რა აირია სუხიტაშვილების ოჯახში და რატომ წავიდა მათი მამა სახლიდან
ლევან, გიორგი და ნინი სუხიტაშვილებს, რომლებსაც ძალიან უყვართ მუსიკალურ და რეალურ შოუებში მონაწილეობა, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. თუმცა, ნინიმ, ძმებისგან განსხვავებით, ვერ მოახერხა გამარჯვება და ალბათ, ამაში ასაკმა და გამოუცდელობამ შეუშალა ხელი. მისი დაბადების დღე კი ძმებს ასე ახსოვთ:
ლევანი: ავეჯს ვაწყობდი სოფელში ფესტაან ზურასთან ერთად. მგონი ვიცოდით, გოგონა, რომ უნდა დაბადებულიყო.
ნინი: არა, არ იცოდით.
გიორგი: შენ „გარტყმაშიც“ არ იყავი, უფრო სწორედ არ იცოდი, რომ გოგონა იბადებოდი.
ლევანი: პატარა ვიყავი, მისწორდებოდა, მსიამოვნებდა ავეჯის აწყობის ყურება. მერე ოჯახში რაღაც აირ-დაირია, მამაც წავიდა. უფრო სწორად, დედა საავადმყოფოში ადრე წაიყვანეს და ნინი, რომ დაიბადა, აი, მაშინ ვაწყობდი ავეჯს. მამაჩემი კი არ წავიდა სახლიდან, მაშინ მოვიდა და თქვა, ბავშვი დაიბადაო. მანამდე კი ჩვენთვის ზღვის ქაფები იყო დელიკატესი, საჭმელი, რომ არ გვქონდა მაგას ვჭამდით და დიქტს.
– გიორგი, შენ რას აკეთებდი მაშინ, როდესაც ნინი დაიბადა?
გიორგი: მეც ლევანისთან ერთად ვიყავი. სოფელში ვაშლის ყუთებს ვშლიდი და მისგან ვაკეთებდი ავტომატს, რომლის სახელურებს შორის უნდა ყოფილიყო რეზინი, თან ჯოხი უნდა ჩაგეყოლებინა, ხმა რომ ჰქონოდა. ამ რეზინით იყო ავეჯი შეკრული და ერთი სული მქონდა, როდის მოხსნიდნენ, რომ წამეღო. ნინიზე საერთოდ არ ვფიქრობდი და რომ ვიფიქრე, ვინანე კიდეც.
ლევანი: როდესაც ნინი დაიბადა და წავედით მის სანახავად, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის უბედურება გააზრებული, რაც წინ ელოდებოდა, ავტომატს აწყობდა ბიჭი. მე უკვე გამოცდილი ვიყავი.
გიორგი: ყველგან ვამბობ და ახლაც უნდა ვთქვა, ნინი რომ გამოვიყვანეთ, ლევანის დააჭერინეს, ესეც შემობრუნდა და მეუბნება, დღეს შენს სიყვარულს წითელი ხაზი გადაესვაო. იცი, რა დამემართა, ვიგლოვე, ვიტირე და ნინი მაშინვე შემზიზღდა.
ნინი: ახლაც ვეზიზღები, საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, ლევანმა გამზარდა.
– ლევან, შენს სიყვარულს მაშინ გადაესვა წითელი ხაზი, როდესაც გიორგი დაიბადა?
– კი, ორივენი მიგდებულები ვიყავით, ვის ვახსოვდით, არავის. სამაგიეროდ, პირველად რომ დავინახე ნინი, მივხვდი, რომ ცხოვრება ღირდა. სახლიდან აღარ მინდოდა გასვლა. ვუვლიდი, მერე დაძინებაც დავამუღამე. ერთი, რძე არ მქონდა.
ნინი: გიორგის საერთოდ არ ვუყვარდი. რომ ეტყოდნენ, მიდი დახედე, ხომ არ გაიღვიძაო, რა უნდა დავხედო, თქვენი შვილია და თქვენ მიხედეთო.
ლევანი: რომ მივხვდით არცთუ ისე საყვარელი იყო, მერე უკვე გადავედით მოქმედებაზე.
გიორგი: კამოდის უჯრაში ვსვამდით, თან ვკეტავდით, აბა, რამდენ ხანს ეყოფა სუნთქვაო. მე და ლევანი ერთმანეთს შევხედავდით, პიუმ, ორივეს ერთად მოგვდიოდა ახალი იდეა, ტანჯვა და ვახორციელებდით. მშობლებს კი ეგონათ, ცივ ნიავს არ ვაკარებდით.
ნინი: ჯერ მეუბნებოდნენ, აყვანილი ხარო და მერე ორივე ჩამკიდებდა ხელს და აივნიდან მაგდებდნენ, ჩემი წივილ-კივილი ყველას ესმოდა. მშობლებს ვეუბნებოდი, მაგრამ არ მიჯერებდნენ.
გიორგი: თავისთვის იჯდა და უცებ დაიწყებდა ხოლმე ტირილს, გიორგიმ მცემაო. არადა, იმ დროს სახლში არ ვიყავი და გაუტყდა სახელი.
– ნინი, რომელ ძმას ჰგავხარ ხასიათით?
– ორივეზე ცუდი ხასიათი მე მაქვს, მყრალი.
ლევანი: პაპიდა გვყავდა ერთი და იმის ხასიათი გამოჰყვა.
გიორგი: ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო, მაგრამ მყრალი ხასიათი ჰქონდა, სულ ჩხუბობდა. მარტო ჩემზე ეკეტებოდა ჭკუა, გამზარდა, სხვებს ვერ იტანდა. ნინისაც იმის ხასიათი აქვს, სულიერი სიახლოვეა მათ შორის. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ნინი პუნქტუალურობაში არ დამემსგავსა. თან რამეს, რომ ვეტყვი, აქეთ მეჩხუბება, აქეთ მოგაწვება.
ლევანი: მგონი, შენ ხარ აყვანილი, ვინ არის ჩვენს ოჯახში პუნქტუალური?
ნინი: ლევანის იცი რაში ვგავარ, მე, როგორიც ვარ სიმთვრალეში, ასეთია ის სიფხიზლეში.
გიორგი: ერთხელ სახლში ვარ ჩემთვის, მძინავს, ჩვენები სოფელში წავიდნენ, ლევანი მოვიდა მთვრალი, ასლოკინებს და თან მეუბნება, სად არიან ჩვენებიო, სოფელში-მეთქი, როდის წავიდნენო, არ ვიცი, თავი დამანებე-მეთქი. ახლა ავიღებ პულტს და ჩაგარტყამ თავშიო. აიღე-მეთქი, აიღო, დამარტყა, გამიტეხა თავი.
ლევანი: ასეთი სიმთვრალე კი არ მაქვს, უბრალოდ, პასუხი არ მომეწონა.
ნინი: რომ ჩამოვედით, სახლში ყველაფერი დალეწილი იყო, არც ერთი ფანჯარა და კარი არ იყო მთელი.
– ნინი მოსულა სახლში სლოკინით?
ლევანი: რწყევით მოსულა.
ნინი: რამდენჯერ მოვუთრევივარ ლევანის სახლში.
ლევანი: ტროტუარზე მინახავს წამოწოლილი, ამიყვანია და წამომიყვანია.
– ხშირად ჩხუბობდით ხოლმე?
ნინი: სერიოზულად არა, თორემ ახლაც სულ ვჩხუბობთ, ოღონდ გიორგისთან, ლევანი მეხმარება.
ლევანი: ძირითადად ყავაზე ვჩხუბობდით. ახლაც აქვს ჩემთან ნინის კონტრაქტი დადებული.
გიორგი: მე აგენტი ვარ, ანუ ლევანი, როცა იტყვის, ყოველთვის უნდა მოუდუღოს ნინიმ ყავა. ლევანიმ კი ფეხბურთის საყურებლად უნდა წაიყვანოს. მე კი ორივე საკითხიდან მერგება წილი.
ლევანი: ნინი რაღაც ცხოველივით არის, თივა აჭამე, ხასიათი გაუსწორე, ოღონდ მასხარად არ უნდა აიგდო, არ უნდა გააბრაზო, თორემ ყველაფერზე „ვარდება“. იწყებს ჭყვიტინს და მერე ტირილზე გადადის.
– რაზე შეიძლება „ავარდეს”?
– მიდი და ცხვირზე, ნებისმიერ რაღაცაზე ეკაიფე.
გიორგი: შუბლზე თმა სასაცილოდ ჰქონდა ამოსული, ცოტნე ბაკურიასავით და ცოტნეს ვეძახდით, ოღონდ ხალხში ცოტნეს, ხომ ვერ დავუძახებდით, ვეუბნებოდით – ცოტნ და ესეც გიჟდებოდა, ტირილს იწყებდა.
ლევანი: „ჯეოსტარიდან” გამომდინარე, ძალიან ბევრი „საკაიფო“ აქვს, ჩავიწერეთ. ჯერ ვუფრთხილდებოდით მის ნერვებს, ახლა უკვე გადავალთ „კაიფზე“.
– ნინი, ძმებს ყველაფერს უყვები, თუ რაღაცეებს უმალავ?
– ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ, ვერაფერს ვმალავ, თუმცა, რაღაცეები მაქვს ჩემთვის დამალული.
გიორგი: ერთი კათხა ლუდი დაალევინე და მაშინვე დაფქვავს ყველაფერს.
ლევანი: თან თუ ლუდის თევზსაც დაუდებ, მერე მორჩა, ყველაფერს იტყვის.
გიორგი: ჯერ ფარფლს რომ ააძრობ და ნაჭერი აჰყვება, ის უნდა მისცე და თევზის მუღამში, რომ ჩავარდება...
ლევანი: მერე ყველაფერს იტყვის და „დაჟე“ რაღაცეებსაც დაიბრალებს, ოღონდ თევზი მოიპოვოს.
– თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას თავად აგვარებ, თუ ძმებს ჩარევ ხოლმე?
ნინი: ლევანის არაფერი გაუგია, გიორგი ერთხელ ჩავრიე.
გიორგი: სოფელში ვიღაც გადაეკიდა და ყველგან უკან დაჰყვებოდა, დამირეკა და მითხრა. გავგიჟდი, მთელი ხმით ვღრიალებდი, ჩემს ძმაკაცებს დავურეკე, რა არის ერთი ბავშვი ჩაგაბარეთ და ვერ მიხედეთ-მეთქი. „ძუყნეს“ მგონი, ყოველ შემთხვევაში, ბუჩქები იმის შემდეგ ცარიელი იყო, აღარ დაჰყვებოდა.
– როგორი მული ხარ?
ნინი: ძალიან კარგი მული ვარ, თუ არ გამაბრაზებენ, არც მე გავაბრაზებ.
– ბიჭებთან დაკავშირებით, ძმების აზრი შენთვის მნიშვნელოვანია?
– მთელი ცხოვრება იციან, ვინ მომწონს, მაგრამ რა აზრი აქვს – ოლივერ კანი მიყვარდა.
– როგორი ბიჭი უნდა ჰყავდეს ნინის გვერდით?
ლევანი: მამათმავალი.
ნინი: მე, რომ გამიძლოს.
გიორგი: დებილი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამას ვერავინ გაუძლებს. ეს ხუმრობით, ისე „ნარკუშა“ არ უნდა იყოს, კარგი, ნორმალური, ნამდვილი ქართველი უნდა იყოს.
– და თქვენსავით შარიანი ხასიათი უნდა ჰქონდეს?
– ჰოდა, ვაჩვენებთ შარიან ხასიათს.
ნინი: არაორდინალური უნდა იყოს, საოცარი რაღაცეები უნდა გააკეთოს, ჩვეულებრივი და ყველასნაირი არ უნდა იყოს. ფიზიკურად თუ გინდა, ოლივერ კანს ჰგავდეს.
გიორგი: ამ ბავშვს ორანგუტანგები მოსწონს.
– დავუშვათ, ნინის არჩევანი არ მოგეწონათ, როგორ მოიქცევით?
ლევანი: მე ჩემსას ვეტყვი, გაიგებს – გაიგებს, თუ არადა, დავაჭედებთ მანქანაზე.
ნინი: არ მგონია, ისეთი შემიყვარდეს და ისე გადამეკეტოს ტვინი, რომ მარტო მანქანის დაჯახებამ უშველოს.
– ნინი, სალამურზე შენც უკრავ?
გიორგი: სანამ თითს მოსტეხდნენ უკრავდა.
– ძალიან დაგიჩაგრავთ ბავშვი.
ლევანი: თვითონ იჩაგრავდა თავს, ცდილობს, რომ ტრაგიკული ადამიანი იყოს, სანერვიულო, რომ არ ჰქონდეს, მაინც ინერვიულებს.
გიორგი: სულ პრობლემა აქვს, სულ დუდღუნებს, არასდროს არის კმაყოფილი, თითი რომ გაიჭრას, იმაზე იჩხუბებს, ვინ გალესა დანაო.
ნინი: „დამანევროზეს“ და რა ვქნა.