ვინ აკონტროლებს სოფო მოსიძის შვილს და რატომ დააგლიჯეს მას თმა „იმედის“ სტუდიაში
ჟურნალისტ სოფო მოსიძის ერთადერთი შვილი სესილი ისეთი ჭკვიანი და ერუდირებული გოგონაა, რომ ათი წლის ბავშვის კვალობაზე ბევრი რამით გაგაკვირვებთ. გარდა იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, ძალიან უყვარს წიგნების კითხვაც. ყველაზე მეტად ისტორიული პერსონაჟების ბიოგრაფიები აინტერესებს. კლეოპატრას სახელმწიფოებრივი აზროვნება მოსწონს, ქმრების სიმრავლე – არა, რადგან ფიქრობს, რომ ქალს მხოლოდ ერთი ქმარი უნდა ჰყავდეს. სესილი ძალიან კომუნიკაბელური გოგონაა. სკოლაში ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ყველაზე ახლობელი პარლამენტის თავმჯდომარის შვილია. მართალია, სესილიმ კატო „სასკოლო ბიზნესში“ ვერ ჩართო, მაგრამ მეგობრები უკვე სამოგზაუროდაც დადიან ერთად და ერთმანეთს თბილისურ ამბებსაც ყველაზე გულწრფელად უმხელენ.
– სესილი გაგვეცანი.
– მე ვარ სესილი კობერიძე, ათი წლის და ვსწავლობ 53-ე სკოლის მეხუთე კლასში. გადასარევად ვსწავლობ, სულ ათებს ვიღებ, მხოლოდ ერთი ცხრიანი მაქვს მიღებული ინგლისურში. საერთოდ, ინგლისური მიყვარს, მაგრამ რუსულს უფრო კარგად ვსწავლობ, იმიტომ რომ რუსულზე ოთხი წლის ასაკიდან დავდივარ. გამორჩეულად მიყვარდა მათემატიკა, მაგრამ ახლა გადავიყვარე, იმიტომ რომ ძალიან გართულდა. ახლა ყველაფერს ქართული მირჩევნია. წიგნებსაც ვკითხულობ. ჩემი საყვარელი წიგნია „ძმები ლომგულები“. მე ძალიან სწრაფად, რეკორდულ დროში ვკითხულობ. ხანდახან დედა და ბებია არც კი მიჯერებენ ხოლმე და დაკითხვას მიწყობენ. როცა ვკითხულობდი „ჰარი პოტერს“ ერთი ტომისთვის მხოლოდ ორი დღე მჭირდებოდა. ბებიამ არ დამიჯერა და ხან რა გამომკითხა, ხან – რა, მერე მიხვდნენ, რომ არ ვიტყუებოდი.
– სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?
– დიახ, ძალიან კარგი მეგობრები მყავს. ათასი რამით ვერთობით ხოლმე. ერთხელ საპარიკმახეროც კი გავაკეთე კლასში, ჯერ ავიღეთ ძალიან ბევრი ბლოკნოტი და ყველაში ჩამოვწერეთ მომსახურების ფასები – რა ღირდა შეჭრა, შეღებვა, მელირება. მე ვიყავი საპარიკმახეროს დირექტორი. დიდად კომფორტული სალონი არ იყო, მაგრამ ბევრი კლიენტი გვყავდა. ბიჭებსაც ვკრეჭდით თმას. ჩვენი მაკრატლები იყო სახაზავები, პასტები, ფარგლები. ძალიან მომეწონა საპარიკმახეროს დირექტორობა. ბიზნესმენობა მშვენიერი რამ ყოფილა.
– კარგი შემოსავალი გქონდა საპარიკმახეროდან?
– კი, ძალიან კარგი. თმის შეჭრა ღირდა 15 ლარი. მე მომწონდა იქ მუშაობა, (იცინის) თანაც საპარიკმახეროს ფრანგული სახელი დავარქვი და ეს კარგად ჟღერდა.
– შენს კლასში ცნობილი ადამიანების შვილები სწავლობენ?
