კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა ზამთარში მაგნოლიის გაყინვა და როგორ მოქმედებს იალღუნზე სიცივე


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ამჯერად ისაუბრებს ორ ისეთ არაჩვეულებრივ მცენარეზე, რომელთაგანაც ერთ-ერთს ძალიან წარმატებულად იყენებენ მედიცინაში, სამკურნალო დანიშნულებისთვის, მეორეს გაზრდა კი, თავისი გამძლეობის გამო, თურმე, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.


– ბატონო თენგიზ, გვესაუბრეთ მაგნოლიის შესახებ, რაში მდგომარეობს მისი კარგად მოვლა და როგორ შეიძლება მისი გახარება?

– მაგნოლია საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და შავიზღვისპირეთში. ის მარადმწვანე მცენარეა. მას აქვს ულამაზესი რძისფერი-თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. მაგნოლიის სახეობები განსხვავდება ერთმანეთისგან ფოთლების ფორმითა და ყვავილების ზომით, რომლებიც მაისიდან ყვავის და სექტემბრამდე ძლებს.

– ამ მცენარეს ნაყოფიც აქვს?

– დიახ, მცენარის ხორციანი ნაყოფი ნოემბერში სკდება და იქიდან თესლი ცვივა. გარედან მას მკვეთრი წითელი გარსი და თხელი თეთრი სათესლე ძაფი აქვს.

– როგორ გავამრავლოთ მცენარე და წელიწადის რომელ სეზონზე შეიძლება მისი დათესვა?

– მცენარე მრავლდება თესლით – ის ითესება შემოდგომაზე. ამ თესლის დათესვა შესაძლებელია, როგორც კი მას ნაყოფისგან აიღებთ. შეგიძლიათ, თესლი მშრალ ადგილას შეინახოთ.

– რამდენ ხანს ძლებს შენახული თესლი და რა ინტენსივობით იზრდება მცენარე?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ თესლს შეინახავთ მშრალ ადგილას, ის ვარგისი იქნება ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება მცენარეს, ის ადრეულ ასაკში ნელა იზრდება, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ შედარებით უმატებს ზრდის ტემპს.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ მაგნოლიას თესლს დათესვისას?

– სასურველია, ამ დროს ნიადაგი იყოს ნაყოფიერი. თესლი უნდა ჩაითესოს ოდნავ ნესტიან მიწაში. საერთოდ, ამ მცენარის სწრაფი ზრდისთვის საჭიროა ნიადაგის ხშირი განახლება.

– მაგნოლიის თესლის დათესვის შემდეგ, როგორი პირობების შექმნაა საჭირო, რა სიხშირით მოვრწყათ ახალდათესილი მაგნოლია და რა ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?

– დადგით ისეთ ადგილას, სადაც კარგი სინათლე იქნება. მორწყეთ ზომიერად და შეეცადეთ, წყალი ჭარბად არ მოგივიდეთ, თუმცა, არც ნიადაგის ძალიან გამოშრობაა სასურველი. ორი წლის შემდეგ შეგიძლიათ, გადარგოთ თავის მუდმივ სამყოფელში.

– გამძლე მცენარეა მაგნოლია?

– ნიკიტსკის ბოტანიკურ ბაღში 90 წლის მაგნოლია დღესაც კარგად გრძნობს თავს. ასე რომ, მის გამძლეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. ეს მცენარე იმდენად გამძლეც კი არის, რომ ის იოლად იტანს მტვრიან და კვამლიან ჰაერს. როგორც მიხვდით, მაგნოლიას არც ადგილმდებარეობაზე აქვს გართულება. ის კარგად იზრდება ნებისმიერ ადგილას და დაბალ ტემპერატურასაც ადვილად უძლებს.

მაგნოლია გარე კულტურაშიც მშვენივრად ხარობს. მას იყენებენ პარკებისა და ბაღების გასაშენებლად, ამიტომ, გაყინვის საფრთხე გამორიცხულია.

– როგორც ვიცი, მაგნოლიას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს...

– მისი ფოთლები, ყვავილები და ახალგაზრდა ამონაყარები შეიცავს ეთერზეთებს. ბოლო ხანებში ფოთლებიდან იღებენ წამლებისთვის საჭირო ინგრედიენტს რუტინს და მას მედიცინაში იყენებენ.

– რას გვეტყვით იალღუნის შესახებ?

– იალღუნიც საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. ის, შეიძლება, ბუჩქის სახითაც შეგხვდეთ, მისი ფოთლები ძალიან ვიწროა; ვარდისფერი, წითელი და თეთრი ფერის ყვავილები მოგროვილია ერთ ბუდეში. მაგნოლიის მსგავსად, ამ მცენარესაც აქვს ნაყოფი.

– როდის ყვავის იალღუნი და როგორ გავუხანგრძლივოთ მას ეს პროცესი?

– მცენარე ყვავის გაზაფხულსა და ზაფხულში. ხშირად ხდება მისი მეორედ ყვავილობაც შემოდგომის დასაწყისში. აყვავილებული იალღუნი განსაკუთრებით შთამბეჭდავი და მიმზიდველია. იმისთვის, რომ მცენარემ კარგად იყვავილოს, აუცილებლად სინათლეში დადგით. ის სინათლისა და სიმშრალის მოყვარულია და არ უყვარს ნესტიანი გარემო.

– სიცივზე როგორ რეაგირებს იალღუნი?

– სხვათა შორის, ეს მცენარე სიცივის ამტანია. მისი ყველაზე სითბოს მოყვარული სახეობაც კი მინუს 17 გრადუსს, ყველაზე ამტანი კი მინუს 40 გრადუს ტემპერატურას უძლებს. ამ მცენარეების უპირატესობა ისაა, რომ, თუ შემაღლებულ ადგილებში ჩარგავთ, ნიადაგს ამაგრებს და მიწის ჩამოშლას უშლის ხელს. სიმშრალის მოყვარული მცენარეები კარგად იზრდებიან მარილიან ნიადაგში.

– ესე იგი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შევძლებთ მის გახარებას?

– რა თქმა უნდა, მცენარე, რომელიც ასეთ ყინვას უძლებს, როგორ შეიძლება საქართველოს კლიმატისთვის შეუფერებელი იყოს? თქვენ წარმოიდგინეთ, მას ისეთ ადგილებშიც ზრდიან, სადაც სხვა მცენარეების გახარება შეუძლებელია.

– როგორ გავამრავლოთ იალღუნი?

– ეს მცენარე თესლით მრავლდება. მისი ნაყოფიც შემოდგომაზე მწიფდება. სანამ გასკდება და მიწაზე დაიყრება, მანამდე უნდა მოასწროთ მისი აღება. შეგიძლიათ, თესლი მაშინვე დათესოთ ან შეინახოთ მშრალ ადგილას. მას სჭირდება ნათელი გარემო და მორწყვა, მიწა არ უნდა გამოუშრეს. ის ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არ არის.

სხვა დროს რა პირობები შევუქმნათ იალღუნს?

– ამყოფეთ დაახლოებით, პლუს 18-22 გრადუს ტემპერატურაზე, არ მოაკლოთ სინათლე, ზაფხულში მორწყეთ ზომიერად და რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადარგეთ. რაც შეეხება ამ სეზონს, წყლის რაოდენობა შედარებით შეამცირეთ და, ნაკლები ტემპერატურის შემთხვევაში, იშვიათად მორწყეთ. ზამთარში მისი გაფუჭების ნუ შეგეშინდებათ.


скачать dle 11.3