ინტიმური საუბრები
ყველაზე გულახდილი წერილი
გარეგნობით მაინცდამაინც არ ვბრწყინავ, ჩვეულებრივი გოგო ვარ, ობიექტურად რომ ვთქვა, საშუალოზე ნაკლები. ამიტომ ეგრეთ წოდებული „კავალრების“ სიმრავლით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ, ჩემი გარეგნობის მიუხედავად, გემოვნება საკმაოდ კარგი მაქვს, არც ამბიციებისა თუ პრეტენზიების ნაკლებობას განვიცდი და ყოველთვის ლამაზი და პოპულარული ბიჭები მომწონდა. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ, ეს მოწონება ყოველთვის ცალმხრივი იყო. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი სიყვარულით ოდესმე ვინმე შემიწუხებია, არც კისერზე ჩამოვკიდებივარ ვინმეს, ძირითადად ჩუმად მიყვარდა ხოლმე: ისე, რომ მთავარმა ობიექტმა არც კი იცოდა, არათუ ჩემი გრძნობის, არამედ ჩემი არსებობის შესახებაც კი. ამიტომ, მალე გადამიყვარდებოდნენ ხოლმე. მაგრამ, ბოლო სიყვარული ისეთი ძლიერი და სერიოზული გამოდგა, რომ თითქმის სამი წელი გაგრძელდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქორწინებით დასრულდა, მაგრამ ჩემი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ავთო მიყვარდა, აჩრდილივით სულ უკან დავდევდი. ეტყობა, რამდენჯერმე შემნიშნა. ერთხელაც გამაჩერა და მითხრა, ტყუილად თავს ნუ იტანჯავ, შენისთანა გოგოები არ მომწონს და შენს გზას ეწიეო. მე ვუპასუხე, რადგან არ გსიამოვნებს, შენ კვალდაკვალ დევნას შევეშვები, მაგრამ სიყვარულის უფლებას ვერ წამართმევ-მეთქი. რაღაცნაირი სიბრალულით შემომხედა და მითხრა: ვიცი, რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ არ მიყვარხარ და რა გიყოო. მის სიტყვებს, წესით, გული უნდა მოეკლა, მაგრამ პირიქით მოხდა. ვიცი, კარგი გოგო ხარო, რომ მითხრა, ისე შემესხა ფრთები, ჭკუაზე აღარ ვიყავი. მართალია, კუდში არ დავდევდი, მაგრამ მასზე ოცნებაში ვათენებდი და ვაღამებდი.
ერთ დღესაც გავიგე, ავთო ცოლს ირთავსო. ამასაც წინასწარ ვიყავი შეგუებული და განსაკუთრებული განცდები არ მქონია. მერე კი მოხდა საოცარი და საშინელი რამ: ქორწილის მეორე დღეს ავთო და თავისი პატარძალი საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ და ერთი დღის შერთული ცოლი ტრაპიდან გაექცა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, გაკიდებაც ვერ მოიფიქრა. იმავე საღამოს დაურეკა იმ გოგომ და უთხრა, ჩემს ძველ სიყვარულს გავყევი და მაპატიეო. მაგრამ უფრო მეტი სასწაული ერთი თვის შემდეგ მოხდა: უკვე ყოფილი ცოლი ავთოს ჩემოდნებით მიადგა კარზე და შერიგება სთხოვა. ავთომ, რა თქმა უნდა, არ მიიღო და უთხრა, დაგაგვიანდა, ცოლი ვითხოვე და ამ საღამოს ნიშნობა გვაქვსო. ქალმა არ დაუჯერა, ავთომ რა უთხრა იმ წუთას, აღარ ვიცი, მაგრამ საღამოს სახლში გვესტუმრა და ჩემს მშობლებს ოფიციალურად სთხოვა ჩემი ხელი. გაოცებისგან გონზე ვერ მოვედი. მოხდა ის, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ვეღარ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი და ეს ნაბიჯი ცოლის ჯინაზე გადადგა. ამიტომ, როცა იმ ვიზიტის შემდეგ ვაცილებდი, პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. ცოტა ხანს შეყოვნდა და მერე დამეთანხმა, მართალი ხარო. მაინცდამაინც მე რატომ ამომარჩიე, შენი პირველი ცოლი ლამაზი ქალია და მეორე იმაზე ლამაზი თუ არ იქნება, იმისთანა მაინც ხომ უნდა იყოს-მეთქი, ვკითხე. ამაზე მიპასუხა, ვიცი, რომ გიყვარვარ და იქნებ ამ სიყვარულმა მაიძულოს, მეც შეგიყვარო. ისე კი, იცოდე, ხელისგულზე მეყოლებიო.
