როგორ ჩამოვიცილოთ უმტკივნეულოდ და კონფლიქტის გარეშე, არასასურველი ადამიანი და რა მაგიურ თვისებებს იძენს მარილი ბედობა დღეს
ამბობენ, თუ ადამიანი ბედობა დღეს წინაპართა გამოცდილ მეთოდებს გამოიყენებს, მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებაო. როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი ნანი ამბობს, ამ დღეს ბევრი სპეციალური რიტუალის ჩატარების ან მარილიანი კვერის ჭამის შემდეგ, საბედოსაც ნახულობს. მისი თქმით, ურწმუნო ადამიანის როლში ყოფნას, სჯობს წინაპართა ნაცადი, წარმატების მომტანი მეთოდები გამოიყენოთ, ბედობა დღეს სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი და მთელი წელი თავი მშვიდად იგრძნოთ. ეს დღე 17 დეკემბერია და ამ დღეს თურმე უბრალო სუფრის მარილსაც კი ჯადოსნური, მაგიური თვისებები გააჩნია.
ნანი: სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ უბრალო სუფრის მარილს უდიდესი მაგიური თვისებები აქვს და ის განსაკუთრებით ბედობა დღეს, ანუ 17 დეკემბერს უნდა გამოიყენოთ თქვენს ბედში ცვლილებების შესატანად და მომავლის გასაგებად. შემიძლია გასწავლოთ რამდენიმე მეთოდი, რომელიც სწორედ 17 დეკემბრის ღამეს უნდა გაითვალისწინოთ და ამით წარმატებასაც მიაღწიოთ ცხოვრებაში. კერძოდ, გააცხელეთ მარილი ტაფაზე, თან ურიეთ ხის კოვზით და წარმოთქვით სიტყვები ჩურჩულით: დღეს ვეცდები შენი მონა ვიყო, მითხარი როგორ მოვიპოვო წარმატება, მასწავლე გზა უკეთესი მომავლისკენ და დამანახე ის, რისთვისაც უნდა ვიბრძოლო. შემდეგ, მარილი გადმოყარეთ წითელ ან თეთრ ნაჭერზე, შეახვიეთ ისე, რომ სამკუთხედის ფორმა მისცეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დაიძინეთ ისე, რომ ხმა არავის გასცეთ და სიზმარს დაელოდეთ. თან დააკვირდით, დილით როგორი ენერგიით სავსე იქნებით და საქმეებსაც ადვილად გაართმევთ თავს. ეს ტომსიკა უმჯობესია ჩანთით ატაროთ მთელი წელი. ხოლო თუ რამე საქმე გაქვთ მოსაგვარებელი ან საქმიანი შეხვედრა გელით, საღამოს მარილიანი ტომსიკა ბალიშის ქვეშ დაიდეთ და ისე დაიძინეთ. დილით კი, ის კვლავ ჩანთაში ჩაიდეთ და ისე გადით სახლიდან. ეს დღე მომავლის გაგებისთვის ყველაზე მაგიური დატვირთვისაა, ამიტომ, გირჩევთ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.
– ამბობენ, ვინც ამ დღეს მარილიან კვერს შეჭამს ღამით გზაჯვარედინზე, საბედოს ნახავს სიზმრადო. ეს მართალია?
