კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა უბრალო ჩანგლებით ქართველმა კაპიტანმა ორი რუსი პოლკოვნიკი რესტორან „დონში“


გაქცევა

კარცერი თითქმის უხმაუროდ გაიღო. ზედამხედველმა პატიმარს სამხედრო ფორმა დაუდო და უთხრა: – სწრაფად გადაიცვი და წავედით. მთავარი მორიგე ზედამხედველს ჟიმავს, დრო გვაქვს და უნდა გავასწროთ.

– ჩემი ოქრო ხარ, კატინკა, – უთხრა პატიმარმა ზედამხედველ გოგონას. შემდეგ, სასწრაფოდ გადაიცვა და კატიასთან ერთად კარცერიდან გამოვიდა.

სამხედროფორმიანმა ქალ-ვაჟის წყვილმა, სარდაფის დერეფანი გაიარა, სადაც სიკვდილმისჯილები და ციხის დისციპლინის დამრღვევნი ისხდნენ. შემდეგ გვირაბი გაიარეს, რომელიც მთავარ კორპუსს უერთდებოდა, კიდევ სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაძლიეს წარმატებით და მთავარ გასასვლელს მიადგნენ. ქალ-ვაჟმა ბოლო დაბრკოლებაც წარმატებით გაიარა და ქუჩაში მშვიდობიანად გავიდნენ.

24 წლის კატია მირონოვა ნოვოჩერკასკის განსაკუთრებული რეჟიმის ციხის ზედამხედველი იყო, ხოლო მისი პარტნიორი, 30 წლის შალვა დოლიძე – მსჯავრდებული, რომელსაც ორი ოფიცრის მკვლელობისთვის ასამართლებდნენ და ნოვოჩერკასკის ციხეში დროებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოათავსეს, რომ საპყრობილიდან არ გაქცეულიყო.

შალვა დოლიძე „გრუს“ კაპიტანი იყო, ავღანეთის ომის გმირი და მას კარგად იცნობდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროში. პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც მამაც მებრძოლს და ჭკვიან სამხედრო მზვერავს. თუმცა, როდესაც მან ორი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი გამოასალმა სიცოცხლეს, დოლიძის ძველი დამსახურებები უმალვე დაივიწყეს და განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, რაც მას უეჭველ დახვრეტას უქადდა. როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, დოლიძე ნოვოჩერკასკის საპყრობილის კარცერში გამოამწყვდიეს, სადაც სიკვდილმისჯილები, სასტიკი რეციდივისტები და მანიაკები ისხდნენ. ციხის საზედამხედველო პერსონალი, რომლებიც ძირითადად გოგონები იყვნენ, განსაკუთრებულად ჰყავდათ დამუშავებული. და მათ საუბარიც კი ეკრძალებოდათ პატიმრებთან. თუმცა, შალვამ, მომხიბვლელ ეკატერინე მირონოვასთან, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა და ციხეში ერთწლიანი გამოცდილების მისაღებად პირადი ინიციატივით მუშაობდა, მარტო საუბარი კი არა, სასიყვარულო ურთიერთობაც გააბა და ორი თვის მერე გაქცევა მოაწყობინა...

ეკატერინა მირონოვამ სპეციალურად შეარჩია ისეთი დრო, როდესაც ციხეში ახალი, გამოუცდელი თანამშრომლების ცვლა მორიგეობდა. მთავარი მორიგე კი, ერთ-ერთ ხელქვეით გოგონასთან სექსით იყო დაკავებული და იმ დროს მოაწყო გაქცევა.

– აი, თავისუფლებაც, შალვა! ახლა მე უკანდასახევი გზა არ მაქვს... თუ მხოლოდ ციხიდან გამოსასვლელად გჭირდებოდი და ჩემს მიტოვებას აპირებ, ახლავე მითხარი, რომ ვიცოდე, – უთხრა მირონოვამ დოლიძეს, როდესაც ციხიდან გამოვიდნენ.

შალვა მომხიბვლელ რუს გოგონას მოეფერა, აკოცა და მიუგო:

– უკან დასახევი გზა არც მე მაქვს და ეგ სისულელე აღარ გაიმეორო. შენ ჩემი მხსნელი ხარ და ჩვენ ამიერიდან სიკვდილი თუ დაგვაშორებსო...

