როგორ გადააჭარბა საქართველოს სახელმწიფო ვალმა ქვეყნის ერთი წლის ბიუჯეტს და როგორ აკეთებენ სახელმწიფო და ფარმაცევტული კომპანიები ფულს „ღორის გრიპზე“
ხელისუფლება, ჩვეულებისამებრ, კმაყოფილია 2010 წლის თავის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტით (რომლის წინა ვარიანტიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხელ უკვე დაიწუნა და მთავრობას უკან გაუგზავნა, სოციალურად არ არის ორიენტირებულიო), ოპოზიცია – უკმაყოფილო. ჩვეულებისამებრ, ყველაზე უკმაყოფილონი ქართველი „ლეიბორისტები“ არიან, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტის არც ამჟამინდელი პროექტია სოციალურად ორიენტირებული. შესაბამისად, 2010 წლის ბიუჯეტის ავკარგიანობაზე კომენტარი „ლეიბორისტ“ გიორგი გუგავას ვთხოვეთ.
– რა არის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი ნაკლი?
– როგორც აქამდე სჩვეოდათ, 2010 წლის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტიც კლასიკურად ანტისოციალურია. მეტიც, არა მხოლოდ ანტისოციალურია, არამედ ანტისახელმწიფოებრივიც. მოგეხსენებათ, ჩვენი ბიუჯეტი, ძირითადად, აგებულია უცხოურ კრედიტებზე და შემოსავლები ყოველწლიურად მცირდება, რამაც განაპირობა 7-მილიარდიანი ბიუჯეტის 6 მილიარდამდე შემცირება. 2010 წლის ბიუჯეტი იმეორებს შევარდნაძის პერიოდის პრაქტიკას, როდესაც კონკრეტულმა ბანკმა იყიდა პენსიებისა და სოციალური შემწეობების გაცემის ვალდებულება.
– ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა?
– აქამდე ეს ასე არ ყოფილა და გაგახსენებთ შევარდნაძის პერიოდს, როდესაც თვეობით და წლობით არ გაიცემოდა პენსიები და შემწეობები. ეს არის ბუჯეტიდან ფულის მოპარვის კლასიკური მაგალითი. ჩვენ ხომ გვახსოვს შევარდნაძის დროს, რომ პენსიებისა და შემწეობების გაცემაზე კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა იშოვეს ფული და შემდგომ მოგვევლინენ ბიზნესმენებად, თითქოს „ყომარში“ ჰქონდათ მოგებული საქართველოს ქონება. დაახლოებით იგივე სიტუაციაა დღესაც.
– ეს ხომ უფრო ძვირი დაჯდება? ბანკი ხომ სახელმწიფოსგანაც იღებს პროცენტს პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემისთვის?
– ამას ხსნიან სახსრების არქონით. სახელმწიფომ ბანკს მოგვიანებით უნდა აუნაზღაუროს დანახარჯი. ეს კარგად გასაანალიზებელი სიტუაციაა, რადგან, თუკი ბიუჯეტი თავის დროზე ვერ ჩაურიცხავს ბანკს თანხას, მას ერიცხება საურავები. მოგიტანთ კონკრეტულ მაგალითს: თუ ბანკმა ვალდებულება იყიდა 100 000 ლარის გაცემაზე, საბოლოო ჯამში, შეიძლება, ბიუჯეტს 300 000-ის გადახდა მოუწიოს, ეს სქემა შემუშავებულია და შემდეგ თანხა ეგრეთ წოდებული „ატკატების“ სახით უბრუნდება იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ეს სქემა შეიმუშავეს. გითხარით, რომ ბიუჯეტი ძირითადად აგებულია საგარეო კრედიტებზე, საგარეო ვალი კი უკვე 6 მილიარდამდე ავიდა. თუ ამას შიდა ვალსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ სახელმწიფოს 8-მილიარდიანი ვალი აქვს, ანუ, ბევრად მეტი, ვიდრე ქვეყნის ერთი წლის ბიუჯეტია. ვალების მომსახურება იწყება 2010 წლიდან და 2013 წელს ბიუჯეტიდან ვალების დაფარვაზე მესამედი უნდა წავიდეს. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა განახორციელეს, ჩინოვნიკების, გუბერნიების, სამინისტროებისა თუ მერიის ხარჯები არათუ შემცირდა, გაიზარდა და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში 80-პროცეტიანი უმუშევრობაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტი უკიდურეს გაჭირვებაშია.