– გამოგიტყდებით და ჩემი მეუღლე სწორედ ბედობა დღეს ვიხილე სიზმრად, კვერის ჭამის შემდეგ. (იცინის). ეს არავისთვის მითქვამს და პირველად თქვენ გაგიმხელთ: ჩემმა მეგობარმა დედამისს მარილიანი კვერი გამოაცხობინა. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავით. ჩემი მეგობრის დედა ქვრივი იყო. გეტყვით აქვე, რომ მარილიან კვერს ვინც გიცხობთ, ის აუცილებლად ქვრივი უნდა იყოს. მის ჭამამდე კი სასურველია, მთელი დღის უჭმელი იყოთ. შეგიძლიათ, მარილიანი თევზი ან მწნილი ჭამოთ. მოკლედ, კვერები დავიჭირეთ ხელში და ღამის თორმეტ საათზე წავედით გზაჯვარედინზე მის შესაჭმელად. ჩავკბიჩე თუ არა, კინაღამ უკან გადმოვყარე. (იცინის). ჩემმა მეგობარმა გამამხნევა, მიდი ჭამე, ხომ გინდა საბედო დაგესიზმროს, არ გაინტერესებს, ვისი ცოლი გახდებიო. როგორც იქნა, ვჭამე, დიდი წვალებით ჩავყლაპე მარილიანი კვერის თითოეული ლუკმა. სხვათა შორის, ვიფიქრეთ, ღამით გზაჯვარედინზე ვინმემ რომ დაგვინახოს უხერხულიაო და რადგან იქ ნაგვის ბუნკერი იდგა, ავდექით და ნაგვის ყუთი წავიღეთ თან, თუ ვინმე გაივლის, ვითომ ნაგავს ვყრითო. კაციშვილი არ გამოჩენილა, იმ ღამით ვინ იბოდიალებდა ქუჩაში. მაგრამ, ერთი კურიოზი კი შეგვემთხვა. მანქანამ გამოიარა და გავშეშდით გზაჯვარედინზე, დაგვისიგნალა და შეშინებულები გიჟებივით გავხტით გვერდით. შორს გააჩერა, ეტყობა მიხვდა არაადეკვატურად რომ ვმოქმედებდით და მოგვაძახა, გოგონებო, დახმარება ხომ არ გინდათო. ხმა არ უნდა ამოგვეღო კვერის ჭამის შემდეგ და პასუხს როგორ გავცემდით? მოკლედ, მერე ვიცინოდით, კვერი ვჭამეთ თუ არა, კინაღამ მაშინვე არ გაგვეხსნა ბედიო (იცინის).
– იმ ღამით მომავალი მეუღლე იხილეთ?
– არ დამიჯერებთ და მართლაც ვიხილე. ჩემი და გათხოვილი იყო. მისი ქმარი მოვიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და წყალი დამალევინა. მე მას არ ვიცნობდი. იმ ზაფხულს დასასვენებლად ჩემმა დამ წამიყვანა ქმრის სოფელში და სწორედ იქ გავიცანი ის ბიჭი, რომელიც სიზმარში ვნახე. ეს უბრალო დამთხვევა ხომ არ არის? მოდი და თქვი, არაფერი არსებობსო. ფაქტია, ის ბიჭი დღეს ჩემი ქმარია და ერთად გავლიეთ ცხოვრების მთელი თოთხმეტი წელი. აი, ჩემმა მეგობარმა კი სიზმარში ნახა, რომ ძალიან სწყუროდა, ყვიროდა, ვინმემ დამალევინეთ წყალიო და დედამისს მიუტანია. დამიჯერეთ, დღესაც არ გათხოვილა და დედასთან ერთად ცხოვრობს. სხვათა შორის, მარილის ძალა სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ ბედობა დღეს. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა, აიღეთ ერთი მუჭა მარილი, ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ ერთი ლიტრი ონკანის წყალი, არ მოურიოთ და ასე დადგით საწოლთან. ძილის წინ ჩაყავით მასში ხელები და თავზე იპკურეთ წვეთები. დაიძინეთ. დილით კი, ამ წყალში ჩაყავით გამოღვიძებისთანავე ხელები, კარგად ამოურიეთ და ხმამაღლა თქვით: მინდა ისევე გაიხსნას ჩემთან ჩემი რჩეული, როგორც ეს მარილი იხსნება წყალში. სხვათა შორის, ეს მეთოდი ჩემი მეგობრის ბებიამ მასწავლა და ისიც მითხრა, ეს დაგეხმარება მაშინაც კი, როცა ყველაფერი რიგზე გაქვს სასიყვარულო ცხოვრებაშიო. ამას მე ყოველ ბედობა დღეს ვაკეთებ. რა ვქნა, მჯერა რომ ეს რიტუალი მეხმარება, საყვარელ ადამიანთან პრობლემა არ შემექმნას, თანაც ეს ტრადიციადაც მექცა. ასევე, თუ გინდათ ბარაქა არ გამოგელიოთ ოჯახში, სულ გედგათ სამზარეულოს მაგიდაზე მარილით სავსე სამარილე.
