კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა დახუჭოს ქალმა თვალი ქმრის უცნაურ საქციელზე

მამაკაცის უცნაური საქციელი ზოგჯერ სულაც არ ნიშნავს ღალატს. უბრალოდ, ქალები ზედმეტად ემოციურად ვუყურებთ მეუღლეების ახირებებს. ჩვენზე გავლენას ახდენს მეგობარ-ახლობლების მონაყოლი, წაკითხული თუ საკუთარი თვალით ნანახი. ქვეცნობიერი ზემოქმედება გარემო ფაქტორებისა აღვივებს და ამძაფრებს ფანტაზიას, რამაც, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. თუ ნაპერწკალს კოცონად გადავაქცევთ, გამორიცხული არ არის, ამ კოცონმა, სულ ცოტა, ხელი დაგვწვას. სად ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც ჩიხში არ მოგვაქცევს და უამრავ პრობლემას აგვარიდებს თავიდან? როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ეჭვი მოსვენებას არ აძლევს? თვალი დახუჭოს და არ შეიმჩნიოს, თუ მაქსიმალურად გააკონტროლოს მისი თითოეული ნაბიჯი?

დიანა (31 წლის): ათი წელია, გათხოვილი ვარ. მყავს 9 წლის შვილი და ამ ხნის განმავლობაში თავი ბედნიერ ქალად მიმაჩნდა. მაგრამ დღეს ისეთ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი, დაბნეულმა, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ყველაფერი ოთხი თვის წინ დაიწყო. პირველად სწორედ ოთხი თვის წინ შემეპარა ეჭვი ჩემი ქმრის ერთგულებაში.

– ანუ, ათი წელი ისე იცხოვრეთ, ერთხელაც არ მოუცია ეჭვიანობის საბაბი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული წყვილი ვიყავით, სხვებისგან გამორჩეული და ვგიჟდებოდით ერთმანეთზე, მაგრამ ჩვენ შორის სიყვარული და პატივისცემა ყოველთვის იყო. არ არის აუცილებელი, ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ირეოდეს და ამის საჯარო დემონსტრირებას ახდენდეს. ყველა წყვილს თავისი ინტიმური საიდუმლო აქვს, ურთიერთობის საკუთარი კოდი, რომელიც, შესაძლოა, სხვას არც გამოადგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიმაჩნია, მე და ჩემს ქმარს ურთიერთობაში პრობლემა არ გვქონია. აბსოლუტურად ნორმალურად, მშვიდად და მყუდროდ ვცხოვრობდით. არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვდით ერთმანეთისგან.

– შეიძლება, ეგ ფრაზა განმიმარტოთ?

– ანუ, რას ნიშნავს, არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვდით ერთმანეთისგან? გეტყვით – მე არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ ზღაპარი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდებოდა. ზღაპარს შეყვარებულობის პერიოდს ვუწოდებ. როცა შენი მომავალი ქმარი თავზე გევლება, სიურპრიზებითა და ყვავილებით განებივრებს, ასფალტზე ანთებული სანთლებით გიწერს „მიყვარხარო“ და ფანჯარასთან სერენადებს გიმღერის. ოჯახის შექმნით ამ ყველაფერს ხაზი გადაესმევა ხოლმე.

– რატომ? არ შეიძლება, ქმარმა მოგართვას ყვავილები და მოგიწყოს სიურპრიზი?

– როგორ არ შეიძლება, მაგრამ ამას პერმანენტული სახე არ ექნება, ვერც მოსთხოვ. კაცს რომ ცოლი მოჰყავს, იმდენი საზრუნავი უჩნდება, სიურპრიზებისა და სერენადებისთვის ნამდვილად აღარ სცხელა. თან, ცოლი – ცოლია და შეყვარებული – შეყვარებული. მონადირების ჟინი, აზარტი აღარ არსებობს და კაცმაც რატომღა უნდა შეიწუხოს ზედმეტად თავი, მოსანადირებელი თუ სახლში ეგულება?! მე ეს ყოველთვის ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი არ ვიყავი, როცა გავთხოვდი. ოცდაერთი წელი არ არის ის ასაკი, რომ დიდი გამოცდილებითა და პრაგმატულობით იყო აღჭურვილი. ცხოვრება ნელ-ნელა გასწავლის რაღაც-რაღაცეებს და ზოგჯერ „ჯოხითაც გცემს“. სწორედ ასეთი „ჯოხით ცემა“ იყო ის, რაც მე დამემართა.

როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნო პერიოდი დადგა. მე არ დამიწყია ქმართან ურთიერთობის გარკვევა, პირდაპირ შეტევაზე გადავედი და გაცეცხლებული ისე დავესხი თავს, რომ საშუალება არ მივეცი, რამე აეხსნა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი განცვიფრებული და გაოგნებული სახე. ისე მიყურებდა, როგორც შეშლილს. მე მაშინ ჩავთვალე, რომ თამაშობდა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მართლა ვერაფერი გაიგო. რამ გამაცოფა, მისთვის გაუგებარი დარჩა. მე არ ვყოფილვარ ისეთი ცოლი, რომ შეჩვეული ყოფილიყო ჩემს ისტერიკებს. ამიტომ, რომ ვეცი და მუშტები დავუშინე, მგონი, სხვა ვეგონე. მაგრამ იმ წუთში ისე ვიყავი გადარეული, დანა რომ მჭეროდა ხელში, შეიძლება, დამერტყა კიდეც. ჩემი საქციელით გამოწვეულმა პირველმა შოკმა რომ გაუარა, ჩემი ქმარი შეეცადა, როგორმე გავეჩერებინე, ხელებიც კი დამიჭირა, მაგრამ ვერ მომერია. არ ვიცი, საიდან აღმომაჩნდა ამდენი ძალა. ხელს ვკრავდი და ისე ვუბიძგებდი კარისკენ. თან მისი ტანსაცმლით სავსე ჩანთას მივათრევდი. ძალიან მინდოდა, ის ჩანთა თავში ჩამერტყა, მაგრამ ვერ მოვერიე, მძიმე იყო. თან ისეთ საზიზღრობებს ვუყვიროდი, ახლა რომ მახსენდება, მრცხვენია. რა იყო, რა ბზიკმა გიკბინაო, – ამ სიტყვებმა საერთოდ გადამრია. ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, ჰყოფნოდა ამდენი სითავხედე და ეთვალთმაქცა მაშინ, როცა ყველაფერი ვიცოდი.

– ძნელია, მხოლოდ ეჭვით დაადანაშაულო ადამიანი ღალატში.

– გეთანხმებით. ამაშია ჩემი მთავარი შეცდომა. მაგრამ, ვერ წარმოიდგენთ, როგორი საშინელი განცდაა. შეიძლება, ჭკუიდან გადახვიდე. თანაც, იმასაც უმტყუნა ნერვებმა და მე რომ გავკიოდი არაკაცი ხარ-მეთქი, მიყვირა – ნამდვილად გაცოფდი, შე საცოდავოო. მოჰკიდა თავის ჩანთას ხელი და კარი გაიჯახუნა. შემოვბრუნდი და ავტირდი. მთელი ღამე ვტიროდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ახლა რომ დამირეკოს და პატიება მთხოვოს, გულახდილად მოინანიოს თავისი დანაშაული, ან მოვიდეს და მითხრას, რომ შეცდა, მე ვუყვარვარ და ის ქალი არაფერს წარმოადგენს მისთვის, აუცილებლად ვაპატიებ-მეთქი.

– დარწმუნებული იყავით, რომ ის ქალი არსებობდა?

