როგორ შემოახია “ანტიფრონცკმა„ მეზობელმა ქალმა ბორის ბედიას შორტები და როგორ ირბინა მან ერთი მსხლის გამო უბანში შიშველმა
მომღერალმა ბორის ბედიამ თავი მსმენელსა და მაყურებელს პროექტ „ჯეოსტარიდან“ დაამახსოვრა. ის დღეს საკმაოდ ცნობილი სახეა, ქუჩაშიც უღიმიან და ტაქსითაც უფასოდ მგზავრობს. ახლა ბორისი თავის დას სოფო ბედიას გულშემატკივრობს დარბაზიდან. როგორც თავად ამბობს, და-ძმა ხშირად ჩხუბობდა და უმეტესად ამის გამო მშობლები ბორისს სჯიდნენ. იგი არც კურიოზული სიტუაციების დეფიციტს განიცდის და, თავისი მეგრული „კვარახჭინობითა“ და მოხერხებული ტყუილით, ხშირად იძვრენს თავს.
ბორის ბედია: გამოუვალ, კურიოზულ თუ უხერხულ სიტუაციებში ძალიან ხშირად ვხვდები და თავის დასაძვრენად ხშირად ტყუილის თქმა მეხმარება. აფერისტი არ უნდა იყო ადამიანი, თორემ, თუ უხერხული სიტუაციიდან, ტყუილით შეგიძლია თავის დაძვრენა, რატომაც არა. რაღაც მომენტში, მით უმეტეს გამოუვალ სიტუაციაში, პატარა „ლაითად“ უნდა მოიტყუო.
– ამბობენ, თუ ბორისი დალევს, სიმღერას იწყებს და, მტრისას, თუ არ შეაჩერე, საათობით მოგიწევს მისი არიების მოსმენაო. მართლა ასეა?
– (იცინის). 19 წლის ასაკში მარტვილში დასასვენებლად ვიყავი ჩასული. არ დამავიწყდება, სუფრაზე მოიტანეს საფერავი. დავლიე ერთი ჭიქა – მომეწონა... მეორე მივაყოლე, მესამე და... რომ გავაღე პირი და დავიწყე სიმღერა, ვეღარ „მომაკეტინეს“. რაც ხმა ამომდიოდა, იმხელაზე გავკიოდი. არადა, თავიდან მთხოვდნენ, იმღერეო და მრცხვენოდა, მთვრალმა კი ისეთი „შევუბერე“, აღარ ვაცდიდი სადღეგრძელოების თქმას. ცოტა ხანში ისე იმოქმედა სასმელმა, კედლებზე დავდიოდი სიმღერ-სიმღერით. ერთი სიტყვით, განწირული კაცივით ვმღეროდი და, მგონი, იფიქრეს, რა მივქარეთ, ამას რომ სიმღერის დაწყება ვთხოვეთო. (იცინის). ისეთი „ვიდი“ მქონდა, კაცს სიყვარული რომ უნდა, მალე რომ უნდა ეწვიოს და ამას წინასწარ განიცდის.
– ამ სუფრაზე სიმღერის შემდეგ სიყვარული გეწვია?
– ამ სუფრის მერე ნამდვილად არ მწვევია სიყვარული და იმასაც გეტყვით, რომ არც ახლა ვარ შეყვარებული. გატაცებებიც მქონია, ყვავილებიც მიმიტანია, ქუჩაშიც მიმღერია გოგონასთვის, მაგრამ მერე მივმხვდარვარ, რომ ეს ის არ არის და სიყვარულში „ტაიმ-აუტი“ ამიღია. რა ვქნა, ასეთი შესვენებებისა თუ დასვენებების პერიოდები ვიცი სიყვარულში (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ, დიდუბის ეკლესიასთან შევხვდი ერთ გოგონას. თან ყვავილები მივართვი. დაიჟინა, გინდა თუ არა, არ მჯერა, რომ გიყვარვარ, მგონია, ყველას უმღერი და ეს ნამღერი მე არ მეძღვნებაო. ვიფიქრე, რით დავუმტკიცო ახლა ამას ჩემი გრძნობები-მეთქი, დავლიე სამი ჭიქა ძლიერი კონიაკი და შუა დიდუბეში დაჩოქილმა უკანასკნელ ხმაზე ვუმღერე კლასიკა. გადაირია ის გოგო. მთელი ხალხი მე შემომცქეროდა. ერთხელ კი, მეგონა, ერთი გოგო მიყვარდა. მივადექი კორპუსს ძმაკაცებთან ერთად, მეათე სართულზე ცხოვრობდა. მანქანაში ჩავრთეთ ფონოგრამა, ბოლომდე ავუწიეთ და ჩვენც ავყევით. იმხელა ხმაზე გავკიოდით, გადავფარეთ ფონოგრამა, უბანი შევყარეთ. მასაც დავშორდი საბოლოოდ. ასე ვიცი, ჯერ მგონია, რომ მიყვარს, მერე შევწყვეტ ფიქრს, შევისვენებ და კვლავ სიყვარულს ვეძებ.