– სოციალური პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსების მხრივ როგორაა საქმე?
– ავიღოთ ჯანდაცვა: პირდაპირი დაფინანსებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ონკოავადმყოფების, 65 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების, ნულიდან სამ წლამდე ბავშვების, ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის დასაფინანსებლად, შეამჭიდროვეს და მთლიანი თანხა – 178 მილიონი ლარი – გადაისროლეს ეგრეთ წოდებულ დაზღვევაში. სადაზღვევო კომპანიები კი, ძირითადად, სახელისუფლო კომპანიებია. მაგალითად, „ირაო“ პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაა და მას საკმაოდ სოლიდური მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე. ბიუჯეტიდან ეს თანხები ირიცხება სადაზღვევო კომპანიების ანგარიშებზე, შემდეგ ისინი არ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, ამაზე მიდის ერთი ვაი-უშველებელი და საბიუჯეტო თანხები ისევ ჩინოვნიკების პირად ანგარიშებზე იქაჩება. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა, მოსახლეობის 80 პროცენტს არ აქვს საშუალება, ჩაიტაროს გადაუდებელი მკურნალობა. ამის გამოა, რომ 2003 წლიდან დღემდე რეგისტრირებულ დაავადებათა რიცხოვნობა გაორმაგდა: 2003 წლის მდგომარეობით იყო 400 000, დღევანდელი მდგომარეობით კი – 800 000-ია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, არ ხდება პრევენცია; მეორეც, როდესაც ადამიანები ვერ იღებენ ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ კომპონენტებს, რადგან მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, იშლება იმუნური სისტემა, რაც, თავისთავად, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას. ამის გამოა, რომ ქვეყანაში გაზრდილია სიკვდილიანობის რიცხვი. მშობიარობის დაფინანსება საერთოდაა ამოღებული 2010 წლის ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ გვპირდება უფასო მშობიარობას და თითოეულ ახალშობილზე 1 000 ლარის გადახდას. იმიტომაც, შემცირდა შობადობა და გაიზარდა სიკვდილიანობა, გაერომ საქართველო მომაკვდავ ერთა სიაში შეიყვანა.
– გარდა დაზღვევისა, რაღაც თანხა ხომ იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვაზე?
– მინიმალური თანხებია გათვალისწინებული და მხოლოდ იმის გამო, რომ ამას აჟიოტაჟი მოჰყვა. ყიდიან ინფექციურსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს, უკვე გაყიდეს ონკოლოგიური საავადმყოფო. ეს კეთდება ცნობილი „100 საავადმყოფოს პროექტით“, რომლის მიზანია, ხელისუფლებამ ხელი დაიბანოს ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზე. როდესაც, ოფიციალური სტატისტიკით, გყავს ამდენი დაუცველი მოქალაქე, ბუნებრივია, ბიუჯეტის აქცენტები მიმართული უნდა იყოს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ყოველივე პირიქით ხდება. გახსოვთ, ალბათ, სოფლის ექიმის გაფიარებული პროექტი, როდესაც გვაჩვენებდნენ პატარა, შეფერადებულ შენობებს და გვეუბნებოდნენ, სოფლის ექიმი მოემსახურება მთელ სოფელს და ყველანი ჯანმრთელები და ბედნიერები ვიქნებითო. ამ პროექტზე წლევანდელ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გამოყოფილი, ანუ ხელისუფლება ნელ-ნელა იხსნის ვალდებულებებს.
– 5-ლარიანი დაზღვევა ისევ იქნება?
– ეს იყო შაურიანი ბლეფი, რომელმაც არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა. ის ჩავარდა და, ხელისუფლების გარდა, მისგან ხეირი არავის უნახავს. მეორე მხრივ, გაზარდეს დაზღვევის დაფინანსება. სახელმწიფო დაზღვევა შეეხება მრავალ კატეგორიას: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფების, დევნილების, პედაგოგებისა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სისტემა რეალურად არ მუშაობს. თუ მუშაობს, მაშინ რატომ არ ყიდულობენ სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულებისთვის წამალს? „ტამიფლუს“ არც ერთი მათგანი არ ყიდულობს!