ნოვოჩერკასკის ციხიდან გაქცევა 1983 წლის 2 მაისს მოხდა. 4 მაისს კი, შალვა დოლიძის სასამართლოს ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც მას სასიკვდილო, უაპელაციო განაჩენს გამოუტანდნენ... ორი თვით ადრე კი, 1983 წლის 2 მარტს, „გრუს“ ოფიცერმა, სამი ორდენის კავალერმა, ეროვნებით ქართველმა კაპიტანმა, შალვა ივანეს ძე დოლიძემ ქალაქ როსტოვის რესტორან „დონში“ პოლკოვნიკები – ანტონ მაკაროვი და იური სიდოროვი დახოცა...

ქართველი „რემბო“

შალვა დოლიძეს სამი საბრძოლო ორდენი საკუთარი სისხლით, პროფესიონალიზმით და ვაჟკაცობით ჰქონდა მოპოვებული და სამივე ავღანეთში თავისი სამწლიანი ბრძოლისას დაიმსახურა. წითელი დროშის ორდენი შალვას ქალაქ ყანდაღარში განხორციელებული იერიშისთვის გადასცეს, როდესაც 1980 წელს 8 საბჭოთა დატყვევებული ოფიცერი გამოიხსნა მოჯაჰედების ტყვეობიდან. წითელი ვარსკვლავის ორდენი შალვა დოლიძემ 1981 წელს მიიღო ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, იბრაჰიმ მანსურ-შაჰის ლიკვიდაციისთვის. ის მარტოდმარტო შეიპარა მოჯაჰედთა ბანაკში და იბრაჰიმი მოკლა. მესამე გმირობა ქართველმა ოფიცერმა 1982 წლის ნოემბერში ჩაიდინა და საბჭოთა კავშირის გმირობაზე იყო წარდგენილი. თუმცა, ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს რუსმა ნაციონალისტ-შოვინისტებმა გმირობა რუს პოლკოვნიკს მიანიჭეს, ხოლო შალვას დიდების პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს... შალვას გმირობის ამბავი კი, ასეთი იყო: ქართველი სუპერსპეცმეომარი პუშტუნების შეიარაღებული ტომის ციხესიმაგრეში შეიპარა, ავღანელებთან გაპარული საბჭოთა ნარკობარონი, გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ ეგოროვი მოიტაცა და მარტომ მიიყვანა „გრუს“ შტაბში, რომელიც ქაბულში მდებარეობდა. ამის გამო შალვა დოლიძეს ქართველი „რემბო“ შეარქვეს და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ბედისწერამ სხვანაირად ინება და ავღანეთიდან დაბრუნებული კაპიტანი დოლიძე, რომელიც მშობლიურ თბილისში მიემგზავრებოდა, ქალაქ როსტოვში შეჩერდა თავისი ინვალიდი მეგობრის მოსანახულებლად, ტარას ორლოვთან ერთადაც იგი ორი წელი მსახურობდა ავღანეთში. სწორედ ორლოვი და დოლიძე ქეიფობდნენ როსტოვის ცნობილ რესტორან „დონში“, სადაც 1983 წლის 2 მარტს ინციდენტი მოხდა და ორი რუსი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკის მკვლელობით დასრულდა...

ქართლის დედის დამცველი...

როსტოვში სპეციალურად ჩაფრენილმა შალვა დოლიძემ, რესტორან „დონში“ მაგიდა დაჯავშნა, ვახშამი მაღალ დონეზე შეუკვეთა და თავისი ინვალიდი მეგობარი, ცალფეხა ტარას ორლოვი რესტორანში წაიყვანა. მეგობრებმა ავღანეთში გატარებული წლები გაიხსენეს, ჭამეს, სვეს და ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც რესტორან „დონში“ ორი პოლკოვნიკი შევიდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ანტონ მაკაროვმა და იური სიდოროვმა გვერდითა მაგიდაზე დაიკავეს ადგილი და ვახშამთან ერთად ბევრი არაყიც შეუკვეთეს. რუსი პოლკოვნიკები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ და როსტოვში საგანგებო ინსპექციის ჩასატარებლად იყვნენ ჩასულები. ისინი არაყს ისე ინტენსიურად მიეძალნენ, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში, ისე გაილეშნენ, ჯერ გინება დაიწყეს, შემდეგ დოლიძე და ორლოვი ამოიჩემეს და მათი მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ. თუმცა, ძველი მეგობრები უკვე სახლში აპირებდნენ წასვლას და მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. ყავარჯნებით მიმავალ ტარას ორლოვს პოლკოვნიკმა ანტონ მაკაროვმა ფეხი წაჰკრა, ყავარჯენი გამოაცალა და წააქცია, ხოლო პოლკოვნიკმა იური სიდოროვმა ხეიბარს დააფურთხა და დააყოლა:

– შე ღორო, ცალფეხავ, რომ გაგინებდით, რატომ არაფერს გვეუბნებოდი?

