კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბიოლოგიურ დედას მორდოვაში და როგორ ცდილობს ის თავისი ნახევარდის პოვნას ოზურგეთში


49 წლის ნატო მიხეილის ასული ტუღუში ეძებს: 75-80 წლის თამარ ივანოვას, 56 წლის ლარისა ივანოვას და 49 წლის ნატო გაგუას.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, დაახლოებით, 75-80 წლის თამარ ივანოვას და ჩემს დას, 56 წლის ლარისა ივანოვას. დედაჩემმა ორი წლის ასაკში გამაშვილა. მე გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვარ და მას შემდეგ დედას ვეძებ. თუმცა, დღემდე უშედეგოდ. შარშან რუსეთშიც კი ვიყავი ჩასული „ჟდი მენიას“ გადაცემაში მიმიწვიეს, მაგრამ დედა დღემდე ვერ ვიპოვე. ძალიან მინდა, მისი პოვნა და ასევე მინდა, მოვძებნო ჩემი და მამაჩემის მხრიდან. მე ის არასდროს მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სეხნიაა და ოზურგეთში ცხოვრობს.

– ნატო, როგორ დაკარგეთ ბიოლოგიური დედა, რატომ გაგაშვილათ, რა იყო მიზეზი?

– ჩემი ბიოლოგიური დედა და ჩემი აღმზრდელი დედის და, ანუ დეიდაჩემი, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ჩემი აღმზრდელი დედა უშვილო იყო და რა თქმა უნდა, აპირებდა ბავშვის აყვანას. დეიდაჩემს შემოუთავაზებია დედაჩემისთვის, რომ გავეშვილებინე, რადგან, თურმე, ძალიან უჭირდა მატერიალურად. მე ლოგინიც კი არ მქონია, შიშველ იატაკზე ვეწვინე, იმ დონეზე უჭირდა. მაინც მოგიკვდება ეს ბავშვი და ჯობია, ჩემს დას მიაშვილოო. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამაც ასე გადაწყვიტა ჩემი გაშვილება, თან იცოდა, რომ კარგ ოჯახში მოვხვდებოდი და გამზრდიდნენ. მართლაც, გამიმართლა და ჩემი აღმზრდელი მშობლების დიდი მადლობელი ვარ. მათ ჩემთვის სითბო არ მოუკლიათ. ჩემს ბიოლოგიურ დედას კი მე ყველაფერს ვპატიობ, ისევე, როგორც მამას. მათზე წყენა გულში არ მაქვს ჩადებული, დედამ გაჭირვების გამო გამაშვილა, ჩემს სიკვდილს ეს ამჯობინა. მამამ კი, როგორც ჩანს, ოჯახი არ დაანგრია. ორივეს ვპატიობ და ორივე მიყვარს.

– ვისგან და როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ?

– 35 წლის ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გავიგე, სრულიად შემთხვევით. მანამდეც, რომ გითხრათ, ეჭვი არ მქონდა-მეთქი, ტყუილი იქნება. ვეჭვობდი, რადგან აღმზრდელი დედა ხშირად სწუხდა ამაზე და ვითომ ხუმრობით, სულ მეკითხებოდა, ნატო, რომ გაიგო, ნაშვილები ხარ, რა რეაქცია გექნება, რას იზამო. მეც ხუმრობაში ვატარებდი, არც არაფერს-მეთქი. სხვისი შვილი რომ აღმოვჩნდე, დამაინტერესებს ვინ არის დედაჩემი, მაგრამ შენ არასდროს მიგატოვებ-მეთქი. მამამთილმა მითხრა, რომ მე ნაშვილები ვარ. ძალიან განვიცადე. ჩავედი ჩემს აღმზრდელ დედასთან და ყველაფერი გამოვკითხე. მანაც მითხრა, სიმართლე აღარ დაუმალავს და ბიოლოგიური დედის სურათებიც მომცა. სანამ აღმზრდელი დედა ცოცხალი იყო, ძებნას არც ვფიქრობდი, არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა, მაგრამ სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და მეც უკვე 49 წლის ვარ. ძალიან მინდა, ვიპოვო დედა და ჩემი და, რომელიც ასევე, მხოლოდ სურათებში მინახავს. რთულია, როდესაც იცი, რომ დედმამიშვილები გყავს, შენ კი მარტო გაიზარდე და მათ არც კი იცნობ. მე კი 2 და და ერთი ძმა მყოლია და რატომ არ უნდა ვიპოვო ისინი. დედაჩემის მხრიდან ერთი და მყავს და ძმა – იმა. მამაჩემის მხრიდან – და, ნატო გაგუა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი წლოვანება ზუსტად არ ვიცი. ვიცი, რომ ოზურგეთში ცხოვრობს და მისი პოვნაც ძალიან მინდა.