– თუმცაღა, ამ „ღორის გრიპის“ მიზეზით, სახელმწიფომ თქვა, რომ ექიმის პირველადი გასინჯვა იქნება უფასო და „ღორის გრიპით“ დაავადებულებს სამკურნალო პრეპარატსაც უფასოდ გადავცემთო.
– თქვენ შეგიძლიათ, დღესვე მიბრძანდეთ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ასევე, ინფექციურ საავადმყოფოში და გადაამოწმოთ ჩემი ნათქვამი: იაშვილის კლინიკაში 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვის გასინჯვა, რომ დაუდგინონ, რომელი ტიპის ვირუსი აქვს, ღირს 60 ლარი. მხოლოდ ერთი ღამით ბავშვის ჰოსპიტალიზება, მედიკამენტების გარეშე, ღირს 100 ლარი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს: იქ მკურნალობა, რაც ყველაზე იაფად ითვლება, ჯდება, დაახლოებით, 300 ლარამდე.
– დავხოცილვართ, აბა?
– რაც შეეხება „ტამიფლუსა“ და „რელიზს“, მათი ღირებულება ბაზარზე 70 ლარია.
– ეს თვალშისაცემი ტენდენციაა: მათი ფასი განუხრელად იზრდება, რაც უფრო მწვავდება გრიპი.
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, თავის დროზე მუქთადაა შემოტანილი და ამ პანდემიაზე, რომელიც დამდგარია, მაგრამ არ ამბობენ, ფულს აკეთებენ. „ღორის გრიპი“ არის ჩვეულებრივი გრიპი, რომელსაც აქვს მძიმე შედეგები იმ შემთხვევაში, თუ დროზე არ დაიწყებ მკურნალობას. ის ლეტალური შედეგები, რომლებიც ჩვენთან იყო, სწორედ ამით გახლდათ გამოწვეული: ადამიანებს არ აქვთ ფული, მივიდნენ ექიმთან და დროზე დაიწყონ მკურნალობა. ამას არავინ აქცევს ყურადღებას, პირიქით, ეს პანდემია გამოიყენეს ბიზნესისთვის. მეტიც, კატასტროფულად გაძვირდა ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გრიპისა და გაციების სამკურნალოდ. პირბადე 20 თეთრი ღირდა, ახლა კი 70 თეთრი ღირს და დეფიციტურია; „ტამიფლუზე“ უკვე მოგახსენეთ, 35 ლარი ღირდა და უკვე 70 ლარი ღირს და მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, ანუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გამოყენებულია ბიზნესისთვის.
– ამიტომ ჩვენს გაციებულ თანამემამულეებს ვურჩიოთ, „ფერვექსის“ ჩაით გაჭყეპის ნაცვლად, მიირთვან ჟოლოიანი, თაფლიანი და ლიმონიანი ჩაი, ასკილის ნაყენი და ასე შემდეგ?
– დიახ, ეს გაცილებით ეფექტურია. ახლა მოგახსენებთ განათლების სისტემაზე: ჩვენი პროპაგანდისტული ტელევიზიები ისეთ სურათს ქმნიან, რომ აშენდა და დამშვენდა საქართველო, მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ 2003 წლიდან სკოლების რაოდენობა 1 000-ით შემცირდა, 2003 წლიდან დღემდე 100 000 მოსწავლით ნაკლები სწავლობს საჯარო სკოლებში, 2003 წლიდან დღემდე 20 000-ით შემცირდა მასწავლებელთა რაოდენობა და საერთოდ გაქრა პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება. განათლების ნაქები რეფორმის დამსახურებაა ის, რომ მოსახლეობის 80 პროცენტისთვის ხელმიუწვდომელია განათლების მიღება და განათლების დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი კლასიკური მაგალითია, როდესაც პატარა ქარმა წეროვანის სკოლა, ფაქტობრივად, მთლიანად წაიღო.
– თუ არ ვცდები, სწორედ წეროვანის სკოლაზე უთხრა პრეზიდენტმა 51-ე სკოლის მოსწავლეს, რომელიც მისგან ინტერვიუს იღებდა, რომ ეს მისი ოცნების სკოლა იყო?