– ესე იგი, სიყვარულში შენი ნდობა არ შეიძლება? ალალად მითხარი, რამდენდღიანი სიყვარული იცი?
– დიდი-დიდი ერთი ან ორკვირიანი. (იცინის). რაც შეეხება ნდობას, არ მინდა, უნდობი კაცის სახელი მქონდეს, უბრალოდ, ჯერ ვერ ვიპოვე ის, ვისთვისაც მართლა გულით დავიხარჯები. ჩემი რა მიდის, ყველას ვუმღერებ და, ბოლოს, რომ დავიღლები, შევიყვარებ (იცინის). სიმღერიან-ხმაურიანი და ერთკვირიანი სიყვარულები კი, რამდენიც გინდათ, იმდენი მქონია.
– თუ წაგცდენია ხელი და რამე თუ მოგიპარავს?
– ბავშვობაში, მაგ მოპარვის გამო მე ამბავი დამემართა, მტრისას! მოკლედ, ჩვენს პირდაპირ ეზოში ცხოვრობდა ერთი ავი სული, „ანტიფრონცკი“ ქალი, რომელსაც ეზოში ედგა რაღაცა უცხო ჯიშის მსხლის ხე. ის ხომ არ მომცემდა თავისი ნებით ამ მსხალს?! ჰოდა, მეც ვიპარებოდი ღობეზე, ვიპარავდი და გემრიელად და ჯიგრულად მივირთმევდი. ერთ დღესაც, შემნიშნა და გამომეკიდა ჯოხით. შორტები მეცვა, ღობეს გადმოვახტი, წამოვედე და არ შემომეხა ტანზე?! უკან ხომ არ დავიხევდი? გადმოვხტი და ასე შიშველმა ვირბინე, იმ ერთი მსხლის შეჭმის გამო. (იცინის). კიდევ კარგი, სხვა რამე არ ჩამოვახიე, იმ შორტებს დავეძებდი?
– ბორის, სადმე თუ დაკარგულხარ?
– ამსტერდამში დავიკარგე და ისეთი შიში ვჭამე, მტერს არ ვუსურვებ. ამხელა კაცი ბავშვივით უსუსური აღმოვჩნდი და, რა დასამალია ვიტირე კიდეც. ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა და, უცხოეთში ჩასულმა, გადავწყვიტე შოფინგზე წავსულიყავი. ამსტერდამი ძალიან მომეწონა, ერთი დიდი ლამაზი ლაბირინთია. გავერთე ამ სილამაზით, დავუყევი მაღაზიებს, დავიტვირთე ნაყიდი ტანსაცმლიანი პარკებით, დავდექი და მივხვდი გზას ვეღარ ვიკვლევ. რა გინდა ქნა? ტელეფონი მე არ მაქვს, ინგლისური და ჰოლანდიური მე არ ვიცი, შენი ქართული და მეგრული კი ვის ესმის და ვინ იცის? იმდენად შემეშინდა, ცრემლები გადმომცვივდა ამხელა კაცს თვალებიდან. გაოცებული მომშტერებოდნენ გამვლელ-გამომვლელები. მგონი, გულში ფიქრობდნენ, რატომ არ ითხოვს დახმარებას, მუნჯი ხომ არ არისო. ვიბოდიალე, ვიბოდიალე და არ დავინახე ერთი ჩემიანი?! გავიქეცი, მაგრამ, რა გავიქეცი ამ ჩემი პარკებით! ველოსიპედების ტრასა ისე გადავჭერი შხუილ-შხუილით, რომელი ველოსიპედისტი დამეწეოდა! მერე ვფიქრობდი, ეს მეგრელი კაცი აქ რომ დავკარგულიყავი და გზა ვერ გამეკვლია, ხომ დავიღუპებოდი-მეთქი (იცინის). საერთოდ, ფრენის ძალიან მეშინია. აფრენა-დაფრენაზე ისეთ დღეში ვარ, მთელი მგზავრები მე დამცინიან. წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი რომ აფრენას იწყებს, ცხოვრების კადრები გადის ჩემს თვალწინ, დაფრენისას კი, მგონი, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, ისეთ დღეში ვარ.
