როგორ შექმნა ვატიკანის ელჩის თხოვნით ფიგურების კოლექციონერმა არჩილ ცანავამ „შობა“
ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ნაზი, დახვეწილი და სიფრიფანა ფიგურების შემქმნელი და კოლექციონერი 22 წლის მამაკაცი – არჩილ ცანავა გახლავთ. ის პროფესიით ექიმი-ვეტერინარია. თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რამდენი ფიგურაა ამჟამად მის კოლექციაში და როგორ გაიცნო ამ კოლექციის წყალობით მან, ვატიკანის ელჩი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
არჩილ ცანავა: ძერწვის სპეციალური სკოლა არასდროს გამივლია, ყველაფერი შემთხვევით და თავისთავად დაიწყო: მაშინ დაახლოებით, 13 წლის ვიყავი. სახლში რემონტი გვქონდა. ოთახში აღმოვაჩინე თაბაშირი და თამაშ-თამაშში გავაკეთე ქალი კალათით. ამან სტიმული მომცა და ამის შემდეგ პლასტელინით სხვადასხვა ფიგურის დამზადება დავიწყე. უფრო სწორად, ხელს ვიწაფავდი: გავაკეთებდი რაღაც საგანს, შემდეგ დავშლიდი და ახლა სხვას ვაკეთებდი. ჩემს კოლექციას თვალი რომ გადაავლოთ, ადვილად შეამჩნევთ, თუ როგორ ვიზრდები თითოეული ფიგურის შექმნის შემდეგ.
– ალბათ, ამ გატაცებამ თავისი როლი ითამაშა, პროფესიის არჩევის დრო როცა დადგა. რა პროფესიის ხართ?
– პროფესიით ექიმი-ვეტერინარი ვარ. წელს დავამთავრე უნივერსიტეტი (იცინის).
– ამჟამად რამდენი ფიგურაა თავმოყრილი თქვენს კოლექციაში?
– ამჟამად 50 ფიგურა მაქვს, თუმცა ჩემი ნამუშევრების რაოდენობა შედარებით მეტია. ჩემი ორი ნამუშევარი თინათინ თუმანიშვილის სახელობის თოჯინების მუზეუმშია დაცული.
– ეს როგორ მოხდა?
– ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მოვხვდით ამ მუზეუმში, სადაც გიდისგან შევიტყვეთ, რომ იქვე იყო დაცული ახალგაზრდა მხატვართა თანამედროვე ნამუშევრები. აქედან წამოვიდა იდეა, რომ ჩემი კოლექცია დამეთვალიერებინა მათთვის. მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ, მუზეუმში მივიტანე ორი ფიგურა და ერთი კვირის თავზე შემატყობინეს, რომ ორივე მათგანი დაამტკიცა მუზეუმის სამხატვრო საბჭომ. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. შემდგომი მუშაობისთვის სტიმული მომეცა და ამ პერიოდში შეიქმნა „ბალერინა“.
სხვათა შორის, ამ ფიგურების წყალობით, პატივი მქონდა, გამეცნო ვატიკანის ელჩი – დონ კლაუდიო გუჯეროტი. როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ეს თოჯინების მუზეუმიც მოუნახულებია. ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, გაცნობის სურვილი გამოთქვა და ვახშმად მიმიპატიჟა რეზიდენციაში. მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვეწვიე. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით ხელოვნებაზე. დონ კლაუდიო არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მას აინტერესებდა ჩემი მუშაობის პრინციპი. დაინტერესდა, რაზე ვმუშაობდი იმ მომენტში და მთხოვა, ჩემი წარმოსახვით გამეკეთებინა „შობა“. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თემაზე.
– დონ კლაუდიომ თუ ნახა თქვენი ეს ნამუშევარი?
– ნახა და ძალიან მოეწონა. მე „შობა“ მას გადავეცი საჩუქრად. ძალიან მესიამოვნა, როდესაც მოგვიანებით, დონ კლაუდიო გუჯეროტისთან სტუმრობისას ვნახე, რომ ჩემი ნამუშევარი მის რეზიდენციაში, მისაღებ დარბაზში თვალსაჩინოდ იყო გამოფენილი.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– რამდენიმე დღის წინ დავამთავრე „მოწყენილი ჯამბაზი“, რომელიც ტირის. თავიდან მცირე ზომის ფიგურებზე ვმუშაობდი, ახლა გაცილებით გაიზარდა ჩემი ნამუშევრების ზომა და მოცულობა. ეს ჯამბაზი, მაგალითად, 30 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ჯეინ ეარი – 60 სანტიმეტრის, არლეკინი კიდევ უფრო მაღალია.