– დიახ, დიახ და, გამოვიდა, რომ მისი ოცნების სკოლა ნაფნაფის და ნუფნუფის სახლი ყოფილა. გაეროს გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი აქვს ბავშვების 9 პროცენტს, ეს არ არის კატასტროფა ოცდამეერთე საუკუნში, როდესაც განათლება, ცოდნა და ინტელექტი ყველაზე დიდი კაპიტალია?! მიუხედავად ამისა, წლევანდელ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გამოყოფილი სახელმძღვანელოების შესაძენად, პირიქით, ეს საქმიანობაც ბიზნესისთვისაა გამოყენებული. იცით, რომ სკოლებს ყოველ წელს აქვთ ახალი სახელმძღვანელოების არჩევის უფლება და, შესაბამისად, ბავშვს არ გამოადგება წინა წელს გამოშვებული სახელმძღვანელო, ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას სასკოლო ბიბლიოთეკების სისტემა, რომლებსაც დაურიგდებათ სახელმწიფოს ხარჯზე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები, ისინი კი, თავის მხრივ, ბავშვებს დაურიგებენ.
– საგარეო ვალის გასტუმრების სქემა როგორია?
– საგარეო ვალის მომსახურებაზე 2010 წელს განსაზღვრულია 200 მილიონი, 2011 წელს – 700 მილიონამდე, 2012 წლისთვის – ამაზე უფრო მეტი და 2013 წელს ეს თანხა მილიარდ 200 მილიონამდე ადის. ჩვენ ყველაზე დიდი ვალი გვაქვს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის. ეს არის ქვეყნის დაკაბალების კლასიკური გზა, რადგან ასეთი დაკაბალებული ქვეყნების მართვა ძალიან გაიოლებულია. ჩვენ ბიუჯეტს ვერ შევადგენთ, თუ შესაბამისი რეკომენდაციები არ გვექნება სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისა, მაგრამ, რა უნდა იყოს იმაზე დამაკაბალებელი, როდესაც შენი ბიუჯეტის 30 პროცენტი ვალებითაა აგებული?! ყოველდღე რომ გაჰკივიან, ავანთეთ ლამპიონები და დავაგეთ გზებიო, ჯერ ერთი, ამით ფულს შოულობენ და, მეორე, ეს ყველაფერი ვალით კეთდება.
– თქვენ რამდენჯერმე გამოაქვეყნეთ „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ მიერ წამლების გასაღების სქემა, გასულ კვირას პრეზიდენტმაც დაგმო ამ ორი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ბაზრის მონოპოლიზება, თუმცა რეალურად, ამ ორმა კომპანიამ უკვე სადაზღვევო კომპანიაც კი შექმნა. პრეზიდენტმა თქვენი თემა მიითვისა?
– პრეზიდენტის მიერ მწუხარების გამოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით იგივეა, როდესაც მკვლელი პირველი მიდის მოკლულის ოჯახში და უსამძიმრებს. ეს ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ხარჯების მთავარი დამფინანსებლები და სწორედ ამ ხელისუფლებამ შეუქმნა მათ მონოპოლისტური მდგომარეობა ბაზარზე. ხალხის ხარჯზე ამონაგები ფულების გამო შეიყვანეს პარლამენტში „პე ეს პეს“ დამფუძნებელი ოქრიაშვილი. როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას აძლევ წამლების შემოტანისა და დისტრიბუციის უფლებას, საავადმყოფოს გახსნის უფლებას და ახლა უკვე დაზღვევის უფლებასაც, ესე იგი, თავად ქმნი ამ მონოპოლიას. ევროკავშირის სივრცეში ფარმაცევტულ კომპანიას აკრძალული აქვს, ჩამოაყალიბოს სადაზღვევო კომპანია; აკრძალული აქვს, თვითონ იყოს წამლის შემომტანი და დისტრიბუტორი, რადგანაც, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, არ შეიძლება, ვიხელმძღვანელოთ კომერციული ინტერესებით, საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ხალხს ეს საკითხი ძალიან აწუხებს და, ვითომ თვითონაც დაგმო, მაგრამ ამას უკვე აღარავინ „ჭამს“. როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა, „მურტალოს მეთოდები დაუძველდა“...