კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ირთავდა გიორგი გურგულია ცოლებს ათწლიანი ციკლით და რატომ ტოვებდა მათ


იღბლის ყოველთვის მადლიერია და საამისოდ საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს. კარგი ოჯახი, ცნობილი წრე, თბილისური შარმი, მეგობრები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ კოლორიტებად დარჩნენ... ფიქრობს, რომ ამ ქალაქში საჭირო დროს დაიბადა; ტკივილიც ბევრი მიიღო, მაგრამ გაუძლო, თანაც, ბევრ განსაცდელსაც გადაურჩა. სამასი მეგობარი, სამი ცოლი, ბევრი თავგადასავალი, ამერიკაში გაქცევის სურვილი და... კიდევ ბევრი რამ, რაც გიორგი გურგულიას „საფირმო ნიშანი“ დიდი ხნის წინ გახდა...


გიორგი გურგულია: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, იმდენ ხიფათს ვარ გადარჩენილი, ჩემი მეგობრები სულ მეხუმრებოდნენ: ბედის პერანგში ხარ დაბადებულიო. გამიმართლა, რომ ძალიან კარგ დროს დავიბადე, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემი თაობის საუკეთესო ადამიანები... მაშინ თბილისი ისეთი კოდექსებით ცხოვრობდა, რასაც ვერც პარიზში ვისწავლიდი და ვერც რომში. ჩემს მშობლებს ჩემი გაჩენა არ უნდოდათ. ერთი შვილი უკვე ჰყავდათ, კანადაში სამუშაოდ აპირებდნენ წასვლას და იქ ერთ შვილს ატანდნენ, ორი შვილით წასვლა გამორიცხული იყო. იმ პერიოდში დაფეხმძიმდა დედაჩემი ჩემზე, წავიდა ექიმთან, რომელიც ბებიაჩემის მეგობარი იყო. მან დაიყოლია დედა, რომ გავეჩინე. დედამ წმიდა გიორგის ხატს სთხოვა თურმე, რომ ბიჭი გასჩენოდა, ამიტომაც დამარქვეს გიორგი. ძალიან მორწმუნე ოჯახი მყავდა, დედაჩემის ბებია კალისტრატე ცინცაძის მარჯვენა ხელი ყოფილა. მეც სულ ეკლესიაში გავიზარდე, ამიტომაც ყოველთვის ვგრძნობ უფლის მხარდაჭერას. ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამოვმძვრალვარ მძიმე და რთული სიტუაციებიდან. იღბალი მქონდა იმაშიც, რომ გავჩნდი ამ ქალაქში, ჩემს ოჯახში, რომ მამიდაჩემი იყო ინოლა გურგულია. გურგულიებისგან საფირმო ნიშნად ადამიანების სიყვარული გამომყვა. რაც შეეხება სხვა „მემკვიდრეობას“, დედაც პიანისტი მყავდა, დეიდაც, ბებიაც, ბაბუა დირიჟორი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაზე მეტად რასაც ვებრძოდი, ეს იყო მუსიკა. ჩემებს ძალით დავყავდი ფორტეპიანოსა და „სკრიპკაზე“, გვიან მიხვდნენ, რომ ჩემგან მუსიკოსი არ დადგებოდა. მე ვხატავდი, ვწერდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ქუჩაში ვიდექი.. მუსიკისთვის რომ თავი დამეღწია, წავედი და თეატრალურში ჩავაბარე.

– ხელოვანისთვის პროფესიული იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ თუ გწყალობდათ „მისი უდიდებულესობა იღბალი“?

– ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე. არსებობს ასეთი ისტორია: დიდი თეატრის ერთი ჩვეულებრივი მხატვარი თვითმფრინავში იჯდა და თავისთვის რაღაც ჩანახატს აკეთებდა. გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ჰკითხა: მხატვარი ხართო? დიახო, დაეთანხმა დიდი თეატრის არცთუ პოპულარული მხატვარი. უცნობმა მამაკაცმა შესთავაზა, პარიზში ბალეტი მაქვს გასაფორმებელი და თუ წამოხვალო, ასე შემთხვევით მოხვდა ის კაცი პარიზში და ძალიან ცნობილი მხატვარი გახდა. ასეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაშიც იყო. პირველ კურსზევე გამიმართლა, მოვხვდი ისეთ ხალხში, რომლებმაც ბევრი რამ განსაზღვრეს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი პრიზი და გრანპრი მაქვს აღებული სხვადასხვა ფესტივალზე, მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც პრიზებს აგროვებს და კედლებზე ჰკიდებს. კედელზე მიკიდია მხოლოდ ხმალი და ფარი, რომელიც გადმომცეს ბათუმში, „ოქროს არწივზე“, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. სხვათა შორის, საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა, მაგრამ მაშინ „ორმაგმა სახემ“ გაიმარჯვა. სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, იმ ფესტივალზე ფულადი ჯილდო არ იყო. ვხუმრობდი: ეტყობა ეს აღჭურვილობა იმიტომ გადმომცეს ფარ-ხმალი რომ არ დავყარო-მეთქი. ბალაბანოვის ფილმისთვის „ომი“, 160 კაცი გასინჯეს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი როლი მე შემხვდა. პრიზებში მართლა მიმართლებდა, თუმცა, ერთხელ მოსკოვში არ მომცეს პრიზი იმის გამო, რომ ფულს მოსკოვის სამსახიობო გილდია იხდიდა. პოლიტიკურ შუღლს შეეწირა ჩემი პრიზი (იცინის). მე არ შემიძლია, ხოტბა შევასხა ვინმეს. მსახიობი, რეჟისორი, ხელოვანი ხალხის მსახურია და არა მთავრობის. ერთი კარგი მოქანდაკე იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება ლენინის თავებს აქანდაკებდა. ფულიც ჰქონდა, გავლენაც, მაგრამ მაინც არ გაუმართლა – წელიწადში ლენინის ორასი თავის გაკეთებას ხუმრობ?! (იცინის).

