კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი მეფეები გამოირჩეოდნენ მოთმინებით, რის შედეგადაც საქართველომ ბევრი მოიგო


საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით ხდებოდა ანგარიშგასაწევი ძალა, რაც დამსახურებაა იმ პერიოდში მოღვაწე მონარქებისა, მათი დიპლომატიური ალღოსი და იმ საერთო თვისებისა, რომლითაც, როგორც ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი გოჩა საითიძე აღნიშნავს, ზოგადად ქართველები ვერ დავიკვეხნით. თუ ვინ იყვნენ ეს მეფეები და რა თვისება აერთიანებდა მათ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


გოჩა საითიძე: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს ძირითადად თავისი ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა უწევდა. თუმცა, იყო პერიოდები, როდესაც საქართველო გაძლიერებული იყო, მინიმუმ, კავკასიის მასშტაბით, ანდა, საერთოდ, მთელს მახლობელ აღმოსავლეთში.

– რომელ მონარქთა მეფობის ხანაში იყო განსაკუთრებულად ძლიერი საქართველო?

– მაგალითად, ასე მოხდა ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, მეფე ფარნავაზის დროს, როდესაც საქართველო იქცა უძლიერეს სახელმწიფოდ მთელ კავკასიაში; მეორე საუკუნეში, ქართლის მეფე ფარსმან მეორე ქველის მეფობის ხანაში; დავით აღმაშენებლის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანაში.

– თქვენი აზრით, რა საერთო თვისება აერთიანებდათ ამ მეფეებს?

– ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც თითოეულ ჩამოთვლილ დიდ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს ჰქონდა, არის მოთმინების უნარი, რომელიც, სხვათა შორის, ქართველებს ძალიან გვაკლია და, რის გამოც, პირადად მე ამ მეფეებს არატიპურ ქართველებს ვუწოდებ.

– მოდი, მეფე ფარნავაზით დავიწყოთ.

– დიდი დიპლომატი და პოლიტიკოსი აუცილებლად ეშმაკი უნდა იყოს. ის მოწინააღმდეგეს ურტყამს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ამას საერთოდ არ ელის და, შედეგსაც იღებს.

ფარნავაზი 3 წლის იყო, როდესაც საქართველოში შემოვიდა ბერძენთა ლაშქარი და მოჰყვა მათ მოღალატე აზო (აზონი), რომელმაც მოკლა ფარნავაზის ბიძა – ქართლის მამასახლისი სამარი, მისი ძმა, ანუ ფარნავაზის მამა და ფარნავაზსაც მოკლავდა, იგი დედას რომ არ გადაემალა ჩრდილო კავკასიის მთებში, საიდანაც თვითონ იყო. იქ აღიზარდა ფარნავაზი. ამასობაში, 22 წლის განმავლობაში ქართლს აზო განაგებს. 24-25 წლის ფარნავაზი ჩამოდის ქართლში, სადაც მას უკვე ვეღარავინ ცნობს. ფარნავაზი შედის აზოს ამალაში და უერთგულესად ემსახურება. ნელ-ნელა ფარნავაზმა გადაიბირა ხალხი, საიდუმლოდ მოამზადა აჯანყება და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, აზო ტახტიდან ჩამოაგდეს. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, თუ ვინ იყო ამ აჯანყების მოთავე და ორგანიზატორი.

იმავეს აკეთებს ფარსმან ქველი. მის დროს ქართლის სამეფო რომის იმპერიის ვასალია. 128 წელს იმპერატორი ადრიანე მცირე აზიაში მოგზაურობს და იბარებს თავისი ვასალი ქვეყნების მმართველებს. ამ მიზნით მან ფარსმანს გამოუგზავნა საბრძოლო სპილო და ორმოცდაათკაციანი რაზმი. სანაცვლოდ, როგორც ხელქვეითი და ქვეშევრდომი, ქართლის მეფე უნდა ხლებოდა მას. ფარსმანმა კი, როგორც თანასწორმა თანასწორს, გაუგზავნა დიდი ძღვენი, კერძოდ, ოქროქსოვილი მოსასხამები, თვითონ კი არსადაც არ წასულა. როცა საუბარია ვასალსა და მის სუვერენზე, ასეთი საქციელი ავტომატურად აჯანყებას ნიშნავს.

– სინამდვილეში რა მოხდა?

