ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვადაზე ადრე პირობითი სასჯელის მოხსნა და რა კონკრეტული პროცედურის გავლაა ამისთვის საჭირო?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირობითი მსჯავრდებული, გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სასამართლოს შეუძლია, იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის კანონით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ წარდგინებით, სასამართლოს (მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსი. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
კითხვა: ვარ სრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული. აღრიცხვაზე ვიმყოფები პრობაციის ბიუროში. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შევძელი დადგენილ დროს ბიუროში გამოცხადება. რა სანქციები დამეკისრება?
პასუხი: თქვენ მიერ რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს ოფიცერი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის პრობაციის ბიუროს უფროსს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში და გამოაქვს დადგენილება. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაგბარდებათ ან გამოგეგზავნებათ.
იმ შემთხვევაში, თუ გაცდენა ჩაითვალა არასაპატიოდ, დაგეკისრებათ ჯარიმა 30 ლარის ოდენობით. ჯარიმა უნდა გადაიხადოთ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საბანკო დაწესებულებაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.
გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში ჯარიმა არ დაგეკისრებათ.
კითხვა: რა არის შემაკავებელი ორდერი და ვის აქვს მისი გამოცემისა და გამოყენების უფლება?
პასუხი: ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა ძირითადად ჩადენილია მამაკაცის ან ქალის მიერ, ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის წინააღმდეგ. იგი უმთავრესად მოიცავს შეურაცხმყოფელ და იძულებით ქცევას, როგორიცაა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფა. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლის შედეგიც, შეიძლება, ფატალურად დასრულდეს.
ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას უნდა მიმართოთ პოლიციას. პოლიცია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
კითხვა: წელს ივნისში ავტომანქანა მივიყვანე პროფილაქტიკაში შესაკეთებლად. ხელოსნებმა მომთხოვეს გარკვეული რაოდენობის თანხა, რაც სრულად მივეცი პირადად ხელში და ამის მოწმეებიც არიან. დამპირდნენ, რომ მანქანა მზად იქნებოდა აგვისტოს ბოლოს, შეთანხმება იყო სიტყვიერი. დათქმულ დროს თითქმის ორი თვე გადააცილეს და ახლაც არ ვიცი, როდის დაამთავრებენ. აღნიშნულ მანქანას ვამუშავებდი ტაქსად, რაც ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. შემიძლია თუ არა, ხელოსანს მოვთხოვო, ჩემ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, ასევე, მანქანის შეკეთების დაგვიანების საფასური?
პასუხი: ვალდებულების შესრულება არის აუცილებლობა, თანაც კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას. ამ ვალდებულების დარღვევისთვის თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ხელოსნებთან დადებულ ხელშეკრულებაზე მას შემდეგ, რაც ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრეთ დამატებითი ვადა და ამ ვადამდეც არ შესრულდა შეკვეთა. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხა, ამასთან, ამ თანხიდან უნდა გამოიქვითოს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ვალდებულების დარღვევისთვის, ასევე, ხელოსნების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს იმას ნიშნავს, ვალდებულების დამრღვევმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რაც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება – ამ შემთხვევაში – სამუშაოს შესრულების ვადისთვის რომ არ გადაეცილებინათ. ამასთან, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მარტო რეალური ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლებისთვისაც, რომელსაც მიიღებდით, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კითხვა: ვარ პენსიონერი, ვცხოვრობ თბილისში. დანიშნული მაქვს პენსია. ერთი წელი არ ვიმყოფებოდი ძირითად საცხოვრებელ ადგილზე, ხან საავადმყოფოში ვიწექი, ხან შვილებს ვყავდი თავიანთ ოჯახებში მოსავლელად წაყვანილი, ამიტომ ბანკში პენსიის ასაღებად ვერ მივედი. ახლა გამომიცხადეს, რომ პენსია შეწყვეტილი გაქვსო. მე კი პენსია მჭირდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: პენსიის განახლების თაობაზე, აუცილებლად მიმართეთ განცხადებით სოციალური სუფსიდიების სააგენტოს თქვენი რაიონის ფილიალს (ესე იგი, იმ ორგანოს, საიდანაც პენსია გაქვთ დანიშნული). პენსიის გაცემა აღგიდგებათ და მიუღებელი ერთი წლის პენსიაც უდანაკარგოდ მოგეცემათ.