ის სხვანაირად ფიქრობს
აღმოჩნდა, რომ ქალური და მამაკაცური რომანტიზმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, მშვენიერი, უწყინარი შეკითხვა: „გიყვარვარ?“ – მამაკაცისთვის სულაც არ არის მშვენიერი. მათ მიაჩნიათ, რომ, როცა ქალი ხშირად ეკითხება ამას, არ ენდობა კაცს, რომელიც გვერდით ჰყავს. ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან ღიზიანდებიან.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ათიდან რვა ქალი გულს უწყალებს საკუთარ მეორე ნახევარს ამ შეკითხვით – დღის განმავლობაში რამდენჯერმე ურეკავს და საუბარს ამ სიტყვებით ამთავრებს. მამაკაცი ამ დროს ცოფდება. იმიტომ არა, რომ არ უყვარს თავისი საყვარელი „ტვინის ბურღი“, უბრალოდ, აღშფოთებულია და უკვირს, რატომ არის იგი ზოგჯერ ასეთი მომაბეზრებელი.
ის, რომ ქალებისთვის სიყვარული არასდროს არის ბევრი და მათ მეტი და მეტი სასიყვარულო სიტყვები სჭირდებათ ბედნიერებისთვის, გასაგები მხოლოდ ჩვენთვის, ქალებისთვის არის. მამაკაცისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია: თუ უყვარს, უყვარს და მორჩა! აღარ მიაჩნია აუცილებლად, დღეში სამ-ოთხჯერ ამ გრძნობაზე ლაპარაკი. ანუ, ზოგჯერ ის თვითონ არის დამნაშავე იმაში, რომ ქალს უჩნდება შეკითხვა: „გიყვარვარ?“ ქალბატონები ხომ ძნელად იჯერებენ საკუთარ ბედნიერებას. მათ მამაკაცებზე ხშირად აწუხებთ ეჭვები. საკმარისია, მამაკაცმა მათ მიმართ ყურადღება შეასუსტოს, რომ პანიკაში ვარდებიან და დასამშვიდებელი პასუხის მისაღებად ისევ მამაკაცს მიადგებიან ხოლმე. არსებობს კიდევ ერთი, მთავარი ფაქტორი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ქალს. ის ფიქრობს: „რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ურთიერთობა?“.. და პათოლოგიურად ნერვიულობს ამაზე. სამაგიეროდ, მსგავსი აზრი კაცს თავში არასოდეს მოუვა. ის ტკბება იმ რეალობით, რომელიც აქვს და ნაკლებად ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. ერთი სიტყვით, ჩვენ „ალთას“ ვფიქრობთ, ისინი – „ბალთას“, მაგრამ კონსენსუსის პოვნა შეიძლება. რა არის ამისთვის საჭირო?! – ბევრი არაფერი, მხოლოდ უნდა მოინდომოთ და გაიგოთ ერთმანეთის ფიქრები.