ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს 18 წლის ვაჟს სახეზე წითელმა ლაქებმა გამოაყარა. წვერს ვერ იპარსავს, რადგან გაპარსვის შემდეგ კანი უფრო უღიზიანდება. სიწითლე წვერშიც ჩანს, კანი ექერცლება და ექავება. რომელი მალამო შეიძლება იხმაროს და როგორ მოუაროს სახის კანს?
პასუხი: ნუ დაიწყებს თვითმკურნალობას, დროულად მიმართეთ დერმატოლოგს. შეიძლება, ეს ალერგიული დერმატიტი, სოკოვანი პათოლოგია ან რომელიმე სხვა დაავადება იყოს. მკურნალობის კურსი კი, კანის სხვადასხვა დაავადების დროს, სრულიად სხვადასხვაგვარი გახლავთ.
კითხვა: ვარ 46 წლის ქალბატონი. მაწუხებს საშინელი ტკივილი და ძლიერი წვა წელისა და ბეჭის არეში. გთხოვთ მიპასუხოთ, რისი ბრალი უნდა იყოს და ვის მივმართო კონსულტაციისთვის?
პასუხი: ამას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ასეთი სიმპტომები ახასიათებს წელისა და გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზს, თირკმელების ქრონიკულ პათოლოგიებს. ქალბატონებს ასეთი შეგრძნებები ხშირად აწუხებთ საშვილოსნოს დაწევის ან მისი ქრონიკული პათოლოგიების დროს. იმის დასადგენად, სახელდობრ, რომელი დაავადებაა თქვენი ჩივილების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, თერაპევტს უნდა მიმართოთ. ის კი გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ, საჭირო სპეციალისტთან გაგაგზავნით.
კითხვა: გვყავს 8 თვის გოგონა. კიდურები მუხლებს ქვემოთ გამრუდებული აქვს. მყავდა რამდენიმე ექიმ-მასაჟისტთან, ჩავუტარეთ ორი 20-20-დღიანი კურსი, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ, ვის მივმართო, რომ მომავალში ჩემი გოგონა ლამაზი იყოს. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: წვივების გამრუდების მიზეზი წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად რაქიტია, რაც D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება. პატარა აუცილებლად გამოცდილ პედიატრს უნდა აჩვენოთ, რათა დაადგინოთ, წვივების სიმრუდე რაქიტის ბრალია თუ არა. თუ ბავშვს სწორად უმკურნალებთ და რეჟიმს დაიცავთ, ეს დეფორმაციები უკუგანვითარდება და თქვენს გოგონას მომავალში ლამაზი აღნაგობა ექნება. დროულად დაწყებული მკურნალობა კარგი შედეგით მთავრდება. ამიტომ, პატარა აუცილებლად აჩვენეთ ორთოპედს.
კითხვა: ვარ 56 წლის მამაკაცი. ორ წელიწადზე მეტია, მაწუხებს გავის ძვლისა და უკანა ტანის ტკივილი, რომელიც უსიამოვნოა, მაგრამ აუტანელი არ არის. გთხოვთ მითხრათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ ვიმკურნალო.
პასუხი: ასეთი ჩივილები ყველაზე ხშირად ნახეთქს, ჰემოროის და სწორი ნაწლავის სხვა პათოლოგიებს ახასიათებს. სასურველია, პროქტოლოგის კონსულტაცია ჩაიტაროთ.
შეიძლება, ვივარაუდოთ კიდევ ერთი პათოლოგია: გავა-კუდუსუნის სახსრის ანთებითი დისტროფიული ცვლილება.
კითხვა: ვარ 20 წლის ქალიშვილი. მაინტერესებს, რატომ არის, რომ ყოველი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს პატარ-პატარა შედედებული სისხლის კოლტებს ვბადებ. ამავე დროს მაქვს თეთრად შლა. რას მირჩევთ, რომელ ექიმს ან რა ხერხს მივმართო?
პასუხი: მცირე კოლტების გამოყოფა, მენსტრუაციის პირველ დღეს, ნორმალურია. მაგრამ, თუ კოლტები დიდია, შესაძლოა, ეს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთების გამო განვითარებული შეხორცებების შედეგი იყოს. თეთრად შლაც შეიძლება ანთებით ცვლილებებს ან სასქესო ჰორმონების დისბალანსს უკავშირდებოდეს. გირჩევთ, მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც საჭირო გამოკვლევის შემდეგ, ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და მკრუნალობასაც დაგინიშნავთ.
კითხვა: ვარ 62 წლის ქალი. შესამჩნევად შემითხელდა თმა. განსაკუთრებით დაბანის დროს მცვივა. მაინტერესებს, 60 წლის შემდეგ ამოდის თუ არა გაცვენილი თმის სანაცვლო?
პასუხი: კლიმაქსის შემდგომ ქალბატონებს უძლიერდებათ თმის ცვენის პროცესი. ეს ჰორმონთა დეფიციტის ბრალი გახლავთ, თუმცა არანაკლებ დიდ როლს ასრულებს მიკროელემენტთა, კერძოდ იოდისა და კალციუმის დეფიციტიც. გირჩევთ, შეივსოთ დღიური რაციონი ამ მიკროელემენტებით, ხოლო თუ ჰორმონული დარღვევის სხვა ნიშნებიც გაქვთ, გინეკოლოგს მიმართეთ.
კითხვა: ჩემს 14 წლის ბიჭს შარშან ყელში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოაჩნდა. ვუმკურნალეთ, წელს კი იგივე სტაფილოკოკი ყურში აღმოუჩინეს. რისგან ჩნდება ეს დაავადება, რამდენად საშიშია და ემორჩილება თუ არა მკურნალობას?
პასუხი: სტაფილოკოკი დაავადება არ გახლავთ. ეს არის ბაქტერია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება იყოს პირისა და ცხვირის ღრუში, ხახაში, კანზე, მაგრამ დაავადებას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემა სუსტდება. ასეთ დროს სტაფილოკოკი აქტიურდება, მრავლდება და ჩირქოვან ინფექციებს იწვევს. ასეთი ინფექციები მკურნალობას ემორჩილება, ოღონდ თუ მას ბოლომდე მიიყვანთ. სხვაგვარად პროცესი შეიძლება ქრონიკული გახდეს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია