პოლიტელიტური სიბრძნე
კუდამწვრები
ბ-ნმა თორთლაძემ ხან უსტარი აახლა ამ ჩვენს ცხინვალელ ჯაყოს (მე ჩავჯდებიო იმ ოთხი მოზარდის ნაცვლად), დანარჩენ დროს კი ერგნეთის საგუშაგოზე იდგა, მაგრამ ცხინვალში გატაცებული ტირძნისელი ბავშვების მოსანახულებლად მხოლოდ ბ-ნი ზაქარეიშვილი, ბ-ნი კომახიძე და ქ-ნი მებუკე შეუშვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ნაცხელისუფლების პათოსია: „უჩემოდ ვით იმღერითა“, ჩვენი ზემოხსენებული სამი თანამემამულე, ნაცხელისუფლებამ და, განსაკუთრებით, მასთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარეს. ბ-ნმა მალაშხიამ, ჩვეულებისამებრ, სიბრძნით დაყურსული კომენტარი გააკეთა: ზოგ-ზოგიერთებმა მოუხშირეს მოსკოვსა და ცხინვალში სიარულსო. მეორე მხრივ, თუ ბ-ნი ლომაიას ნათქვამს გავიხსენებთ: ასეთი ქალაქი – ცხინვალი – აღარ არსებობს რუკაზეო, იმასაც დავამატებთ, რომ ამის შემდეგ მისთვის ბუზიც არ აუფრენიათ (მეტიც, საერთაშორისო ასპარეზზე მიავლინეს) და პრეზიდენტის ციტატასაც მოვიხმობთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ, ჰა-ჰა, ორი ქალაქი დაკარგა, ბ-ნი მალაშხიას ლოგიკა რკინაზე უმტკიცესია: ვამბობთ მოსკოვს, ვგულისხმობთ ცხინვალს (ოღონდ, მე კი არა, ისინი გულისხმობენ!). თუმცა, ყველაზე გაბრაზებულად მაინც ბ-ნი თორთლაძე გამოიყურებოდა და მეტად შორს მიმავალ დასკვნებსაც აკეთებდა: ზემოხსენებულმა სამეულმა თომას ჰამარბერგს დარჩენილი ორი მოზარდის გათავისუფლების ოპერაცია ჩაუშალაო. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ თომას ჰამარბერგი საქართველოს იურისდიქციაში გაუჩინარებული ოსების ბედის გარკვევასაც აპირებს და დამნაშავეების დასჯასაც, შესაძლოა, ქართულ პოლიტსცენაზე დატრიალებული ქარცეცხლის მიზეზი ისიც იყოს, რომ ქურდს კუდი ეწვის.