„ბენკ ოფ ამერიკა“ თავისუფლებას 45 მილიარდად ყიდულობს
ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესმა ბანკმა „ბენკ ოფ ამერიკამ“ საკუთარი აქციების გაყიდვით 19 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს ამ სახის ყველაზე დიდი შემოსავალია 2000 წლის შემდეგ. მიღებული მილიარდების წყალობით, ბანკი შეძლებს, ნაწილობრივ მაინც გაისტუმროს კრედიტები, რომელიც მან კრიზისის მიმდინარეობისას სახელმწიფოსგან აიღო. მიუხედავად დიდი მოგებისა, „ბენკ ოფ ამერიკა“ ბოლომდე მაინც ვერ ისტუმრებს სახელმწიფოს ვალს, რომლის საერთო ოდენობაც 45 მილიარდი დოლარია. ამიტომაც ამერიკის უმსხვილესი ბანკი, საკუთარი აქციების გარდა, აქტივების გაყიდვასაც აპირებს. ყველა ფინანსური ოპერაციის განხორციელების შედეგად „ბენკ ოფ ამერიკა“ დავალიანებას მთლიანად გაისტუმრებს, ეს კი მას საშუალებას მისცემს, მოაგვაროს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საორგანიზაციო პრობლემებიც. სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი ხელს უშლიდა კომპანიას მენეჯმენტის წარმოებაში. ფინანსისტთა მრავალმილიონიან ბონუსებთან პოპულისტური ბრძოლის შედეგად, რომელიც ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში წარმოებდა, წამყვანი ბანკები ბევრმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა დატოვა. ამ კამპანიის შედეგები საკუთარი თავზე „ბენკ ოფ ამერიკამაც“ იწვნია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამ ბანკის ხელმძღვანელმა, კენეტ ლუისმა, განაცხადა, რომ მომავალ წელს თანამდებობას დატოვებს. მისი პოსტის დაკავების პრეტენდენტები შიშობენ, რომ, ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლის გამო, ვერ მიიღებენ დაპირებულ თანხებს.