რა კოლექცია აჩვენა „დიორმა“ თბილისში
სულ რამდენიმე დღის წინ, მაღაზია „პრივეს“ ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით, „თბილისი მარიოტში“ გაიმართა მაღალი დონის ჩვენება, რომელიც მიეძღვნა „დიორის“ ოფიციალურ შემოსვლას საქართველოში. ჩვენებაზე უმშვენიერესმა ქართველმა მოდელებმა წარმოადგინეს „დიორის“ 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის პრეტ-ა-პორტე კოლექცია, რომელიც მოდის სახლმა გაზაფხულზე აჩვენა მოდის მიმდევრებს, თუმცა, მაღაზიებში მხოლოდ შემოდგომიდან გამოიფინა. საფრანგეთის ზღვისპირა რაიონში, გრანვილში დაბადებულმა კრისტიან დიორმა, რომელმაც მშობლების დაჟინებული თხოვნით დიპლომატიურ სკოლაში ჩააბარა და მომავალ დიპლომატად მოიაზრებოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნა მოდის სახლი, რომელიც ასწლეულზე მეტია, ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ ბრენდად რჩება მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად – პიკასოს სამხატვრო გალერეა, შემდეგ იყო შეხვედრა პიერ ბალმაინთან, მერე – კერძო დიზაინერად ჩამოყალიბება, რომელიც კაბებს ქმნიდა, არც მეტი, არც ნაკლები, ნაცისტი სამხედროებისა და მათი ფრანგი მოკავშირეების ცოლებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრისტიანმა შექმნა თავისი სახელობის მოდის სახლი, საიდანაც დაიწყო „დიორის“ დიდი იმპერიის აღზევება. „დიორის“ სილუეტი, ხაზი, ქალური შტრიხები არასდროს შეცვლილა: „მე ვქმნი ყვავილის ქალს“, – ეს დიორის სიტყვებია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საუკუნე გავიდა და მრავალი დიზაინერიც შეიცვალა, უცვლელი რჩება. სწორედ დიორმა აქცია პარიზი მოდის დედაქალაქად, როდესაც კაბების შექმნაში უდიდესი რევოლუცია მოახდინა და ქალბატონებს სხეულის მრავალი ნაწილი „გამოუჩინა“.
1996 წლიდან მოდის სახლ „დიორს“ კრეატიულ დირექტორად ჯონ გალიანო მოევლინა, რომელმაც ჯანფრანკო ფერე შეცვალა. სწორედ ჯონ გალიანო იყო ის ადამიანი, ვინც სათავეში ედგა იმ კოლექციის შექმნას, რომელიც „დიორის“ 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და გრანდიოზულობით მოდის სამყაროში შექმნილ ყველა კოლექციას აჯობა. ჯონ გალიანოს მიერ არის შექმნილი „დიორის“ პრეტ-ა-პორტე კოლექცია, რომელიც, გამოწერის შემთხვევაში, „პრივეს“ წყალობით, თქვენს გარდერობში აღმოჩნდება.
რაც შეეხება თავად კოლექციას, პირველ ბლოკში წარმოდგენილ იქნა ყოველდღიური კოსტიუმები, რომელთა უმრავლესობა ძირითადად ნაცრისფერ ტონალობებში იყო გადაწყვეტილი. ზოგადად, ამ სეზონის ჰიტი ნაცრისფერია, რომელიც სხვადასხვა გრადაციით თითქმის ყველა წამყვანმა დიზაინერმა წარმოადგინა. წელსაც აქტუალურია მაღალწელიანი, თეძოსთან განიერი, მინაკეცებიანი შარვალი, რომელიც კოჭთან ვიწროვდება და ძალიან ლამაზად ჩანს ზამთრის ღია ფეხსაცმელზე. ამ ტიპის შარვლებზე ულამაზესად გამოიყურება თეთრი, სადა პერანგები, რომელიც ყოველდღიური საქმიანობისთვის იდეალური ანსამბლია. ამ ტიპის ანსამბლს აგვირგვინებს მუქი ფერის განიერი პიჯაკები. მიუხედავად იმისა, რომ წელს თითქმის ყველა დიზაინერთან მაღალმხრებიანი, ეგრეთ წოდებული „ჯექსონის“ ტიპის პიჯაკებია აქტუალური, „დიორის“ პიჯაკები მრგვალი მხრებით, რბილი ფორმებით გამოირჩევა. „დიორთან“ აქტუალურია ბეწვიც, რომელიც სხვადასხვა ფორმით აღმოჩნდა კოლექციაში, მათ შორის ულამაზესი სადა პალტოების საყელოებზე. როგორც ივ სენ ლორანის, ისე „დიორის“ კოლექციების წარმოდგენაც შეუძლებელია მარტივი, მოკლე შავი კაბების გარეშე, რომელიც ქალს ნებისმიერ სიტუაციაში გამოადგება, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა რესტორანში, მცირე წვეულება თუ საღამოს პაემანი. უფრო გრანდიოზული წვეულებებისთვის კი ჩვენებაზე გამოიტანეს ულამაზესი საღამოს კაბები, რომლებიც ძირითადი ნაცრისფერის გარდა, ძალიან ბევრი სხვა ფერით იყო წარმოდგენილი. საღამოს კაბები მოელვარე დეტალებითა და თვლებით იყო გაფორმებული. „დიორის“ ულამაზესი ფირუზისფერი ბრჭყვიალა კაბის ჩაცმა, საახალწლო ღამეს, ალბათ, ყველა ქალბატონის ოცნებაა. ამიტომ, აისრულეთ ოცნებები ახალი წლის ღამეს მაინც!