– დიახ. მაშინ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. იმიტომაც გადავირიე, როცა მისი მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას წავაწყდი. როგორ, დამნაშავეა და კიდევ აქეთ გადმოდის შეტევაზე-მეთქი?! მას რომ უკან დაეხია, მომფერებოდა და ეთქვა, რომ ვცდებოდი, მართლა ცოფიანი კი არ ვარ, გავჩერდებოდი. მერე, ალბათ, დავილაპარაკებდით და გავარკვევდით ურთიერთობას. მამაკაცები ძალიან ცდებიან, როცა თავდაცვის იარაღად თავდასხმას იყენებენ. ამით ვერც ერთ ქალს ვერ დაამშვიდებ და ვერც სიტუაციას გაანეიტრალებ. პირიქით, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. მოფერებით კი ნებისმიერი ქალი ტყუვდება. კი არ ტყუვდება, თავს იტყუებს. გეუბნებით, რომ მომფერებოდა და ეთქვა, ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარო, დავიჯერებდი.

– ტყუილში ცხოვრება გერჩივნათ? გულის სიღრმეში ხომ გეცოდინებოდათ, რომ სიმართლე სხვა იყო?

– რა არის, იცით? ზოგჯერ ტყუილში ცხოვრება ჯობია რეალობას. ძალიან ბევრი ქალი ცხოვრობს ტყუილში, მაგრამ ბედს არ უჩივის. მთავარია, კაცმა შეძლოს და ეს ტყუილი ლამაზად შეფუთოს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ერთ განავარდებას ყველას აპატიებ, არ არის პრობლემა. ეს იმაზეა დამოკიდებული, ამ განავარდების შემდეგ კაცი როგორ მოიქცევა.

– ანუ, სკანდალს რომ უწყობდით, თანახმა იყავით, გეპატიებინათ ღალატი, მაშინ, რატომღა წამოიწყეთ ჩხუბი?

– იმისთვის, რაც წეღან გითხარით: მისი სიყვარულის დადასტურება მინდოდა. უნდა მცოდნოდა, რომ ის ქალი, ჩემგან განსხვავებით, უბრალო შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში.

– თქვენ ფიქრობთ, რომ კაცს შეიძლება უყვარდეს ქალი, მაგრამ უღალატოს და ეს ბუნებრივია?

– არ არის ბუნებრივი, მაგრამ რეალურად ხდება ასე – უყვართ ცოლები, მაგრამ ღალატობენ. თუმცა ამას ისინი ღალატს არ ეძახიან. ძალიან უცნაურია, ხომ მართალია? მაგრამ მამაკაცები არიან თავად უცნაური არსებები. არ იციან, რა უნდათ. უფრო სწორად, იციან, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებენ. ასიდან ოთხმოცდათხუთმეტ მამაკაცს არ უნდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ოთხმოცი თანახმა იქნება, სხვა ქალთან თუნდაც ერთჯერად ურთიერთობაზე.

– არა მგონია, მოღალატეების ასეთი მაღალი პროცენტი იყოს.

– არ არის მაღალი. დამიჯერეთ, ასეა. უბრალოდ, ცოლები ხუჭავენ თვალს, ან კაცები აკეთებენ ამას ისე, რომ ცოლები ვერ იგებენ.

– თქვენი ქმარი ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე?

– ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო. ბუნებით არ არის მოთამაშე და ემოციები შეეტყო. ვერ გამომაპარა ის ცვლილებები, რაც მასში ხდებოდა. შეიძლება, იმიტომ, რომ ბუნებით არის პატიოსანი. შეიძლება, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ვლაპარაკობ, მაგრამ პატიოსანმა კაცმაც შეიძლება უღალატოს ცოლს და ამას შემთხვევას დაარქმევს. როცა სამსახურიდან დაგვიანებებს მოუხშირა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა და მაძებრად ვიქეცი. რა ძალა მადგა, რატომ დავიწყე ქექვა? როცა იცი, რომ მაინც ყველაფერი უნდა აპატიო, აჯობებს, თვალი დაიბრმავო. მე ხომ ვიცოდი, რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი! ამიტომ, უნდა გადამეყლაპა შეურაცხყოფა. ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.

– ვერ დაგეთანხმებით, არ მგონია, შეურაცხყოფილი ქალი სრულფასოვანი პარტნიორი იყოს.