– ახალ წელს ასაფეთქებლებით არ აშინებდი მეზობლებს?
– ვაშინებდი კი არა, გულს ვუხეთქავდი. ახალ წელს კორპუსს დავირბენდით ხოლმე მე და ჩემი ძმაკაცები, ყველა კართან დავდებდით ასაფეთქებლებს და კარზე ზარს ვაჭერდით. გააღებდნენ და ფეხქვეშ უფეთქდებოდათ. იყო ერთი წივილ-კივილი და გინება (იცინის), ჩვენ კი მაგრად ვხალისობდით. არ დამავიწყდება, ბავშვობაში ყოველ ახალ წელს თოვლის ბაბუას ველოდებოდი და, რომ არ მოდიოდა გული მწყდებოდა. მერე ჭკუაც მომემატა და მივხვდი, აღარ უნდა დავლოდებოდი. სულ ვნატრობ, თოვლის ბაბუამ გაიაროს ჩემს ქუჩაზე, აი, ისეთმა, რეკლამებში რომ არის – ფუმფულა და თეთრწვერა. ნახალოვკელები დაჩაგრულები ვართ, არ მოდიან თოვლის ბაბუები ჩვენკენ. წინა ახალ წელს ბაკურიანში ვიყავი და ძალიან კარგი დრო გავატარე: იყო „გულაობა“, დროსტარება და ტაში-ტუში. კარგი უკრაინელი გოგონებიც იყვნენ ჩამოსულები და თოვლში მათ კოცნას რა ჯობია. (იცინის)! ვათბობდით ასე ერთმანეთს იმ სიცივეში. ერთი ბიჭი იყო იქ, ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე. ავდექი, გუნდა გავაკეთე და „ვგლიჯე“ თავში. არადა, იმხელა თავი ჰქონდა, მიზანშიც რომ არ ამომეღო, მაინც არ ასცდებოდა. დამიჯერეთ, იმ გუნდის მოხვედრის შემდეგ ცოტა აზრზე მოვიდა.
– ცნობილი სახე ხარ. საკუთარ თავზე ამბები თუ გსმენია?
– ერთხელ, ტაქსი გავაჩერე და უკან ჩავჯექი. ისეთი ჩაბუდნული ვიყავი სახე არ მიჩანდა. მძღოლმა გამიბა საუბარი, კაცო, როგორ გააგდეს ის მეგრელი „ჯეოსტარიდან“, მაგას ვბალეშჩიკობდიო. ავყევი: რას მღეროდა, შენ შემოგევლე, ის მეგრელი, გასაგდები იყო და ძალიანაც კარგი ქნეს-მეთქი. გადაირია, დამიწყო ჩხუბი, სიმღერის აზრზე არ ხარო (იცინის). მერე ვუთხარი, მე ვარ ის-მეთქი. გააჩერა მანქანა, გადამეხვია, გადამკოცნა. ხშირად ფულს არ მართმევენ მგზავრობისას.
– ახლა შენი და იბრძვის „ჯეოსტარობისთვის“. გავიგე, ბავშვობაში ხშირად ჩხუბობდით. რა გქონდათ გასაყოფი?
– ერთ კლასში ვსწავლობდით, არ მაწერინებდა დავალებას და მეც ვურტყამდი. გადამსვამდა მასწავლებელი უკანა მერხზე და იქიდანაც ვწვდებოდი. (იცინის). სახლში კი ტელევიზორის გამო ვხოცავდით ერთმანეთს. სოფო სერიალს უყურებდა, მე კი ფილმის ყურება მინდოდა და იწყებოდა ომი. ვეცემოდით და დედაჩემი ძლივს გვაწიწკნიდა ერთმანეთს. მამა რომ მოვიდოდა, გავისუსებოდით. თუ მიხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მე მხვდებოდა მისგან მსუბუქი, „ლაითი“ პანჩური. (იცინის). სულ სოფოს მხარეს იჭერდა. ასე მჩაგრავდნენ ბავშვობაში. ისე, რაც მამაჩემს ჩემთვის ყური აქვს აწეული, დაგრძელებას რომ თავი დავანებოთ, მგონი სმენაც ამიტომ განმივითარდა. ხომ იცით, დიდ ყურში უფრო მეტად გესმის ადამიანს (იცინის)...