რა მეთოდით უნდა დავსაჯოთ ლეკვი და როგორ უნდა მოვარჯულოთ ჯიუტი არსება
იმისათვის, რომ ადამიანისა და ძაღლის თანაცხოვრება იდეალური იყოს და ერთმა მეორეს პრობლემა და დისკომფორტი არ შეუქმნას, აუცილებელია, რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და ლეკვობიდანვე სწორად აღზრდით ოთხფეხა მეგობარს, არც თქვენ შეგექმნებათ ზედმეტი პრობლება და არც მას. ამის შესახებ კი უფრო დაწვრილებით საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.
– სარწმუნო წყაროებს თუ დავეყრდნობით, თითქმის 4 000 წელს ითვლის ადამიანისა და ძაღლის თანაცხოვრება. აქედან გამომდინარე, ძაღლი ძალიან გაშინაურებული ცხოველი და ადამიანის ერთადერთი ერთგული მეგობარია. მაგრამ, დღევანდელ რეალობაში ისეთი ფაქტებიც გვხვდება, რომ შინაური ცხოველი, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში – გარეული ხდება. ეს იმის ბრალია, რომ ცხოველი სათანადოდ აღზრდილი არ არის და მასთან ადამიანმა საერთო ენა სათანადოდ ვერ გამონახა. როცა ლეკვის აყვანას გადავწყვეტთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, მასთან კონტაქტის დამყარებაა. კარგად უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ის ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრია და არა არსება, რომელიც სიგნალიზაციის როლს ასრულებს და ბინას ყაჩაღებისგან იცავს. თუ ადამიანს მხოლოდ მცველი სჭირდება, შეუძლია, რომელიმე დაცვის სამსახურს მიმართოს და სახლში სიგნალიზაცია დააყენოს. თუმცა, არც იმას უარვყოფ, რომ ძაღლის ერთ-ერთი მოვალეობა ტერიტორიისა და პატრონის დაცვაა, მაგრამ ეს ყველაფერი მას მერე, რაც ის ჩვენი მეგობარი და ოჯახის წევრი გახდება.
– რას ნიშნავს ძაღლთან საერთო ენის გამონახვა?
– როცა ჩამოვყალიბდებით, თუ რა ფუნქცია უნდა შეგვისრულოს მეგობარმა და სათანადო ჯიშის ძაღლს შევარჩევთ, მას ოჯახში ადგილი უნდა მივუჩინოთ, აბსოლუტურად ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. ლეკვი, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს დაბმული, გალიაში ჩაკეტილი, ან ერთ ოთახში გამოკეტილი იმის გამო, რომ შარდავს. მას ოჯახის თითოეულ წევრთან ახლო კონტაქტი უნდა ჰქონდეს. შემდეგ ლეკვი თავად ირჩევს ოჯახში საყვარელ წევრს და წინამძღოლს. ეს შეიძლება იყოს ერთი და ან სხვადასხვა ადამიანი. ხშირ შემთხვევაში, ლეკვი წინამძღოლად ოჯახის უფროსს ირჩევს, ხოლო განსაკუთრებული სიყვარულით სხვას ეპყრობა, მაგალითად, ბავშვს. აქედან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ, ლეკვს ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ, ოღონდ გათავხედებამდე. ზედმეტი კომფორტი ცხოველის აბსოლუტური გათავხედებაა, რისი წყალობითაც შეიძლება, მეორე დღეს შემოგიტრიალდეთ, შემოგიღრინოთ და გიკბინოთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა დავაბალანსოდ და მას ვუყუროთ, როგორც ბავშვს. სულიერი კონტაქტის დასამყარებლად აუცილებელია, მივიღოთ დამსჯელი სანქციები და ლეკვი ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ. გავაკეთებინოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. კინოლოგებს აქვთ გამონათქვამი, ლეკვზე ჯიუტი ვირიც კი არ არისო. ლეკვი ყველაზე ჯიუტი არსებაა, მას შეუძლია, ბევრჯერ მოისმინოს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან ბევრჯერ წავიდეს და იგივე გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო მის აღსაზრდელად. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ნებაზე მიშვება. ყველაზე შედეგიანი ფსიქოლოგიურად დამსჯელი მეთოდი მისთვის ის არის, რაც არ უყვარს, ის გავაკეთებინოთ. მაგალითად, ჭამა ლეკვისთვის ყველაზე წამახალისებელია. თუ ლეკვი დღეში 4-5 ჯერ იკვებება, დასჯის თვალსაზრისით, ერთი კვება გამოუტოვეთ. ან სასეირნოდ, დიდი ხნის ნაცვლად, მხოლოდ 5 წუთით ჩაიყვანოთ ეზოში. მხოლოდ ეს ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს, ასაკთან ერთად უყალიბდება და ასე თუ ისე თვინიერი იზრდება. გუშინ დააშავა და დღეს დავსაჯო, არ იმოქმედებს. რეაგირება სწრაფი უნდა იყოს. შეიძლება, უყვიროთ, ხელიც წამოარტყათ, მაგრამ ამგვარი დასჯა მაინცდამაინც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.
