როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
წვერავა
გვარი ნაწარმოებია მამაკაცის სახელიდან წვერა. მეტსახელი წვერიკმაზა კი, გვხვდება გვარში წვერიკმაზაშვილი.
ქართულში წვერა წვერის მქონე პირსაც აღნიშნავს. სამეგრელოში არის, ასევე, გვარი წვერია.
წვერავა ივანიკა მოხსენიებულია ხონის ეკლესიის 1824 წლის სიგელ-გურჯებში.
გვხვდება გვარი წვეროშვილიც. ის ნაწარმოებია საკუთარი სახელისგან წვერო.
საქართველოში 516 წვერავა ცხოვრობს: თბილისში – 131, ქუთაისში – 72, სამტრედიაში – 30.
ოგბაიძე-გოგბაიძე – ობგაიძე – ობგაძე
სოფელ არშაში, მეთვრამეტე საუკუნის აღწერის დავთრებით ცხოვრობენ გოგბაიძეები. ისინი აქ 1774 წლიდან 1881 წლის მონაკვეთში უნდა იყვნენ დასახლებულნი. ისინი მთიულეთიდან გადმოსული ობგაიძეების შთამომავალნი არიან.
ოგბაიძეების განშტოება გვარებია: გოგბაიძეები, ობგაიძეები და ობგაძენი. ოდითგან მოსახლე მთიელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გვარიშვილები არიან არაგვის ხეობაში.
ამ საგვარეულოს წარმომადგენლებმა სახელი გაითქვეს თავისი მხნეობით და ვაჟკაცობით. მათ მიერ მოპოვებულ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ოგბაიძეები ტრადიციულად იყვნენ ცხავატის ისტორიული თემის გამაერთიანებელი სალოცავის „ცეცხლიჯვრის“ დეკანოზები.
თავი გამოიჩინეს მთიულეთიდან ხევში გადასახლებულმა ოგბაიძეებმაც, რომლებიც გოგბაიძეთა გვარით არიან ცნობილნი. არშის სიმაგრის გაუტეხელი მეციხოვნენი – გოგბაიძენი ტრადიციულად იყვნენ ამ ციხესიმაგრეში მოქმედი წმიდა გიორგის ეკლესიის დეკანოზები.
ოგბაიძეთა გვარის ძირად მიჩნეულია გბ – ანუ გბობა, რაც სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნიშნავს ხარშვას.
ოგბაიძეთა გვარის წარმოშობის შესახებ ორი განსხვავებული ვერსია არსებობს.
პირველის მიხედვით, ზემოხსენებული განშტოებანი (გოგბაიძე-ობგაიძე-ობგაძე) მეთვრამეტე საუკუნეში (გოგბაიძენი) და მეცხრამეტე საუკუნეში (ობგაიძე-ობგაძე) გაჩნდა ხევსა (სოფელ არშაში) და ქართლის ცალკეულ სოფლებში მთიულეთიდან (სოფლებიდან გოგნაურიდან ან სალაჯურიდან) გადასახლებულ ოგბაიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთაგან.
მეორე ვერსიის თანახმად, საგვარეულო განშტოებანი წარმოიშვა გოგბაიძეთა გვარიდან. უპირატესობას მეგვარეები და მეცნიერები პირველს ანიჭებენ. საფუძვლად იღებენ 1774 და 1781 წლების აღწერის ნუსხებს, სადაც გვარი ოგბაიძეთია ჩაწერილი. წერენ, რომ „საგვარეულო განშტოებანი სწორედ ოგბაიძეთა გვარიდან წარმოიშვა, თანაც არა უადრეს მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელი მეოთხედისა და არა უგვიანეს მეოცე საუკუნის დასაწყისისა“.
მთავარი გვარში ის არის, რომ თვით ოგბაიძენი-გოგბაიძენი-ობგაიძენი და ობგაძენი ერთმანეთს საერთო წარმომავლობის გვარებად მიიჩნევენ და წინაპართაგან ნაანდერძევ ნათესაობას ტრადიციულად აგრძელებენ.
ოგბაიძეები ძველთაგანვე ცხოვრობდნენ სოფელ გოგნაურში. ოგბაიძეთა რიცხობრივი სიჭარბის გამო, ამ სოფელს ზოგჯერ ოგბათ სოფელსაც უწოდებდნენ. სოფელი დღევანდელ დუშეთის რაიონში მდებარეობს.
საქართველოში 97 გოგბაიძე ცხოვრობს: თბილისში – 36, რუსთავში – 21, დედოფლისწყაროში – 14.
471 ობგაიძე: თბილისში – 114, კასპში – 73, მცხეთაში – 71.