გალეშილი პოლკოვნიკების საქციელმა შალვა დოლიძე ჯერ გააოცა, შემდეგ კი გაამწარა და მათი ცემა დააპირა, რაც მისთვის დიდი სირთულე არ იყო. მაგრამ, ორლოვის ძლიერმა ხელმა, რომელიც დოლიძის მაჯაში ჩაფრენოდა, შალვა შეაჩერა:

– გემუდარები, შალვა, თავი დაანებე ამ მართლაც ღორებს. წამომაყენე და წავიდეთ. შორს შარისგან...

შალვამ მეგობრის თხოვნა შეასრულა. ტარასი წამოაყენა, ყავარჯნები მისცა და გასასვლელისკენ გაემართა, პოლკოვნიკი, ანტონ მაკაროვი გაქანდა და ყავარჯნიანი ორლოვი მოცელა, რომელმაც იატაკს დაარტყა თავი, ტვინის შერყევა მიიღო და გაითიშა.

შალვამ მაკაროვს მუშტი დაარტყა და სამი მეტრი აფრინა. გალეშილმა სიდოროვმა, ძირს დაგდებული კოლეგა რომ დაინახა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოაცურა შალვას მიუშვირა და პათოლოგიურად გაიცინა.

– აი, ესეც შენს ქართლის დედას... შენი დედაც...

შემდეგ შალვას მიმართულებით სროლა ატეხა, რაშიც პოლკოვნიკი მაკაროვიც აჰყვა, რომელიც გონს მოსულიყო და დამიზნებით ისროდა...

მთელი დარბაზი ძირს დაწვა. შალვა დოლიძემ ავაზასავით ისკუპა მარცხნივ და ჯერ მაგიდა ამოატრიალა, შემდეგ ამოეფარა მას, ბოლოს მაგიდიდან ორი ცალი ჩანგალი აიღო და მსროლელი პოლკოვნიკების მიმართულებით ტყვიისებრი სისწრაფით სტყორცნა. ჩანგლები ორივე პოლკოვნიკს არტერიაში შეერჭო და 20 წუთში რესტორანშივე დაიცალნენ სისხლისგან... შალვა დოლიძეს არც კი უცდია გაქცევა, დარწმუნებული იყო, გაამართლებდნენ. თუმცა, თითქმის 100 ადამიანის მიერ მის სასარგებლოდ მოცემული ჩვენებების მიუხედავად, „სუკის“ ყოვლისშემძლე ხელმა სასამართლო-საგამომძიებლო ორგანოებიც დაიმორჩილა და დოლიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შემდეგ ნოვოჩერკასკის ციხეში მოათავსეს და საგამომძიებლო ორგანოებს მისი მოსპობა დაავალეს...

მოუხელთებელი წყვილი

შალვა დოლიძე და კატია მირონოვა ციხიდან რომ გამოვიდნენ, ღამის 2 საათი სრულდებოდა. იქვე „მოსკვიჩი 412“ იდგა, რომელიც კატიამ მეზობლისგან ითხოვა. შალვამ გაიღიმა, კატიას, რომელიც საჭესთან დაჯდა, გვერდით მიუჯდა და უთხრა:

– რამდენ ხანში გაიგებენ, რომ გავიქეცი?

მირონოვამ საათს დახედა და დოლიძეს უთხრა:

– ახლა ღამის 2 საათია. დილის 8 საათამდე არავინ შეიწუხებს თავს და 6 საათი გვაქვს თავისუფლად სამოძრაოდ.

– კარგი, როსტოვში წავედით!

– წავედით, – თქვა კატიამ და მეზობლის „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაძრა:

ქალ-ვაჟმა ტარას ორლოვს მიაკითხა, რომელიც მარტოდმარტო ცხოვრობდა როსტოვის გარეუბნის ერთ-ერთ კერძო სახლში, მდინარე დონის ნაპირას. „მოსკვიჩი“ ეზოს წინ გააჩერეს. შალვა კატასავით შეიპარა ეზოში და ორლოვს ფანჯარაზე მიუკაკუნა. ხუთიოდე წუთის მერე შალვა და კატია უკვე ტარასის ბინაში იმყოფებოდნენ და დოლიძე გაქცევის ამბავს უყვებოდა მეგობარს, ბოლოს კი უთხრა:

– იარაღი და საბრძოლო მასალა მჭირდება. შეგიძლია, მომცე?