– ძირითადად რა მასალით მუშაობთ?
– ვმუშაობ თაბაშირით, ასევე თაბაშირგარეული პლასტელინით. საბოლოო ფორმებს დამცავი ლაკით ვღებავ, რომელიც ჩემი გამოგონილია და ძალიან კარგად გაუძლო დროს – უკვე ცხრა წლის წინანდელი ნამუშევრებიც მაქვს კოლექციაში და შესანიშნავად გამოიყურებიან.
და, კიდევ ერთი: ჩემს კოლექციაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ნამუშევრებია დაცული.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– შემიძლია, რატომაც არა.
– განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ რომელიმე ფიგურასთან?
– გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს ჯეინ ეართან. როგორც ლიტერატურული გმირი, ეს პიროვნება ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მასზე მუშაობისას პირველად გამოვიყენე ნაჭერი. ყველაფერი მე თვითონ შევუკერე. საბოლოოდ, მგონი, ცუდი არ გამოსულა.
საერთოდ, ორად ორი ლიტერატურული გმირი მყავს დამზადებული: ერთი ეს, ჯეინი, მეორე კი – პეპი გრძელი წინდა. ახლახან გავაკეთე კიდევ აკაკი წერეთელი, რომელიც სამუშაო მაგიდასთან ზის. მართალია, ის ლიტერატურული გმირი არაა, მაგრამ ბევრი ლიტერატურული გმირის ავტორია.
– ყველაზე დიდი სიამოვნებით როგორ ფიგურებს ქმნით?
– ძალიან მიყვარს ძველი სტილი, ძველებური ელფერი... ისეთი განცდა მაქვს, რომ იმ პერიოდის მანდილოსნები განსაკუთრებულად ლამაზები არიან, თავიანთი ჩაცმულობიდან გამომდინარე. ამიტომ ჩემს კოლექციაში ხშირად შეხვდებით მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილ ფიგურებს.
– ყოველთვის წინასწარ იცით, რა ფიგურასაც ამზადებთ თუ მუშაობის პროცეში განისაზღვრება მისი საბოლოო სახე?
– თითქმის ყოველთვის წინასწარ ვიცი, რაზეც ვმუშაობ. ორად ორი შემთხვევა იყო გამონაკლისი: ერთხელ, როდესაც ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი და მივიღე „კაცი ყალიონით“ და მეორედ, როდესაც მსურდა, გამეკეთებინა „ქალები ყავახანაში“ და გავაკეთე დედა თავისი ორი შვილით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ჩემი პროფესიის მიუხედავად, ძალიან შემიყვარდა ეს საქმე. მართალია, ბევრ რამეს მივაგენი და ბევრიც შევისწავლე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, გადავწყვიტე, პროფესიულ დონეზე დავეუფლო ამ ხელოვნებას. ამ მიზნით გაზაფხულზე მივემგზავრები იტალიაში, „კაპო დე მონტეს“ ფაიფურის საწარმოში. მე უკვე გავიარე ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ ამ საწარმოში შევუდგე სწავლას.
– რა განცდა აქვთ, როდესაც თქვენს კოლექციას ნახულობენ?
– მათ უმრავლესობას ერთი ემოცია აერთიანებს (იცინის): ვერ წარმოუდგენიათ, რომ მამაკაცი, მით უმეტეს, 22 წლის, ასეთი ნაზი და სიფრიფანა ფიგურების შემქმნელი და კოლექციონერია.
– რა პერიოდი სჭირდება თითოეული ფიგურის შექმნას?
– რაც უფრო დიდი ზომისაა ფიგურა, მით მეტი დროა საჭირო მის დასამზადებლად. თუმცა, განწყობაზეც ბევრია დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ დღეში დამიმთავრებია ჩანაფიქრი, ზოგჯერ კი თვეობითაც მიმუშავია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში გაერთიანებული თითოეული ფიგურა ჩემს განწყობასა და ემოციას გადმოსცემს მისი შექმნის მომენტში. ეს ფიგურები ჩემი დღიურივითაა. თითოეული სილუეტი დიდი სიყვარულით იქმნება და მთელი ჩემი ენერგია იდება მათ გასაცოცხლებლად. ამიტომ, ეს კოლექცია ჩემთვის ფასდაუდებელია.