მისი ეს გულახდილობა ძალიან დავაფასე, მაგრამ კიდევ ერთ მიზეზს მივხვდი, მე რატომაც ამირჩია, შურის საძიებლად – ამით თავის პირველ ცოლს მოუგო ნიშნი: ხომ ხედავ, შენს თავს ეს უშნო გოგო ვამჯობინეო. ამას მივხვდი, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. ჯერ ერთი, საკუთარ თავს არ მივაყენე შეურაცხყოფა, მეორეც, უხერხულ მდგომარეოაბაში აღარ ჩავაყენე. მერე ავდექი და იქვე ვუთხარი თანხმობა.
მე და ავთო დავქორწინდით. ყველას უკვირდა ეს ამბავი, ცდილობდნენ, გამოერკვიათ ყველაფერი, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და, რა თქმა უნდა, ხმას არ ვიღებდით. რამდენიმე თვე მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ავთო მართლაც სანიმუშო ქმარი იყო, მაგრამ იმ საზიზღარმა ქალმა არ მოგვასვენა – ხან სახლთან ხვდებოდა, ხან სამსახურში აკითხავდა, წერილებსა და მესიჯებზე აღარაფერს ვამბობ. კაცს კი, მოგეხსენებათ, ჭკუაც და გულიც სად აქვს და, ერთ მშვენიერ დღეს, ხუთი თვის ორსულს მითხრა, ვიცი, არაკაცი ვარ, მაგრამ, რა ვქნა, ისევ ის მიყვარს და იმასთან მივდივარო. მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი და ამიტომ არც გამკვირვებია, უბრალოდ, ძალიან მეტკინა გული, თუმცა არაფერი მითქვამს. ან კი რა აზრი ჰქონდა რამის თქმას, როცა მივხვდი, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ავთო თვითონ წავიდა, ბინა, აგარაკიც, ავეჯიც – ყველაფერი მე და ჩვენს მომავალ შვილს დაგვიტოვა და დღემდე ყურადღებას არ გვაკლებს. თვითონ მხოლოდ მანქანა წაიყვანა და თავისი ნივთები წაიღო. ბინა იქირავა და თავისი პირველი თუ მესამე ცოლი იქ წაიყვანა (ზედსიძედ არ მივიდა). მაგრამ ახლა გავიგე, რომ ის ქალბატონი სცენებს უწყობს – ცარიელ-ტარიელი რაში მჭირდებოდი, ყველაფერი იმ ქალს (ანუ – მე) რომ დაუტოვეო. ამის გამო ერთი-ორჯერ სერიოზული უსიამოვნებაც კი ჰქონიათ. შვილსაც არ უჩენს – სანამ ბინას და მანქანას არ მიყიდი, ამაზე არც იოცნებოო. ამდენი ფული კი ავთოს ჯერჯერობით არ აქვს.
ერთი სიტყვით, გული ისე მიგრძნობს, რომ ჩემი ქმარი მალე ისევ მომადგება კარზე ჩემოდნებით, თუმცა, შესაძლოა, მის მოსვლას აღარ დავუცადო და მე თვითონ დავურეკო, თუ გინდა, დაბრუნდი ჩემთან-მეთქი. ზუსტად ვიცი, უარს არ მეტყვის, უბრალოდ, იცის, რომ გული მატკინა და ახლა ვეღარ ბედავს ბოდიშების მოხდას.
