როგორ დაკარგა ერთმანეთი და-ძმამ და ვინ ეძებს თავის ნახევარძმას საირმის ქუჩაზე
71 წლის მერი ზაქარიას ასული ვარამაშვილი ეძებს 68-69 წლის ვლადიმერ ზაქარიას ძე ვარამაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარძმას, დაახლოებით, 68-69 წლის ვლადიმერ (ვალიკო) ზაქარიას ძე ვარამაშვილს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვალიკო ბოლოს რომ ვნახე. ის ჩემი ნახევარძმაა, ვიცი, რომ დედამისს ნინა ერქვა და ჰყავდა ასევე და, ლენა. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემი ნახევარდა ლენა ამჟამად შეიძლება, აზერბაიჯანშიც კი იყოს. ვალიკო კი, ვფიქრობ, საქართველოშია. დამოუკიდებლად მისი პოვნა ვერ შევძელი და თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით ჩემი ნახევარძმის პოვნაში, ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცია.
– მერი, მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ნახევარძმასთან კონტაქტი და რატომ ეძებთ მას ასეთი მონდომებით?
– მამაჩემი დაახლოებით, 1943 წელს, ომის დროს დაგვიბრუნდა, ისე რომ, მხედველობა თითქმის დაკარგული ჰქონდა. დედაჩემის დახმარებით მას მხედველობა დაუბრუნდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ მიგვატოვა და სხვა ოჯახი შექმნა. ცოლად შეირთო ქალი, სახელად ნინა. ნინა და მისი ოჯახი „ბეჟენცები“ იყვნენ და ძალიან უჭირდათ. იმ დროს, მოგეხსენებათ, როგორი ცხოვრებაც იყო. ნინასგან მამას შეეძინა 2 შვილი: გოგონა – ლენა და ვაჟი – ვალიკო (ვლადიმერი). მე და ჩემი ალალი და მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და ყველაფერი ეს ბავშვური მოგონებებიდან მახსოვს. მამაჩემი იმ დროს სკოლის დირექტორის მოადგილე იყო და მან დაასაქმა ნინა იმავე სკოლაში დამლაგებლად, ხოლო ნინას მამა – დარაჯად. მე და ჩემი და ჩავდიოდით ხოლმე მამის სანახავად და ბუნებრივია, ჩემი ნახევარძმაც იქიდან მახსოვს. თითო რვეულს და კალმებს გვაძლევდა ხოლმე მამა. შემდეგ მამაჩემის მეორე ოჯახი საირმის ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად. ეს ძალიან კარგად მახსოვს, რადგან სწორედ იქ მინახავს ჩემი ნახევარძმა და და.
– რამდენი წლისამ ნახეთ ბოლოს ისინი და როდის იყავით იმ მისამართზე?
– დაახლოებით, 5-6 წლის ვიქნებოდი მაშინ, როდესაც ჩემი ნახევარძმა ბოლოს ვნახე. ათი წლის წინ კი უკანასკნელად ვიყავი მისული მამაჩემის სანახავად და მისგან ვიცი, რომ ვალიკო მასთან დარჩა, მისი მეორე მეუღლე ნინა კი, ქალიშვილთან ერთად აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში წავიდა. მან მამა მიატოვა, დაშორდა. ჩემი ძმა მაშინ იქ არ იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა მისი ნახვა. იქაური მეზობლებისგან გავიგე ეს ამბავი. ჩემი დის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ისიც ბაქოში დარჩა ან გათხოვდა და გვარი შეიცვალა.
– თუ გიცდიათ მათი მოძებნა აქამდე?
– ორი წელია, რაც ფეხებზე პრობლემა მაქვს და ვერ დავდივარ, ლოგინად ვარ ჩავარდნილი. მათი პოვნის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. საირმის ქუჩიდან მამაჩემი და ჩემი ძმა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. შეიძლება, მათმა მეზობლებმა იცოდნენ, სად არის ამჟამად ვალიკო. ნორმალურ მდგომარეობაში რომ ვიყო, აუცილებლად მოვძებნიდი ჩემს ძმას – სამისამართოში მივიდოდი, ან რამეს ვიზამდი, მაგრამ ამჟამად არაფერი შემიძლია. ამიტომაც მაქვს თქვენი და თქვენი მკითხველის დიდი იმედი. დაახლოებით, ხუთი წლის წინათ შემხვდა ჩემი მამიდაშვილი გენადი გოშნიაშვილი. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი და მითხრა, რომ თემქაზე ცხოვრობს. სამწუხაროდ, გენოს ნომერი დამეკარგა. არადა, მას შეიძლება, სცოდნოდა ჩემი ნახევარძმის ადგილსამყოფელი. მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ ვალიკო საირმის ¹26-ში ცხოვრობდა და დედამისი ნინა ეროვნებით რუსი იყო.
ძმას თუ იპოვით, როგორ ფიქრობთ, ის წლები, რომლებიც თქვენ ერთმანეთის გარეშე გაატარეთ, ხომ არ იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე?
– ჩემი ნახევარძმა რომ ვიპოვო, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ვერც წარმოიდგენთ, როგორ მინდა მისი მოძებნა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მერე არ მინახავს და ნამდვილად არ ვიცი, მასაც თუ უნდა ჩემი ნახვა. მაინც ვიმედოვნებ, რომ მასაც – ენდომება. ამჟამად, ალბათ, შვილიშვილებიც კი ჰყავს, მაგრამ მე ხომ მისი სისხლი და ხორცი ვარ. ვფიქრობ, მიმიღებს და გაუხარდება, თუ გაიგებს, რომ მე მას ვეძებ.