– მარტო დარჩენილ ქალზე უკეთესად მაინც იქნება. ცოლქმრობა ისეთი ურთიერთობაა, სადაც ეგეთი რამეები „მოსულა“. თან ისეთი რაღაცეები გავიგე, რაც ჩემი ქმარი სახლიდან გავაგდე, რომ საშინლად ვნანობ, ასე სულელურად რომ მოვიქეცი. მინდოდა, თავი დამნაშავედ ეგრძნო, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მე მკლავს სინანულის განცდა, ის კი თავს შეურაცხყოფილად და დაზარალებულად გრძნობს. ქალი რომ ხარ, მეტად მოქნილი პოლიტიკა უნდა აწარმოო. ზოგი ქალი ამას ახერხებს, მე კი ვერ შევძელი, პირდაპირ შევასკდი შუბლით და ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავიყენე თავი. ქმრის ღალატის დამადასტურებელი ფაქტებიც კი არ მაქვს, გარდა ორი ღერი ქერა თმისა და მობილურში ქალის უცნობი სახელისა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ არ უღალატია და ტყუილუბრალოდ დასწამეთ ცილი?

– მიღალატა. ამაში დარწმუნებული ვარ. ვიღაც ჰყავდა, ინტუიცია მეუბნება ამას, მაგრამ მე არ უნდა დამეწყო გამოძიება. როცა ხვდები, რომ ქმარი გიყვარს და მასთან განშორებისთვის მზად არ ხარ, ამის გაკეთება უაზრობაც არის და დიდი სისულელეც. მე არ ვიყავი მზად. ახლაც არ ვარ. მირჩევნია, ვინერვიულო, ვიეჭვიანო, მაგრამ ჩემ გვერდით იყოს. რა ვქნა, მიყვარს, სხვას ვერ დავუთმობ. ისიც ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. შეიძლება, ეს სიყვარული ისეთი აღარ არის, როგორიც ჩვენი ურთიერთობის პირველ ეტაპზე, მაგრამ ჩემთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა. ჩემი მზრუნველობა მისთვის ნავსაყუდელივით იყო, მე კი ეს ნავსაყუდელი მოვუშალე. არ ვარ სულელი? რას გამოვიდე თავი? არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისთვისაც ქმარს უღალატია. უნდა გავჩუმებულიყავი, ჭკვიანი ქალები ასე იქცევიან. მაგრამ, ხომ გითხარით, რისი იმედიც მქონდა. გათვლებში შევცდი.

– თქვენ რომ არაფერი გეთქვათ, შეიძლება, ერთ დღეს საერთოდ მიეტოვებინეთ. მაშინ უფრო ცუდად არ იგრძნობდით თავს?

– შეიძლება, არც ეს არის გამორიცხული. ჩემმა საქციელმა ალბათ, რაღაც დადებითიც მოიტანა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ქმარი მიხვდა, რომ მე მონა არ ვარ და ისე ვერ მომექცევა, თითქოს არაფერს წარმოვადგენდე. ალბათ, მამაკაცები თავმოყვარე ქალებს უფრო აფასებენ. მაგრამ, შემეძლო, უფრო ტაქტიკურად მემოქმედა. ანუ, უფრო მეტი ნივთმტკიცება მომეგროვებინა და ისე მიმემწყვდია კედელთან. მაშინ ის ვეღარ ითამაშებდა შეურაცხყოფილის როლს. მე ის საყვარელთან ერთად არ მინახავს, მაგრამ ჩემმა დეიდაშვილმა ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად ნახა კაფეში და დამირეკა.

– ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მისი საყვარელი იყო.

– რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, მაგრამ არც გამორიცხულია, ხომ მართალია? იცით, რა დღეში ჩავვარდი, როცა ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა და ეს მითხრა? იმდენი ვიტირე, გული გამიხდა ცუდად. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი დამამცირებელია. მერჩივნა, მე თვითონ დამენახა. გავცოფდებოდი და გადავირეოდი, მაგრამ თავს ასე დამცირებულად არ ვიგრძნობდი.