ვნახოთ, რა მოხდება.
თამილა, 26 წლის.
დრო მართლაც ყველაფერს შლის
სტუდენტი რომ ვიყავი, ჩემი ძმის თანამშრომელს მოვწონდი, უფრო სწორად, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ გამხელას ვერ ბედავდა, რადგან დაუწერელი ქართული კანონების თანახმად, მეგობრის დის სიყვარული დაუშვებელი იყო (ჩემი ძმა და ილიკო, გარდა იმისა, რომ ერთად მუშაობდნენ, უახლოესი ძმაკაცებიც იყვნენ). დღემდე არ ვიცი, იცოდა თუ არა ეს ამბავი ჩემმა ძმამ, ანუ გაუბედა თუ არა ილიკომ გიას (ჩემს ძმას) ამის თქმა. ერთი კია, გიას ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს. სიმართლე გითხრათ, მეც მომწონდა ილიკო და ხშირადაც ვფიქრობდი მასზე, მაგრამ როცა ის ჩვენთან მოდიოდა, ორივეს ჩვეულებრივად გვეჭირა თავი. ასეთი სიტუაცია კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ განვითარება რომ არ პოვა, ნელ-ნელა მინელდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ილიკომ ცოლი შეირთო. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ამბავი დიდად არ განმიცდია, რადგან შინაგანად შეგუებული ვიყავი იმას, რომ ჩვენ შორის არასდროს არაფერი მოხდებოდა. ქორწილშიც კი დამპატიჟა და ჩემს ძმასთან ერთად წავედით კიდეც. ერთი წლის შემდეგ, ტყუპი ბიჭი რომ ეყოლა, ძეობაზეც დაგვპატიჟა და იქაც ვიყავი. მართალია, „ნამიოკითაც“ არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ დამინახავდა თუ არა, მაშინვე უცნაურად ბედნიერი და, ამავე დროს, სევდიანი სხივი ჩაუდგებოდა ხოლმე თვალებში. რაღაც პერიოდის შემდეგ მეც გავთხოვდი. ილიკო კარგა ხანი იყო, არ მენახა. უკვე ორი მოზრდილი გოგონას დედა ვიყავი, ქუჩაში შემთხვევით რომ შემხვდა რუსთაველზე, ყოფილი „ინტურისტის“ (ახლა – „მარიოტის“) კაფე „თბილისთან“, ყავაზე დამპატიჟა და მეც დავთანხმდი. კარგა ხანს ვისხედით, გავიხსენეთ ძველი დრო. ილიკომ შამპანურიც მოატანინა და მგონი, სამჯერ თუ ოთხჯერ შესვა ჩემი სადღეგრძელო. გამეცინა, ახლა სხვაც ადღეგრძელე-მეთქი. არა, დღეს შენი დღეა, მარტო შენი სადღეგრძელოები უნდა შევსვაო. მერე კი გაბედა და ძალიან სევდიანი ხმით მითხრა, შენ ჩემი აუხდენელი ოცნება ხარ. რომ იცოდე, როგორ მიყვარდიო. იმის მაგივრად, რომ გაოცებული სახე მიმეღო, ჩემდაუნებურად ვუთხარი. დაახლოებით ვიცოდი-მეთქი. საიდან, ვინ გითხრაო, – გაუკვირდა. არავის უთქვამს, ვგრძნობდი-მეთქი, ვაღიარე და იმაშიც გამოვუტყდი, რომ მეც მომწონდა. ილიკოს სახე უნდა გენახათ: გაოცება, გაბრაზება, სასოწარკვეთილება ერთად გამოეხატა. ვგრძნობდი, ვხვდებოდი, თვითონაც გიყვარდი (ეს თვითონ დაასკვნა) და არაფერი მოიმოქმედე შენი სიყვარულის დასაცავადო? – ისე გამიბრაზდა, ლამის სერიოზულად ვიჩხუბეთ. როგორ შეგეძლო, ასე მოქცეულიყავიო, – დამადანაშაულა. მეც აღარ დავინდე და რასაც გულში ვფიქრობდი მასზე, ყველაფერი