– სკოლაშიც სწავლობენ და კლასშიც. სკოლაში ერთი ბავშვია, არ ვიცი ვისი შვილია, მაგრამ დაცვით რომ მოდის, ვხვდები, რომ ცნობილი მამა ეყოლება. ჩემს კლასში სწავლობს პარლამენტის თავმჯდომარის შვილი კატო. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ბაკურიანში და მას შემდეგ ვმეგობრობთ. შარშანწინ თურქეთშიც ვიყავით ერთად დასასვენებლად, კარგად გავერთეთ. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით „მაკარონკებით“ სრიალში, ვითომ ცხენები ვიყავით. როცა მე და კატო ერთად ვართ, ბევრს ვჭორაობთ ხოლმე. წიგნებზეც ვლაპარაკობთ, ჩაცმაზეც, კლასელებსაც ვჭორავთ ცოტ-ცოტას. ჩვენ ერთმანეთს ყველა საიდუმლოს გულწრფელად ვუმხელთ, არაფერს ვმალავთ.
– კატო არ გყავდა ჩართული შენს „სასკოლო ბიზნესში“?
– არა, შევთავაზე და უარი მითხრა. ისე, ჩემი კლიენტი იყო, ჩემს სალონში იჭრიდა თმას.
– როცა კატოსთან მიდიხარ სტუმრად, პარლამენტის თავმჯდომარეს ხედავ ხოლმე?
– დიახ, ყოველთვის. როცა ის სახლშია, ცოტა მრცხვენია. ვფიქრობ ხოლმე, როგორ დავუძახო. ისე ვესალმები, რომ ბატონოთი არ მივმართო, თ-ს დავამატებ ხოლმე, როცა ველაპარაკები. ისე, მკაცრი კაცი სულაც არ არის. ჩვენთან არც შემოდის, თავის ოთახშია ხოლმე. ჩვენ იქ არ შევდივართ, რომ არ შევაწუხოთ. კატო დიდად არ იმჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შვილია, მარტო იმით ეტყობა, რომ სკოლაში დაცვით მოდის. დაცვა ძალიან კარგი ბიჭია. თუ გაკვეთილები გვიცდება, კატოსთან ერთად მეც მოვყავარ ხოლმე სახლში.
– შენ არ გინდა, რომ ასეთი ცნობილი ადამიანის შვილი იყო?
– თითქმის ვარ. დედიკოს ყველა კარგად იცნობს, მამიკოც კარგ ადგილზე მუშაობს, მაგრამ დედა რომ ტელევიზიაში მუშაობდა, უფრო ბევრი ხალხი იცნობს. მე სულაც არ მინდა, რომ პოლიტიკოსის შვილი ვიყო. პოლიტიკა საერთოდ არ მომწონს. პოლიტიკა შარიანი საქმეა. არც ჟურნალისტობაა იოლი, მაგრამ პოლიტიკა უფრო ცუდია.
– პარლამენტის თავმჯდომარესთან პრეზიდენტიც ხომ არ მოდის ხოლმე?
– არა, არ მინახავს.
– მოგწონს ჩვენი პრეზიდენტი?
– რა, ვიცი, მგონი, ნორმალური კაცია. მასზე მეტი აზრი არ მაქვს.
– ახლა დედა რატომ არ მუშაობს?
– არ ვიცი ზუსტად, მე მგონი პროექტი დამთავრდა, თუ რაღაც დროებითი შესვენება აქვს. მე მგონი, არც კი ეძებს სამსახურს. დედა სახლში რომ არის კარგია, არ მეუბნება, ისწავლეო, არ მაწუხებს. ამ საკითხში ჩემი მთავარი კონტროლიორი ბებიაა. თავიდანვე ბებიას ჩააბარეს ჩემი სწავლა-განათლება. დედა რომ მუშაობდა, ჩემთვის საერთოდ არ ეცალა. მაშინ მარტო ის იყო კარგი, რომ მივლინებებიდან ჩემთვის ძალიან ბევრი საჩუქარი ჩამოჰქონდა. მე ახლაც მიყვარს თოჯინებით თამაში და მთელი სათამაშოებით უცხოეთიდან ვარ მომარაგებული. ჩემს თოჯინებს კარგად ვუვლი, საჭმელსაც ვაჭმევ და სამსახურშიც დამყავს. მათ ოფისი აქვთ ჩვენი ტელევიზორის მაგიდაში. ორსართულიანი ოფისია, უბრალო კი არა.. ბავშვის მოვლა არაა ძნელი. როდესაც ბებია თავის მეორე შვილთან მიდის და დედას სძინავს, ჩემს თავს მე ვუვლი. თან დედას ისე უყვარს ძილი... (იცინის).
