სამხედრო ჩვენება
ანუ ბანალური სცენარი
გასულ კვირას საჩხერის სამთო ბატალიონმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარა. იმდენად საჩვენებელი, რომ მას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და თვით უცხოელი პატიოსანი გვამებიც (მეტი დამაჯერებლობისთვისაც და, ალბათ, იმიტომაც, რომ ჩვენებური სამხედროები როლში უფრო ლაზათიანად შესულიყვნენ). ჩვენების სცენარი ბანალური, მაგრამ მაინც აქტუალური იყო: ტერორისტ-ექსტრემისტებმა უცხოელი დიპლომატი გაიტაცეს, რომელიც ჩვენს სამთოელებს უნდა გამოეხსნათ. რაც მთავარია, სწავლება-ჩვენება ორმხრივ სასარგებლო გახლდათ: პარალელურად ჟურნალისტებიც გამოწვრთნეს, რათა ექსტრემალურ ვითარებაში ნაყოფიერად იმუშაონ. ჩვეულებისამებრ, ჩვენებმა სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს (რაც, სავსებით ბუნებრივია – ოპერაცია ხომ მხოლოდ საჩვენებელი იყო?!): მძევალიც გაათავისუფლეს და ტერორისტ-ექსტრემისტებიც ალაგმეს!
მეორე მხრივ, უდავოა, რომ ამ ბოლო დროს ჩვენი სამხედრო შენაერთები მეტად წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა საჩვენებელ ღონისძიებას, ამას წინათ კი, სულაც, ამერიკულ ბლოკბასტერშიც მიაღებინეს მონაწილეობა, რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ, თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა, ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთოდაც არ მოაშორონ გადასაღებ მოედანს (ამაზეა ნათქვამი: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო“). ასე იქნება თუ ისე, ჯერჯერობით მხოლოდ იმით მოგვიწევს ამბიციების დაოკება, რომ ამ კონკრეტულ საჩვენებელ ოპერაციას ჩვენმა სამთოელებმა თავი წარმატებით გაართვეს (თვითონაც კმაყოფილი დარჩნენ და დამკვირვებლებიც). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ცხინვალის ციხეში მრავლად სხედან ქართველი მძევლები, იქნებ ჩვენი სამთოელები (არა მხოლოდ ისინი) მხოლოდ საჩვენებელი ოპერაციებით არ დაკმაყოფილებულიყვნენ და ერთი სავალდებულოც მიეყოლებინათ, თუ, რასაკვირველია, გამოხსნის იშტაზე მხოლოდ ჩვენებებსა და უცხოელი მძევლის გათავისუფლებისას არ მოდიან ხოლმე.