ვუთხარი: შენ კაცი იყავი (ბიჭიც აღარ ეთქმოდა) და ვერც მე გამიბედე რამის თქმა და ვერც ჩემს ძმას, მე რა უნდა მეთქვა შენთვის – ვხვდები, რომ მოგწონვარ და ნუ გეშინია, მე მოვაგვარებ ყველაფერს-მეთქი?! ვერაფერი მიპასუხა. ამ ჩხუბის შემდეგ მალე გამოვედით კაფედან. ტაქსით მიგიყვანო, შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და ჩემიც გამომართვა. რატომ მივეცი, ახლაც არ ვიცი. დამშვიდობებისას „შემაპარა“, შაბათს ხომ არ შემხვდებიო და რაღაც კონცერტზე დამპატიჟა, მაგრამ უარი ვუთხარი. დამირეკა და ისევ დამპატიჟა, მაგრამ არ წავედი. ზუსტად იმ პერიოდში ქმართან სერიოზულად ნაჩხუბარი ვიყავი და ერთი პირობა გადავწყვიტე კიდეც, ზურას შევხვედროდი, მაგრამ ცდუნებას მაინც გავუძელი. შეიძლება, ჩემი ქმარი ყველაფრის ღირსი იყო ჩემგან, მაგრამ ასეთი საქციელი მაინც ამორალობად ჩავთვალე და ეს რომ გამეკეთებინა და არც არავის გაეგო, ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს. მერე კიდევ რამდენჯერმე დამირეკეა, ერთხელ სამსახურთანაც დამხვდა, მაგრამ კატეგორიულად ვთხოვე, აღარც მოსულიყო და აღარც დაერეკა, რადგან ორივეს ოჯახი გვქონდა და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, თუმცა, გამოგიტყდებით, ძალიან ხშირად და დიდხანს ვფიქრობდი მასზე. გულახდილად ვამბობ, არ მინანია ჩემი საქციელი, მაგრამ მასზე ფიქრი რაღაცნაირად მსიამოვნებდა.
გავიდა წლები. ის აღარც კი მახსენდებოდა. ამას წინათ კი სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემი თანამშრომლის შვილის ქორწილში. ის პატარძლის ბიძა ყოფილა. მისი ნახვა მაინც გამიხარდა, თვითონაც კარგად შემხვდა, მაგრამ არც ის თბილი სხივი დამინახავს მის თვალებში და არც მე ამჩქროლებია გული. ვესაუბრებოდი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანს, რომელთანაც არაფერი მაკავშირებდა. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ამასვე გრძნობდა. ჩვენი პირადი ცხოვრებითა და პრობლემებით გადაღლილი ორი ადამიანი ვიდექით ერთმანეთის წინ, ვსაუბრობდით და აშკარად ორივეს ერთი სული გვქონდა, მიზეზი გვეპოვა და ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავბრუნებოდით სუფრასთან.
რა უცნაურია ცხოვრება!
ქეთი, 43 წლის.
სიყვარულს სასწაულის მოხდენა მართლაც შესძლებია
დაუჯერებელ ისტორიას გიამბობთ: ეს ამბავი ჩემს დას ეხება. სკოლას რომ ამთავრებდა, ერთი ბიჭი შეუყვარდა, ჩვენ წინ პატარა, კერძო სახლში ცხოვრობდა. ძალიან პოპულარული ბიჭი იყო და ჩემი დისნაირი ჩვეულებრივი გოგოები არ აინტერესებდა. მარიკამ იცოდა, რომ გიგა მას არასოდეს შეიყვარებდა, მაგრამ სხვა ბიჭი მისთვის არ არსებობდა. გიგამ, მგონი, იცოდა, მარიკას რომ უყვარდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ჩემი და მისთვის ერთი რიგითი ნაცნობი იყო და მეტი არაფერი.