– სკოლის გარდა, კიდევ სად დადიხარ?
– რუსულის და ინგლისურის გარდა, ხატვაზე და ცურვაზეც დავდივარ. ცურვა ძალიან მომწონს. კიდევ მიყვარს თხილამურებით სრიალი. ერთხელ ბაკურიანში იმდენი ვისრიალე, რომ გაყინვას გადავურჩი. ლოლოები მეკიდა. დედა ისეთი მშიშარაა, საერთოდ არ ეკარება თხილამურებს. ერთხელ, დედამ სურათი გადაიღო ჩემთან ერთად. იქ იყო დათვის ფიტული და იმის ხელებში თავი გაეჭედა. მე რომ არ ვყოფილიყავი, თავს ვერ გამოაძვრენდა. მე გადავარჩინე დათვის „ტყვეობიდან“.
– თბილისში სად დადიხარ დედასთან ერთად?
– ადრე დედას არ ეცალა, ახლა მე არ მცალია, რომ სადმე ვიაროთ. უნდა შევუთანხმდე, რომ ჩემს გრაფიკზე აეწყოს. როცა ტელევიზიაში მუშაობდა, სულ სადღაც იყო. ერთხელ მეც დამსვეს ტელევიზორში, დედას ვბაძავდი სათვალე გამიკეთეს, პიჯაკი ჩამაცვეს. ლევან ჯავახიშვილის შვილმა სტუდიაში თმაც კი დამაგლიჯა.
– როცა გაიზრდები შენც ჟურნალისტი ხომ არ უნდა გამოხვიდე?
– არა, ჟურნალისტობა შარიანი საქმეა. შეიძლება, რესპონდენტს არ მოეწონოს რას იტყვი და გეჩხუბოს. ამ ჟურნალისტებს ხომ ათასნაირი შარები მოსდით?! ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ისე ძალიან მომწონს ბიზნესმენობა, რომ თუ მტრების არ შემეშინდა, ბიზნესმენი გამოვალ. ჯერ არ ვიცი, რის ბიზნესმენი ვიქნები. დაკონკრეტებული დარგი არ მაქვს არჩეული, მაგრამ მთლიანად ბიზნესმენობა მომწონს. თუ ბიზნესმენი გავხდები, ბევრი ფული და კაბინეტი მექნება, მეყოლება მდივანი, რომლიც ჩაის და ყავას მომიდუღებს ხოლმე. აი, უფრო ამიტომ მინდა ბიზნესმენობა. (იცინის).
– კიდევ რა არის შენი ოცნება?
– პარიზში მინდა წასვლა. იქ ბევრი ღირსშესანიშნაობაა და მინდა, რომ ვნახო. ადრე ეგვიპტეში მინდოდა წასვლა, მაგრამ არ წამიყვანეს. ძალიან მაინტერესებს მითოლოგია და ისტორია, ძველი ისტორიული პერსონაჟების ცხოვრება. მაგალითად, ძალიან კარგად ვიცი დედოფალ კლეოპატრას ცხოვრება, თამარ მეფესაც კი ვადარებ ხოლმე.
– რომელი უფრო მოგწონს?
– ვიცი, რომ რადგან ქართველი ვარ, უნდა ვთქვა, რომ თამარ მეფე უფრო მომწონს, ვიდრე კლეოპატრა, მაგრამ სინამდვილეში სხვანაირად ვფიქრობ. როგორც წამიკითხავს, კლეოპატრა ძალიან ძლიერი და პრინციპული იყო. მტკიცე ხასიათი ჰქონდა. რაღაცით თამარ მეფეს ჰგავდა. ბევრი ქმარი კი ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი მხოლოდ ორი იყო. აი, ამით აჯობა ჩვენს თამარ მეფეს, იმას მხოლოდ ორი ცალი ქმარი ჰყავდა. მე არ მომწონს ქალს ბევრი ქმარი რომ ჰყავს. ქალს ერთი ქმარი უნდა ჰყავდეს, მაგრამ ეტყობა, რომ თამარ მეფე და კლეოპატრა ჩემსავით არ ფიქრობდნენ...
თამუნა სამადაშვილი