– ტარას ორლოვმა შალვა დოლიძეს ერთი ცალი „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური იარაღი მისცა 100 საბრძოლო ვაზნით, ერთი ცალი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი 50 საბრძოლო ვანზით და 4 ცალი ხელყუმბარა. ბოლოს გამოემშვიდობა, კეთილი მგზავრობა უსურვა და დილის 4 საათზე გაისტუმრა. წყვილმა კატიას ბინაში შეიარა და ტანისამოსი გამოიცვალეს. მირონოვამ გადანახული 150 მანეთი აიღო და დედამისს, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობდა, მოკლე წერილი დაუწერა: „მაპატიე, დედა. მე მივდივარ. არ მეძებო. ძალიან მიყვარხარ. შენი კატენკა“.

შალვა და კატია რკინიგზის სადგურში მივიდნენ და მოსკოვი-თბილისის მატარებელს გაჰყვნენ, რომელიც დონისპირა ქალაქში დილის 5 საათსა და 30 წუთზე ჩერდებოდა. წყვილი სოხუმში ჩამოვიდა მატარებლიდან. იქ შალვას ერთი ყოფილი ხელქვეითი ცხოვრობდა, რომელიც დოლიძემ სიკვდილს გადაარჩინა. აფხაზეთის დედაქალაქში საღამოს 9 საათზე ჩავიდნენ და დოლიძის ყოფილ ხელქვეითს, მურმან ხაჟალიას მიადგნენ სახლში. მურმანი მარტო ცხოვრობდა და შალვას სტუმრობა ძალიან გაუხარდა. მისი სიხარული არც იმან შეანელა, როდესაც გაიგო, რომ ქალ-ვაჟს ეძებდნენ.

– რაზეა ლაპარაკი, შალვა, – უთხრა მურმანმა, – შენ მე სიკვდილს გადამარჩინე და შენს წინაშე ვალდებული ვარ.

ქალ-ვაჟს კი გამალებით ეძებდნენ და მთელი როსტოვის ოლქი ფეხზე იდგა. ინფორმაცია დოლიძის გაქცევის შესახებ თბილისშიც აფრინეს. ქართველი მილიციელები იმ ბინას ეწვივნენ და გაჩხრიკეს, სადაც, სავარაუდოდ, გაქცეული წყვილი შეიძლებოდა ყოფილიყო... თუმცა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილების მქონე, ყოფილი სამხედრო მზვერავი და მისი მეწყვილე მოუხელთებელი წყვილი აღმოჩნდა საბჭოთა ძალოვნებისთვის. 6 თვის განმავლობაში მათ შესახებ ვერაფერი შეიტყვეს, მიუხედავად იმისა, რომ შალვა და კატია საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდნენ. მათ 1983 წლის 16 სექტემბერს ჯერ მოსკოვის ერთ-ერთი შემნახველი სალაროდან გაიტაცეს 21 ათასი მანეთი და ისე მიიმალნენ, მათი ვინაობა ვერავინ შეიტყო, მერე კი, 19 ოქტომბერს, ლენინგრადის ერთ-ერთი საიუველირო-საკომისიო მაღაზია გაძარცვეს. იქიდან 50 ათასი მანეთის ღირებულების უნიკალური ძვირფასეულობა გაიტაცეს.

საბჭოთა ძალოვნებმა მხოლოდ 1983 წლის 4 ნოემბერს გაიგეს, რომ მოსკოვსა და ლენინგრადში განხორციელებული ძარცვები შალვა დოლიძის და კატია მირონოვას ჩადენილი იყო. თუმცა, ქალ-ვაჟის კვალს მაინც ვერ მიაგნეს, რადგან შალვა და კატია 7 ნოემბერს ტაჯიკეთში იმყოფებოდნენ და იმავე ღამეს ავღანეთში გადავიდნენ. თან ანტიკვარული ძვირფასეულობაც წაიღეს. ავღანეთში კი ენის კარგად მცოდნე დოლიძეს ორიენტირება არ გასჭირვებია და წყვილი ჯერ პაკისტანში გადავიდა, იქიდან კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში...

P. S. შალვა დოლიძე და ეკატერინე მირონოვა დღესაც ცოცხლები არიან, არიზონას შტატში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ.


скачать dle 11.3