეგ, თქვენი ასაკის გათვალისწინებით უნდა გირჩიოთ კოსმეტიკის შეძენა და მოხმარება.