– მარილის დაბნევას უსიამოვნება მართლა მოაქვს?
– დიახ, ეს სიმართლეა. თუ მარილი დაგებნათ, უსიამოვნო საუბარი ან ჩხუბი მოგელით და ამიტომ, ამ უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ, მარჯვენა ხელით აიღეთ მწიკვი მარილი და სამჯერ თავს ზემოთ უკან გადაიბნიეთ. მაგრამ, თუ საქმიან შეხვედრაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ ერთი სუფრის კოვზი მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსნათ და ამ ხსნარით დაიბანოთ სახე და ხელები. თუ გინდათ არასასურველი ადამიანი ჩამოიცილოთ პრობლემების გარეშე, მაშინ მარილი და წიწაკა ერთმანეთში კარგად აურიეთ და მის მოსვლამდე შემოსასვლელ კართან დადებულ ფეხსაწმენდის ქვეშ მოაბნიეთ. კარს გააღებთ თუ არა მოსთხოვეთ, ფეხები საწმენდზე კარგად გაიწმინდოს და ისე შემოვიდეს. ამის შემდეგ, საკმარისია ფეხი შემოდგას თქვენს ბინაში, რომ დისკომფორტს იგრძნობს და ეცდება მალევე წავიდეს. ასე რომ, არასასურველი სტუმრობის თავიდან ასაცილებლად, მარილი და წიწაკა ყველაზე კარგი საშუალებებია. დამიჯერეთ, თუ გულით მიუდგებით, მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გსურთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენს სასარგებლოდ წარმართეთ ცხოვრება, ყოველგვარი გართულებებისა და კონფლიქტების გარეშე. ერთ მაგალითს გეტყვით: მეგობარი მოვიდა ჩემთან. ნამტირალევი იყო და ეს მე როგორ გამომეპარებოდა? ვკითხე, რა გჭირს, რატომ გაქვს თვალები დასიებული-მეთქი. მომატყუა, არ მეძინა კარგად და ალბათ ამის ბრალიაო. ჩავეძიე და სიმართლე ვათქმევინე. მომიყვა, თურმე გაშორებული ქმარი აწუხებდა, აკითხავდა და აწიოკებდა. ამ ამბავს ვერავის უმხელდა და სიჩუმეს ამჯობინებდა. ძალიან შემეცოდა და ვუთხარი, მოდი წიწაკა და მარილი აურიე ერთმანეთში და ფეხსაწმენდის ქვეშ დაყარე მის მოსვლამდე-მეთქი. გაეღიმა, ხომ იცი, მსგავსი რამეების არ მჯერა, თან ჩემი ყოფილი ქმარი ისეთი „რქიანია“, მარილი და წიწაკა რას უშველისო. ვთხოვე, დამიჯერე, სცადე, იქნებ გაჭრას-მეთქი. ერთი სიტყვით, დამიჯერა. ასე მოიქცა და უკვე ორი წელია მისი ქმარი საერთოდ არ გამოჩენილა. ახლა სულ იმ დღეს იხსენებს, რამდენჯერაც მნახავს, გადამრჩენს მეძახის (იცინის). ამიტომ გეუბნებით, სცადეთ და იქნებ გაჭრას, იქნებ მოგვარდეს პრობლემა და ბედ-იღბალიც უკეთესობისკენ შემოტრიალდეს. როცა ვსაუბრობ, ვცდილობ, ეს ნათქვამი ფაქტებით დავასაბუთო. მე ჩემი მხრიდან გირჩევთ და გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა.