როგორ ავირიდოთ თავიდან ორგანიზმის ინტოქსიკაცია და როგორ მოვიქცეთ თუ მაინც მოვიწამლებით
ინტოქსიკაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზედ ხშირად ვხვდებით. მოწამვლა შეიძლება მრავალმა გარეგანმა თუ შინაგანმა ფაქტორმა განაპირობოს, იქნება ეს საკვები, გამონაბოლქვი, ქიმიური ნივთიერება თუ სხვა. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევებში, მოწამვლის ნაკლები ინტენსივობის გამო, პრობლემას საკუთარი ძალებითაც ადვილად ვერევით, მაგრამ არსებობს შემთხვევები, რომლებთანაც გამკლავებას გარკვეული ინფორმაციის გარეშე ვერ მოვახერხებთ.
მოწამვლის ზოგად სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ზოგჯერ ტემპერატურის მომატება. მიუხედავად მსგავსი საერთო სურათისა, სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამ გამოიწვია ორგანიზმის ინტოქსიკაცია. მოწამვლის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში შხამიანი ნივთიერებების მოხვედრა და ასევე, თვითონ ორგანიზმის ცხოველქმედების პროცესში წარმოქმნილი მომწამლავი ნივთიერებები. შხამიანი ნივთიერებები, რომლებიც გარედან ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევეს მოწამვლას, ასევე არის მრავალი სამკურნალო საშუალება, თუ მას მიიღებთ რეკომენდებულთან შედარებით, გადაჭარბებულ დოზებში. წამლებით მოწამვლა ხშირია ბავშვებში, რაც იმის გამო ხდება, რომ მშობლები წამლებს ბავშვებისთვის ადვილად მისაღწევ ადგილას ინახავენ. ბავშვებს კი მოსწონთ სხვადასხვა ფერის ბურთები და ინტერესით სინჯავენ მათ. დამახასიათებელი სიმპტომები ვითარდება დამამშვიდებელი საშუალებების ჭარბდოზირებისას: ძილიანობა, სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო წამლების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს გულის მუშაობის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერებაც კი. ასეთი მოწამვლისას ტიპური ნიშანია თვალის გუგების გაფართოება ან შევიწროება. შხამებს მიეკუთვნება ასევე მრავალი ნივთიერება, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ, მაგალითად სასუქები და პესტიციდები. ამ ნივთიერებებით მოწამვლისას, ინტოქსიკაციის ტიპურ სიმპტომებს ემატება სუნთქვის გაძნელება და გაძლიერებული ნერწყვდენა. ხშირია ასევე საყოფაცხოვრებო მოწამვლები, რასაც ძირითადად იწვევს საკვებში უხარისხო პროდუქტების გამოყენება. საკმაოდ ხშირია, აგრეთვე, მხუთავი აირით მოწამვლა, რაც ავტომობილების გაუმართავი ძრავებისა და შენობებში არასწორად დამონტაჟებული გამათბობელებისგან მომდინარეობს.
პირველადი დახმარება
მოწამვლის დროს
პირველადი დახმარება დაზარალებულებს ნებისმიერი სახის მოწამვლის დროს უნდა აღმოვუჩინოთ, რაც შეიძლება მალე, რადგან მწვავე მოწამვლებისას, ძალზე სწრაფად ვითარდება სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები. დროულად აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარება ხშირად გვეხმარება ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილებაში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით შხამის ორგანიზმში მოხვედრისას, უპირველესად, საჭიროა, კუჭის ამორეცხვა. ამისთვის იყენებენ დიდი რაოდენობით თბილ წყალს ან სასმელი სოდის სუსტ ხსნარს. ამის შემდეგ, ენის ძირის გაღიზიანებით იწვევენ ღებინებას. ეს პროცედურა უნდა განმეორდეს რამდენჯერმე. თუმცა, ეს უკუნაჩვენებია ბენზინით, ფენოლით, მჟავებითა თუ ტუტეებით მოწამვლისას. კუჭის ამორეცხვის შემდეგ, მოწამლულს უნდა დავალევინოთ აქტივიზებული, ნახშირი და ექიმის მოსვლამდე დავაწვინოთ, თბილად შევახვიოთ. ასევე რეკომენდებულია, სათბურის დადება თირკმელების მიდამოში, რათა გაძლიერდეს შარდის გამოყოფა. ეს მოქმედებები საერთოა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მომწამლავი ნივთიერება ორგანიზმში ხვდება პირიდან, მაგალითად ჩვენების გარეშე წამლების დალევის ან უხარისხო საკვების მიღების შემთხვევაში. ალკოჰოლით მოწამვლისას, დაზარალებულს ასუნთქებენ ნიშადურის სპირტს, უტარებენ კუჭის ამორეცხვას ზემოთ აღწერილი მეთოდით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, დადგეს ხელოვნური სუნთქვის აუცილებლობა. დიდი სიფრთხილეა საჭირო საკვებად სოკოების შერჩევისას. შხამიანი სოკოთი მოწამვლისას გადაუდებელი დახმარება გულისხმობს დაზარალებულისთვის კუჭის ამორეცხვას და აქტივირებული ნახშირის მიცემას. მოწამლულს აძლევენ საფაღარათო საშუალებებს და ათბობენ სათბურების საშუალებით. შხამიანი სოკოებით მოწამვლისას საჭიროა დაზარალებულის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. რადგან სოკოებში შემავალი ტოქსინები მნიშვნელოვნად აზიანებენ სხვადასხვა ორგანოთა სისტემებს. თუ დროულად არ აღმოვუჩინეთ დახმარება, შხამიანი სოკოების საკვებად გამოყენება შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს.