– თქვენ არ გიკეთებიათ „ლენინის“ თავები?

– ეს შეიძლება ვთქვა როლებზე, მაგრამ, ზოგადად, მე არ ვთამაშობ როლს, რომელიც არ მომწონს. ძალიან არ მინდოდა სერიალებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობრების დიდი თხოვნის გამო, ამაზე დავთანხმდი. მეგობრებს უარს ვერ ვეუბნები, რადგან ეს ის ხალხია, ვინც ჩემი ცხოვრების დიდ ღირებულებას წარმოადგენს, თუმცა ამ მხრივაც დიდი ტკივილი მივიღე – ჩემი მეგობრების უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარაა. ცუდ დროს და ცუდ რამეებს შეეწირნენ ისინი, მე მათ შორის ყველაზე მეტად გამიმართლა.

– თქვენც ხშირად მიდიოდით დინების საწინააღმდეგოდ. როგორ გადარჩით?

– მთელი ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდიოდი, სამი ნატყვიარი მაქვს, 15 წლის ვიყავი, როდესაც ფილტვში დანა დამარტყეს, 2 მილიმეტრით ასცდა ზურგის ტვინს, თორემ ხეიბარი დავრჩებოდი. ყველა მძიმე სიტუაციაში ღმერთმა გადამარჩინა. მუდმივად ვარღვევდი ჩარჩოებს. როგორც კი რაიმე „კლიშეს“ მომაკრავდნენ, მაშინვე მის მოშორებას ვიწყებდი. როგორც კი ჩემზე თქვეს, ძველი ბიჭიაო, წავედი და თეატრალურში ჩავაბარე, რომელიც ყველაზე არაძველბიჭური ინსტიტუტი იყო. იმის მიუხედავად, რომ ქუჩის ბიჭის დიდი მონაცემები მქონდა, მაინც არ მოვინდომე ეს სტატუსი. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი 18 წლის ასაკამდე მოვათავე.

– აზარტულ თამაშებში იგებთ ხოლმე?

– ნებისმიერი თამაში ვიცი, ჭადრაკს ვთამაშობ ძალიან კარგად, ნარდსაც, კარტსაც, დომინოშიც მაგარი ვარ. პირველ-მეორე ადგილზე ყოველთვის გავდივარ ხოლმე. ადრეულ ასაკში უფრო მაგარი მოთამაშე ვიყავი, ხან ვიგებდი, ხან – ვაგებდი; თუ ვაგებდი, მისატანს ქუჩაშივე ვშოულობდი, სახლიდან არაფერი გამქონდა. წაგებული რომ ჩაგვებარებინა, თვეობით ქუჩაში დავრბოდით ხოლმე, რადგან მეგობრის წაგებული შენს წაგებულს ნიშნავდა. მე მქონდა პერსპექტივა, რომ სერიოზულად მეფიქრა ქურდულ სტატუსზე. 15 წლის ვიყავი, როდესაც მე და ჩემმა ძმაკაცმა წაგებული 15 ათასი ჩავაბარეთ. ეტყობა, ქურდულმა სამყარომ გადაწყვიტა: ეს, 15 წლისა ამდენს რომ შოულობს, მერე რას იზამსო, მე და ჩემს ძმაკაცს შემოგვთავაზეს, ქურდობა ხომ არ გინდათო. მაშინ სწორად განვსაზღვრე ჩემი მომავალი: დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვხატავთ და, ჯობია, ისევ დავხატოთ-მეთქი.

– სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის ყოველთვის პოპულარული იყავით, ალბათ, ამიტომაც დაოჯახდით სამჯერ.