– გაბოროტებულმა ადრიანემ, იმის გამო, რომ არ ჰქონდა თავისი ურჩი ვასალის დასჯის შესაძლებლობა, ფარსმანისგან გამოგზავნილი ძვირფასი მოსასხამები გლადიატორებს ჩააცვა და ცირკის არენაზე ერთმანეთი დაახოცვინა, რაც ნიშნავს, რომ ფარსმანს ურჩობა შერჩა. ეს რომ მართლა რომის ძლიერების ხანაში მომხდარიყო, ჩვენგან ქვა-ქვაზე აღარ დარჩებოდა, მაგრამ ფარსმანმა სწორად შეარჩია დრო, გათვალა, როდის ვერ შეძლებდა რომის იმპერატორი ადეკვატური ზომების მიღებას. ამის შემდეგ ფარსმანმა გახსნა დარიალის ხეობა, რომელსაც ოსტატურად იყენებდნენ ხოლმე ჩვენი მეფეები და რომის პროვინციები დაარბევინა იქიდან გადმოსულ ალან-ოსებს.

– დიდხანს გაგრძელდა ფარსმანისა და ადრიანეს ქიშპობა?

– ეს გაგრძელდა მომავალი იმპერატორის – ანტონინე პიუსის ხელისუფლებაში მოსვლამდე. მან ფარსმანთან ურთიერთობაში პოლიტიკა შეცვალა და როგორც თანასწორმა თანასწორი, ისე მიიპატიჟა იგი თავისთან. რა თქმა უნდა, ფარსმანი ჩავიდა რომში და საპატიოდაც მიიღეს. ამან ქართლის მეფეს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. მეტსაც გეტყვით: რომის ცენტრში აღმართულ დიდი ქვის სტელაზე, სადაც ამოტვიფრული იყო იმ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, ფარსმანის ვიზიტი რომში ნომერ პირველ ინფორმაციადაა აღრიცხული.

ფარნავაზიც და ფარსმანიც ითმენდნენ იმ მომენტამდე, სანამ სასურველი დრო არ დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანა ძლიერდება და საერთაშორისო ფუნქციას იძენს იმ შემთხვევაში, თუკი აგრესორი ქვეყანა (ან ქვეყნები) ისე სუსტდება, რომ მას აღარ შეუძლია დაქვემდებარებულ პატარა ქვეყანაზე თავისი ძალაუფლების გავრცელება, ან აგრესორ ქვეყანას უპირისპირდება მეორე დიდი ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში იქნება მისი დამაბალანსებელი, გამაწონასწორებელი.

– დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოზე რას გვიამბობთ?

– დავითის გამეფების პერიოდში, საქართველო უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროს ჩვენ თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ვასალები ვართ. დავითი გამეფებიდან ათი წლის შემდეგ უწყვეტს ხარკის მიცემას თურქ-სელჩუკებს. მანამდე ძალიან კეთილსინდისიერად იხდის, პარალელურად კი, ვითომდა თვითონ საქმის კურსში არ არის, ღამღამობით მისი მცირერიცხოვანი რაზმები ქართლის ველზე დაბანაკებულ სელჩუკებს ესხმიან თავს და ჟლეტენ, რითაც შიში ჩაუნერგა მათ. დავითმა ნელ-ნელა დაიწყო ჯარის შექმნა, თუმცა, პარალელურად, მაინც იხდიდა ხარკს. წარმოიდგინეთ, მაშინაც რამდენი ქართველი იტყოდა: შენ რა ქართველი ხარ, ერთი კარგი აჯანყება მოვაწყოთ, ხარკს რისთვის იხდიო. თუმცა, დავით აღმაშენებელი ელოდა შესაფერის სიტუაციას და სწორედ ამისთვის ემზადებოდა. მან შექმნა მსტოვართა, ანუ ჯაშუშთა ინსტიტუტი, რისი წყალობითაც მეფემ ყველაფერი იცოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.

– ამ დროს ჩნდებიან ასპარეზზე ჯვაროსნები?

– ჯვაროსნები 1099 წელს თურქ-სელჩუკებისგან ათავისუფლებენ იერუსალიმს. როდესაც თურქ-სელჩუკების მთელი ძალა იერუსალიმისკენ იყო გადასროლილი, მაშინ შეუწყვიტა მათ დავითმა ხარკის ძლევა და დაიწყო მათი განდევნა საქართველოდან. აღმაშენებელი მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა მიზნისკენ. საქართველო მან მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და ეს სწორედ მოთმინებისა და გეგმაზომიერი პოლიტიკის წყალობით მოახერხა.

– რა ვითარება იყო გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე საქართველოში?