მერე გიგამ ცოლი შეირთო. სამი წელი იცხოვრეს ერთად და დაშორდნენ ისე, რომ შვილი არ ჰყოლიათ. რამდენიმე თვის შემდეგ გიგა მეორედ დაქორწინდა თბილისში სტუმრად ჩამოსულ (აღარ მახსოვს, ოდესელ თუ როსტოველ) რუს ქალზე. კარგი შესახედავი ქალი იყო, ჯიშიანი, ლამაზი, მაგრამ ქმართან ცხოვრების პერიოდშიც კი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, მაგრამ გიგას მაინც უყვარდა და ასეთ „წვრილმანებზე“ თვალს ხუჭავდა. თანაც, გოგონა ეყოლათ და შვილის სიყვარულით ბევრ რამეს უთმენდა ცოლს. მერე ისე მოხდა, რომ გიგა ავარიაში მოჰყვა და ორივე ფეხი მოაჭრეს. მისმა ცოლმა კი წლინახევრის შვილი ბავშვთა სახლში ჩააბარა, მოხვეტა თავისი ნივთები (ბევრი სხვისიც გაიყოლა) და თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ხეიბარი ქმარი კი ბედის ანაბარა მიატოვა. თან ისე გაიპარა, ქმარმა არც იცოდა, რომ წავიდა. ეგონა, რაღაც საქმეზე გავიდა სახლიდან და ღამითაც რომ აღარ დაბრუნდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რაც მოხდა. საწყალს არც არავინ ჰყავდა თავისიანი – მშობლები ან და-ძმა, რომ მიეხედათ. დილით დავინახეთ, მისი სახლის წინ რამდენიმე ბიჭი და გული გაგვისკდა, ვიფიქრეთ, გიგას რამე ხომ არ დაემართაო. მაშინვე გავცვივდით მე და ჩემი და და ცოცხალი რომ დაგვხვდა, შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ, როცა გავიგეთ, რაც მოხდა, მისი ცოდვით დავიწვით. თუმცა, ყველას გვეგონა, რომ ბავშვი დედამ წაიყვანა თან.
გიგასთან მისულმა ბიჭებმა ერთგვარი მორიგეობა დააწესეს და რიგრიგობით უვლიდნენ, მაგრამ გიგას ქალის ხელი სჭირდებოდა. ამიტომ მომვლელი მოუყვანეს, მაგრამ გიგამ არ გაიკარა. მაშინ მარიკამ შესთავაზა, აქვე ვცხოვრობ და მე გადმოვალ ხოლმეო. გიგამ ჯერ უარი თქვა, ეტყობა, ეუხერხულა, მერე კი დასთანხმდა. ასე უვლიდა ჩემი და, ოღონდ, შეიძლება ითქვას, მასთან გადასახლდა – დილით რომ მივიდოდა, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდიოდა. ერთ დღეს კი გამომიცხადა, ცოლად მივყვებიო. ვერაფრით გადავაფიქრებინე. გაიძახოდა, ვჭირდები და ვერ მივატოვებო. მოკლედ, ცოლად გაჰყვა. დედა შვილს არ მოუვლის ისე, როგორც ის უვლიდა თავის ქმარს. რამდენიმე თვეში გიგას პირველი ცოლის მისამართიც გაიგო, დაუკავშირდა და განქორწინებაზე დაითანხმა. მერე ბავშვის ადგილსამყოფელსაც მიაგნო და ათასი ნაცნობის თუ უცნობის ჩარევით, გიგას გოგონა სახლში მოვიყვანეთ. მოკლედ, ნამდვილი ბედნიერი ოჯახი შეიქმნა. გიგას თავისი ხეიბრობა აღარც კი ახსოვდა. ერთი წლის შემდეგ კი მარიკა დაორსულდა და ბიჭი გააჩინა. მთელი უბანი ჩემს დაზე ლაპარაკობდა. გიგას ძმაკაცები ხომ ისე იყვნენ შეძრულები, მარიკას სახელს იფიცებდნენ. მერე ერთ-ერთმა ძმაკაცმა ითავა, სამეგობროში ფული შეაგროვეს, ჩვენც, რაც ღირებული გვქონდა, გავყიდეთ, თანხა დავამატეთ და გიგა გერმანიაში წაიყვანეს პროთეზების გასაკეთებლად.
