„შეშლილი, შეშლილი, შეშლილი დემოგრაფია“
ყველასათვის ცნობილია, რომ ქართული საერთო მაუწყებლები მაყურებელს მხოლოდ დადებით ინფორმაციას აწვდიან (აბა, ნერვულ უჯრედებს ხომ არ დაუხოცავენ?!); მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენში სექსის კულტურის დამკვიდრებაც ითავა (შესაძლოა, ამის მიზანი არა მხოლოდ სექსთან გაშინაურება, არამედ მოსახელობის აღგზნების დონის ამაღლებაც იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპაში თავი არ მოგვეჭრას). ჰოდა, ასეთ მხიარულებსა და აღსაგზნებად გამზადებულებს, არც ის დაგვიმალეს, რომ, „ნასას“ მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება გამოსწორდა. რაკი „ნასას“ ტყუილიც დაეჯერება, შესაბამისად, არც ქართველი დემოგრაფის სატელევიზიო კომენტარი დაგვამადლეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველოში შობადობის გაზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის არსებითი „სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი დემოგრაფიული პოლიტიკაა“. რაკი „ნასას“ მონაცემებზე გააკეთა კომენტარი, ბუნებრივია, არც ამ ხსენებული დემოგრაფის ახსნას გაუვა წყალი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ქართული დემოგრაფიული პოლიტიკა გულისხმობს: ფასიან მშობიარობას, კაბალურ დეკრეტულ შვებულებას, მეტიც, ფეხმძიმეებს (ან პოტენციურად დასაფეხმძიმებლებს) სამსახურში თითქმის არავინ იღებს (აღარაფერს ვიტყვი ფასიან ჯანდაცვასა და განათლებაზე), ან „ნასას“ ეშლება, ან ჩვენ შევიშალეთ.