დედამ შვილის მკვლელი გერი სიკვდილით დასაჯა
ისტორიაზე, რომელიც სოფელ კვიხნისში რამდენიმე თვის წინ მოხდა, დღესაც ბევრს საუბრობენ. ყველაფერი კი თბილისში ჩადენილი საზარელი მკვლელობით დაიწყო.
ლიანა ჭკადუა სახლში სამსახურიდან ბრუნდებოდა. ბნელ სადარბაზოში შევიდა და ნელ-ნელა აუყვა კიბეს. მეორე სართულზე მეზობლის ღია კარი შენიშნა, რაც საეჭვოდ მოეჩვენა.
ამონარიდი მოწმის, ლიანა ჭკადუას ჩვენებიდან: „... სახლში მარტო შესვლა შემეშინდა და მეზობელს, დავით კილაძეს დავუძახე. დათო შიგნით შევიდა, მაგრამ მალევე გამოვიდა და მითხრა, ოთახში არ შეხვიდე, პოლიციას უნდა გამოვუძახოთო“.
ამონარიდი მოწმე დავით კილაძის ჩვენებიდან: “... ბინაში შევედი, იქ ვნახე ჩემი მეზობლის, ნატო ივანიძის გვამი, რომელსაც ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა და მთლიანად სისხლიანი იყო... დასმულ შეკითხვას ვპასუხობ: არანაირი საეჭვო ხმაური აღნიშნული ბინიდან არ გამიგონია და არც იქ შესული, ან იქიდან გამოსული არავინ დამინახავს...“
იმ პერიოდში პოლიციის მიერ დაიკითხნენ ნატო ივანიძის სხვა მეზობლებიც. როგორც მათ აღნიშნეს, მკვლელობის საღამოს ივანიძის ნაქირავებ სახლში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა სამართალდამცველებთან ისიც განაცხადეს, რომ ნატოს სახლიდან ხშირად გამოდიოდა ხმაური და გოგონას ყოველდღიურად ბევრი სტუმარი ჰყავდა. ისიც გაირკვა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ბიჭთან. პოლიციამ თავიდან სწორედ მასზე მიიტანა ეჭვი, თუმცა, საგამომძიებლო მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყმაწვილს აღნიშნულ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის ერთი კვირის წასული იყო საქართველოდან, რაც ოფიციალური უწყებებიდანაც დადასტურდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნატო ივანიძე მოკლეს, მანამდე კი ის სადისტურად გააუპატიურეს. ექსპერტიზამ ნატოს სასქესო ორგანოსა და უკანა ტანზე მრავლობითი სისხლჩაქცევა და დაზიანება აღმოაჩინა. სხეულზე აღმოჩენილი დაბეჟილობები და ნახეთქი ჭრილობები კი იმაზე მიანიშნებდა, რომ გარდაცვალებამდე გოგონა სცემეს. სიკვდილის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მკვლელმა ნატოს ხელებსა და ფეხებზე არტერიები გადაუჭრა და ის სისხლისგან დაიცალა. გვამს ხელფეხი „სკოჩით“ ჰქონდა შეკრული, პირში კი ჩაჩრილი ჰქონდა ნაჭერი, რომელიც ასევე „სკოჩით“ იყო გადაკრული. გარდაცვლილის გვამი საძინებელი ოთახის იატაკზე ეგდო, ოთახში ყველაფერი არეულ-დარეული იყო, სამართალდამცველებმა სამზარეულოში ნახეს აულაგებელი მაგიდა, რომელიც ორ ადამიანზე იყო გაშლილი. ასევე ორი საწოლი იყო გაშლილი საძინებელში, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ნატოს სახლში ჰყავდა ახლობელი სტუმარი, რომელსაც ჯერ ვახშმით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი საწოლიც გაუშალა.
ნატო ივანიძე სოფელ კვიხნისის მკვიდრი იყო. თბილისში საცხოვრებლად ის ხუთი წლის წინ ჩამოვიდა. აღნიშნული ბინა კი რამდენიმე თვის წინ დაიქირავა. ნატო 7 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ორი წლის შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი, ბესარიონ შერადაძე ქვრივი იყო და პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი, ავთანდილ შერადაძე. 18 წლის ასაკში ნატომ მშობლიური სოფელი დატოვა და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც მისი მეზობლები და თანამშრომლები ყვებოდნენ, ნატო საკმაოდ ხმაურიანად ცხოვრობდა. მასთან ბევრი სტუმარი მიდიოდა. ხშირად ის არ იყო სახლში, ბინა კი სტუმრებით იყო სავსე. გამოძიებისთვის მკვლელის ვინაობის დადგენა იოლი არ იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდნენ ნატოს მეგობრებისა და ნაცნობების ძალიან ფართო წრეს, თუმცა, უშედეგოდ. სიმართლე მოულოდნელად, მორიგი მკვლელობის შემდეგ დადგინდა.
ამჯერად მკვლელობა სოფელ კვიხნისში მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მკვლელი აღიარებით ჩაბარდა. ეს გახლდათ 54 წლის ზალინა ივანიძე, ნატოს დედა; მოკლული კი – მისი გერი, 29 წლის ავთანდილ შერადაძე გახლდათ.
ავთანდილ შერადაძე 21 წლის იყო, როდესაც ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი სოფელში დაბრუნდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ქალაქში წავიდა, იქ უნდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ, რამდენიმე კვირაში ისევ უკან დაბრუნდა. გაირკვა, ეს სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ნატო მოკლეს. მართალია, გამოძიებამ ის დაკითხა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ნატო არც კი უნახავს. არავინ აღმოჩნდა, ვინც საპირისპიროს დაადასტურებდა და ამიტომ მასზე ეჭვი არ აუღიათ.
