ეგრეთ წოდებული
ანუ „ფაჩიკოს გარმონივით“ აწყობილები
საპარლამენტო უმრავლესობა, თავის უმცირესობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობასა თუ მის გარეთ მეტად თბილად და ტკბილადაა მოკალათებული. იმდენად ტკბილად და თბილად, რომ გასულ კვირას ხალხის უმრავლესოელმა რჩეულებმა აღნიშნეს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც კი შეამჩნიეს პროგრესის ნიშნები. ამის დასტურად ის თქვეს, რომ თვით ქართველი „ლეიბორისტებიც“ კი პარლამენტს „ეგრეთ წოდებულად“ აღარ მოიხსენიებენ და, აქედან გამომდინარე, დაასკვნეს, გვაღიარესო. შესაძლოა, ამით გახარებულებმა, გულებიც გაიკეთილეს და საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა კობა დავითაშვილს ნება დართო, შეაგროვოს 30 000 ხელმოწერა და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინოს (თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, კობა დავითაშვილმა საქართველოში არსებული ყველა მოქალაქის ხელმოწერაც რომ შეაგროვოს, მის ინიციატივას, თუ უმრავლესობამ არ ინება, ინიციატივად უწერია დარჩენა, ამიტომაც, სავსებით ბუნებრივია, უმრავლესობას თავისი სიკეთე არ ენაღვლება). მეტიც, ამან კოლეგა ვიცე-სპიკერებს შორის ბლიც-დიალოგიც გამოიწვია:
მიხეილ მაჭავარიანი: „ამ დალოცვილს (ანუ ბ-ნ დავითაშვილს), თუ პარლამენტი სურდა, შემოსულიყო“.
ლევან ვეფხვაძე: „არასაპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისთვის განაცხადის დაწერის ვადა 2010 წლის პირველ იანვრამდე აქვს. ასე რომ, ნუ იჩქარებთ, იქნებ შემოვიდნენ კიდეც“.
აქედან გამომდინარე, საქმე ფაჩიკოს გარმონივით გვაქვს აწყობილი, თუმცა, ჩვენ რა გვაქვს, იმათ აქვთ: პარლამენტის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას (წინასწარ იციან, რომ დამარცხდებიან და ამიტომაც კანონითვე მიინიჭეს უკან – პარლამენტში დაბრუნების უფლება); პარლამენტში მანდატდახეული დეპუტატიც გვყავს, რომელმაც დახეული მანდატი ისეთი მონდომებით შეაწება, თითქოს ბავშვობიდან მეტი არაფერი ეკეთებინოს; ერთ-ერთ მანდატდახეულს (ბ-ნ დავითაშვილს) ხელმოწერებს აგროვებინებენ და მანდატის შეწებებისთვის ახელებენ (რომ ესეც დემოკრატიულ პროგრესად მიითვალონ). ერთი სიტყვით, შენ დაუკარ (რა თქმა უნდა, ფაჩიკოს გარმონზე), უპატარძლო ქორწილია!