– არც ერთი ჩემი ქორწინება არ ყოფილა უიღბლო – როცა გყავს შვილი, ქორწინებას უიღბლოდ ვერ ჩათვლი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ყველაზე კრიტიკული მეშვიდე წელია, მაგრამ მე ეს დავარღვიე და ათწლიანი ციკლებით ვირთავდი ცოლებს (იცინის). ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცეოდი ჩემს ცოლებთან, რადგან ტყუილში ცხოვრებასა და შეურაცხყოფის მიყენებას, ჯობია, დაამთავრო ურთიერთობა. ვიღაცის საწოლიდან ადგომა და სახლში მისვლა უწესობაა, თუმცა, პირველი ქორწინების დროს, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ეს მეც ბევრჯერ გამიკეთებია. მერე და მერე უკვე აღარ... ცხოვრებაში არსებობს პირობები, რომელსაც, თუ კაცი ხარ და საკუთარ თავს პატივს სცემ, აუცილებლად წაუყენებ შენს სინდისს.. სანამ ძალიან ატკენ გულს, უნდა წახვიდე, მე ძალიან ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ზოგიერთივით სტატისტიკას არ ვაწარმოებ. ალბათ, ცუდადაც ბევრჯერ მოვიქეცი, მაგრამ კონფლიქტით არავის დავშორებივარ და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

– ფული იღბლით მოდის თქვენთან თუ ამისთვის ბევრსაც შრომობთ?

– მარტო იღბლის იმედზე ვერაფერში იქნები. საერთოდ, უნდა იცოდე, რა გინდა. ფულს ბედნიერება არ მოაქვს. ზოგს ბევრი ფული სურს, მაგრამ ხშირად ბევრი ფული დამღუპველი ხდება კაცისთვის. რაღაც პერიოდში მქონდა ზედმეტი ფული, რომელმაც დამტანჯა. 15 კაცი იჯდა ხოლმე ჩემს სახლში და ელოდა, როდის გავიღვიძებდი. ზოგს რა სჭირდებოდა, ზოგს – რა. საფლავის ქვებით მოსულ კაცს როგორ არ დაეხმარები? მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გაჭირვებულ კაცს ხელის გამართვაზე უარს ეტყვის. ბოლოს, როცა ტომარაში ის ფული დაილია, ზოგიერთს ვეღარ ვაგებინებდი, რომ ფული აღარ მქონდა. მერე დავიწყე ვალების აღება, ისე გავიჭედე ვალებში, რომ ორი სახლი გავყიდე და ექვსი თვე ვიღაცეების ვალებს ვიხდიდი. გული მწყდება, რომ ჩემს ვალებს ჩემი შვილის მშენებარე სახლიც შეეწირა.

– არა უშავს, ახლა ამერიკაში იშოვით ბევრ ფულს, როცა ჰოლივუდში ფილმებს გადაიღებთ.

– არც იქ მოდის ფული იოლად. „უნივერსალ ფიქჩერზში“ მომიწევს ოთხი თვე მუშაობა. გავოცდი, ისეთი პავილიონები და ტექნიკა აქვთ. იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნებას ავისრულებ ჰოლივუდში (იცინის). ამერიკაში წასვლა ძალიან ადრეული ასაკიდან მინდოდა. 19 წლის ვიყავი, როცა ამერიკელ გოგოსთან მქონდა რომანი, ერთმანეთი ტალინში გავიცანით. ის გოგო ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო, მამამისი ჰოლივუდში კარიერას შემიქმნიდა. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, „კაგებეში“ დამიბარეს და გამაფრთხილეს, თუ ამერიკაში წავიდოდი, უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი. ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ვეღარ ვნახავდი მშობლებს, ჩემს სამას ძმაკაცს, რომელიც თბილისის 10 სკოლაში სწავლის შედეგად მყავდა. ვერ მივატოვებდი ამ ყველაფერს, თუმცა, რომ მცოდნოდა ანდროპოვის ხელისუფლება მთავრდებოდა და გორბაჩოვი 4-5 წელიწადში მოვიდოდა ხელისუფლებაში, აუცილებლად წავიდოდი ამერიკაში. ახლა კი ვსწავლობ ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, რომელსაც დენირო კურირებს, მაგრამ ახლა სხვაა. როცა ძალიან მინდოდა აქედან წასვლა, მაშინ ვერ მოვხვდი ამერიკაში და, როცა აბსოლუტურად არ მინდოდა, ამერიკის მოქალაქეობა მაშინ დამეცა თავზე. აი, ეს არ მესმის იღბლის, მაგრამ, ეტყობა, საჭირო დროს მაძლევს საჭირო რამეს... ახლა ვხვდები, რომ მაინც სწორად მოვიქეცი მაშინ. აქაურმა სიმძიმეებმა მაქცია პიროვნებად. შეიძლება, ამერიკაში ძალიან მაგრად მეცხოვრა, მაგრამ სულიერება დამეკარგა, არ მექნებოდა ამდენი განცდა, ამდენი ტკივილი და სიყვარული. კარგია, რომ აქ დავრჩი და მთავარი .ემოციები არ დავაკელი საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას..


скачать dle 11.3