– არ უნდა შეგექმნათ ამ ამბისგან ტრაგედია, შეიძლება, ის გოგონა უბრალოდ ნაცნობი, ან თანამშრომელი იყო.

– მის თანამშრომლებს ყველას ვიცნობ. თუმცა, მართალი ხართ, არ უნდა შემექმნა ამ ამბისგან ტრაგედია. თუმცა, ჩემს დეიდაშვილს კი ვუთხარი, მერე რა მოხდა, ალბათ თანამშრომელთან ერთად იყო-მეთქი. მაგრამ მან დამცინა, ყურადღება მიაქციე მაგ შენს ქმარს, ანგელოზი რომ გგონია, თორემ ეგეთი თანამშრომლები რომ მოუმრავლდება და ხელს დაგიქნევს, მერე გვიან იქნებაო.

– ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, „აგაგდოთ“?

– არა, არა, ეჭვი მანამდეც მქონდა. თუმცა, არ უარვყოფ, ცეცხლზე ნავთი ნამდვილად დაასხა. მაგრამ ქმარს იმ საღამოსვე არ დავტაკებივარ, რამდენიმე დღე მოვიცადე. ვაკვირდებოდი, თავში კი ჩემი დეიდაშვილის სიტყვები მიტრიალებდა „ანგელოზი რომ გგონიაო“. ანგელოზი ვინ არის, მაგრამ, რატომღაც, მჯეროდა, რომ ჩემი ქმარი სხვას არ ჰგავდა. რა სულელი ვარ. როგორ შეიძლება, კაცის პატიოსნებაზე თავი დადო? ყველანი ერთნაირები არიან. მკვდარი ვიყავი. ისეთი რამეები ვაკეთე, სხვისთვის რომ დამიცინია: ჩუმად ვუსმენდი, ვის ელაპარაკებოდა ჩემი ქმარი და როგორი ინტონაციით. შევუმოწმე მესიჯები. თანაც, ჩემს დასთან ერთად. მერე სატელეფონო ცნობარი გადავჩხრიკე და ქალის ისეთი ორი სახელი აღმოვაჩინე, რომელთა არსებობაზე წარმოდგენა არ მქონდა. ზუსტად მეორე დილით გავიგონე, როგორ ელაპარაკებოდა ერთ მათგანს. სახელი გავიგონე. მე რომ დამინახა, მაშინვე შეწყვიტა საუბარი. მოკლედ, ძალიან ბევრი გარემოება დაემთხვა ერთმანეთს და ბოლოს ის თმაც რომ ვიპოვე პერანგზე...

– პერანგზე თმის ღერის აღმოჩენას მართლა სჭირდება მაძებრის ნიჭი.

– თუ ეძებ, იპოვი. არ არის პრობლემა. თანაც მუქი ფერის პერანგზე ღია ფერის თმის ღერის დანახვას რა უნდა! ეს საკმარისად ჩავთვალე და ჩემი ქმრის ტანსაცმელი გარდერობიდან გადმოვყარე. იმ წუთში ვერავინ დამარწმუნებდა, რომ ჩემთვის არ უღალატია. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეა, მაგრამ მასთან განშორება არ მინდა.

– აბა, რას ელოდით, სახლიდან რომ აგდებდით?

– რომ ბოდიშს მომიხდიდა და არსად წავიდოდა. ან მეორე დღეს მაინც მოვიდოდა დარცხვენილი და პატიებას მთხოვდა.

– ესე იგი, გინდოდათ, რომ მოეტყუებინეთ?

– ჰო, მინდოდა, არ ვმალავ ამას. მზად ვიყავი ყველაფერი დამევიწყებინა და დამეჯერებინა მისი ტყუილი. რატომ ჩავიყენე თავი, ასეთ სულელურ მდგომარეობაში ან ახლა რა ვქნა? წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე.

– არ ბრუნდება სახლში?

– არა. უკვე ერთი თვე გავიდა. ჩვენს დაუმთავრებელ აგარაკზე ცხოვრობს, რომლის შესახებაც ასევე არ ვიცოდი. ჩემი დისთვის უთქვამს, ისტერიკიანი და გიჟი ქალის გვერდით მიცხოვრია ამდენი ხანი და ვერ მივმხვდარვარო.

– არ იცის, ისტერიკა რატომ მოაწყვეთ?

– როგორ არ იცის. ჩემი და ხომ ელაპარაკა, მაგრამ ყველაფერს უარყოფს. ის ქერა გოგო დიზაინერი იყოო. აგარაკი მალულად ვიყიდე, რომ შენი დისთვის (ანუ ჩემთვის) სიურპრიზი მომეწყო. პირდაპირ გარემონტებულში უნდა მიმებრძანებინა, მაგრამ ეგ არაფრის ღირსი არ არისო. წარმოგიდგენიათ? აგარაკი უყიდია ჩუმად.

– ანუ, გაირკვა სიმართლე, სამსახურიდან დაგვიანებების მიზეზიც გამოჩნდა...

– ალბათ, იტყვის, რემონტის საქმეებზე დავრბოდიო. მაგრამ მე რატომ მეუბნება გული, რომ მიღალატა?

– არ გჯერათ, რომ აგარაკი თქვენთვის იყიდა?

– სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, აღარ ვიცი, რისი უნდა მჯეროდეს და რისი – არა. გამოაჩენდა კი, იმ აგარაკს, ასე რომ არ მომხდარიყო?

– ამას ვერავინ გეტყვით.

– საქმეც ეგაა, მაგრამ ჩემთვის სხვა რამეა მთავარი: მაინტერესებს, მე როგორ უნდა მოვიქცე. რა გამოდის, მე შეურაცხვყავი და ახლა ბოდიში უნდა მოვუხადო? საქმეს ზუსტად ასეთი პირი უჩანს. რანაირად უნდა ვთხოვო პატიება, როცა მას მიუძღვის ჩემს წინაშე დანაშაული. ხვდებით, როგორ გამოუვალ სიტუაციაში ვარ? ყველა ვარიანტში მე ვარ მსხვერპლი.

– შეგიძლიათ, არ სთხოვოთ პატიება.

– მაშინ არ დაბრუნდება. ისეთი ჯიუტია, არაფრით არ დათმობს. მე რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონდეს, საქმე სხვანაირად იქნებოდა, ასე ვეღარ იჭიკჭიკებდა. ავჩქარდი და ისეთი სერიოზული პრობლემა შევიქმენი, რანაირად გამოვძვრები, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა შეუძლია, პარანოიკადაც კი გამომაცხადოს. ალბათ, ყველასთან ამბობს, რომ უმადური და დაუნახავი ვარ – ის სიურპრიზს მიკეთებდა, მე კი მოვუგონე, რომ მღალატობდა.

– იქნებ, თქვენმა დამ შეძლოს და ისე მოაგვაროს სიტუაცია, რომ თქვენ ბოდიშის მოხდა არ დაგჭირდეთ?

– არ ვიცი. ის ხომ არ მოიხდის ბოდიშს ჩემ მაგივრად? თანაც, ჩემი ქმარი ამ შემთხვევას კარგად გამოიყენებს, რომ ჭკუა მასწავლოს და ეჭვიანობის სურვილი სამუდამოდ გამიქროს. ამიტომ ყველა ქალს ვურჩევ, ჯერ დაფიქრდნენ, არიან თუ არა მზად ქმართან განშორებისთვის და ისე დაიწყონ ქმრის სულში ხელის ფათური, თან მისი ღალატის დამადასტურებელ საბუთებს მოუყარონ თავი, რომ თავი ვეღარ იმართლოს.

– და, თუ თქვენს მეუღლეს მართლა არ უღალატია თქვენთვის?

– მაშინ, კიდევ უფრო სულელი ვყოფილვარ და მილიონ ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ვინ დამარწმუნებს ამაში?!



დალი მიქელაძე


скачать dle 11.3