ნამინისტრალი მინისტრები
ანუ ახალი ცოცხიც ძველებურად გვის
ქართული განათლების რიგით მეხუთე (ლომაია, მიმინოშვილი, ნოდია, გვარამია, შაშკინი) მინისტრი (როგორც საქართველოს ჭკუადამჯდარი მოქალაქე, ათვლას, რა თქმა უნდა, ვარდების რევოლუციიდან ვიწყებ!) ისე მყისიერად შევიდა როლში, რეინკარნაციის თეორიის რომ გჯეროდეს, იფიქრებდი, იაკობ გოგებაშვილი პოსტრევოლუციურ საქართველოსაც მოევლინაო (ოღონდ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეფორმას რეალურად ბ-ნი შაშკინი განაგრძობს). ის ხეირიანად არც კი იყო ჩაბრძანებული სავარძელში, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების გარდაუვლობაზე რომ ისაუბრა (მინისტრებსაც რომ აბარებინებდნენ მინისტრობის სასერტიფიკაციო გამოცდებს, ნეტავ ჩვენი როგორც მოქმედი, ისე ნამინისტრალები რამდენ ქულას დააგროვებდნენ?!). პედაგოგებს, რა თქმა უნდა, ჯეროვანი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გაზრდილ მომავალ მინისტრებზეც არ მიიტანონ ეჭვი, რამდენ ქულას დააგროვებენო, თუმცა, ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ. ჰოდა, რაკი შესაბამისი უნდა ჰქონდეთ, ბ-ნმა შაშკინმა არც ის დაგვიმალა, რომ პედაგოგებს მეცამეტე ხელფასს ვერ მივცემთო. ეს სამწუხარო ამბავი კი მეტად ლოგიკურად ახსნა, კერძოდ: გასული წლის განმავლობაში პედაგოგებს ორჯერ გავუზარდეთ ხელფასებიო (ცნობისთვის, მოგახსენებთ, რომ „ორჯერ გაზრდა“ უდრის 50 ლარს, ქართველი ჩინოვნიკების ხელფასების გათვალისწინებით, ეს ის თანხაა, რასაც ჩვენებური პატიოსანი გვამები ცალ ყურში ისხამენ); საახალწლოდ 100 ლარსაც ვაძლევთ ელექტროენერგიისა და გაზის ფულის გადასახდელადო (მე თავს არ შეგაწყენთ, თავად დაიანგარიშეთ, რამდენ ხანს ეყოფა პედაგოგს ზამთრის განმავლობაში 100 ლარი გასათბობად და გასანათებლად, თუნდაც, იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო გამოცდებში გაივარჯიშოს); მეტიც, მომავალი წლიდან კიდევ 32 ლარით გავუზრდით ხელფასს, კლასის დამრიგებლებს კი 60 ლარს დავუმატებთო (ცნობისთვის: კლასის დამრიგებლის ხელფასი ამჟამად 60-70 ლარია).
ერთი სიტყვით, „ახალი ცოცხიც“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ახალი მინისტრის) ისე ძველებურად „გვის“, რომ ძლიერდება ეჭვი, პრობაციის მინისტრობის დროსაც კი, ბ-ნი შაშკინი გადაცმული განათლების მინისტრი იყო.