– რა იცი, კიდევ დედაშენის შესახებ. მორდოვაში რატომ ეძებ?

– ყველაფერი, რაც მე ბიოლოგიურ დედაზე ვიცი, გავიგე ჩვენი მეზობლებისგან. დედაჩემი ცხოვრობდა ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში. იქ გაუცნია მამაჩემი, მაგრამ როგორც ჩანს, მამას ჩემთვის გვარი არ მოუცია და დედაც მარტო მზრდიდა.

დღემდე მაქვს იმედი, რომ ვიპოვი. დედაჩემი 1993-1994 წლებში წასულა მორდოვაში ჩემს დასთან ერთად. მანამდე კი მერიაში ცხოვრობდა. იგი თურმე ყოველდღიურად დადიოდა ჩუმჩუმად ჩემს სანახავად და შორიდან მიყურებდა, თუ როგორ ვიზრდებოდი. აღმზრდელ დედას ეს არ აუკრძალავს, პირიქით, სულ ეხმარებოდა თურმე, რადგან იცოდა, რომ უჭირდა. უბრალოდ, არ სურდა, მე რომ გამეგო, თუ ვინ იყო ის ქალი, ვინც მითვალთვალებდა. ჩემი ბიოლოგიური დედა საიდან მოხვდა სოფელ მერიაში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უკვე წლებია, იქიდან წავიდა და მისი მისამართი არ ვიცი. ერთადერთი ადამიანი, ვინც დედას კარგად იცნობდა და ბოლოს პირადად გააცილა კიდეც დედაჩემი და ჩემი და, ეს იყო დედას საყვარელი. ის ჩემი მეზობელიც იყო. სწორედ იმ კაცისგან გავიგე დედაზე ბევრი რამე, ანუ თუ როგორ ვენატრებოდი და აინტერესებდა ყოველთვის, როგორ ვარ და ასე შემდეგ. მორდოვაში წასვლის წინ, დედამ სწორედ იმ კაცს დაუტოვა თავისი ნაქონი ნივთები, მაგიდა და კომოდი, რომელიც მეც ვნახე. ამჟამად ის კაცი ცოცხალი აღარაა და მეტი ინფორმაცია მე დედაზე არ გამაჩნია.

– მამის შესახებ რა იცით, სადაური იყო. მამას თუ ეძებთ ან თუ გიძებნიათ?

– მოვიტყუები, რომ ვთქვა, მიძებნია-მეთქი. იმდენად ვიყავი პრობლემებში გადავარდნილი, რომ მამის პოვნა არ მიცდია. თუმცა ვიცი, რომ მამას ჰყავს ცოლ-შვილი, ოზურგეთის რაიონში ცხოვრობდა და დაახლოებით, 1963-1964 წლებში გულის შეტევით გარდაიცვალა. შეიძლება, მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოვეძებნე კიდეც. როგორც მითხრეს, მამაჩემს ძმები ჰყავდა. ანუ მე მყავს ბიძები, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ ვიცნობ. მამაჩემის ოფიციალური ცოლ-შვილი კი ოზურგეთში ცხოვრობს. ჩემს დას ნატო ჰქვია და მე მისი პოვნაც ძალიან მინდა.

– როგორ ფიქრობ, მამაშენის ოჯახის წევრებმა შენი არსებობის შესახებ იციან?

– დარწმუნებული ვარ, რომ იციან. არ მგონია, რომ ჩემს დას მამის მხრიდან არ უნდოდეს ჩემი პოვნა და გაცნობა. მე და ჩემი ნახევარდა სეხნიები ვართ. ჩემმა აღმზრდელმა დედამ სახელი არ შემიცვალა. უბრალოდ, ბიოლოგიური დედა ნატაშას მეძახდა, თურმე, რუსულ ყაიდაზე. ქართულად კი ნატო მქვია. გთხოვთ დამეხმაროთ, ჩემი ნათესავების მოძებნაში, დედის პოვნაც მინდა და ორივე დისაც.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.




скачать dle 11.3