თუ შხამიანი ნივთიერება მოხვდება კანის საფარველზე, სასწრაფოდ უნდა მოვაცილოთ ის კანიდან ბამბის ან მარლის საფენის დახმარებით. კარგად მოვბანოთ თბილი საპნიანი წყლით და დავარბილოთ საჭმელი სოდით. თუ მომწამლავი ნივთიერება მოხვდა თვალებში, აუცილებელია მათი მობანა წყლის ნაკადით, რაც შეიძლება სწრაფად. ამასთან, ეს პროცედურა ტარდება საკმაოდ ხანგრძლივად 20-30 წუთის განმავლობაში. მობანის შემდეგ, დაზიანებულ თვალზე უნდა დაადოთ სუფთა ნახვევი და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
სასუნთქი გზების გავლით ორგანიზმში შხამის მოხვედრისას, დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე და შევუხსნათ მჭიდრო ტანსაცმელი. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა ჩავატაროთ ხელოვნური სუნთქვა და ძალზე მძიმე შემთხვევებში, გულის დახურული მასაჟი. ექიმის მოსვლამდე დაზარალებული უნდა დავაწვინოთ და სითბოში ვამყოფოთ. მხუთავი აირით მოწამვლისას, დაზარალებული უნდა გადავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, თავსა და გულმკერდზე დავადოთ ცივი კომპრესი, დავალევინოთ მაგარი ჩაი ან ყავა.
ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა
ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლისას, უპირველესად, უნდა გაწმინდოთ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის „კარიბჭე“. მაგალითად, მობანოთ პირის ღრუს ლორწოვანი დიდი რაოდენობის წყლით ან ლიმონმჟავას სუსტი ხსნარით ტუტეების გასანეიტრალებლად. მჟავებით მოწამვლისას, დაზარალებულს ასმევენ რძეს, სუნთქვის გაძნელებისას მიმართავენ ხელოვნურ სუნთქვას. მომწამლავი ტუტეებით ინტოქსიკაციისას, დაზარალებულს ასმევენ მცირე რაოდენობით სუსტ მჟავებს 5-10-წუთიანი ინტერვალებით. ტუტეების გასანეიტრალებლად შეიძლება, გამოვიყენოთ ლიმონმჟავას 2-3-პროცენტიანი ხსნარი ან განზავებული ძმარი, ერთი სუფრის კოვზი ერთ ჭიქა წყალში. ამ შემთხვევაში უკუნაჩვენებია, როგორც კუჭის ამორეცხვა, ასევე საფაღარათო საშუალებები. ტუტეებისა და მჟავების კანის საფარველზე მოხვედრისას, აუცილებელია, მათი მობანა 5-10 წუთის განმავლობაში თბილი წყლის ნაკადით.
ყველა ტიპის მოწამვლისას აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად, მივმართოთ ექიმს. მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში არის შესაძლებელი მომწამლავი აგენტის ზუსტი ამოცნობა და სპეციფიკური ანტიდოტის შეყვანა. სხვადასხვა წარმოშობის ინტოქსიკაციის გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, როგორც დროული პირველადი დახმარება, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიციური ჩარევა.