ახლა გიგა თითქმის ჩვეულებრივად დადის და ხარობს თავის ცოლ-შვილში. ასეთი ბედნიერი კაცი იშვიათად მინახავს. მარიკას, როგორც ღმერთს, ისე შეჰყურებს. ამას წინათ ისიც კი უთხრა, კიდევ კარგი, ავარიაში მოვყევი, თორემ შენ ხომ ჩემი ცოლი არ გახდებოდიო.
ამ შემთხვევამდე ყოველთვის ირონიულად მეღიმებოდა ხოლმე, როცა ამბობდნენ, სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლიაო. ახლა მჯერა, რომ ეს მართალი ყოფილა.
ლალი, 30 წლის.
მე და ჩემი შეყვარებული ბიძაშვილები აღმოვჩნდით
ჩემი გასაჭირი უნდა გაგიზიაროთ.
შემიყვარდა გოგო. რაღაც პერიოდი ერთმანეთს ვხვდებოდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ისე, სიგიჟემდე მიყვარდა, კოცნასაც კი ვერ ვუბედავდი. ასე მეგონა, არამიწიერი არსება იყო, აზრადაც არ მომსვლია, რამე ისეთი მეკადრებინა.
რამდენიმე ხნის წინ კი, სრულიად შემთხვევით, გავიგე, რომ ბიძაშვილის შვილები ვყოფილვართ. კინაღამ ინფარქტი მივიღე, ისე განვიცადე. გულს იმით ვიმშვიდებ, რომ არანაირი სიახლოვე არ გვქონია, მაგრამ ამ მოურეველ გრძნობას რა ვუყო?
ჯონი, 21 წლის.
მინდა, ეს წერილი მამიკომ წაიკითხოს
ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ. შეიძლება, ჩემს მშობლებს ეწყინოთ, რომ წაიკითხავენ და დიდი საყვედურიც მითხრან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მომეწერა, რადგან აღარ შემიძლია დედიკოს ტანჯვის ყურება.
იქნებ ეს წერილი ჩემმა მამიკომ წაიკითხოს და ცოტათი მაინც შეაწუხოს სინდისმა.
მამიკო, მინდა იცოდე, რომ დედიკო სულ ტირის. ასე თუ დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება, რამე დაემართოს, მე კი ვერაფერს ვშველი.
ნინო.
იმ ღამეს კოცნის მეტი არაფერი მომხდარა
რაიონში დავიბადე და გავიზარდე. 12 წლის ვიყავი, დედამ თბილისში რომ წამომიყვანა. ბინა ვიქირავეთ და ჩვეულებრივად ვცხოვრობდით.
ზაფხულში ჩვენი ბინის პატრონმა (ჩვენმა დიასახლისმა) თავის სოფელში წამიყვანა დასასვენებლად. ერთ ღამეს აივანზე დავიძინე. იკოს დაუნახავს, რომ არაფერი მეფარა, უფიქრია, არ გაცივდესო და რაღაც თხელი გადასაფარებელი დამახურა, მერე კი გვერდზე მომიწვა. თავიდან არაფერი გამიგია, რადგან მეძინა, მერე კი, ხელით შემეხო, ჩამეხუტა და მაკოცა. ამაზე გამეღვიძა, მაგრამ შიშისა და დაბნეულობისგან ისევ თავი მოვიმძინარე და ხმა არ ამომიღია. მეტი მართლა არაფერი მომხდარა. იკო მაშინ 15 წლის იყო. ეტყობა, ჩვენმა დიასახლისმა რაღაც იეჭვა და მეორე დღესვე წამომიყვანა თბილისში.
ეს საიდუმლო გულში ტვირთად მაქვს და იმიტომ გადავწყვიტე მომეწერა, მაგრამ გეფიცებით, იმ ღამეს სხვა არაფერი მომხდარა.
ციცი, 23 წლის.
მიჭირს ტყუილის პატიება
სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. სტუდენტი რომ გავხდი, ერთი გოგო გავიცანი. თავიდან ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, რაც მალე სიყვარულში გადაიზარდა. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. სხვისგან გავიგე, რომ განათხოვარი ყოფილა და შვილიც ჰყოლია – 3 წლის ბიჭი, თუმცა ამის შესახებ არაფერი უთქვამს. თავისი ოჯახიც კი გამაცნო, მაგრამ ბავშვი იქ არ ყოფილა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. თავიდანვე რომ ეთქვა ყველაფერი, ყურადღებასაც არ მივაქცევდი არც მის განათხოვრობას და არც იმას, რომ შვილი ჰყავს, მაგრამ რომ მატყუებს და ბავშვს მიმალავს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ძალიან მიყვარს, მაგრამ მიჭირს ამ ტყუილის პატიება. თვითონ ჯერ არ იცის, რომ მის შესახებ ყველაფერი გავიგე. ცოტა ხანს კიდევ მოვიცდი და თუ მაინც არაფერი მითხრა, ალბათ, თვითონ ვეტყვი, რაც სათქმელია. შეიძლება, მაინც არ დავშორდე, მაგრამ ბზარი უკვე გაჩენილია ჩემს გულში და ყველაზე ძალიან ამის მეშინია.
ლევანი, 25 წლის.
მაზლის ცოლმა სახლიდან გამაგდო
მთელი თბილისი გიჟდებოდა ჩემზე, ისეთი გოგო ვიყავი. ყველაზე მაგარი ბიჭებიც კი ვერ მიბედავდნენ სიყვარულის ახსნას. ყველას ეგონა, ალბათ, ვიღაც განსაკუთრებულს გაჰყვებაო, მაგრამ მართალი ყოფილა, ვინც თქვა, სიყვარულს რას გაუგებო. შემიყვარდა „შავი გაგების“ ბიჭი, ანუ ქურდი. გაცნობისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი, სხვა აღარავინ მაინტერესებდა. ორი წელი ვხვდებოდით და მერე დავქორწინდით, მაგრამ სამ თვეში დაიჭირეს. მისგან ტყუპები გამიჩნდა, მაგრამ შვილების ნახვას ვერ მოესწრო – ციხეში გარდაიცვალა. ყველაფრის მიუხედავად, ისე მიყვარდა, მისი სახლიდან წასვლა არც მიფიქრია და მის მშობლებლებთან ვცხოვრობდი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემმა მაზლმა შეირთო ცოლი. ძალიან ავი, უხასიათო და ხარბი გოგო გამოდგა. ბინისა და ქონების მთლიანად ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, თითქოს მე და ჩემი შვილები ჩემი ქმრის უკანონო ცოლ-შვილი ვიყავით. ამითვალწუნა, ათასი შარი მომდო და იმდენი მოახერხა, სახლიდან გამოგვყარა. არც არავინ დაგვიცვა.
დღეს კი, მე და ჩემი პატარები ქირით ვცხოვრობთ. არც არავინ მეხმარება და ძალიან გვიჭირს.
ნუთუ, ღმერთის არ ეშინია?!
ხათუნა, 27 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.