ლესელიძე
გვარი მიგვანიშნებს სადაურობაზე. სადაური – ლესელი.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს სადაურობის (წარმოშობის, ადგილის) აღმნიშვნელი გვარები. ამ გზითაა გაჩენილი გვარები: ლესელიძე, ფხოველი, თორელი, სურამელი, ქსოვრელი, კეცხოველი, გურიელი, გვერდწითელი, ზანდუკელი, იშხნელი, ჩოხელი, ჭკუასელი, ხირსელი, ჯაყელი და სხვანი.
ლესა საქართველოს რამდენიმე კუთხეშია დაფიქსირებული. არის როგორც აჭარაში, ისე გურიაში. გვაქვს, ასევე, დაბა ლესელიძე. ლესა სოფელია ლანჩხუთის რაიონშიც, გურიის დაბლობზე.
ლესა წყაროებში გვიანდელ შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. აქ იყო გურულთა ერთ-ერთი საუფლისწულოს ცენტრი. ლესაში დაიბადა და სიყრმის წლები გაატარა პოეტმა მამია გურიელმა. ლესაჯინე სოფელია სენაკის რაიონში, ლეძაძამე კი – საგამგებლოა.
მიხეილ ფილიპეს ძე ლესელიძის თქმით, არის ასეთი გადმოცემა: ხვარბეთელ კაცს ნათლული ჰყოლია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, ოჯახში ყველა მკვდარი დახვედრია. თოთო ბავშვი წამოუყვანია და გაუზრდია. როცა წამოზრდილა იგი, ყველას ეუბნებოდა ლესელი ვარო. 1830-იან წლებში თავად გურიელ ნაკაშიძეს ეს რომ მოუსმენია, ბიჭისთვის ლესელიძეობა გაუგვარებია.
საქართველოში 1995 წლის ვაუჩერების მიხედვით, 120 ლესელიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 61, ლანჩხუთში – 15, თბილისში – 34.
ჭანკოტაძე-ჭანკვეტაძე
ჭანკოტაძე და ჭანკვეტაძე ერთი და იგივე გვარია. იმერეთიდან გადმოსულები ქართლში ჭანკოტაძეებად ქცეულან.
გვარს საფუძვლად უდევს ჭან (ჭანი). რთულფუძიანი ქართული გვარ-სახელია. ჭანები ერთ-ერთი ქართველური ტომი იყო, რომელიც დასახლდა შავი ზღვის სანაპიროზე. ამჟამად თურქეთის ფარგლებშია მოქცეული ეს ადგილი.
ჭანიდანაა ნაწარმოები გვარები: ჭანია, ჭანიშვილი, ჭანიძე.
საქართველოში 1 508 ჭანკვეტაძე ცხოვრობს: თერჯოლაში – 415, ზესტაფონში – 251, ჭიათურაში – 227.
1 027 ჭანკოტაძე: ზესტაფონში – 303, თბილისში – 243, ხარაგაულში – 56.
ლაფაჩი
ლაფაჩების გვარი გაუვრცობელი ფორმითაა წარმოდგენილი. ამავე ფუძით გვაქვს გვარი ლაფაჩიშვილი.
ლაფაჩა კაცის მეტსახელია და ადამიანის დამახასიათებელ თვისებას გამოხატავს. სიტყვა ლაფაჩი, ისევე, როგორც არაერთი სიტყვა ადრეულ საუკუნეებში, წინაპრებს თურქულიდან უსესხიათ. ლაფაჩი იგივეა, რაც ნელი, ზანტი. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ლაფაჩი 1695 წელს გვხვდება. არის ასეთი ჩანაწერი: დავით ერისთავმა ლაფაჩი ტატია უწყალობა ფერსადან ზედგენიძიშვილს 1695 წელს.
ლაფაჩები ქართლელები არიან, ლაფაჩიშვილები კი – კახელები.
25 000 გვარს შორის ლაფაჩები, რაოდენობის მიხედვით, 993-ე ადგილზე დგანან.
1995 წელს ვაუჩერი აუღია 1 075 ლაფაჩს. აქედან გორში – 684-ს, თბილისში – 290-ს, ბორჯომში – 20-ს.
ბროლაძე
ქართველებს გვაქვს ქართული გვარი გოზალიშვილი, რომლის ფუძედ გამოყენებულია თურქული სიტყვა გოზალ, რაც „ლამაზს“ ნიშნავს. ამ გვარს ჩამოაცილეს სუფიქსი შვილი, და დაემატა ოვი ანუ მოჰყვა რუსულ წნეხში. გოზალოვებთანაა დაკავშირებული გვარები – ბროლაძე და წერეთელი.
გვარი ბროლაძე მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ბროლა. გარკვეული ნაწილი გოზალიშვილებად მონათლეს ბროლაძეებს კათოლიკობა მიაღებინეს და გვარი გოზალიშვილებად უთარგმნეს.
„ბროლაძე ბეჟიტას ჰყავს ძმები ნინიკა და შოშიტა. მიჰყიდა მამულის ნახევარი დღის ნაფუძარი მიწა, ეს მოხდა 1652 წელს“.
საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით