როგორ მოხდა ღვთისმშობლის მიძინება და რა სასწაულებს აღასრულებდა მისი გარდაცვლილი სხეული
28 აგვისტოს მთელი მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც ყოველთვის წინ უსწრებს ორკვირიანი მარხვა. ამ დღესასწაულის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, ყოვლადწმიდა ქალწული, დედა ღვთისმშობელი, დაუცადებლად ისწრაფვოდა ცისკენ, ლოცულობდა, ზეციურ სასუფეველში გადასულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვანებით. ყოვლადწმიდა მარიამი სიონის მთაზე ცხოვრობდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც მაცხოვრის ნატერფალით იყო კურთხეული. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის – ზებედისგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელაც, ზეთისხილის მთაზე ლოცვისას, მას, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანა. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ფინიკის რტო ღვთისმშობელმა და შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელებით თვით უფალს მიეღო. ასევე ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმიდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად მთელს ქვეყნიერებაში იყვნენ გაბნეული. როდესაც მან მოსალოდნელი ნეტარი მიძინების სასიხარულო ამბავი შეიტყო, მისი სახე ისეთი ზეციური სიხარულით ბრწყინავდა, რომ მისმა ღვთაებრივმა დიდებამ ყველა შეაძრწუნა.
– როგორ ემზადებოდა ღვთისმშობელი საკუთარი მიძინებისთვის?
– ყოვლადწმიდა მარიამმა, როდესაც მიძინებისთვის ემზადებოდა, მშვიდად ბრძანა, მისთვის მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის იყო საჭირო. როდესაც ღვთისმშობლის მოახლოებული მიძინების ამბავი მთელს შემოგარენს მოედო, ხალხი ყოველი მხრიდან მიდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, მწარედ ტიროდნენ და ევედრებოდნენ ნუგეშისცემას. ღვთისმშობელი მათ აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და, ვინც მწუხარებისა და უბედურების ჟამს მიმართავდა, მისი მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა უფლის წინაშე, ამაში კი მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული. როდესაც დედა ღვთისა თავის სურვილებს იოანესა და იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზე შემორტყმული ნათელი ღრუბლები დაინახა. უფალმა ყოვლადწმიდა დედას სურვილი აუსრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც დედა ღვთისმშობელი იმყოფებოდა. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ვერ ხვდებოდნენ, რატომ მოხდა ეს სასწაული. მათ იოანე ღვთისმეტყველმა აუხსნა, რომ მოახლოებული იყო ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე. ყოვლადწმიდა ქალწული კი მათ ანუგეშებდა, თავისთან უხმობდა, ეალერსებოდა და აიმედებდა.
– როგორ მოხდა ღვთისმშობლის მიძინება?
– ანგელოზის გამოცხადებიდან მესამე დღეს მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაებრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბრწყინა, ციური დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა – თვით იესო ქრსიტე მოევლინა ყოვლადწმიდა დედას, რომელიც სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებული და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა”. ტკივილების გარეშე შვა მან მაცხოვარი და მაცხოვარმაც ტკივილების გარეშე გაიყვანა მისი სული სხეულიდან – წმიდა სხეული გახრწნისგან დაიცვა. ამის შემდეგ ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში. მისი სხეული კი ზეციური ნათლით ბრწყინავდა და მისგან საოცარი კეთილსურნელება მოდიოდა. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა, მთავარანგელოზები კი უგალობდნენ: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა”. ღვთისმშობლის დაკრძალვის მსვლელობის პროცესში მის სხეულს გაცისკროვნებული გვირგვინის მსგავსი ღრუბელი დასცქეროდა ზემოდან, ხოლო ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. ბევრი ურწმუნო იუდეველი, რომელმაც ეს ყველაფერი იხილა, მოისმინა, შურით აღივსო და ხალხის გასაფანტავად მეომართა რაზმი გაგზავნეს. მათ უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ხოლო ღვთისმშობლის სხეული დაეწვათ. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება, სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით შემოერტყა. სიმჭიდროვის გამო მდევრის დიდმა ნაწილმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებს კი გზა დაეკარგათ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი – ათონია იქცეოდა: მან საშინელი, ღვთის საგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან, იესო ქრისტეც აუგად მოიხსენია, შემდეგ სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმიდა დედის ცხედარი ძირს გადმოეგდო. მაგრამ, როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით ანგელოზმა ორივე ხელი წარჰკვეთა, მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაეცა, თვითონ კი საშინელი გოდებით დავარდა ძირს, საშინელი დანაშაული იგრძნო და, მოციქულებს სთხოვა: „შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო”. პეტრე მოციქულმა პროცესია შეაჩერა და უთხრა: იწამე მთელი გულით და ბაგით აღიარე, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი მესია, ძე ღვთისაა და განიკურნებიო. ათონიამ ხმამაღლა წარმოთქვა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი”. მაშინ პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისთვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გაუმთელდა, მხოლოდ იდაყვების გასწვრივ შემორჩა ძაფივით წითელი ზოლები. ამის მხილველმა ბევრმა იუდეველმა შეინანა, იწამეს ქრისტე, ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვნენ, ბევრი განიკურნა, ბევრს კი მხედველობა დაუბრუნდა. შემდეგ ღვთისმშობელი გეთსამანიის ბაღში დაასაფლავეს. მესამე დღეს მის საფლავთან მივიდა თომა მოციქული, რომელიც მოთქვამდა, რომ ღირსი ვერ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა. მან ვერც ის სასწაულები იხილა, რაც მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს აღსრულდა. მოციქულებმა საფლავის ქვა გადააგორეს, რომ თომა მოციქულს ღვთისმშობლის სხეული ეხილა. მაგრამ აკლდამში მხოლოდ სუდარები დახვდათ, რომლისგანაც გამოუთქმელი სურნელება მოდიოდა. უძველესი გადმოცემის თანახმად, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი ყოველთვის თავისუფალი რჩებოდა, ამ ადგილას მუდამ იდო პურის ნაჭერი – „წილი უფლისა”. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ იღებდა პურს, ლოცვას წარმოთქვამდნენ და იხმევდნენ. მოციქულები ამ წესს ყოველთვის აღასრულებდნენ. იმ საღამოსაც ასე მოიქცნენ. როდესაც მათ „უფლის წილი” აიღეს, უცებ ანგელოზთა გალობა მოესმათ და ცის სივრცეში ზეციური ძალებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი იხილეს, რომელმაც მათ ასე მიმართა: „გიხაროდენ, მე თქვენთან ვარ ყოველსა ჟამსა”.
ასე რომ, ღვთისმშობელმა მხოლოდ ცოტა ხნით მიიძინა, მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა, ბუნების კანონებს სძლია. მიწისგან შექმნილი სხეული კვლავ მიწად მიიქცევა, მაგრამ ამგვარი სიკვდილი მის სხეულს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა, შობისას უხრწნელი დარჩა, სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა და დღემდე ეხმარება და ნუგეშს უგზავნის მათ, ვინც დახმარებას სთხოვს, რადგან ის დედაა ყოველთა.
ნათია უტიაშვილი