არის შემთხვევა, როცა დგება. ადამიანისა და ძაღლის თანაცხოვრება ვერ შედგება. ასეთი რამ ხშირად გამოცდილ კინოლოგებსაც კი შემთხვევიათ.
– რატომ?
– ეს განპირობებულია ძაღლის ჯიშიდან გამომდინარე. რა არის თანაცხოვრება? როცა ძაღლი და ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობს, ერთიც და მეორეც კმაყოფილი უნდა იყოს. ერთმანეთთან მეგობრული კონტაქტი უნდა ჰქონდეთ და ურთიერთგაგება იგრძნობოდეს. როცა ადამიანი ფლეგმატურია, არასპორტული, იღვიძებს დღის 2 საათზე და ღამის 3 საათზე იძინებს, ამ დროს კი სპორტული ტიპის ძაღლი ჰყავს, რომელიც პატრონს ყოველდღე, დილის 9 საათზე გააღვიძებს საყელურით პირში, გამასეირნეო, ამან შეიძლება ძაღლის მფლობელი ინფარქტამდე მიიყვანოს. შესაბამისად, ვერ შედგება მათი თანაცხოვრება. ამიტომ, ჯერ ჯიში უნდა შეარჩიოთ სწორად და მერე მის აღზრდას მიჰყოთ ხელი.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ძაღლი ცხოვრების პროცესში ბედნიერი იყოს. როცა ძაღლი ჯანმრთელი, კარგად ნაკვები და შენთან თანაცხოვრებით ბედნიერია, ის თავის ფუნქციას ყოველთვის „ხუთიანზე“ შეასრულებს. თუ ძაღლს რაიმე პრობლემა აქვს, უქმნით დისკომფორტს, არ კვებავთ სათანადოდ, რაც ორგანიზმში ბევრ ცვლილებებს იწვევს, მას აღარც ოჯახის ნორმალურად დაცვა უნდა, არც ნადირობა, არც შენი კომპანიონობა და არც სხვა რამ.
– იმ შემთხვევაში, თუ მაინც არ მოხერხდა კომფორტული თანაცხოვრება, რა უნდა ქნას პატრონმა, ძაღლი უნდა გააჩუქოს, თუ მწვრთნელს მიმართოს დახმარებისთვის?
– ერთი გამოსავალი არსებობს... თავიდან თუ შეცდი, უნდა მიჰყვე ბოლომდე. დამთავრებული ამბავია, უნდა აიტანო და გყავდეს. არის ერთი ხელსაყრელი მეთოდი. ძაღლს უნდა მოუძებნოთ სხვა მიმართულება. მხოლოდ ეს აუცილებლად თქვენ უნდა მოახერხოთ, ამას ვერც ერთი პროფესიონალი მწვრთნელი ინსტრუქტორი ვერ გაგიკეთებთ. უნდა მოძებნოთ მისი ბუნებრივი მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ალტერნატიული გზა. მაგალითად, დაასაქმოთ რაიმე სხვა საქმით.
– უფრო ზუსტად...
თუნდაც, ასწავლეთ თქვენს გარეშე სეირნობა. ამას ისე ნუ გაიგებთ, რომ ქუჩაში მარტო გაუშვათ. უნდა აუშვათ მინდორში, თქვენს ტერიტორიაზე ირბინოს და შორს არ წავიდეს. ამაში ინსტრუქტორს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ. ასე ძაღლი ენერგიასაც დახარჯავს, მაგრამ საპირისპიროდაც შეიძლება მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ადამიანია აქტიური და მას ასეთივე ცხოველი სჭირდება გვერდით. მაგრამ, თუ პასიური ძაღლი ჰყავს, ისეთი როგორიც მასტინოა, სათანადო პარტნიორობას ვერ გაუწევს. მასტინომ ზაფხულში ერთი კილომეტრი თუ გაიარა, შეიძლება დორბლის მდინარე დააყენოს. ამ შემთხვევაში, ძაღლისა და პატრონის ურთიერთალტერნატიული გზები უნდა მოიძებნოს.
ცხოველთან თანაცხოვრება რომ გავიმარტივოთ, უპირველესად, ყველაზე დიდი აქცენტი ჯიშის შერჩევაზე უნდა გაკეთდეს.