სადაზღვევო ნადირობა
„წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“
მართალია, ჩვენმა პრეზიდენტმა ჩვენს ორ პენსიონერთან სტუმრობისას ლამის პირდაპირ ეთერში დაგმო ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტების არსებობის ფაქტი (თითქოს ეს მონოპოლისტები ოკუპანტს კონსპირაციულად შემოეგზავნოს ზურგში) და ჯანდაცვის მინისტრს (ეს უკანასკნელი პენსიონერებთან იახლა, ალბათ, მეტი თვალსაჩინოებისთვის) თავისი გულისწყრომაც გაუზიარა წამლების ფასს ქართულ ბაზარზე ცეცხლი უკიდიაო (რაკი ერთიც მგლისკენო, ამ ჩვენს „პე ეს პესა“ და „ავერსს“ ნაცმოძრაობის საარჩევნო ფონდის დასაფინანსებლად რომ არ უძგერდეთ გულები, იქნებ წამლები კიდეც გაეიაფებინათ). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, პრეზიდენტის მიერ დაგმობილ მონოპოლისტებს არც წამლები გაუიაფებიათ და არც მონოპოლისტობაზე აუღიათ ხელი; მეტიც, ბაზარს ახლა უკვე სადაზღვევო მხრიდან შემოუარეს. რაც სავსებით ბუნებრივია: „მადა ჭამაში მოდის“! შესაბამისად, რაკი სადაზღვევო კომპანიებს დიდი ნადირობა აქვთ გამოცხადებული სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების მოსანადირებლად, ამ წმიდა ბრძოლაში პრეზიდენტის მიერ მონოპოლისტებად შერაცხული „პე ეს პესა“ და „ავერსის“ სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვნენ. მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „თავიც გმირად გაგვაჩვენეს“. მაგალითად, ზოგიერთ სკოლაში (პედაგოგებს სახელმწიფო თვეში 15 ლარად აზღვევს) პედაგოგებს დირექციებმა უკვე შევსებული სადაზღვევო პოლისები გადასცეს (დაახლოებით, ასეთი ტექსით: „ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეზღვიოთ „ავერსშიო“). მართალია, განათლების სამინისტრო იფიცება, პედაგოგებმა თავად უნდა აირჩიონ სადაზღვევო კომპანიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნალოტოტრონალ დირექტორებს ურჩევნიათ, სადაზღვევო კომპანიებს შორის არჩევნის გაკეთების სიმძიმე პედაგოგებს თავიდან ააცილონ (ზრუნვაც ამას ჰქვია!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შერისხულ ფარმაცევტულ კომპანიებს წამალიც შემოაქვთ, მეტიც, წამლებს თავიანთ ქარხნებშიც ამზადებენ, კიდეც ჰყიდიან, კიდეც გვმკურნალობენ (თავიანთ კლინიკებში) და ზედაც გვაზღვევენ (რომ მათ კლინიკებსა და მათივე შემოტანილ-გაკეთებული წამლებით გვიმკურნალონ), სამართლიანი იქნებოდა, მათთვის ჩვენთვის წესის აგების საქმეც მიენდოთ!