– მონღოლები საქართველოში საუკუნეზე დიდხანს ბატონობდნენ. მათი ბატონობის ბოლო ეტაპი გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანაა. მონღოლთა სახელმწიფო იყოფოდა რამდენიმე ულუსად. ჩვენ ილხანთა საყაენოს დაქვემდებარებაში ვიყავით. გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანაში ილხანთა სახელმწიფო დღითიდღე სუსტდებოდა, ამიტომ საქართველოს მეფისგან საჭირო იყო ძალიან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება, რათა ამ იმპერიას თავისი ნანგრევების ქვეშ არ მოექცია ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, გიორგიმ ძალიან რბილი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოება დაიწყო. იგი მონღოლებს უერთგულეს მოხელედ აჩვენებდა თავს და, დარწმუნებული ვარ, იმდროინდელ საქართველოშიც ბევრი მოიძებნებოდა ისეთი, რომელიც მიიჩნევდა, რომ მეფე გიორგი იყო მოღალატე, რომელსაც ქართული ინტერესები საერთოდ არ ანაღვლებდა. ამიტომ, ძნელია, ამა თუ იმ პოლიტიკოსის ჩანაფიქრი და ღვაწლი განისაზღვროს მაშინ, როდესაც ის მოქმედებს. დღევანდელი გადასახედიდან, გიორგი ბრწყინვალე უდიდესი მეფეა, თუმცა, ვინ უწყის, რამდენი იმდროინდელი ქართველი უყურებდა ალმაცერად მის პოლიტიკას. უმრავლესობა ვერც კი მიხვდებოდა, რას გეგმავდა გიორგი მეხუთე. მან სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არ იყო აუცილებელი მონღოლთა გაღიზიანება, რომლებიც ისედაც სუსტდებოდნენ და იშლებოდნენ. გიორგი ბრწყინვალემ მონღოლების კეთილგანწყობა დაიმსახურა და ძალიან საინტერესოა, რომ დამპყრობლებმა თვითონ მისცეს მას უფლება, გაეერთიანებინა მანამდე სამ ნაწილად დაშლილი საქართველო.

– როგორ დაარწმუნა მეფე გიორგიმ მონღოლები ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაში?

– გიორგი ბრწყინვალემ დაარწმუნა მონღოლები, რომ, თუკი ქვეყანა გაერთიანდებოდა, ეს მონღოლებისთვისვე იქნებოდა კარგი და საინტერესო, რადგან სამჯერ გაიზრდებოდა მეომრებისა და გადასახადების რაოდენობა. მონღოლები დაინტერესდნენ ამ წინადადებით. გიორგიმ ისიც სწორად გათვალა, თუ ვინ იყო ილხანთა სახელმწიფოში იმ დროისათვის ნომერ პირველი ფიგურა და მასთან კარგ ურთიერთობაზე ააგო თავისი პოლიტიკა. ეს იყო პირველი ვეზირი – ჩობან ნოინი. გიორგიმ ამ ურთიერთობით ბევრი მოიგო. თუნდაც ის რად ღირს, რომ გადასახადების აკრეფა მეფეს თვითონ დაეკისრა. მანამდე გადასახადების ამკრეფი მონღოლი მოხელეები შავ დღეში ყრიდნენ ქართველ მოსახლეობას.

პარალელურად, გიორგი ბრწყინვალემ მოახერხა, კარგი ურთიერთობები დაემყარებინა მონღოლთა დაუძინებელ მტერთან – ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოსთან, რომელსაც ამ დროისთვის წმიდა მიწა ჰქონდა დაპყრობილი. მონღოლთა ვასალმა გიორგიმ, იერუსალიმში ელჩობის ორჯერ გაგზავნის შემდეგ, დაიბრუნა ქართველთა ჯვრის მონასტერი; გარდა ამისა, ჩვენ გადმოგვეცა ქრისტიანთა უმთავრესი სიწმიდე, „კლიტენი იერუსალიმისანი“, ანუ მაცხოვრის საფლავის ეკლესია, სადაც ყოველ აღდგომას ღვთიური ცეცხლი გადმოდის. ასეთი წარმატებისთვის ქართულ დიპლომატიას არც მანამდე და არც შემდეგ, არასდროს მიუღწევია.

გიორგი ბრწყინვალემ თავისი გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკით მიაღწია იმას, რომ მონღოლებს არ დაარბევინა და გააპარტახებინა ქვეყანა. როდესაც საილხანოში არეულობა დაიწყო, მაშინ შეარჩია ხელსაყრელი დრო და საქართველოს ციხესიმაგრეებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მონღოლური გარნიზონები თითქმის უბრძოლველად განდევნა ჩვენი ქვეყნიდან. მეფე გიორგიმ საქართველო გააერთიანა, მონღოლები განდევნა, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი აღადგინა ისე, რომ ერთი დიდი ბრძოლაც არ გადაუხდია. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ: ქებათა-ქება მოთმინებას!


скачать dle 11.3