ნატოს მკვლელობის დროს ბინიდან თითქოს არაფერი დაკარგულა. იმ პერიოდში ვერც დედამ შენიშნა და გაიხსენა, რომ ნატოს თითზე არ ეკეთა მამის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი.
ზალინა ივანიძის ჩვენებიდან: „... ეს ბეჭედი ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ ნატოს „ოქროს“ დაბადების დღეზე აჩუქა – 5 თებერვალს, 5 წლის რომ გახდა. ეს იყო ერთადერთი ძვირფასი ნივთი, რომელსაც ნატო ძალიან უფრთხილდებოდა და სულ თითზე ეკეთა. ნატოს საშინელი მკვლელობით ისე ვიყავი დათრგუნული, რომ ის ბეჭედი არც გამხსენებია...“
ნატოს მკვლელობიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ზალინა ივანიძეს თანასოფლელი, მევახშე იურა ესტუმრა. ის თანასოფლელებს ფულს ასესხებდა, სანაცვლოდ კი რამე ძვირფას ნივთს იტოვებდა. მან ავთანდილი იკითხა. ზალინა დაინტერესდა, რატომ ეძებდა იურა ავთოს. გაირკვა, რომ მის გერს მევახშისგან ფული აუღია სესხად, სანაცვლოდ კი ოქროს ბეჭედი დაუტოვებია. ავთო ფულის გადახდას აგვიანებდა და მევახშე ბეჭდის გაყიდვით იმუქრებოდა. ზალინამ გაარკვია, რომ ავთოს იურასი 50 ლარი მართებდა, გადაწყვიტა, დახმარებოდა გერს და ფული თავად გადაიხადა. სანაცვლოდ კი მევახშემ მას ის ბეჭედი დაუბრუნა, რომელიც მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ, ნატოს აჩუქა. ზალინას უჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი შვილის მკვლელი, მისივე გერი იყო. გადაწყვიტა, ჯერ ქმრისთვის მოეყოლა ყველაფერი, შემდეგ კი ერთად დალაპარაკებოდნენ ავთოს.
ზალინა ივანიძე: როდესაც ბეჭედი დავინახე, თვალთ დამიბნელდა და გული წამივიდა. მევახშემ წყალი გამომიტანა და ძლივს მომასულიერა. ჯერ ვიფიქრე, რომ ბეჭედი, ადრე თავად მისცა ნატომ ავთოს. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემი შვილის მკვლელი იყო ჩემი გერი, რომელიც შვილივით მიყვარდა. როდესაც ჩემს ქმარს ეს ყველაფერი მოვუყევი, თავიდან ძალიან გაოცდა. ისიც კი მითხრა, ხომ არ გადარეულხარ, ავთო მაგას როგორ იზამდაო. მე ვამტკიცებდი, რომ ჩემი შვილის მკვლელი ავთო იყო. ჩვენ ვჩხუბობდით, როდესაც ავთო სახლში მოვიდა. ძალიან მთვრალი იყო. როგორც კი ოთახში შემოვიდა, ყელში ვეცი. უცებ გამოფხიზლდა და მე და ჩემი გარდაცვლილი შვილი უშვერი სიტყვებით გაგვლანძღა, ჩემს მეუღლეს კი „ბოზების მონა“ უძახა. რამდენჯერმე ისიც იყვირა: დიახ, მე მოვკალი ეგ კახპა და ვნანობ, რომ შენც ზედ არ მიგაყოლეო. ჩვენ ხელჩართული ჩხუბი დავიწყეთ, ბესარიონი შუაში ჩაგვიდგა და, ჩვენს გაშველებას რომ ცდილობდა, სწორედ მაშინ უთხრა ავთომ მამას შენ მოუყევი, ხომ, ამ კახპას ყველაფერიო. ამ სიტყვებს მერე დავუკვირდი, იმ წუთში არაფერი მახსოვდა. ბესარიონმა შვილს უთხრა, სახლიდან გაიქეცი და სადმე დაიმალეო. ავთომ კი უპასუხა, ჯერ ეს ქალი მოვკლათ და მერე თავისუფლები ვიქნებითო. მე შემეშინდა. ამ დროს იქვე ღუმელთან დაგდებული ნაჯახი ავიღე და ავთოს თავში ჩავარტყი. კიდევ დიდხანს ვიქნევდი ნაჯახს, თუმცა, მეტი აღარაფერი მახსოვს. როცა გონზე მოვედი, სახლი მეზობლებითა და პოლიციელებით იყო სავსე.
ზალინა ივანიძის ჩვენება ბესარიონმაც დაადასტურა. რომელსაც ცოლისთვის ნაჯახის დარტყმის შედეგად, დაზიანებები ხელის არეში ჰქონდა მიყენებული. მან განაცხადა, რომ ეს დაზიანებები იმ დროს მიიღო, როდესაც ნაჯახის წართმევას ცდილობდა. ბესარიონ შერადაძემ ისიც აღიარა, რომ იცოდა შვილის დანაშაულის შესახებ და დამალა. როგორც ცნობილი გახდა, მან ეს ამბავი სოფელში დაბრუნებული შვილისგან შემთხვევით გაიგო. სასამართლოს ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ზალინა ივანიძე მკვლელობის ჩადენის მომენტში შეურაცხადად ცნო, მამას კი, დანაშაულის დაფარვის გამო, თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.